არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაწონასწორებული თვალსაზრისი მოდაზე

გაწონასწორებული თვალსაზრისი მოდაზე

გაწონასწორებული თვალსაზრისი მოდაზე

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა „ყოველივე ლამაზად შექმნა თავის დროზე“ (ეკლესიასტე 3:11; „ახალი საერთაშორისო თარგმანი“). ბუნებაში ყველგან სილამაზეს ვხედავთ. გამონაკლისი არც ადამიანები არიან.

დიზაინერის მიზანია, რომ ტანსაცმლის მეშვეობით უფრო ლამაზად წარმოაჩინოს ჩვენი გარეგნობა, მაგრამ, როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, მოდის ინდუსტრიას სილამაზეზე თავისებური წარმოდგენა აქვს. ფსიქოლოგი, პროფესორი რუთ სტრიგელ-მური შენიშნავს: „იმდენად მივეჩვიეთ უკიდურესად გამხდარი ქალების ყურებას, რომ ვფიქრობთ: სწორედ ესაა სილამაზე“.

ცხადია, ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა გონივრული იმის დაშვება, რომ ქვეყნიერებაში გავრცელებულმა წარმოდგენამ სილამაზეზე ჩვენზე გავლენა მოახდინოს და გვაიძულოს, ყველას დავემსგავსოთ. თავის წიგნში „როცა გემოვნებით გაცვია“ დორის პუზერი აღნიშნავს: «დღევანდელ ქალს არა სჭირდება ახალი „იდეალის“ გამოჩენისთანავე საკუთარი გარეგნობის გადასხვაფერება ან შენიღბვა». მართლაცდა, რატომ უნდა დავრთოთ მასმედიას იმის ნება, რომ თავისი სტერეოტიპები მოგვახვიოს? „გაცილებით ადვილია, ვიყოთ ის, რაც ვართ, ნაცვლად იმისა, რომ გაშმაგებით ვეცადოთ საკუთარი გარეგნობის შეცვლას“, — ამბობს პუზერი.

უჭკნობი სილამაზე

საკუთარ თავში რომ დაჯერებული იყოთ და ცხოვრებაში კმაყოფილება ჰპოვოთ, მიმზიდველ გარეგნობაზე გაცილებით მეტი რამ არის საჭირო. „ჭეშმარიტი ბედნიერება შინაგანი განწყობიდან მომდინარეობს, — წერს ჯუდი სარჯენტი, რომელიც წინათ ანორექსიით იყო დატანჯული. — მას დაკლებული კილოგრამებით ვერ მიაღწევ“. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლია უფრო მეტს გვეუბნება. „თქვენი მშვენება, — წერდა პეტრე მოციქული, — უნდა ვლინდებოდეს თქვენი შინაგანი ბუნებით, მშვიდი და წყნარი სულის უჭკნობი სილამაზით, რაც უძვირფასესია ღვთის წინაშე“ (1 პეტრე 3:4; „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).

უჭკნობი სილამაზე, რომელსაც პეტრე მოიხსენიებს, ფიზიკურ მომხიბვლელობაზე გაცილებით მაღლა დგას, ვინაიდან ის მუდმივი და ძვირფასია ღვთის თვალში. მრავალი საუკუნის წინათ ერთმა ბრძენმა მეფემ თქვა: „მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია“ (იგავები 31:30).

და თუმცა გარეგნულმა სილამაზემ დღეს შეიძლება უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს, მრავალი მაინც პატივსა სცემს მათ, ვინც ქრისტიანულ თვისებებს ავლენს. პავლე მოციქული ქრისტიანებს მოუწოდებდა: „შეიმოსეთ ახალი [პიროვნებით] . . . შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა“ (კოლასელთა 3:10, 12).

მოდა წარმავალია. ყველაზე მეტი, რაც ახალმოდურ სტილს შეუძლია — ცოტა ხნით დაგვამშვენოს. მაგრამ ნებისმიერ სასიამოვნო შთაბეჭდილებას, რომელსაც კოხტა სამოსით ვქმნით, მომენტალურად გავაქარწყლებთ, თუკი ჩვენი პიროვნული თვისებები გარეგნობის შესაფერისი არ იქნება. გახსოვდეთ, „სულის ნაყოფი“, რომელშიც სხვა თვისებებთან ერთად სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკარგე და თავშეკავება შედის — მოდიდან არასოდეს გადავა (გალატელთა 5:22, 23; 1 ტიმოთე 2:9, 10).

ცხადია, არ არის ურიგო სათანადო ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჩაცმულობას. საფრანგეთში მცხოვრები ალინი აღიარებს, რომ მისთვის რთული იყო ამ მხრივ გაწონასწორებული თვალსაზრისის გამომუშავება. „თინეიჯერულ ასაკში, — ამბობს ის, — ჩაცმას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. მინდოდა, უკანასკნელ მოდაზე ვყოფილიყავი შემოსილი, რადგან ეს საკუთარ თავში დაჯერებულობას მმატებდა. და თუ რომელიმე ცნობილი დიზაინერის მარკიან ტანსაცმელს ვიყიდდი, ამაზე უკეთესს რას ვინატრებდი“.

„როცა ამ ასაკიდან გამოვედი, — განაგრძობს ალინი, — საკუთარი თავი თავადვე უნდა მერჩინა. გარდა ამისა, დროის უმეტეს ნაწილს ქრისტიანულ მსახურებაში ვატარებდი. ერთ რამეს მივხვდი: თუკი საკუთარი სახსრებით ცხოვრებას ვაპირებდი, მოდას მეტად ვეღარ დავემონებოდი. იმ დროიდან ტანსაცმელს ვყიდულობდი ჩამოფასების შემდეგ ან ისეთ მაღაზიებში, სადაც ის ფასდაკლებით იყიდებოდა. შევატყვე, რომ კვლავაც შემეძლო ლამაზად ჩაცმა, თანაც მეოთხედ ფასად. მთავარია ისწავლო ისეთი სამოსის ყიდვა, რომელიც გიხდება, პრაქტიკულია, მალე არ გადავა მოდიდან და იმ ტანსაცმელსაც ეხამება, რომელიც უკვე გაქვს. ნაცვლად იმისა, რომ მოდის კარნახს ავყვე, ახლა ვცდილობ ისეთი სტილის სამოსი შევირჩიო, რომელიც მიხდება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა მაცვია, მაგრამ ჩემი, როგორც პიროვნების, ღირსებები გაცილებით მეტ რამეზეა დამოკიდებული, ვიდრე გარეგნობაზე“.

საზოგადოებაში, რომელშიც ხშირად ადამიანის თვისებებზე მეტად მის გარეგნობას აფასებენ, ქრისტიანები ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ ბიბლიაში ჩაწერილ მნიშვნელოვან შეხსენებას: „ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის. გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:16, 17).

[სურათი 9 გვერდზე]

ჭეშმარიტი სილამაზე ვლინდება შინაგანი ბუნებით და არა ტანსაცმლით.

[სურათი 10 გვერდზე]

შეარჩიეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც პრაქტიკულია და იმ ტანისამოსსაც შეეხამება, რომელიც უკვე გაქვთ.