არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უკეთესი ჯანმრთელობა — ახალი მიმართულება?

უკეთესი ჯანმრთელობა — ახალი მიმართულება?

უკეთესი ჯანმრთელობა — ახალი მიმართულება?

ცოტა რამ თუ აინტერესებს ადამიანს ისე, როგორც ჯანმრთელობა. ხანდახან ისე ჩანს, რომ რამდენი ექიმიც არის, იმდენივე შეხედულება არსებობს. „გამოიღვიძეთ!“ რომელიმე მათგანს კი არ უჭერს მხარს, არამედ სტატიების ამ სერიის გამოქვეყნებით მიზნად ისახავს, მკურნალობის იმ მეთოდების მზარდი გამოყენების შესახებ მოგვითხროს, რომელთაც, ჩვეულებრივ, ალტერნატიულს უწოდებენ. ჩვენი მიზანი არ არის, მხარი დავუჭიროთ იმ სამკურნალო მეთოდებს, რომლის შესახებაც ვიმსჯელებთ, ან სხვა ნებისმიერ მეთოდს. მკურნალობის სხვა მრავალი ფორმა საერთოდ არ არის ნახსენები ჩვენს სტატიებში — მათგან ზოგი საკმაოდ პოპულარულია, ზოგი კი სადავო. სამედიცინო განათლება, გვჯერა, რომ, ჩვეულებრივ, სასარგებლოა; მკურნალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები აბსოლუტურად პირადულია.

ყველას სურს, იყოს ჯანმრთელი. მაგრამ კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება შეიძლება არც ისე ადვილი იყოს, რაც იქიდან ჩანს, რომ ჯანმრთელობას უამრავი ადამიანი უჩივის. ზოგი ფიქრობს, რომ ადრინდელთან შედარებით დღეს უფრო მეტი ადამიანია ავად.

სნეულებასთან საბრძოლველად მედიკამენტების გამოწერისას ბევრი ექიმი დიდად ენდობა ფარმაცევტული კომპანიების მიერ დამუშავებულ და დაბეჯითებით რეკლამირებულ პრეპარატებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულებში იმ თანხის ოდენობა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ამ პრეპარატებზე იხარჯება, სწრაფად გაიზარდა — წელიწადში მხოლოდ რამდენიმე მილიარდი დოლარიდან დაწყებული, ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარით დამთავრებული. რა მოჰყვა ამას შედეგად?

ექიმთა მიერ გამოწერილმა მედიკამენტებმა ბევრ ადამიანს უშველა. მაგრამ ზოგიერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც წამლებს იღებს, ან უცვლელი დარჩა, ან გაუარესდა. ამიტომ ბოლო დროს ზოგმა მკურნალობის სხვა მეთოდებს მიმართა.

რას მიმართა ბევრმა

იმ ადგილებში, სადაც თანამედროვე, ოფიციალური მედიცინა მკურნალობის სტანდარტად არის აღიარებული, ბევრი ამჟამად მკურნალობის ალტერნატიულად ანუ არატრადიციულად წოდებულ მეთოდებს მიმართავს. „ბერლინის კედელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს ძირითადი მედიცინისგან ყოფდა, როგორც ჩანს, ინგრევა“, — ნათქვამი იყო 2 000 წლის მაისის „Consumer Reports“-ში.

1998 წლის 11 ნოემბრის „ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში“ („JAMA“) შენიშნული იყო: „მედიცინის ალტერნატიულმა მეთოდებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, სამკურნალო მეთოდებია და რომელთაც არც სამედიცინო სასწავლებლებში ასწავლიან და, ჩვეულებრივ, არც შეერთებული შტატების საავადმყოფოებში იყენებენ, მასმედიის, მედიკოსების, სამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო“.

მაგრამ ბოლოდროინდელ ტენდენციებზე საუბრისას ჟურნალი „Journal of Managed Care Pharmacy“ 1997 წელს განმარტავდა: „წარსულში, ტრადიციული მედიცინის მიმდევრები მედიცინის ალტერნატიულ მეთოდებს სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ ამჟამად შეერთებულ შტატებში 27 სამედიცინო სასწავლებელი [უფრო ახალი მონაცემებით — 75] გვთავაზობს ალტერნატიული მედიცინის შესწავლის ფაკულტატიურ კურსს. ასეთ სასწავლებლებს შორისაა ჰარვარდის, სტანფორდის, არიზონისა და იეილის უნივერსიტეტები“.

„JAMA“-ში აღნიშნული იყო, თუ რას აკეთებს ბევრი ავადმყოფი თავისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. იქ ნათქვამი იყო: „1990 წელს სავარაუდოდ ყოველი მეხუთე (19,9%) ადამიანი, რომელიც ექიმს აკითხავდა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შესამოწმებლად, მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებსაც იყენებდა. 1997 წელს ეს პროცენტული მაჩვენებელი თითქმის ყოველ მესამე ადამიანამდე (31,8%) გაიზარდა. სტატიაში აგრეთვე ნათქვამი იყო: „გამოკითხვებმა, რომლებიც შეერთებული შტატების გარეთ ჩატარდა, ცხადყო, რომ ალტერნატიული მედიცინა მთელ განვითარებულ მსოფლიოშია პოპულარული“.

„JAMA“-ს მონაცემების თანახმად, ბოლო 12 თვის მანძილზე მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ალტერნატიულ მკურნალობას მიმართავდა, კანადაში 15 პროცენტს შეადგენდა, ფინეთში — 33 პროცენტს, ავსტრალიაში კი — 49 პროცენტს. „ალტერნატიულ მკურნალობაზე მოთხოვნილების მასშტაბი საყურადღებოა“, — აღიარებს „JAMA“. ეს მართლაც ასეა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ალტერნატიულ მედიცინას სადაზღვევო დახმარებებში იშვიათად რთავენ. ამიტომაც „JAMA“-ში გამოქვეყნებული სტატია ასკვნის: „[მკურნალობის ალტერნატიული მეთოდებისადმი] დღევანდელი მოთხოვნილების მიხედვით, როგორც ჩანს, შეუძლებელია ხალხის ნამდვილი ინტერესის განსაზღვრა — მოთხოვნილება გაიზრდებოდა, თუკი ამ სახის მკურნალობისთვის გაღებული თანხების დაფარვა დაზღვევის ხარჯზე მოხდებოდა“.

მკურნალობის ალტერნატიული და ოფიციალური მეთოდების გაერთიანების ტენდენციას ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია ფეხი აქვს მოკიდებული. ლონდონის სამეფო ჰომეოპათიური საავადმყოფოს დ-რმა, პიტერ ფიშერმა, აღნიშნა, რომ არატრადიციული მედიცინის ძირითადი ფორმები „ბევრ ადგილას, ფაქტობრივად, ოფიციალურიც“ კი გახდა. „აღარ არსებობს მედიცინის ორი სახეობა — საყოველთაო და დამატებითი, — განაცხადა მან, — არსებობს მკურნალობის კარგი და ცუდი მეთოდები“.

ამგვარად, დღეს ბევრ პროფესიონალ მედიკოსს გაცნობიერებული აქვს როგორც ოფიციალური მედიცინის, ისე ალტერნატიული მკურნალობის ფასეულობა. ნაცვლად იმისა, რომ პაციენტს დაჟინებით მოსთხოვონ მკურნალობის ერთ ან მეორე ფორმაზე დათანხმება, ისინი ურჩევენ, მკურნალობის იმ მეთოდს მიანიჭოს უპირატესობა, რომელიც მისთვის ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდება.

რომელია ალტერნატიულად ანუ არატრადიციულად წოდებული მედიცინის ზოგი სამკურნალო მეთოდი? როდის და სად წარმოიშვა ისინი? და რატომ იყენებს მათ ამდენი ადამიანი?