არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაუფრთხილდით სმენას!

გაუფრთხილდით სმენას!

გაუფრთხილდით სმენას!

„მთელ მსოფლიოში 120 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სმენა დაქვეითებული, რის გამოც ისინი სრულფასოვნად ვერ ცხოვრობენ“ (ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია).

სმენა ძვირფასი ძღვენია, რომელსაც დიდად უნდა ვაფასებდეთ. მაგრამ რაც უფრო ხანში შევდივართ, სმენაც მით უფრო გვიქვეითდება. როგორც ჩანს, ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს ის ათასგვარი ხმები და ხმაური, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ცივილიზაცია. სენტ-ლუისის (მისურის შტატი, აშშ) სმენადაკარგულთა უმაღლეს სასწავლებელში მოღვაწე წამყვანმა მეცნიერმა განაცხადა: «რიგით ამერიკელებში სმენის დაკარგვის შემთხვევათა 75 პროცენტი არა მარტო ხანში შესვლის შედეგია, არამედ იმითაც არის განპირობებული, თუ როგორ „ეპყრობოდნენ“ ეს ადამიანები საკუთარ ყურებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში».

უზომოდ მაღალი ბგერების თუნდაც მცირე ხნით მოსმენამ შეიძლება ზიანი მიაყენოს შიგნითა ყურის ფაქიზ სისტემას. მაგრამ უფრო ხშირად სმენის დაკარგვას „ისეთი სახის სამუშაო, ჰობი ან გართობა იწვევს, რომლებსაც თან დიდი ხმაური ახლავს“, — ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აუდიოლოგი, მარგარეტ ჩიზმენი. როგორ უნდა გავუფრთხილდეთ სმენას? ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, კარგი იქნებოდა, ჯერ ცოტა რამ გაგვეგო სმენის სენსორული სისტემის ფუნქციონირების შესახებ.

რის ატანა უწევს ჩვენს ყურებს

გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ სულ უფრო და უფრო ხმაურიანი ხდება. ბევრ ადამიანს ყოველდღიურად უწევს სხვადასხვა სახის ხმაურის ატანა: ქუჩაში მსუბუქი ავტომანქანების, ავტობუსებისა თუ სატვირთო ავტომანქანების გრიალით დაწყებული და სამუშაოზე ელექტრომოწყობილობების ზუზუნითა და გუგუნით დამთავრებული.

ზოგჯერ, როდესაც რაიმე ელექტროაპარატურას ხმას ვუწევთ, კიდევ უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ საკუთარ თავს. დღეს ძალიან პოპულარულია საყურისის მორგება და კომპაქტ-დისკისა თუ კასეტის „პლეიერით“ მუსიკის მოსმენა. როგორც კანადის მუსიკოსთა კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარშალ ჩეისენი, იტყობინება, კანადასა და შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას უქვეითდება სმენა, რის მიზეზიც საყურისებით ძალიან ხმამაღალი მუსიკის მოსმენაა.

მაგრამ რა შემთხვევაშია ბგერა უზომოდ მაღალი? ბგერას სამი მახასიათებლით განსაზღვრავენ. ესენია: ხანგრძლივობა, სიხშირე და ინტენსივობა. ხანგრძლივობაში უბრალოდ დროის ის მონაკვეთი იგულისხმება, რომლის განმავლობაშიც ბგერის გაგონება შეიძლება. ბგერის სიხშირეს ჰერცებით ზომავენ. ყურისთვის აღსაქმელი და ამავე დროს უვნებელი, ნორმალური ბგერის სიხშირე 20-დან 20 000-მდე ჰერცის ფარგლებში მერყეობს.

ბგერის ინტენსივობა ანუ ძალა დეციბელებით (დბ) იზომება. ნორმალური საუბრისას ბგერის ინტენსივობა დაახლოებით 60 დეციბელია. აუდიოლოგების თქმით, რაც უფრო დიდხანს ისმენს ადამიანი 85 დეციბელზე მეტი სიძლიერის ბგერას, მით უფრო სწრაფად დაკარგავს ყურთასმენას. რაც უფრო მაღალია ბგერა, მით უფრო ადვილად ზიანდება სმენაც. ჟურნალ „ნიუსუიკში“ ნათქვამი იყო: „თქვენმა ყურებმა შეიძლება უვნებლად აიტანოს ელექტრობურღის ხმა (100 დბ) ორი საათის განმავლობაში, მაგრამ დაუზიანებლად 30 წუთზე მეტს ვერ გაძლებს ვიდეოთამაშების ხმაურიან ცენტრში (110 დბ). ბგერის ინტენსივობის ყოველი 10 დეციბელით გაზრდა ყურებისთვის 10-ჯერ უფრო მავნე ხმაურს იწვევს“. ცდებმა დაადასტურა, რომ დაახლოებით 120 დეციბელის სიძლიერის ბგერა უკვე ფიზიკურ ტკივილს აყენებს ადამიანს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სახლის ზოგიერთ სტერეოაპარატურას 140 დეციბელზე მეტი სიმძლავრის ბგერა შეუძლია გამოსცეს! (იხილეთ თანმხლები ჩარჩო).

უფრო კარგად რომ გავიგოთ, თუ რატომ შეუძლიათ მაღალ ბგერებს ჩვენი სმენის დაზიანება, მოდი ვნახოთ, რა ხდება მაშინ, როცა ბგერითი ტალღები ყურს აღწევს.

როგორ ფუნქციონირებს სმენის სისტემა

ყურის ნიჟარად წოდებული გარეთა ყურის რბილი ნაწილის დანიშნულება ბგერითი ტალღების მიღება და მათი გარეთა სასმენ მილში გადაგზავნაა. ბგერითი ტალღები აქედან დაფის აპკამდე აღწევენ და მის რხევას იწვევენ, დაფის აპკი კი, თავის მხრივ, შუა ყურში მდებარე სამი სასმენი ძვლის ვიბრაციას იწვევს. შემდეგ ვიბრაცია შიგნითა ყურს — სითხით ავსებულ ძვლოვან ლაბირინთს — გადაეცემა. სითხის მეშვეობით ვიბრაცია გადაინაცვლებს შიგნითა ყურში მდებარე სასმენი ლოკოკინასკენ, რომელიც ფიბროზულ ბოჭკოებს შეიცავს. ლოკოკინაში არსებული სითხე ფიბროზული ბოჭკოების ზედა დაბოლოებების გაღიზიანებას იწვევს, რასაც შედეგად ნერვული იმპულსების წარმოშობა მოჰყვება. შემდეგ ეს იმპულსები ტვინს გადაეცემა, სადაც მათი საბოლოო გაშიფვრა და ბგერის სახით ანალიზი ხდება.

ლიმბური სისტემის მეშვეობით ტვინი წყვეტს, რომელ ბგერას მიაქციოს ყურადღება და რომელი უგულებელყოს. მაგალითად, მოთამაშე ბავშვის ხმას დედა შეიძლება შეგნებულად არ აქცევდეს ყურადღებას, მაგრამ ტირილზე იგი მყისვე მოახდენს რეაგირებას. ორი ყურით მოსმენა ბგერის სტერეოფონიური აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს, რაც ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის. ეს იმის განსაზღვრაში გვეხმარება, თუ საიდან მოდის ბგერები. მაგრამ მეტყველების მოსმენისას ტვინს მხოლოდ ერთი ბგერითი ინფორმაციის დამუშავება შეუძლია. «აი, რატომაა, რომ ტელეფონზე საუბრისას როდესაც თანამოსაუბრეს ვუგდებთ ყურს, — ნათქვამია წიგნში „ადამიანის გრძნობები“, — უკვე აღარ გვესმის, რას გვეუბნება იქვე ახლოს მყოფი ადამიანი».

როგორ აჩლუნგებს ხმაური ჩვენს სმენას

წარმოდგენა რომ შეგვექმნას, თუ როგორ აზიანებს მაღალი ბგერები ჩვენს სმენას, მოდი ერთ შედარებას დავუკვირდეთ. ერთი ნაშრომი, რომელიც სამუშაო ადგილის უსაფრთხოებას ეძღვნება, შიგნითა ყურში არსებულ ბოჭკოებს ყანაში გაზრდილ ხორბლის თავთავს ადარებს, ხოლო ყურში შემავალ ბგერას — ქარს. ნაზი სიო, რომელიც დაბალ ბგერებთან არის შედარებული, უბრალოდ არხევს თავთავებს და ხორბალს არ აზიანებს. მაგრამ რაც უფრო გაიზრდება ქარის სიჩქარე, თავთავის ღეროსაც მით უფრო მეტი ძალა დაადგება. უცაბედად ამოვარდნილმა გრიგალმა, ან შედარებით სუსტი ქარების დიდი ხნის მანძილზე ქროლვამ, შეიძლება მთლიანად გადატეხოს ღერო და საერთოდ დაღუპოს თავთავი.

იგივე პრინციპი მოქმედებს ხმაურიან ბგერებსა და შიგნითა ყურში მდებარე ერთი ბეწო, ფაქიზი ფიბროზული ბოჭკოების შემთხვევაშიც. წამიერმა გამაყრუებელმა ხმამ შეიძლება შიგნითა ყურის ქსოვილი გახიოს და დაყრუება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ხანგრძლივ და სახიფათო ხმაურს ფაქიზი ფიბროზული ბოჭკოების სამუდამოდ დაზიანება შეუძლიათ. დაზიანების შემდეგ მათი აღდგენა უკვე შეუძლებელია. ამას შეიძლება განუწყვეტელი ზუზუნის, ჟღარუნის ან ზრიალის შეგრძნება მოჰყვეს ყურებში ან თავში.

გაუფრთხილდით და გაიხანგრძლივეთ სმენა

თუმცა მემკვიდრეობითმა ფაქტორმა ან სხვა რაიმე გაუთვალისწინებელმა შემთხვევამაც შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა, ყველას შეგვიძლია უსაფრთხოების ზომების წინასწარ მიღება და ყურთასმენის, ამ ძვირფასი გრძნობის, მოფრთხილება და გახანგრძლივება. გონივრულია, წინასწარ ვიცოდეთ, თუ რას შეუძლია სმენისთვის ზიანის მიყენება. როგორც ერთმა აუდიოლოგმა თქვა, „გულხელდაკრეფილი ჯდომა იმის მოლოდინში, თუ როდის იჩენს პრობლემა თავს, იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ჯერ მზით დავმწვარიყავით და მერე წაგვესვა გარუჯვისგან დამცავი კრემი“.

ხშირად პრობლემა ის კი არ არის, თუ რას ვისმენთ, არამედ ის, თუ როგორ ვისმენთ. მაგალითად, თუ სტერეოსაყურისებით აპირებთ რაიმეს მოსმენას, ჯობდა ხმის სიმძლავრე ისე დაგეყენებინათ, რომ თქვენს გარშემო სხვა ხმების გაგებაც შეგძლებოდათ. თუ მანქანაში ან სახლში ჩართული მაგნიტოფონის ხმის ფონზე ჩვეულებრივი საუბარი არ გესმით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ასეთი სიძლიერის ხმას სმენის დაზიანებაც შეუძლია. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ორი-სამი საათის განმავლობაში 90 დეციბელი სიმძლავრის ხმის მოსმენას ჩვენი ყურების დაზიანება შეუძლია. ხმაურიან გარემოში ყოფნისას რეკომენდებულია ყურსაცობების ან სმენის დამცავი სხვა საშუალებების გამოყენება.

მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ უფროსებთან შედარებით ბავშვებში გაცილებით დიდია სმენის დაქვეითების რისკი. მუდამ გახსოვდეთ, რომ ხმაურიანი სათამაშოები პოტენციურად სახიფათოა. წარმოიდგინეთ, ზოგი სათამაშოს ჩხარუნის ხმამაც კი შეიძლება 110 დეციბელს მიაღწიოს!

ჩვენი ყურები პატარა, ფაქიზი და გასაოცარი მექანიზმია. მათი მეშვეობით გარე სამყაროს საოცრად მრავალფეროვანი და ლამაზი ბგერების მოსმენა შეგვიძლია. ეს ძვირფასი ძღვენი, ყურთასმენა, ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან მოფრთხილებას.

[ჩარჩო 20 გვერდზე]

დაახლოებით რა სიმძლავრის ბგერებს ვისმენთ ყოველდღიურ ცხოვრებაში?

• სუნთქვა — 10 დეციბელი.

• ჩურჩული — 20 დეციბელი.

• საუბარი — 60 დეციბელი.

• ტრანსპორტის ხმაური პიკის საათებში — 80 დეციბელი.

• მიქსერი — 90 დეციბელი.

• მიმავალი მატარებლის ხმა — 100 დეციბელი.

• ჯაჭვური ხერხი — 110 დეციბელი.

• ჰაერში მყოფი რეაქტიული თვითმფრინავის ხმა — 120 დეციბელი.

• სანადირო თოფის გასროლის ხმა — 140 დეციბელი.

[ჩარჩო 21 გვერდზე]

შესაძლოა სმენა გიქვეითდებათ. . .

• თუ რადიოს ან ტელევიზორს ხმას უწევთ, სხვებისთვის კი ეს ხმამაღალია.

• თუ ხშირად სთხოვთ თანამოსაუბრეებს, ნათქვამი გაგიმეორონ.

• თუ ხშირად იჭმუხნებით, წინ იხრებით და თავს აბრუნებთ თანამოსაუბრისკენ, მისი ნათქვამი რომ გაიგონოთ.

• თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ან სხვა მეტად თუ ნაკლებად ხმაურიან გარემოში — მაგალითად, წვეულებებზე ან ხალხმრავალ მაღაზიაში — გიჭირთ ყურთასმენის მოკრება.

• თუ ხშირად ეკითხებით სხვებს, რა თქვეს იქვე მყოფმა ადამიანებმა.

[დიაგრამა 20 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ყურის ნიჟარა

შუა ყურის სამი სასმენი ძვალი

დაფის აპკი

ლოკოკინა

ტვინთან დამაკავშირებელი ნერვები