არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსამართლობის ფესვები

უსამართლობის ფესვები

უსამართლობის ფესვები

ორი ათასი წლის წინათ ბიბლიამ საოცარი სიზუსტით აღწერა ჩვენი დროის საზოგადოება: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან . . . კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4).

ხვდებით, რა ზედმიწევნით სრულდება ეს სიტყვები დღევანდელ საზოგადოებაზე?! ხედავთ, სადამდე მიიყვანა ხალხი ამ ყველაფერმა, როგორ არის მათში გამჯდარი სიხარბე, მიკერძოება, ეგოიზმი და როგორ მოურიდებლად მიმართავენ კორუფციულ გარიგებებს?! საზოგადოება უკიდურეს ფინანსურ უთანასწორობაში ცხოვრობს. მოდი, უფრო ვრცლად მიმოვიხილოთ უსამართლობის გამომწვევი ეს მიზეზები.

სიხარბე. ხშირად ადამიანს სიხარბე ამოძრავებს, როცა თაღლითობს, ყალბ საინვესტიციო გეგმებს ადგენს ან უპასუხისმგებლოდ იღებს და გაასესხებს ფულს. შედეგად, მრავალმა განიცადა ფინანსური ზარალი და პრობლემების მორევში ჩაეფლო. საინტერესო ის არის, რომ ზოგჯერ თავად დაზარალებულებიც არანაკლებ ხარბები აღმოჩნდებიან ხოლმე. თუმცა მათ გვერდით ზარალდებიან პატიოსანი, მშრომელი ადამიანებიც, რომელთაგანაც ზოგმა სახლ-კარიც დაკარგა და შემოსავლის წყაროც.

მიკერძოება. მიკერძოებული ადამიანები სხვებს უსამართლოდ ექცევიან და ეროვნების, კანის ფერის, სქესის, რელიგიური აღმსარებლობისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით განსჯიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკის ერთ ქვეყანაში ფეხმძიმე ქალს საავადმყოფოში ექიმებმა ყურადღება არ მიაქციეს, რის გამოც ის გარდაიცვალა. ეს ქალბატონი ეთნიკური და სოციალური დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. საზოგადოებაში იმდენად არის გამჯდარი ეს ყველაფერი, რომ დღეს უკვე აღარავის უკვირს ეთნიკური წმენდა და გენოციდი.

ეგოცენტრიზმი. წიგნში „ანტისაზოგადოებრივ საქმიანობათა ცნობარი“ ნათქვამია: «ყოველწლიურად ათიათასობით ოჯახი ინგრევა, ასიათასობით ადამიანი უბედურდება და მილიონობით დოლარის ღირებულების ქონება ნადგურდება ხალხში გამეფებული ეგოცენტრიზმის გამო. ჩვენი დროის საზოგადოებაში იმდენად მასიური ხასიათი შეიძინა ძალადობამ და აგრესიამ, რომ სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ მომავალში ისტორიკოსები მეოცე საუკუნეს „კოსმოსურ ეპოქად“ ან „ინფორმაციულ ხანად“ კი არა, „ეგოცენტრიზმის ეპოქად“ შერაცხავენ. ეს არის ეპოქა, როცა საზოგადოებამ საკუთარ თავს ომი გამოუცხადა». ეს წიგნი 1997 წელს გამოიცა, და ვაი რომ, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ.

კორუფცია. ერთ-ერთ ანგარიშში, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებული კორუფციის შესახებ საუბრობს, აღნიშნული იყო, რომ უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 25,2 მილიარდი რანდის (იმ დროისთვის დაახლოებით 6,4 მილიარდი ლარი) 81 პროცენტზე მეტი არამიზნობრივად იქნა დახარჯული. „აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა პროვინციებში არსებულ საავადმყოფოებს, კლინიკებსა და ჯანმრთელობის ცენტრებს“ (The Public Manager).

უკიდურესი ფინანსური უთანასწორობა. 2005 წელს ბრიტანეთის ყოველწლიური შემოსავლის 30 % „გადანაწილდა მუშა-მოსამსახურეთა 5 %-ზე“, — იუწყება ჟურნალი „ტაიმი“, — ოკეანის გაღმა კი „5 %-ზე ქვეყნის შემოსავლის 33 % მოდის“. არადა ამ დროს მსოფლიოში 1,4 მილიარდი ადამიანის დღიური შემოსავალი 2 ლარი ან უფრო ნაკლებია. უფრო მეტიც, დღეში მარტო შიმშილისგან 25 000 ბავშვი იღუპება.

გვეშველება რამე?

1987 წელს ავსტრალიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 1990 წლისთვის ავსტრალიაში არც ერთი ბავშვი არ იცხოვრებდა სიღარიბეში. მაგრამ ეს დაპირება მხოლოდ ფარატინა ფურცელზე დარჩა. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ შეძლო სიტყვის შესრულება.

რაც არ უნდა დიდი ძალაუფლება, სიმდიდრე და გავლენა ჰქონდეს ადამიანს, ის მაინც ადამიანია და უძლურია უსამართლობასთან ბრძოლაში. ბოლოს და ბოლოს ძლიერნი ამა ქვეყნისანიც ხომ ბერდებიან და კვდებიან. ეს რეალობა ორ ბრძნულ ბიბლიურ აზრს გვახსენებს:

„მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).

„იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე . . . რომელთაგანაც არ არის ხსნა“ (ფსალმუნი 146:3).

თუ ცოტა ღრმად დავუფიქრდებით ამ სიტყვებს, აღარ გაგვიკვირდება, როცა დავინახავთ, რომ ადამიანის ყოველგვარი მცდელობა, აღმოფხვრას უსამართლობა, ამაოა. მაშ, რა ვქნათ, ყველანაირი იმედი გადავიწუროთ? არავითარ შემთხვევაში! ამ სტატიათა სერიის ბოლო თემიდან გავიგებთ, რომ ჭეშმარიტად სამართლიანი ცხოვრება კარსაა მომდგარი. თუმცა არც მანამდე უნდა ვიყოთ გულხელდაკრეფილები. რაღაცის გაკეთება დღესაც შეგვიძლია. შეგვიძლია დავაკვირდეთ ჩვენს ფიქრებსა და საქციელს და ვნახოთ, რაიმეში გაუმჯობესება ხომ არ გვჭირდება. იქნებ ჩვენც ვექცევით სხვებს უსამართლოდ? მოდი, შემდეგ სტატიაში გავაგრძელოთ მსჯელობა.

[სურათები 4, 5 გვერდებზე]

Top left: © Adam Dean/Panos Pictures; top center: © Matthew Aslett/Demotix/CORBIS; top right: © David Turnley/CORBIS

[საავტორო უფლებები]

ა. ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი იქნა მხილებული სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციაში

ბ. ქონების განადგურება და ძარცვა ლონდონში

გ. აუტანელი სიღარიბე რუანდელ ლტოლვილთა ბანაკში