არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტუმრად ბანანის პლანტაციაში

სტუმრად ბანანის პლანტაციაში

სტუმრად ბანანის პლანტაციაში

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან

რაღა დაგიმალოთ და ბანანი მეც ისევე მიყვარს, როგორც ადამიანთა უმრავლესობას. ბანანი არა მარტო გემრიელია, არამედ მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და უჯრედისით. ალბათ, უარს არ იტყოდით, უფრო მეტი გაგეგოთ ამ მრავალმხრივ სასარგებლო ხილის შესახებ. ამას წინათ ერთმა ფერმერმა და მისმა ცოლმა კარგად გამარკვიეს ბანანის ზრდისა და თვითგანახლების გასაოცარ უნარში.

ტონისა და მერის (მათი ფოტოსურათი იხილეთ ზემოთ) საკუთარი მეურნეობა აქვთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ლიმპოპოს პროვინციის იმ მხარეში, რომელსაც ლევუბუს უწოდებენ. 55 ჰექტარ ნაკვეთზე მათ მოჰყავთ სხვადასხვა კულტურა, რომელთა შორისაც უმთავრესი ადგილი ბანანს უკავია. მოდი ახლა ცოტა ხნით ტონის მოვუსმინოთ, ის უფრო მეტს გვეტყვის ამ სახელგანთქმული ხილის შესახებ.

ზრდა-განვითარება და სასურველი კლიმატი

„ბანანის მოსაყვანად ყველაზე ხელსაყრელია ზომიერად თიხნარი ნიადაგი, — გვიხსნის ტონი. — ის არ უნდა იყოს ქვიშნარი ან ქვიანი. თანაც, აუცილებელია, რომ ნიადაგის ფენა ღრმა იყოს და წყალს ადვილად იწოვდეს. ბანანი შესანიშნავად ხარობს იქ, სადაც ყინვა არ იცის, ყველაზე უკეთ კი ცხელ კლიმატს ეგუება. ლევუბუში საშუალო წლიური ტემპერატურა 12—35°C-ის ფარგლებში მერყეობს“. კითხვაზე, თუ როგორია მცენარის მოთხოვნილება წყალზე, ტონი მპასუხობს: „ბანანი სისტემატურად საჭიროებს წვიმის წყლით საზრდოობას ან ყოველკვირეულ მორწყვას“.

ბანანი შეიძლება ხე-მცენარეს წააგავდეს, მაგრამ მისი ტანი ხე კი არ არის, არამედ ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი ფოთლის ყუნწებია, რომლებიც მრავალშრიან მილისებრ ცრუ ღეროს წარმოქმნის. ბანანი, სინამდვილეში, გიგანტური ბალახია. მისი ნამდვილი ღერო, რომელსაც ფესურა ეწოდება, მიწისქვეშაა დამალული. ფესურადან ჯერ ფესვები ვითარდება, შემდეგ ფოთლები, ბოლოს კი მისგანვე იღებს სათავეს დიდი მელნისფერი ყვავილი. ფესურაზევე იზრდება ნორჩი ყლორტებიც, რომლებიდანაც მოგვიანებით ახალი მცენარეები ვითარდება.

ბანანი გადის განვითარების სამ ძირითად სტადიას, რომლებსაც ადგილობრივი ფერმერები „ბებიას“, „ქალიშვილსა“ და „შვილიშვილს“ უწოდებენ (იხილეთ ფოტო). „ბებია“ წელს მოგვცემს მოსავალს, „ქალიშვილი“ — მომავალ წელს, ხოლო „შვილიშვილი“ — მესამე წელს. „დედასთან“ ახლოს საკმაოდ ბევრი „შვილიშვილი“ იზრდება. როდესაც „პატარები“ ადამიანს მუხლამდე მისწვდებიან, მათ გასხლავენ და მხოლოდ ყველაზე პერსპექტიულ ყლორტს დატოვებენ.

უზარმაზარი მელნისფერი ყვავილი, რომლიდანაც ბანანებით დახუნძლული მტევანი ვითარდება, მიწაში დამალული ფესურადან მცენარის შუა ნაწილის გავლით ამოიზრდება. ყვავილი, საბოლოოდ, ორ ზემოთა ფოთოლს შორის გამოჰყოფს თავს და ჩამოეკიდება. ყვავილის ფურცლების ჩამოცვენის შემდეგ უკვე კარგად მოჩანს 10—15 განუვითარებელი მტევანი, რომლებიც ერთ დიდ კონას ქმნის. გამოუცდელ თვალს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მტევნები თავდაყირა იზრდება. მტევანი შეიძლება შედგებოდეს 20 ან მეტი ბანანისგან, რომლებსაც „თითებს“ უწოდებენ.

მოსავლის აღება

მელნისფერი ყვავილის გამოჩენიდან ბანანის მოსავლის აღებამდე შეიძლება სამიდან ექვს თვემდე გავიდეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ წელიწადის რა დრო დგას. მოსავლის აღებას მაშინ იწყებენ, როცა ნაყოფი ჯერ კიდევ მწვანეა, მაგრამ უკვე მომრგვალო ფორმა აქვს მიღებული. გასაყიდად გამზადებული ბანანის ნაყოფის მთლიანი კონა 35 კილოგრამამდე იწონის. შესაფუთ საამქროში გადაზიდვისას ნაყოფი რომ არ დაიბეჟოს, მოსავლის აღებისას თითოეულ კონას ცელოფანში ახვევენ. ამ საამქროში მტევნებს ჭრიან უფრო პატარა ნაწილებად, რომლებშიც სამიდან ექვსამდე ბანანია. შემდეგ მათ ფუნგიციდების ხსნარით ამუშავებენ, რათა დასნებოვნება–ლპობისგან დაიცვან.

ამის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბანანებს აწყობენ გაცვილულ და საჰაეროების მქონე კარტონის ყუთებში და ათავსებენ ნაყოფის დასამწიფებელ სპეციალურ სათავსში. დამწიფების დასაჩქარებლად ეთილენის გაზს იყენებენ *. კარტონის ყუთებს ერთი-ორი დღე აჩერებენ სათავსში, სადაც ტემპერატურას ხელოვნურად არეგულირებენ, შემდეგ კი გასაყიდად აგზავნიან.

„შეიძლება მიკერძოებაში ჩამომართვათ, მაგრამ ლევუბუში მოწეული ბანანი, მგონი, ყველაზე გემრიელია. ეს კი ჩვენი ნიადაგის დამსახურება უნდა იყოს, — ამბობს ტონი და თან თვალებში ღიმილი გამოუკრთის. — სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მოშორებული ვართ საექსპორტო ქალაქებიდან და ისღა დაგვრჩენია, ჩვენსავე ქვეყანაში მივირთვათ ჩვენი შრომის ნაყოფი“.

ბანანი ჯანმრთელობის სადარაჯოზე

ბანანი მდიდარია კალიუმით. «მრავალი გამოკვლევით დადასტურდა, რომ ეს ნივთიერება სიმტკიცეს მატებს ძვლებს და ამცირებს მაღალი წნევისა და ინსულტის რისკს, — ნათქვამია ჟურნალ „ჰელთში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც ბანანის სარგებლობაზე იყო საუბარი. — ბანანი შეიცავს ფოლიუმმჟავას, რომელიც თანდაყოლილი დეფექტების არიდებას უწყობს ხელს. ის აგრეთვე შეიცავს B ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ფეხმძიმე და შვილოსნობის ასაკის ქალებისათვის». ბანანი შეიცავს სხვა მნიშვნელოვან მინერალებსაც, მაგალითად მაგნიუმს. მაგნიუმი კალციუმის შეთვისებაში ეხმარება ძვლებს, რის წყალობითაც ისინი სიმტკიცეს ინარჩუნებენ.

ბანანში არსებული ცილის შემადგენლობაში შედის 18 ამინომჟავა — მათ შორის ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ამინომჟავები, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი ან შეზღუდული რაოდენობით, ან საერთოდ ვერ გამოიმუშავებს. ბანანის ნაყოფის 22 პროცენტი ნახშირწყლებია და რადგან ეს ხილი ადვილი მოსანელებელია, იგი სწრაფად უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ენერგიით. მერი კმაყოფილი სახით ამბობს: „ბანანი A, B და C ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. როგორც ჩანს, ის მადასაც უოკებს ადამიანს — ერთ ჯერზე ვერავინ ჭამს ბევრ ბანანს“. მაშ, ნუღარ დააყოვნებთ: ჩაიტკბარუნეთ პირი ბანანით — ის ხომ ასე სასარგებლო და გემრიელია!

[სქოლიო]

^ აბზ. 12 როდესაც ბანანი თავისით, ბუნებრივად მწიფდება, გამოიყოფა იგივე გაზი, რომელიც უფრო აჩქარებს დამწიფების პროცესს. ასე რომ, არსებობს მკვახე ბანანების დამწიფების კიდევ ერთი საშუალება: მათ შორის რამდენიმე მწიფე ნაყოფი უნდა მოვათავსოთ.

[დიაგრამა⁄სურათი 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ფოთოლი

ყვავილი/ბანანები

ცრუ ღერო

ნიადაგის ზედაპირი

ფესვი

ფესურა

[საავტორო უფლება]

Sketch: Based on drawing from The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck

[დიაგრამა⁄სურათი 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბებია

ქალიშვილი

შვილიშვილი

[სურათები 25 გვერდზე]

უზარმაზარი მელნისფერი ყვავილი საბოლოოდ ბანანების კონად იქცევა.

[საავტორო უფლება]

Photo by Kazuo Yamasaki

[სურათები 26 გვერდზე]

მოსავლის აღება (მარცხნივ); ახალი ამონაყარი განვითარების პერიოდში (ზემოთ).