არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარილი ძვირფასი პროდუქტი

მარილი ძვირფასი პროდუქტი

მარილი ძვირფასი პროდუქტი

„თქვენ ხართ მარილი მიწისა“, — უთხრა იესომ თავის მოწაფეებს (მათე 5:13). თავისი შემნახველი თვისებების გამო როგორც უძველეს, ასევე ზოგ თანამედროვე ენაში სიტყვა „მარილმა“ ძალიან ძვირფასისა და დასაფასებლის ელფერიც შეიძინა.

მარილი სტაბილურობისა და მუდმივობის სიმბოლოდაც იქცა. სწორედ ამ მიზეზით ბიბლიაში მოხსენიებულ მხარეთა მეგობრულ ურთიერთშეთანხმებას „მარილის შეთანხმება“ ეწოდა — მონაწილე მხარეები ხშირად ერთად ჭამდნენ საჭმელს, რომელსაც ამ შეთანხმების დასადასტურებლად მარილს აყრიდნენ (რიცხვნი 18:19, აქ). მოსეს რჯულის თანახმად სამსხვერპლოზე მიტანილი შესაწირისთვის უხრწნელობის ნიშნად მარილი უნდა მოეყარათ.

საინტერესო ისტორიული ფაქტები

ძველად მარილი (ნატრიუმქლორიდი) იმდენად ფასობდა, რომ მისი გულისთვის ომებიც კი ხდებოდა. საფრანგეთის დიდი რევოლუციის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზთაგანი ლუი XVI-ის მიერ სწორედ მარილზე დაწესებული მაღალი გადასახადი იყო. მარილი ფულის მაგივრობასაც სწევდა. მავრიტანელი ვაჭრები მარილს ოქროზე ცვლიდნენ, თანაც გრამზე გრამს იღებდნენ; ცენტრალურ აფრიკაში მობინადრე ზოგი ტომი კი ქვამარილის ფილებს ფულის ერთეულად იყენებდა. ბერძნები თავიანთ მონებს მარილზე ყიდულობდნენ, რითაც საფუძველი ჩაუყარეს გამოთქმას „მარილის ფასადაც არ ღირს [მონაო]“.

შუა საუკუნეებში მარილი გარკვეული ცრურწმენების ბურუსში გახვიეს. მარილის შემთხვევით დაბნევას ავის მომასწავებელ ნიშნადაც კი თვლიდნენ. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის ფერწერულ ტილოზე „საიდუმლო სერობა“ იუდა ისკარიოტელის წინ გადმობრუნებული სამარილეა გამოსახული. მეორე მხრივ კი, XVIII საუკუნემდე საბანკეტო მაგიდასთან სამარილის აქეთ თუ იქით ჯდომით გამოიხატებოდა ის, თუ რომელ საზოგადოებრივ ფენას მიეკუთვნებოდა ადამიანი — საპატიოდ ითვლებოდა ადგილი სამარილის აქეთ, სუფრის თავთან ახლოს.

უხსოვარი დროიდან ადამიანმა ისწავლა მარილის მიღება ბუნებრივი მარილწყლისგან, ზღვის წყლისგან და ქვამარილისგან. ფარმაკოლოგიისადმი მიძღვნილ უძველეს ჩინურ ტრაქტატში 40-ზე მეტი სახის მარილია ჩამოთვლილი და აღწერილია მარილის მიღების ორი მეთოდი, რომლებიც დღევანდელ ტექნოლოგიებს საოცრად ჰგავს. მაგალითად, მზის ენერგია გამოიყენება ზღვის წყლიდან მარილის მისაღებად მსოფლიოს უდიდეს მარილსახდელ ქარხნებში, რომლებიც ქვედა კალიფორნიის (მექსიკა) სებასტიან-ვისკაინოს ყურის სანაპიროზე მდებარეობს.

ერთი რამ საინტერესოა — ვარაუდობენ, რომ, თუკი მსოფლიოში არსებული ყველა ოკეანე მთლიანად დაშრება, „მათ ადგილას სულ მცირე 19 000 000 კუბური კილომეტრი ქვამარილი უნდა დარჩეს, ანუ მთელი ევროპის კონტინენტზე დაახლოებით 14, 5-ჯერ დიდი მოცულობის მქონე მასა“, — ნათქვამია ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“. მკვდარი ზღვა კი ოკეანეზე თითქმის ცხრაჯერ უფრო მარილიანია!

როგორ გამოიყენება მარილი ამჟამად

მარილი დღესაც ძვირფას პროდუქტად ითვლება — მისით კაზმავენ საჭმელს, ინახავენ ხორცს, სხვა ყველაფერთან ერთად მას საპნისა და მინის წარმოებაშიც იყენებენ. მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა მისი გამოყენება ჯანდაცვის სფეროში. მაგალითად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მარილს ამდიდრებენ იოდით, რათა შეებრძოლონ იოდის ნაკლებობით გამოწვეულ ენდემიურ დაავადებებს, რომლებიც ჩიყვით (ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით) და მწვავე შემთხვევებში გონებრივი განვითარების დაქვეითებით გამოიხატება. ზოგ ქვეყანაში კი კბილის კარიესის თავიდან ასაცილებლად მარილს ფთორიდს უმატებენ.

თუმცა მარილი უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის იმ მხრივ, რომ ორგანიზმში სისხლის მოცულობასა და წნევას არეგულირებს, რის თქმა შეიძლება მარილის მოხმარებასა და მაღალ წნევას შორის არსებულ კავშირზე, რომელიც დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს? ექიმები ყოველთვის აფრთხილებენ ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებს, რომ შეზღუდონ მარილისა და ნატრიუმის შემცველი პროდუქტების მოხმარება. მაღალწნევიანთა 30-50 პროცენტზე მარილი უარყოფითად მოქმედებს. ასეთ შემთხვევებში მარილის რაოდენობის შემცირება სისხლის წნევის შემცირებას უწყობს ხელს.

ცხადია, რომ მარილი აგემრიელებს საჭმელს, რაც იობმაც ახსენა კითხვაში: „თუ ჭამენ უგემურს, უმარილოს?“ (იობი 6:6). ჩვენ შეგვიძლია ნამდვილად ვემადლიერებოდეთ ჩვენს შემოქმედს, „რომელიც უხვად გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ“ ამ ძვირფასი პროდუქტის, მარილის, ჩათვლით (1 ტიმოთე 6:17, სსგ).

[სურათი 15 გვერდზე]

მარილის ნაირსახეობიდან ზოგი (საათის ისრის მიმართულებით მაღლიდან): 1)წყლის აორთქლების შედეგად მიღებული ზღვის მარილი (ჰავაი); 2)„ფლერ დე სელი“ (საფრანგეთი); 3)ნატურალური დაუმუშავებელი ზღვის მარილი; 4)„სელ გრი“ (ნაცრისფერი მარილი) (საფრანგეთი); 5)ზღვის მსხვილი მარილი; 6)მიწიდან მოპოვებული შავი მარილი (ინდოეთი)