არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მალე ნარკომანია აღარ იქნება

მალე ნარკომანია აღარ იქნება

მალე ნარკომანია აღარ იქნება

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსოფლიო ნარკომანიის გარეშე?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა, ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, ესწრაფათ ასეთი მსოფლიოსკენ. მან განაცხადა: „ჩვენ ახალი და გაბედული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ ბოროტებასთან საბრძოლველად; ბოროტებასთან, რომელმაც უამრავი ახალგაზრდა შეიტყუა“.

მართალია, მსოფლიო ლიდერები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ მთელ მსოფლიოში უნდა შემცირდეს ნარკოტიკების უკანონო წარმოება და რეალიზაცია, მაგრამ ამის პრაქტიკულად განხორციელება საოცრად რთულია. გენადი უდოვენკომ (უკრაინა), რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომას თავმჯდომარეობდა, განაცხადა: „ნარკოტიკებით ვაჭრობა, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 400 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი მოგება მოაქვს, ერთ-ერთ ყველაზე სარფიან არალეგალურ ბიზნესად ითვლება. . . მას მსოფლიო ფინანსური ბაზრების შერყევა შეუძლია“. მან დასძინა, რომ ნარკომანიის პრობლემამ „გლობალური ხასიათი მიიღო და ვერც ერთი ქვეყანა მისგან თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს“.

მართლაც, რთული წარმოსადგენია მსოფლიო ნარკოტიკების გარეშე. უდავოა, რომ მთავრობებმა ვერ შეძლეს ნარკომანიის დამარცხება. ყოვლისშემძლე ღმერთს კი ვერავინ შეუშლის ხელს თავისი განზრახვის განხორციელებაში: ის დედამიწაზე დაამყარებს სამოთხეს, სადაც ყველა ადამიანის ემოციური, ფიზიკური და სულიერი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იქნება (ფსალმუნები 144:16; ლუკა 23:43; 2 პეტრე 3:13). როგორც ღვთის წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა, ღვთის სიტყვა ‘ფუჭად არ დაბრუნდება მასთან. ის [ნამდვილად] აღასრულებს მის ნებას და მიაღწევს იმას, რისთვისაც მიავლინა’ (ესაია 55:11, სსგ).

ღვთის დაპირებების იმედი დღესაც აძლევს ადამიანებს საოცარი ცვლილებების მოხდენის ძალას. ედმუნდუ წინათ ნარკომანი იყო, მაგრამ სამართლიან ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებულმა ბიბლიურმა დანაპირებმა მასზე ძალიან იმოქმედა და ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედა. ედმუნდუ ახლა ამბობს: „რა სულელი ვიყავი, დროს ფუჭად რომ ვხარჯავდი“. მას ძალიან სურს, ღვთის მოწონება დაიმსახუროს, ამიტომაც გადაწყვიტა, ნარკოტიკები აღარასოდეს მიიღოს. დიახ, ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ შემეცნებას შეუძლია აღგვძრას, ‘შევიმოსოთ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმინდით’ (ეფესელთა 4:24).

უამრავი ადამიანი, რომლებიც წინათ ნარკოტიკების მომხმარებლები იყვნენ, დღეს შემოქმედთან ახლო ურთიერთობით ხარობს. მათთვის ფსალმუნმომღერლის სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: „ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა არ გაიხსენო; და ბრალი ჩემი, გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო. კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე“ (ფსალმუნები 24:7, 8). მშობლებისთვის რაოდენ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მათი გზასაცდენილი შვილები შეიძლება შეიცვალონ! მშობლები ყველანაირად უნდა ეცადონ, მხარში ამოუდგნენ თავიანთ შვილებს, რომ შეებრძოლონ ამ საშინელ სენს — ნარკომანიას — და „მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“, რომელიც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იქნება (1 ტიმოთე 6:19, აქ).

[სურათები 10 გვერდზე]

ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების იმედმა ბევრი ნარკომანი შეცვალა.