არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შესაძლებელია ცუდი ჩვევების დაძლევა?

შესაძლებელია ცუდი ჩვევების დაძლევა?

ბიბლიის თვალსაზრისი

შესაძლებელია ცუდი ჩვევების დაძლევა?

მწერალმა მარკ ტვენმა ერთხელ მახვილგონივრულად შენიშნა: „სიგარეტის მოწევაზე უარის თქმა ყველაზე ადვილი საქმეა. ეს კარგად ვიცი, რადგან უკვე ათასჯერ ვთქვი მასზე უარი“. ტვენის ეს სევდანარევი გამონათქვამი ბევრისთვის უცხო არ არის. ისინი შეიძლება სრულად აანალიზებენ, რომ გარკვეული ჩვევები უზნეობაა და საზიანოც კი; თუმცა ისიც იციან, რომ თავის შეკავება და მათი დაძლევა ძალიან რთულია. წლების განმავლობაში ჩვევებმა შესაძლოა ისე ღრმად გაიდგას ფესვები, რომ მათ აღმოსაფხვრელად უკიდურესი წინააღმდეგობის გაწევა გახდეს საჭირო. ამგვარი ჩვევების დაძლევის მცდელობა შეიძლება დამღლელი და მტანჯველიც კი იყოს.

ციხის ექიმის, ანტონი დანიელსის, სიტყვების თანახმად, სამართალდამრღვევები ხშირად ამბობენ, რომ თავიანთი სისუსტეებისა და სამარცხვინო ვნებების მონები გახდნენ. მათი მტკიცებით, როცა ადამიანი მიდრეკილია რამისკენ, „დაუძლეველი სურვილის მახეში ებმება, საიდანაც ძნელია თავის დაღწევა“. ეს რომ ასე იყოს, მაშინ პასუხს არ ვაგებდით იმ მოქმედებებზე, რომლებსაც დაუძლეველი სურვილებით შეპყრობილები ჩავდივართ. ნუთუ მართლა საკუთარი შინაგანი აღძვრებისა და ძლიერი სურვილების უმწეო მსხვერპლნი ვართ? შესაძლებელია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება? მოდი ავტორიტეტული პასუხისთვის ბიბლიას მივმართოთ.

სურვილების საპირისპირო მოქმედება

ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი, რომ ჩვენს მოქმედებებზე პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე (რომაელთა 14:12). აგრეთვე ის ითხოვს ჩვენგან, რომ მისი სამართლიანი ნორმების თანახმად ვიცხოვროთ (1 პეტრე 1:15). ღმერთმა, როგორც შემოქმედმა, იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო. მისი პრინციპები გმობს მსოფლიოში გაბატონებულ მრავალ ჩვევას (1 კორინთელთა 6:9, 10; გალატელთა 5:19—21). მიუხედავად ამისა, ის რეალურად აფასებს მდგომარეობას, თანაგრძნობას ავლენს და შესაძლებლობაზე მეტს არ ითხოვს არასრულყოფილი ადამიანებისგან (ფსალმუნები 77:38; 102:13, 14).

ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“ (ფსალმუნები 129:3). დიახ, იეჰოვამ ძალიან კარგად იცის, რომ „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ (დაბადება 8:21, სსგ). ჩვენი გენეტიკური მემკვიდრეობის, თანდაყოლილი სისუსტეებისა და ცუდი წარსულის გამო შეუძლებელია, ყველანაირ ცუდ აზროვნებასა და სურვილს გავექცეთ. ამიტომ, სიყვარულიდან გამომდინარე, იეჰოვა სრულყოფილებას არ გვთხოვს (მეორე რჯული 10:12; 1 იოანე 5:3).

მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი, ეს ცუდი ჩვევების კონტროლის პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. მოციქული პავლე აღიარებდა, რომ ებრძოდა არასწორ სურვილებს, თუმცა მათი მონა არასდროს გამხდარა (რომაელთა 7:21—24). ის წერდა: „ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს“. რისთვის? იმისთვის, რომ ‘თვითონ უღირსი არ დარჩენილიყო’ (1 კორინთელთა 9:27). დიახ, თავშეკავება მნიშვნელოვანია ცუდ მიდრეკილებებსა და ჩვევებთან საბრძოლველად და, საბოლოოდ, მათ დასამარცხებლად.

შეცვლა შესაძლებელია

მეცნიერები, რომლებიც ადამიანთა ქცევებს სწავლობენ, ამბობენ, რომ კარგი ჩვევების მსგავსად ცუდი ჩვევებიც დროთა განმავლობაში ჩნდება და ვითარდება. თუ ეს ასეა, მაშინ მათგან თავის დაღწევა შესაძლებელია! როგორ? „იფიქრეთ იმ სარგებლობის შესახებ, რომელსაც ძველი ცხოვრების წესის მიტოვება მოგიტანთ, — ამბობენ სტრესთან საბრძოლველად გამოცემული წიგნის ავტორები. — შემდეგ ჩამოწერეთ, როგორ გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას ეს ცვლილებები“. დიახ, თუ დაფიქრდებით იმ სარგებლობაზე, რომელსაც ცუდი ჩვევების მიტოვება მოგიტანთ, სურვილიც გაგიჩნდებათ, რომ შეიცვალოთ.

მოციქული პავლე შეგვაგონებს, რომ ‘განვიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა’ (ეფესელთა 4:22, 23, აქ). ეს ძალა ჩვენს გონებას მართავს. ამ ძალის შესაცვლელად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ღმერთთან მიახლოება, მისდამი მადლიერების გამოვლენა და იმის გაცნობიერება, თუ რამდენად სასარგებლოა მისი პრინციპების გამოყენება. იმის ცოდნა, რომ ღმერთს ასიამოვნებთ, დაგეხმარებათ აუცილებელი ცვლილებების მოხდენაში (ფსალმუნები 68:31—34; იგავები 27:11; კოლასელთა 1:9, 10).

რა თქმა უნდა, რთული იქნება იმ ჩვევებისგან გათავისუფლება, რომლებიც შესაძლოა წლების განმავლობაში ბატონობდნენ ჩვენზე. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცუდ ჩვევებს უბრძოლველად დავამარცხებთ. უდავოა, რომ იქნება დაბრკოლებებიც და წარუმატებლობაც, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ დროთა განმავლობაში მათთან ბრძოლა უფრო გაგიადვილდებათ. რაც მეტ ძალისხმევას მოახმართ ახალი თვისებების გამომუშავებას, მით უფრო მეტად იქცევა ეს თვისებები თქვენი ცხოვრების ნაწილად.

მას, ვისაც ღმერთი უყვარს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მისგან დახმარებასა და კურთხევებს მიიღებს. პავლე გვარწმუნებს: „სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ . . . გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადატანა“ (1 კორინთელთა 10:13). სულ მალე, იეჰოვა ღმერთი დაამხობს ამ ცოდვილ სისტემას მის ბილწ ცდუნებებთან, სურვილებთან და ჟინთან ერთად (2 პეტრე 3:9—13; 1 იოანე 2:16, 17). ყველა არასრულყოფილი ადამიანი, ვინც გადაურჩება ამ განადგურებას, დროთა განმავლობაში მთლიანად და სამუდამოდ გათავისუფლდება ყველანაირი პრობლემისგან, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქიკური თუ ემოციური. ღმერთი გვპირდება, რომ „აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“ (ესაია 65:17, სსგ). „წინანდელში“, უეჭველია, მტანჯველი აზრები და სურვილებიც იგულისხმება. ნუთუ ეს საკმარისი მიზეზი არ არის იმისათვის, რომ მთელი ძალით შევეწინააღმდეგოთ და ვებრძოლოთ ცუდ ჩვევებს?

[ჩარჩო/სურათი 19 გვერდზე]

როგორ დავძლიოთ ცუდი ჩვევები?

1. ამოიცანი და აღიარე ცუდი ჩვევები. ჰკითხე საკუთარ თავს: „მოაქვს ამ ჩვევას ჩემთვის რაიმე სარგებლობა? აღიზიანებს სხვებს? მოქმედებს ის ჩემს ჯანმრთელობაზე, მატერიალურ მდგომარეობაზე, კეთილდღეობაზე, ოჯახსა და სულიერ სიმშვიდეზე? რამდენად უკეთ ვიგრძნობდი თავს მის გარეშე?“

2. ცუდი ჩვევები კარგით შეცვალე. მაგალითად, დიდ დროს უთმობ ინტერნეტს, სადაც, შესაძლოა, არაჯანსაღ მასალას ათვალიერებ? თუ ასეა, ეს დრო სასარგებლო მასალის წასაკითხად, სასწავლებლად ან დავალებების შესასრულებლად გამოიყენე.

3. იფიქრე მიღწეულ წარმატებებზე. ყოველდღე რამდენიმე წუთი იფიქრე მიღწეულ წარმატებებზე. თუ რაღაც ისე არ გამოგივიდა, როგორც გინდოდა, განსაზღვრე, რამ გამოიწვია ეს.

4. დაიხმარე სხვები. უთხარი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომ ცდილობ ძველი ჩვევის მიტოვებას; სთხოვე, შეგახსენონ ამის შესახებ, როცა დაინახავენ, რომ ისევ უბრუნდები მას. ისაუბრე მათთან, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ მსგავს პრობლემას (იგავები 11:4).

5. იყავი გაწონასწორებული და რეალისტი. ნუ იფიქრებ, რომ შედეგი მაშინვე ცხადი გახდება. წლების განმავლობაში ძვალსა და რბილში გამჯდარი ჩვევებისგან გათავისუფლება რთულია.

6. ილოცე. ღვთის დახმარებით ნებისმიერ ცუდ ჩვევას მოიშორებ (ფსალმუნები 54:23; ლუკა 18:27).