არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავძლიო მასტურბაციის ჩვევა?

როგორ დავძლიო მასტურბაციის ჩვევა?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ დავძლიო მასტურბაციის ჩვევა?

«მასტურბაცია რვა წლის ასაკში დავიწყე. მოგვიანებით ამ საკითხზე ღვთის თვალსაზრისი გავიგე. ყოველთვის, როცა ეს ჩვევა მძლევდა, თავს საშინლად ვგრძნობდი. ვფიქრობდი: „როგორ შეიძლება ღმერთს ჩემნაირი ადამიანი უყვარდეს?“ მეგონა, რომ გადარჩენის ღირსი არ ვიყავი» (ლუიზი) *.

შესაძლოა, ლუიზის მსგავსად შენც გაქვს ასეთი ჩვევა. თუმცა იცი, რომ იეჰოვას მოეწონებოდა, თუ ამ სურვილს შეეწინააღმდეგებოდი და ღვთის წმინდა სულის ნაყოფს, თავშეკავებას გამოავლენდი (გალატელები 5:22, 23; 2 პეტრე 1:5, 6). მაგრამ დროდადრო ეს ჩვევა გძლევს. თითოეული მარცხის შემდეგ იმ აზრამდე მიდიხარ, რომ ვერ შეიცვლები, ვერ იცხოვრებ ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად.

სწორედ ასე ფიქრობდა ახალგაზრდა პედრო. ის ამბობს: «თითოეული მარცხის შემდეგ საშინლად ვიტანჯებოდი. ვფიქრობდი, რომ ჩადენილ დანაშაულს ვერაფრით გამოვისყიდდი. ლოცვაც ძალიან მიჭირდა. ასე ვიწყებდი ლოცვას: „იეჰოვა, არც კი ვიცი, ისმენ თუ არა ჩემს ლოცვას, მაგრამ. . .“». ახალგაზრდა ანდრეც მსგავსად ფიქრობდა. ის ამბობს: „ვგრძნობდი, რომ ვთვალთმაქცობდი. ახალი დღის დაწყება ძალიან რთული იყო; მიჭირდა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და მსახურებაში მონაწილეობის მიღება“.

თუ ლუიზის, პედროსა და ანდრეს მსგავსად გრძნობ თავს, გამაგრდი! შენ არც გამონაკლისი ხარ და არც მდგომარეობაა უიმედო. მრავალმა ახალგაზრდამ თუ მოზრდილმა დაძლია ეს ჩვევა და ამას შენც შეძლებ! *

დანაშაულის გრძნობასთან გამკლავება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ, ვისაც ჩვევად ექცა მასტურბაცია, ხშირად დანაშაულის გრძნობა აწუხებთ. უდავოა, რომ „ღვთისმოსაწონი დანაღვლიანება“ ამ ჩვევის დაძლევაში დაგეხმარება (2 კორინთელები 7:11). მაგრამ საკუთარი თავის ზედმეტად დადანაშაულებამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს. ამან შეიძლება უკიდურეს გულგატეხილობამდე მიგიყვანოს და ბრძოლის სურვილი დაგიკარგოს (იგავები 24:10).

შეეცადე, რეალურად შეაფასო პრობლემა. მასტურბაცია უწმინდური ჩვევაა. ამან შეიძლება „სხვადასხვა სურვილისა და განცხრომის“ მონა გაგხადოს და თანდათანობით გონება გაგირყვნას (ტიტე 3:3). ამასთანავე, საკუთარი თავის მასტურბაცია არ არის ისეთი უკიდურესი სექსუალური გარყვნილება, როგორიც სიძვა (ეფესოელები 4:19). ამიტომ, თუ მასტურბაციის პრობლემა გაქვს, არ უნდა დაასკვნა, რომ მიუტევებელ ცოდვას ჩადიხარ. მთავარია, წინააღმდეგობა გაუწიო ამ სურვილს და ბრძოლა არასდროს შეწყვიტო!

მარცხის შემთხვევაში შეიძლება ადვილად გაგიტყდეს გული. ასეთ დროს გაიხსენე იგავების 24:16-ში ჩაწერილი სიტყვები: „ვინაიდან მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება, ბოროტი კი წაბორძიკდება უბედურების დროს“. დროებით განცდილი მარცხი სულაც არ ნიშნავს, რომ ბოროტი ადამიანი ხარ. ამიტომ გულს ნუ გაიტეხ. ნაცვლად ამისა, დაფიქრდი, რამ გამოიწვია ასეთი მარცხი და ეცადე, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

ამ პრობლემის გამო საკუთარი თავის გამუდმებით ლანძღვის ნაცვლად, შეეცადე ღვთის სიყვარულსა და გულმოწყალებაზე იფიქრო. ფსალმუნმომღერალი დავითისთვის სისუსტეებთან ბრძოლა უცხო არ იყო. ის წერდა: „როგორც მამა იწყალებს შვილებს, იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს. მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:13, 14). იეჰოვა ითვალისწინებს ჩვენს არასრულყოფილებას და როცა ვცდებით, ‘მზად არის პატიებისთვის’ (ფსალმუნი 86:5). თუმცა მას სურს, რომ ძალისხმევა არ დავიშუროთ გამოსასწორებლად.

რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რომ დაძლიო ეს ჩვევა და აღარ გაიმეორო ის?

გაანდე სხვას შენი პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში სქესობრივ საკითხებზე დაუფარავად საუბრობენ, მრავალ ადამიანს უჭირს ამაზე სერიოზულად ლაპარაკი. შესაძლოა გრცხვენია და ამიტომ გიჭირს ამ საკითხზე საუბარი იმ ადამიანთანაც კი, ვისაც ენდობი. ერთი ქრისტიანი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა მასტურბაციის ჩვევას, ამბობს: „ნეტავ, ახალგაზრდობაში შემძლებოდა გამბედაობის მოკრება და ამ პრობლემის შესახებ ვინმესთან ლაპარაკი! დანაშაულის გრძნობა წლების განმავლობაში მაწუხებდა და სერიოზულ გავლენას ახდენდა როგორც იეჰოვასთან, ისე სხვებთან ჩემს ურთიერთობაზე“.

ვის შეგიძლია გაენდო? მოწიფულ ქრისტიანს, სასურველია მშობელს. შეგიძლია საუბარი ასე დაიწყო: „შეიძლება ვილაპარაკოთ პრობლემაზე, რომელიც ძალიან მაწუხებს?“

მარიომ გადაწყვიტა, მამას დალაპარაკებოდა, რომელიც თანამგრძნობი და გულისხმიერი ადამიანია. მან მარიოს უთხრა, რომ ახალგაზრდობაში თავადაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა. მარიო ამბობს: „მამის გულწრფელობამ ძალიან გამამხნევა. ვფიქრობდი, თუ მამამ დაძლია ეს პრობლემა, ამას მეც შევძლებდი. იმდენად შემძრა მამაჩემის დამოკიდებულებამ, რომ ავტირდი“.

ანდრეს გამბედაობა დასჭირდა უხუცესთან დასალაპარაკებლად *. დღეს მას უხარია, რომ ამის გაკეთება შეძლო. ის ამბობს: „როცა უხუცესმა მომისმინა, თვალებზე ცრემლი მოადგა. მან დამარწმუნა, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარდი და მითხრა, რომ მხოლოდ მე არ მქონდა ეს პრობლემა. ის დამპირდა, რომ მხარში ამომიდგებოდა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან მეტ ინფორმაციას მომაწვდიდა. მასთან ლაპარაკის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მარცხის შემთხვევაშიც კი არ შემეწყვიტა ბრძოლა“.

მარიოსა და ანდრეს მსგავსად შენც შეგიძლია მოიკრიბო ძალები, რომ მასტურბაციის ჩვევა დაძლიო. მიჰყევი რჩევებს, რომლებიც მოცემულია ჩარჩოში „იმოქმედე“. დარწმუნებული იყავი, რომ გაიმარჯვებ!

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ ინგლისურ ენაზე იხილეთ ვებ-საიტზე www.watchtower.org/ype

დაფიქრდი:

▪ რატომ უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ‘მზად არის პატიებისთვის’? (ფსალმუნი 86:5).

▪ რა უნდა გააკეთო, რომ დაძლიო მასტურბაციის ჩვევა?

▪ რატომ არ უნდა შეგრცხვეს, დახმარებისთვის ვინმეს მიმართო?

▪ რა დაგეხმარება, რომ ყოველთვის იმაზე იფიქრო, რაც წმინდაა?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 6 თუმცა ამ სტატიაში მოყვანილი ციტატები ბიჭებს ეკუთვნის, გოგონებიც ებრძვიან მასტურბაციის ჩვევას. ამიტომ აქ მოცემული რჩევები ბიჭებისთვისაც არის და გოგონებისთვისაც. ყურადღება მიაქციე, რომ ამ სტატიაში მხოლოდ საკუთარი თავის მასტურბაციაზეა საუბარი. ბიბლიის თანახმად, ქორწინების გარეშე სხვა ადამიანთან ამის გაკეთება სიძვის ერთ-ერთი ფორმაა; ღვთის თვალში ეს ძალიან სერიოზული ცოდვაა (იხილე სტატია „ახალგაზრდების შეკითხვები — რა არის ცუდი ქორწინებამდელ სექსში?“, 2004 წლის 22 ივლისის „გამოიღვიძეთ!“–ში, გვერდები 12—14 [ინგლ. და რუს.]).

^ აბზ. 17 გოგონებს შეუძლიათ პრობლემის შესახებ დედას ან მოწიფულ ქრისტიან დას ელაპარაკონ.

[ჩარჩო⁄სურათი 19 გვერდზე]

მარცხი არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ დამარცხდები!

ძალიან ადვილია თქვა: „არაფერი გამომდის. ალბათ, აზრი არა აქვს ჩემს მცდელობას“. ასე ნუ იფიქრებ. ერთი ან თუნდაც რამდენიმე მარცხი არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ დამარცხდები.

განვიხილოთ ერთი მაგალითი: ვთქვათ, კიბეზე ადიხარ და საფეხურს ფეხი წამოჰკარი. რადგან წაიბორძიკე, იფიქრებ, რომ უკან დაბრუნდე და თავიდან ამოიარო ეს საფეხურები? რა თქმა უნდა, არა. მაშ, რატომ უნდა იფიქრო ასე მაშინ, როცა საქმე ცუდ ჩვევას ეხება?

მარცხს ხშირად დანაშაულის გრძნობა სდევს. ამ გრძნობამ შეიძლება იმ აზრამდე მიგიყვანოს, რომ ცუდი ადამიანი ხარ, სუსტი ნებისყოფა გაქვს და არაფრის ღირსი არა ხარ. ნუ გააზვიადებ შენს დანაშაულს. ეს ძალებს გამოგაცლის და ბრძოლა გაგიჭირდება. გახსოვდეს: დედამიწაზე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი, იესო ქრისტე, ცოდვილი ადამიანების გამოსასყიდად მოვიდა და არა — სრულყოფილების. ასე რომ, დღეს სრულყოფილი არავინ არის (იხილე 1991 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“ გვერდი 15 [ინგლ.] ან 1991 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“ გვერდები 14, 15 [რუს.]).

[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

იმოქმედე

▪ შეეცადე ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო (ფილიპელები 4:8).

▪ მოერიდე ისეთი რამის ყურებას, რაც არასწორ სურვილებს აღგიძრავს (ფსალმუნი 119:37).

▪ ლოცვაში ითხოვე „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7).

▪ დაკავდი ქრისტიანული მსახურებით (1 კორინთელები 15:58).

[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

სხვა დახმარება

მასტურბაციის ჩვევის დასაძლევად დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, თავები 25, 26. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.