არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღრუბელები მარტივი, მაგრამ საოცარი ცოცხალი ორგანიზმები

ღრუბელები მარტივი, მაგრამ საოცარი ცოცხალი ორგანიზმები

ღრუბელები მარტივი, მაგრამ საოცარი ცოცხალი ორგანიზმები

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრალიიდან

გესიამოვნებოდათ ცხოველის ნარჩენებით დაბანა? იდეა ამის შესახებ, მაინც და მაინც მიმზიდველი არ არის. მაგრამ ბუნებრივი ღრუბელი, რომელსაც საბანაოდ იყენებთ, სწორედ რომ ცოცხალი ორგანიზმის ბოჭკოვანი ჩონჩხია.

„ღრუბელებს ცხოველთა საგვარტომო ხის ყველაზე დაბალი და უძველესი ტოტები აქვთ დაკავებული“, — ნათქვამია „ნეშნლ ჯიოგრეფიკ ნიუსში“. ამ ფაქტმა ზოგიერთი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ უძველესი ღრუბელი ცხოველთა და ადამიანთა წინაპრად მიიჩნია. ერთ-ერთ სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში ღრუბელებს „ცხოველთა შორის ევა“ ანუ „ყოველი ცოცხალი არსების წინაპარიც“ კი ეწოდა.

რა იციან მეცნიერებმა ღრუბელების შესახებ? არიან ისინი მარტივი ქმნილებები? თუ მათ სხეულს საოცარი კონსტრუქცია აქვს?

გულის, ტვინისა და პრობლემების გარეშე

ღრუბელები შეიძლება მცენარეს ჰგავდეს, მაგრამ არისტოტელემ და პლინიუს უფროსმა მართებულად მიაკუთვნეს ისინი ცხოველებს. სპეციალისტების მიერ ჩატარებული გამოთვლების თანახმად, მთელი მსოფლიოს ტბებსა და ოკეანეებში, სულ მცირე, 15 000 სახეობის ღრუბელი ბინადრობს, რომელთა შორის მრავალი საოცარი ფორმითა და ფერით გამოირჩევა. ღრუბელებს შეიძლება ჰქონდეთ გრძელი, თლილი თითების ფორმა; ისინი შეიძლება იყვნენ კასრისებრნიც; ზოგი მათგანი ხალიჩასავით არის გართხმული, ზოგიც ელეგანტურ მარაოსავით არის გადაშლილი; ზოგს კი დახვეწილი მინის ლარნაკის ფორმა აქვს. ზოგი ბრინჯის მარცვალზე პატარაა, ზოგი კი ადამიანზე მაღალი იზრდება. მეცნიერების აზრით, ზოგი ღრუბელი ასობით წლისაა.

„აგებულებით, ფუნქციითა და განვითარებით ღრუბელები სხვა ცხოველებისგან განსხვავდებიან“, — ნათქვამია ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“. რით? სხვა ცხოველებისგან განსხვავებით ღრუბელებს შინაგანი ორგანოები არა აქვთ. როგორ ცოცხლობენ ღრუბელები გულის, ტვინისა და ნერვული სისტემის გარეშე? ღრუბელის პატარა უჯრედები მრავალ ფუნქციას ასრულებენ, რის წყალობითაც ცოცხლობს ეს ცხოველი. კონკრეტულ უჯრედთა ჯგუფი საკვებს იჭერს, სხვებს საკვები ნივთიერებები გადააქვს, ზოგი უჯრედი კი ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გამოყოფაში იღებს მონაწილეობას. სხვები ჩონჩხისა და კანის შემადგენლობაში შედის. ზოგი უჯრედი კი საჭიროების მიხედვით შეიძლება ერთი სახის უჯრედიდან მეორედ გარდაიქმნას.

ღრუბელები სხვა მხრივაც არიან უნიკალურები. ცოცხალი ღრუბელი რომ გავჭყლიტოთ და საცერში გავატაროთ, მისი უჯრედები შემდეგ ისევ ერთად მოიყრის თავს და ძველ ორგანიზმს შექმნის. ორი ღრუბელი რომ გავსრისოთ და ერთმანეთს შევურიოთ, თანდათანობით უჯრედები გამოიყოფიან და თითოეული კვლავ ძველ სხეულს შექმნის. „არც ერთ მცენარესა თუ ცხოველს არ შეუძლია საკუთარი თავის ამგვარად აღდგენა“, — ნათქვამია „ნეშნლ ჯიოგრეფიკ ნიუსში“.

ღრუბელები გამრავლების საოცარი უნარითაც გამოირჩევიან. ზოგი ღრუბელი წარმოქმნის და აგზავნის „წყალქვეშა ხომალდებს“, რომლებიც სხვა ადგილას სახლდებიან. დროებით თითქმის უსიცოცხლო მდგომარეობაში მოგზაურობის შემდეგ „ახალმოსახლე“ ფსკერზე ეშვება, იღვიძებს, გამოდის თავისი „ხომალდიდან“ და ახალ ღრუბელს წარმოქმნის. სხვა ღრუბელები სქესობრივი გზით მრავლდებიან და ამ დროს, საჭიროების შესაბამისად, შეუძლიათ შეიცვალონ სქესი. ზოგიერთი ღრუბელი კვერცხებს დებს. „რაც უფრო მეტად ვიკვლევთ ამ მარტივ ორგანიზმებს, მით უფრო რთულ კონსტრუქციას ვნახულობთ მათში“, — გაოცებით აღნიშნავს უხერხემლო ცხოველთა პალეონტოლოგი პოლ მორისი.

ზღვის „მტვერსასრუტები“

ღრუბელებს „ცხოველთა შორის უნიკალური საჭმლის მომნელებელი სისტემა“ აქვთ, — აღნიშნავს ზოოლოგი ალენ კოლინზი. პატარა ხვრელები, პორები, რომლებიც სხეულის გარეთა შრეში მდებარეობს, იხსნება არხებისა და ღრუების ლაბირითნში. ეს ღრუები შიგნიდან მილიონობით პატარა, შოლტიანი უჯრედებით, ანუ ქოანოციტებით, არის ამოფენილი. თითოეული ასეთი უჯრედის შოლტების მოძრაობით იქმნება რხევები, რის შედეგადაც წყალი განუწყვეტლივ მოძრაობს. „რომაელთა გალერის მენიჩბესავით, [ეს უჯრედები] წყლის ნაკადს ღრუბელის შემდგომ უჯრედებს გადასცემენ; ამ უკანასკნელთა დანიშნულებაში კი შედის, დაიჭირონ და მოინელონ საკვების ის ნაწილაკები, რომლებსაც წყალი შეიცავს“, — ამბობს ბიოლოგი ბენ ჰარდერი. ღრუბელი ამგვარად ერთი საათის განმავლობაში თავისი სხეულის მოცულობაზე ათჯერ მეტ წყალს გადატუმბავს, რის შედეგადაც წყლიდან იღებს საკვებს, ტოქსიკურ ნივთიერებებსა და წყლის შემცველობაში შემავალი ბაქტერიების დაახლოებით 90 პროცენტს. ღრუბელს ისიც შეუძლია, რომ მოახდინოს თავის სხეულში წყლის მოძრაობის რეგულირება ან ამ მოძრაობისთვის მიმართულების შეცვლა; ამას კი იმისათვის აკეთებს, რომ გააბათილოს წყლის მიქცევით ან მოქცევით გამოწვეული ცვლილება ან სხეულიდან გამოდევნოს დანალექი. «ღრუბელები . . . ზღვის ყველაზე ეფექტური „მტვერსასრუტები“ არიან», — ამბობს დ-რ ჯონ ჰუპერი.

ღრუბელის სხეული, მასში საკვებისა და წყლის გამუდმებული რხევის გამო, იდეალური სახლია კრევეტებისთვის, კიბორჩხალებისა და სხვა პატარა ცხოველებისთვის. ერთ ღრუბელში 17 128 ცხოველი ბინადრობდა. მრავალი ბაქტერია, წყალმცენარე და სოკო თანამშრომლობს ღრუბელთან ანუ მასთან სიმბიოზური ურთიერთობა აქვს. ღრუბელის სხეულის მასის 50 პროცენტს შეიძლება ბაქტერია შეადგენდეს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ღრუბელები და მათთან თანამცხოვრები ცხოველები, ფარმაცევტული მრეწველობისთვის ახალი და უნიკალური რესურსების წყარო შეიძლება გახდეს. ზოგის აზრით, მათგან მიღებული წამლები შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს შიდს-ის, კიბოს, მალარიისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. მეცნიერი შერლი პომპონი მიუთითებს ღრუბელის ერთ-ერთ ასეთ კომპონენტზე და ამბობს: „ბუნება გვთავაზობს ბევრად უფრო საინტერესო მოლეკულებს, ვიდრე კომპიუტერები“.

მინისებრი სხეულის წარმოქმნის უნარი

რბილი და ბოჭკოვანი საბანაო ღრუბლისაგან განსხვავებით, მრავალი ღრუბელი მყარია. ისინი შეიცავენ მილიონობით პატარა კრისტალს, რომლებსაც სპიკულები ეწოდება. სპიკულების მიკროსკოპით დათვალიერებისას მისი სილამაზე და მრავალფეროვნება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. სხვადასხვა სახით ერთმანეთთან დაკავშირების შედეგად სპიკულები ქმნიან საოცრად რთულ ჩონჩხს, დამცავ ჯავშანს და კაბელსაც კი, რომლის სიგრძე 3 მეტრია, ხოლო სისქე 1 სანტიმეტრი. ერთი ხორციჭამია ღრუბელი იყენებს წებოვან „ბადეებს“, რომელთა დახმარებითაც მსხვერპლს იჭერს.

ღრმა წყალში მობინადრე ღრუბელში, ვენერას კალათში, სპიკულები ისეა ერთმანეთში გადახლართული, რომ წარმოქმნის საოცარი სილამაზის მინის ცილინდრს. მისი ზესუფთა კვარცის ბოჭკოები სტრუქტურით ძალიან ჰგავს ხელოვნურ ოპტიკო-ბოჭკოს. „ასეთი ბიოლოგიური ბოჭკოები ძალიან მტკიცეა, — აღნიშნავს ერთი მეცნიერი. — ისინი შეიძლება ისე მაგრად განასკვო, რომ ხელოვნური ბოჭკოსგან განსხვავებით, არ დაიმტვრევა“. მეცნიერებისთვის დღემდე გაუგებარია, თუ როგორ ვითარდება ზღვის სიღრმეებში, დაბალ ტემპერატურაზე ასეთი რთული აგებულების მქონე ბოჭკოები. „ვხედავთ, რომ შედარებით მარტივ ორგანიზმს შეუძლია გააკეთოს ის, რაც მასალათმცოდნეობისა და ოპტიკო-ელექტრონიკისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს“, — ამბობს ბელის ლაბორატორიის თანამშრომელი ჩერი მარი.

შემთხვევითობა თუ შემოქმედება?

ღრუბელების მრავალ საოცარ ბიოლოგიურ თავისებურებაზე დაკვირვების შემდეგ, ჰუპერი აღნიშნავს: „ეს ეგრეთ წოდებული მარტივი ღრუბელი, ფაქტობრივად, ძალიან რთული კონსტრუქციისაა და მისი აგებულება ბოლომდე დღესაც არ არის შესწავლილი“. გონივრულია, დავსვათ კითხვა: როგორ და რატომ წარმოიქმნა ასეთი რთული ორგანიზმები? უბრალოდ, შემთხვევითობის წყალობით? თუ ღრუბელები ხმამაღლა ამოწმებენ გონიერი შემოქმედის არსებობის შესახებ?

ზოგი უარყოფს შემოქმედის არსებობას, მაგრამ მრავალი ეთანხმება ძველი დროის ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: «რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით . . . მხეცნი — მცირენი დიდებთან ერთად [„ცოცხალი ქმნილებები, დიდი თუ პატარა“, აქ]» (ფსალმუნები 103:24, 25).

[დიაგრამა⁄სურათები 23 გვერდზე]

ღრუბელის ტიპიური აგებულება. წყლის გადამტუმბავი უჯრედების გადიდებული სურათი.

[სურათი 24 გვერდზე]

ღრუბელის სპიკულები.

[სურათი 24 გვერდზე]

ვენერას კალათა.

[სურათის საავტორო უფლებები 23 გვერდზე]

Sea horse: Rudie H Kuiter; 3 right-hand inset photos: Dr. John Hooper, Queensland Museum

[სურათის საავტორო უფლებები 24 გვერდზე]

Top: Eye of Science/Photo Researchers, Inc.; bottom: Kim Taylor / Warren Photographic