არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ქორწილის დღე ძალიან მომეწონა შესავალი სტატიების სერია „ქორწილის დღე — ოჯახური ცხოვრების ბედნიერი დასაწყისი“ (8 აპრილი, 2002). მე ახალგაზრდა ვარ და მინდა მომზადებული ვიყო ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად, როგორიც ქორწინებაა. ამ სტატიებმა კარგად დამანახვა, როგორ შეიძლება სამზადისის დროს სტრესის თავიდან არიდება, რაც საკმაოდ ბევრ ახალგაზრდა წყვილს უკარგავს მოსვენებას. მათი დახმარებით ისიც გავიგე, თუ როგორ შეიძლება ქორწინების მუდმივ და ბედნიერ კავშირად ქცევა. გთხოვთ, ნურასოდეს მოგვაკლებთ ყურადღებას — ჩვენ ხომ ასე გულმოდგინედ ვცდილობთ იმის გაკეთებას, რასაც იეჰოვა მოითხოვს თავისი მსახურებისგან.

ფ. კ. (იტალია).

მუდამ მაოცებს ის, რომ იეჰოვა ზუსტად მაშინ მიწევს საჭირო ხელმძღვანელობას, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდება. ამ მხრივ არც „გამოიღვიძეთ!“-ის 2002 წლის 8 აპრილის ნომერი ყოფილა გამონაკლისი. მე და ჩემი საქმრო უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქორწილისთვის ვემზადებით და შევატყვეთ, რომ ნელ-ნელა ნერვიულობას ვიწყებთ. შესავალმა სტატიებმა შეგვახსენა, რომ სამზადისში გატარებული ეს რამდენიმე თვე ჩვენი ცხოვრების ლამაზი პერიოდია, ზედმეტი საზრუნავი კი მხოლოდ ტკივილს გვაყენებს.

ჰ. მ. (ავსტრალია).

შესავალი სტატიების მე-10 გვერდის წაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ქმარს ოჯახის დატოვება შეეძლოს, თუ ის დარწმუნებულია, რომ მყარი საფუძველი აქვს განცალკევებით ცხოვრებისთვის. მე და ჩემმა ცოლმა ბიბლიაში ვერსად ვიპოვეთ ისეთი ადგილი, ასეთ მოსაზრებას რომ უჭერდეს მხარს. სინამდვილეში, საწინააღმდეგო რამ უფრო გამოდის — ცოლს შეუძლია გაშორება, ქმარს კი არა აქვს ამის უფლება. დაბადების 2:24-ში ნათქვამია, რომ მამაკაცი უნდა ‘მიეწებოს თავის დედაკაცს’. 1 კორინთელთა 7:11 კი ამბობს, რომ თუნდაც ცოლი გაეყაროს მეუღლეს, ‘ქმარმა არ უნდა დატოვოს თავისი ცოლი’.

კ. ლ. (ავსტრალია).

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: დაბადების 2:24 კონტექსტის მიხედვით უნდა გავიგოთ. ღვთის მითითება, რომელიც აქ ჩაიწერა, იმისთვის არ იყო გამიზნული, რომ განცალკევების შემთხვევაში მისით ეხელმძღვანელათ. პავლეს მიერ კორინთელებისთვის მიწერილი წერილი ნათლად გვანახვებს, რომ იეჰოვა დიდად აფასებს ქორწინებას და მეუღლეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ არ დაირღვეს მათი საქორწინო კავშირი. მაგრამ, როგორც ჩანს, პავლეს სულაც არ ჰქონდა განზრახული ორმაგი ნორმის დაწესება — ერთი ცოლისთვის, ხოლო მეორე ქმრისთვის. მე-10 და მე-11 მუხლები როგორც ქმარს, ისე ცოლს მოუწოდებს, თუ საერთოდ შესაძლებელია, არ დაშორდნენ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, გონივრულია დავასკვნათ, რომ რაც ცოლზეა ნათქვამი, ის ქმარსაც ეხება.

უსაფრთხო სამუშაო. გმადლობთ სტატიათა სერიისთვის „რამდენად უსაფრთხოა თქვენი სამუშაო?“ (8 მარტი, 2002). ამ სტატიების წაკითხვამდე ერთი დღით ადრე სამუშაოზე ძალიან დაძაბულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვფიქრობ, რომ, როგორც თქვენს ჟურნალში იყო შემოთავაზებული, აუღელვებლად რეაგირება საუკეთესო გამოსავალია. დროული იყო ინფორმაციაც იმ საშიშროების შესახებ, რომელიც დილით ძალიან ადრე და გვიან ღამით მუშაობას ახლავს თან. სულ ახლახან დაჟინებით მთხოვდნენ, რომ ზუსტად ასეთ სამუშაოზე დავთანხმებულიყავი, მაგრამ უარი ვთქვი. როდესაც ეს ჟურნალი წავიკითხე, ძალიან გამიხარდა, რომ ასე მოვიქეცი!

მ. ჰ. (იაპონია).

ახალგაზრდების შეკითხვები. ეს-ესაა წავიკითხე სტატია „ვაითუ თანაკლასელს გადავეყარო!“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 მარტი, 2002). რადგან სკოლის მოსწავლე და სრული დროით მქადაგებელი ვარ, ხშირად მეც ისევე მიგრძნია თავი, როგორც სიმონს, რომლის სიტყვებიც სტატიაში იყო მოყვანილი. მეც სულ იმას ვნატრობდი, რომ სამქადაგებლო მსახურებისას თანაკლასელებს არ გადავყროდი. ეს შესანიშნავი სტატია კარგი შეხსენება იყო იეჰოვასგან. მადლობელი ვარ ღვთის, რომ ის დაიბეჭდა.

ს. ს. (შეერთებული შტატები).

მე 14 წლისა ვარ და მეც მეშინოდა იმ ტერიტორიაზე თანაკლასელებთან შეხვედრის, სადაც ვქადაგებ. მანუგეშა იმის გაგებამ, რომ იეჰოვა მეხმარება, როცა ზარს ვრეკავ კარზე. სტატიამ სიმხნევე შემმატა.

მ. ლ. (იტალია).