არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მდევნელი დიდებულ სინათლეს ხედავს

მდევნელი დიდებულ სინათლეს ხედავს

მდევნელი დიდებულ სინათლეს ხედავს

სავლე საშინლად ვერ იტანდა იესოს მიმდევრებს. ის ვერ დაკმაყოფილდა იერუსალიმში მათი დევნითა და სტეფანეს ჩაქოლვით და მოქმედების ასპარეზის გაფართოებას ცდილობდა. „სავლე. . . რომელიც ჯერ კიდევ სიკვდილის მუქარით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან გამოცხადდა. და სთხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგომს, მამაკაცებს თუ დედაკაცებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში“ (საქმეები 9:1, 2).

დამასკოსკენ მიმავალ გზაზე სავლე, ალბათ, ფიქრობდა, რა უნდა გაეკეთებინა, რომ თავისი დავალება რაც შეიძლება ეფექტურად შეესრულებინა. მღვდელმთავრების მიერ მიცემული უფლებამოსილება მას უეჭველად მისცემდა საშუალებას, ქალაქში არსებული იუდეველთა დიდი დასახლების წინამძღოლთა მხარდაჭერით ესარგებლა. სავლე მათგან დახმარების მიღებას შეეცდებოდა.

რაც უფრო უახლოვდებოდა დანიშნულების ადგილს, სავლეს მღელვარება, ალბათ, მით უფრო მატულობდა. იერუსალიმიდან დამასკომდე თითქმის 220-კილომეტრიანი გზის ფეხით გავლა, რასაც შვიდი-რვა დღე მიჰქონდა, მომქანცველი იყო. მოულოდნელად, შუადღისთვის, სავლეს მზეზე უფრო კაშკაშა სინათლე მოეფინა და, გზად მიმავალი, მიწაზე დაეცა. ვიღაცამ ებრაულად მიმართა: „საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება დეზის წიხლვა“. „ვინ ხარ შენ, უფალო?“ — ჰკითხა სავლემ. „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი, — გაისმა პასუხად. — მაგრამ წამოდექი და დადექი ფეხზე, ვინაიდან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგაყენო მსახურად და იმის მოწამედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ, რათა გიხსნა ამ ხალხისგან და წარმართთაგან, რომლებთანაც ახლა მიგავლენ“. „რა ვქნა, უფალო?“ — ჰკითხა სავლემ. „ადექი და წადი დამასკოს და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს დავალებული“ (საქმეები 9:3—6; 22:6—10; 26:13—17).

სავლეს თანმხლებთ ესმოდათ ხმა, მაგრამ ვერ ხედავდნენ მას, ვინც ლაპარაკობდა; მისი ნათქვამიც გაურკვეველი იყო მათთვის. ძლიერმა სინათლემ სავლე დააბრმავა, ამიტომ დამასკომდე ხელით წასაყვანი გახდა. „სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა“ (საქმეები 9:7—9; 22:11).

ფიქრი სამი დღის განმავლობაში

სავლეს მასპინძლობა გაუწია იუდამ, რომელიც ცხოვრობდა ქუჩაზე, სახელწოდებით „პირდაპირი“ * (საქმეები 9:11). ეს ქუჩა — არაბულად „დარბ ალ-მუსტაქიმ“ — დღემდე მთავარი გზაა დამასკოში. წარმოიდგინეთ, რა ფიქრები უტრიალებდა იუდას სახლში მყოფ სავლეს. დამასკოს გზაზე თავსგადამხდარმა ამბავმა დააბრმავა და გააოგნა. ახლა უკვე დრო ჰქონდა მომხდარის მნიშვნელობაზე დასაფიქრებლად.

მდევნელი ისეთი რამის შემსწრე გახდა, რაც ადრე აბსურდად მიაჩნდა. ძელზე გაკრული უფალი იესო ქრისტე — უმაღლესი ხელისუფლების მქონე იუდეველთა მიერ მსჯავრდადებული, ‘საძულველი და კაცთაგან ათვალწუნებული’ — ცოცხალი იყო. მან ღვთის მოწონება დაიმსახურა და მის მარჯვნივაც კი იდგა „მიუწვდომელ ნათელში“! იესო მესია იყო. სტეფანე და სხვები არ ტყუოდნენ (ესაია 53:3; საქმეები 7:56; 1 ტიმოთე 6:16). სავლე სავსებით ცდებოდა, რადგან, იესოს სიტყვების თანახმად, ის არა მარტო მის მიმდევრებს, არამედ თავად მასაც დევნიდა! როგორ შეეძლო სავლეს „დეზის წიხლვა“ ფაქტის საწინააღმდეგოდ? ჯიუტი ხარიც კი, საბოლოოდ, იძულებული ხდება, იქითკენ წავიდეს, საითკენაც პატრონი მოინდომებს. ამიტომ იესოს სურვილის წინააღმდეგ წასვლით სავლე თავის თავს ავნებდა.

იესო, როგორც მესია, შეუძლებელია ღვთისგან მსჯავრდადებული ყოფილიყო. მაგრამ იეჰოვამ დაუშვა, რომ მას ყველაზე სამარცხვინო სიკვდილი ეგემა და დაქვემდებარებოდა რჯულით გათვალისწინებულ განაჩენს: „ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული“ (მეორე რჯული 21:23). იესო წამების ძელზე მოკვდა. ის დაწყევლილი იყო არა საკუთარი ცოდვების გამო — ვინაიდან უცოდველი იყო — არამედ კაცობრიობის ცოდვების გამო. სავლემ მოგვიანებით განმარტა: «ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყოველი, ვინც არ შეასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს“. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე. . . ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყოველი დაკიდებული ძელზე“ » (გალატელთა 3:10—13).

იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს გამომსყიდველური ფასი ჰქონდა. ამ მსხვერპლის მიღებით იეჰოვამ რჯული და მისი წყევლა, ასე ვთქვათ, ძელს მიაჭედა. ამ ფაქტის გაცნობიერებით სავლეს შეეძლო „ღვთაებრივ სიბრძნედ“ მიეჩნია წამების ძელი (აქ), რომელიც „იუდეველთათვის საცდური“ იყო (1 კორინთელთა 1:18—25; კოლასელთა 2:14). ასე რომ, თუ ხსნას რჯულის საქმეები კი არ განაპირობებდა, არამედ ღვთის მადლი ისეთი ცოდვილების მიმართ, როგორიც თვითონ სავლე იყო, მაშინ საშველი იმათთვისაც ყოფილა, რომლებიც რჯულის ქვეშ არ იყვნენ. ამიტომ იესო სწორედ წარმართებთან აგზავნიდა სავლეს (ეფესელთა 3:3—7).

შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად გაიგო ყოველივე ეს სავლემ იესოსთან პირველი საუბრისას. როგორც ჩანს, იესო კიდევ ელაპარაკა მას წარმართებთან გაგზავნის თაობაზე, თანაც შეიძლება რამდენჯერმე. გარდა ამისა, რამდენიმე წელი გავიდა, სანამ სავლემ ყოველივე ეს ღვთიური შთაგონებით დაწერა (საქმეები 22:17—21; გალატელთა 1:15—18; 2:1, 2). მაგრამ პირველი საუბრიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ სავლემ თავისი ახალი უფლისგან შემდგომი მითითებები მიიღო.

ანანიას სტუმრობა

სავლეს შემდეგ იესო ანანიასაც გამოეცხადა და უთხრა: „წადი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია პირდაპირი და იუდას სახლში იკითხე ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე, აჰა, ლოცულობს იგი. იხილა მან ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი აეხილა“ (საქმეები 9:11, 12).

ანანიას ადრე გაგებული ჰქონდა სავლეზე, ამიტომ გასაგებია, რატომ გაუკვირდა იესოს სიტყვები. მან თქვა: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში. აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს“. მაგრამ იესომ უთხრა ანანიას: „წადი, ვინაიდან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე“ (საქმეები 9:13—15).

დამშვიდებული ანანია იესოს მიერ მითითებულ მისამართზე წავიდა. სავლეს მონახვისა და მისალმების შემდეგ ანანიამ ხელები დაასხა მას. „და მაშინვე, — ვკითხულობთ ბიბლიაში, — თითქოს ქერცლი მოსძვრაო მის [სავლეს] თვალებს, თვალები აეხილა“. სავლე უკვე მზად იყო მოსასმენად. ანანიას სიტყვებმა დაადასტურა ის, რაც სავლემ შესაძლებელია იესოს ნათქვამიდან გაიგო: „ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ დაგნიშნა შენ, რომ შეიცნო მისი ნება, დაინახო მართალი და ისმინო ხმა მისი ბაგიდან. რადგან შენ იქნები მისი მოწამე ყველა ადამიანის წინაშე იმის გამო, რაც ნახე და მოისმინე. ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს“. რა მოხდა შემდეგ? სავლე „ადგა და მოინათლა. მიიღო საჭმელი და მომაგრდა“ (საქმეები 9:17—19; 22:12—16).

დავალების შესრულების შემდეგ ერთგული ანანია ისევე სწრაფად გაუჩინარდა ბიბლიური სცენიდან, როგორც გამოჩნდა; ბიბლიაში მის შესახებ აღარაფერია ნათქვამი. ხოლო სავლემ განაცვიფრა ყველა, ვინც უსმენდა! ყოფილმა მდევნელმა, რომელიც დამასკოში იესოს მოწაფეების დასაჭერად ჩავიდა, დაიწყო სინაგოგებში ქადაგება და იმის მტკიცება, რომ იესო იყო ქრისტე (საქმეები 9:20—22).

„წარმართთა მოციქული“

დამასკოს გზაზე თავსგადამხდარმა ამბავმა სავლეს დევნა შეაწყვეტინა. რადგან მიხვდა, ვინ იყო მესია, მას უკვე შეეძლო ებრაული წერილების ბევრი ცნება და წინასწარმეტყველება იესოსთან დაეკავშირებინა. იმის გაცნობიერებამ, რომ იესო გამოეცხადა, ‘მიაღწია მას’ და „წარმართთა მოციქულად“ დანიშნა, დიდად შეცვალა სავლეს ცხოვრება (ფილიპელთა 3:12; რომაელთა 11:13). ახლა, უკვე როგორც მოციქულ პავლეს, უპირატესობა და უფლებამოსილება ჰქონდა, არა მხოლოდ დედამიწაზე დარჩენილი თავისი ცხოვრების გზა შეეცვალა, არამედ ქრისტიანული ისტორიის მიმართულებაც.

წლების შემდეგ, როდესაც პავლეს მოციქულობის თაობაზე კამათი გაიმართა, მან საკუთარი უფლებამოსილების დაცვისას დამასკოს გზაზე თავსგადამხდარი ამბავი მოიხსენია. „განა მე მოციქული არა ვარ?.. განა მე არ ვნახე ჩვენი უფალი იესო ქრისტე?“ — იკითხა მან. მას შემდეგ, რაც მოიხსენია, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო სხვებს გამოეცხადა, სავლემ (პავლემ) თქვა: „ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, მეც გამომეცხადა“ (1 კორინთელთა 9:1; 15:8). იესოს ზეციური სიდიადის ხილვით სავლეს წილად ხვდა პატივი, რომ თითქოსდა ნაადრევად შობილიყო, ანუ აღმდგარიყო, სულიერი ცხოვრებისთვის.

სავლეს ესმოდა მინიჭებული უპირატესობის ფასი და ყველანაირად ცდილობდა, თავისი ცხოვრებით გაემართლებინა ეს ნდობა. „უმცირესი ვარ მოციქულებს შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას, — წერდა ის. — მაგრამ. . . [ღვთის] მადლი არ იყო ჩემს მომართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე [ყველა დანარჩენ მოციქულზე] მეტს ვშრომობდი“ (1 კორინთელთა 15:9, 10).

ალბათ, სავლეს მსგავსად თქვენც იხსენებთ იმ დროს, როდესაც მიხვდით, რომ ღვთის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად ძვალსა და რბილში გამჯდარ რელიგიურ შეხედულებებზე უარის თქმა გესაჭიროებოდათ. უეჭველია, დიდად მადლიერი იყავით, რომ იეჰოვა დაგეხმარათ ჭეშმარიტების გაგებაში. როდესაც სავლემ სინათლე დაინახა და მიხვდა, რა მოეთხოვებოდა, არ შეყოყმანებულა. ის გულმოდგინედ და შეუპოვრად ასრულებდა თავის დავალებას დედამიწაზე დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში. რა დიდებული მაგალითია ეს მათთვის, ვისაც დღეს იეჰოვას კეთილგანწყობილების მოპოვება სურს!

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ იუდა შეიძლება იუდეველთა ადგილობრივი დასახლების წინამძღოლი ან იუდეველთა სასტუმროს მფლობელი ყოფილიყო.

[სურათი 27 გვერდზე]

ქუჩა „პირდაპირი“ დღევანდელ დამასკოში.

[საავტორო უფლება]

Photo by ROLOC Color Slides