არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბავშვების მიმტოვებელი მამები — ნამდვილად შეუძლიათ მათ შვილებისგან გაქცევა?

ბავშვების მიმტოვებელი მამები — ნამდვილად შეუძლიათ მათ შვილებისგან გაქცევა?

ახალგაზრდების შეკითხვები

ბავშვების მიმტოვებელი მამები — ნამდვილად შეუძლიათ მათ შვილებისგან გაქცევა?

„როდესაც მითხრა, შენგან ბავშვი მეყოლებაო, გავოგნდი. ვინ იზრუნებდა ბავშვზე? ოჯახის მოვლა-პატრონობის თავი მე არ მქონდა. გაქცევა მინდოდა“ (ჯიმი) *.

„ყოველ წელიწადს, — იტყობინება ალან გუტმახერის სახელობის ინსტიტუტი, — თითქმის 1 მილიონი მოზარდი გოგონა. . . ფეხმძიმდება“. „მშობიარობის 78% ქორწინების გარეშე ხდება“.

წინათ მამაკაცები თავს ვალდებულად გრძნობდნენ, პასუხისმგებლობა აეღოთ თავიანთ შვილებზე. მაგრამ, როგორც წიგნ „მოზარდ მამებში“ არის ნათქვამი, „ქორწინების გარეშე ფეხმძიმობა აღარ ითვლება სამარცხვინოდ და დამამცირებლად, როგორც [ერთ დროს]“. ახალგაზრდებს შორის ბავშვის მამობა ზოგან შეიძლება პრესტიჟულადაც კი ითვლებოდეს! მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მამაკაცებიდან იშვიათად ვინმე თუ კისრულობს საკუთარ ბავშვზე გრძელვადიან ვალდებულებას. საბოლოოდ, ბევრი ტოვებს — ან გაურბის — პასუხისმგებლობას *.

მაგრამ შეუძლია თუ არა ვაჟს სრულიად გაექცეს უზნეო საქციელის შედეგებს? ბიბლიის თანახმად — არა. ის გვაფრთხილებს: „ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:7). როგორც დავინახავთ, სექსუალურ უზნეობას ხშირად გოგოსთვისაც და ბიჭისთვისაც ისეთი შედეგები მოაქვს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევთ. ახალგაზრდებს ასეთი შედეგების აცილება შეუძლიათ ბიბლიის იმ მკაფიოდ გამოხატული რჩევის გათვალისწინებით, რომელიც სექსუალური უზნეობისგან თავის არიდებას ეხება.

მიტოვება არც ისე ადვილია

ბავშვზე ზრუნვა უზარმაზარ მსხვერპლს მოითხოვს დროის, ფულისა თუ პირადი თავისუფლების მხრივ. წიგნი „ახალგაზრდა დაუქორწინებელი მამები“ შენიშნავს: «ზოგ ახალგაზრდა მამაკაცს არ აინტერესებს „კიდევ ვინმეზე ზრუნვა“, თუკი ამის გამო თვითონ მოიკლებენ რამეს». მაგრამ ბევრს თავისი ეგოიზმი ძალიან ძვირად უჯდება. დავიწყოთ იქიდან, რომ ბევრ ქვეყანაში სასამართლოებში და კანონმდებლების მხრიდან სულ უფრო ითვალწუნებენ მამაკაცებს, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ბავშვების საჭიროებებს. რაკი მამობა კანონიერად არის დამტკიცებული, ახალგაზრდა მამებისგან შეიძლება წლების განმავლობაში კომპენსაციის გადახდა მოითხოვონ — და სამართლიანადაც. ასეთი ვალდებულების შესასრულებლად ბევრი ახალგაზრდა იძულებულია, თავი დაანებოს სკოლას ან იმუშაოს დაბალანაზღაურებად სამსახურში. «რაც უფრო მცირეა მშობლის ასაკი, — ნათქვამია წიგნში „ფეხმძიმობა და მშობლობა სასკოლო ასაკში“, — მით უფრო ნაკლებ ზოგად განათლებას მიიღებს მამა». და თუკი ის ვერ ახერხებს დაკისრებული თანხის გადახდას, შეიძლება დიდძალი ვალი დაუგროვდეს.

რასაკვირველია, თავისი შთამომავლისადმი ყველა გულგრილი როდია. ბევრს კარგი მიზნები ამოძრავებს. ერთი გამოკვლევის თანახმად, მოზარდი მამების 75 პროცენტი თავის ბავშვს საავადმყოფოში აკითხავდა. მაგრამ მალე ახალგაზრდა მამების უმრავლესობა ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ვეღარ აუდის.

ბევრმა დაინახა, რომ, უბრალოდ, შესაფერისი სამუშაოს შოვნის უნარი თუ გამოცდილება არ ჰქონდა. დროთა განმავლობაში, ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის მხრივ თავიანთი უუნარობით გაწბილებულები, აღარ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მიუხედავად ამისა, სინანულით გამოწვეულმა ტკივილმა შეიძლება წლების განმავლობაში არ მოასვენოს ისინი. ერთი ახალგაზრდა მამა აღიარებს: „ზოგჯერ ძალიან მინდა იმის გაგება, თუ რა მოუვიდა ჩემს ბიჭუნას. . . [მისი] მიტოვების გამო თავს უკმაყოფილოდ ვგრძნობ, მაგრამ ახლა ის ჩემთვის დაკარგულია. როდისმე იქნებ მან მიპოვოს“.

ბავშვებისათვის მიყენებული ზიანი

ბავშვის მიმტოვებელი მამები სირცხვილის ძლიერ გრძნობასაც განიცდიან — სირცხვილისა, რომ საკუთარ ბავშვს ზიანს აყენებენ. ბოლოს და ბოლოს, როგორც ბიბლია მიუთითებს, ბავშვს ორივე ესაჭიროება — დედაც და მამაც (გამოსვლა 20:12; იგავნი 1:8, 9). როდესაც მამაკაცი ბავშვს მიატოვებს, თავის შთამომავალს ის უამრავი პოტენციური პრობლემის წინაშე აყენებს. „ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამინისტროს“ (აშშ) მიერ გაკეთებულ ანგარიშში ნათქვამია: „პატარა ბავშვებს, რომლებიც მარტოხელადედებიან ოჯახებში იზრდებიან, ჰუმანიტარულ საგნებსა და მათემატიკაში უფრო დაბალი მოსწრება აქვთ. მარტოხელა მშობლის მიერ აღზრდილი ბავშვების აკადემიური მოსწრება უფრო დაბალია, უფრო მეტი პრობლემები აქვთ ქცევასთან დაკავშირებით, უფრო მეტად ავადდებიან ქრონიკული დაავადებებით და ფსიქიკური დარღვევები ახასიათებთ. მარტოხელა დედების მიერ გაზრდილ მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის უფრო ბევრია ისეთები, რომლებიც მოზარდობის ასაკში მშობიარობენ, საშუალო სკოლიდან ირიცხებიან, ციხეში ხვდებიან და ისეთებიც, რომლებიც არც მუშაობენ და არც გაკვეთილებს ესწრებიან“.

ჟურნალი „ეტლენტიკ მანთლი“ ასკვნის: „სოციალური და მეცნიერული მონაცემების დიდი რაოდენობის თანახმად, განქორწინებით გაყოფილ ოჯახებში გაზრდილი თუ უკანონოდ შობილი ბავშვები სხვადასხვამხრივ უფრო ნაკლებად არიან უზრუნველყოფილი და წარმატებული, ვიდრე სრულ ოჯახებში გაზრდილები. შეიძლება ითქვას, რომ მარტოხელამშობლიან ოჯახში გაზრდილი ბავშვები ექვსჯერ უფრო ღარიბები არიან და, შესაძლებელია, ამ მდგომარეობას თავი ვერც დააღწიონ“.

გახსოვდეთ, რომ ეს რისკი ჯგუფების სტატისტიკური გამოკვლევების საფუძველზეა გამოვლენილი და არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ცალკეულ ადამიანს ერთნაირად ეხება. არაკეთილსასურველი ოჯახური პირობების მიუხედავად, ბევრი ბავშვი შესანიშნავ, გაწონასწორებულ ახალგაზრდად ყალიბდება. მიუხედავად ამისა, იმ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც თავისი ბავშვი მიატოვა, დანაშაულის გრძნობა შეიძლება ძალიან აწუხებდეს. „ვშიშობ, მისი სიცოცხლე მართლაც სამუდამოდ [ავურ—დავურიე]“, — ამბობს ერთი დაუქორწინებელი მამა („მოზარდი მამები“).

მხარდაჭერის აღმოჩენა

ყველა ახალგაზრდა მამა როდი გაურბის თავის შვილს. ზოგი ახალგაზრდა მამაკაცი გრძნობს, და სამართლიანადაც, რომ თავისი შვილის მიმართ მორალური ვალდებულება აკისრია და მის გაზრდაში გულწრფელად სურს დახმარების აღმოჩენა. მაგრამ ხშირად ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. მაგალითად, დაუქორწინებელ მამას შეიძლება მცირე კანონიერი უფლებები ჰქონდეს და გოგოსა და მის მშობლებს შეიძლება მიცემული ჰქონდეთ იმის გაკონტროლების კანონიერი უფლება, თუ რამდენად დიდხანს ან მცირე ხანს შეეძლება მას თავის ბავშვთან ურთიერთობა. „ყოველთვის რაღაც უნდა ვიეშმაკო, რათა როგორმე მეც მივაღწიო იმას, რომ ბავშვთან რაიმე ავტორიტეტი მქონდეს“, — ამბობს დასაწყისში ნახსენები ჯიმი. ამიტომაც შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომელსაც ახალგაზრდა მამა გააფთრებით ეწინააღმდეგება, მაგალითად — გაშვილებას ან აბორტის გაკეთებასაც კი *. „ჩემთვის მტკივნეულია მათთვის იმის უფლების მიცემა, რომ ბავშვი ვინმე უცნობს გადაულოცონ, — ჩივის ერთი ახალგაზრდა მამა, — მაგრამ ვხვდები, რომ სხვა გამოსავალი არა მაქვს“.

ზოგი ახალგაზრდა მამაკაცი ბავშვის დედას დაქორწინებას სთავაზობს *. უნდა ვაღიაროთ, რომ ქორწინებას შეუძლია გარკვეული სირთულეები მოუხსნას გოგოს, ბავშვი კი ორივე მშობელმა გაზარდოს. შესაძლებელია, თავიანთი უზნეო საქციელის მიუხედავად, ახალგაზრდებს გულწრფელად უყვარდეთ ერთმანეთი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ბიჭს შეუძლია ბავშვის მამა გახდეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეუღლისა და მამისათვის აუცილებელ გონებრივ თუ ემოციურ მოწიფულობას ფლობს. არც იმას ნიშნავს, რომ მას ცოლ—შვილის ფინანსურად უზრუნველყოფის უნარი აქვს. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ფეხმძიმობის გამო ნაჩქარევად შექმნილი საქორწინო კავშირი ხანმოკლე აღმოჩნდება ხოლმე. ამიტომ ნაჩქარევი ქორწინება ყოველთვის ბრძნულ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს.

ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი თვითონვე სთავაზობს თავისი ბავშვის ფინანსურ მხარდაჭერას. როგორც ადრე იყო ნახსენები, ახალგაზრდა მამის მხრიდან ეს გადაწყვეტილების ნამდვილად დიდ სიმტკიცეს მოითხოვს, ვინაიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში — შესაძლოა 18 ან მეტი წლის მანძილზე — შვილს მან ასეთი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს! მაგრამ თანამიმდევრულ დახმარებას დედა და ბავშვი სიღარიბეში ცხოვრებიდან შეუძლია იხსნას.

მაგრამ რის თქმა შეიძლება ბავშვის უშუალო აღზრდაში მონაწილეობის შესახებ? ესეც შეიძლება საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდეს. ზოგჯერ წყვილის მშობლები შიშობენ, რომ მათ შემდგომშიც არ იქონიონ სექსუალური ურთიერთობა და ამიტომ ცდილობენ, წყვილს მოაშლევინონ ან აუკრძალონ კიდეც ერთმანეთის ნახვა. თავად გოგომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ არ სურს, თავისი ბავშვი მიეჩვიოს მამაკაცს, რომელიც ქმრად არ ეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში, თუკი მამას ბავშვთან რეგულარული ურთიერთობის უფლება მისცეს, გონივრული იქნებოდა, ოჯახი დარწმუნებულიყო, რომ შემდგომი არასწორი მოქმედებისგან თავის ასარიდებლად ამ შეხვედრებს ვინმე ესწრება.

თავის ბავშვთან ახლო ყოფნის სურვილით აღძრულმა ზოგმა დაუქორწინებელმა მამამ მშობლის ზოგიერთი ძირითადი მოვალეობის შესრულება ისწავლა, მაგალითად, როგორ დაბანოს, აჭამოს ან წაუკითხოს ბავშვს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ბიბლიური ნორმების დაფასება დაიწყო, შეიძლება იმასაც კი ეცადოს, რომ ბავშვს ღვთის სიტყვიდან ზოგი პრინციპი ასწავლოს (ეფესელთა 6:4). მაგრამ იმ დროს, როცა მამის მხრიდან დროდადრო გამოვლენილი სიყვარულით აღსავსე ყურადღება ბავშვისათვის, უდავოდ, საერთოდ არანაირ ყურადღებაზე უკეთესია, იგი, უბრალოდ, ვერ შეედრება მამის ყოველდღე გვერდში ყოლას. და, თუკი ბავშვის დედა ოდესმე გათხოვდება, ახალგაზრდა მამას შეიძლება ისღა დარჩენოდეს, რომ შორიდან უყუროს, სხვა მამაკაცი როგორ ზრდის მის ბავშვს.

ნათელია, რომ ბავშვის მამობას ქორწინების გარეშე უამრავი სადარდებელი მოჰყვება — როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვისთვის. სხვა მრავალი საზრუნავის გარდა, იეჰოვა ღმერთის კეთილგანწყობილების დაკარგვის საფრთხეც არსებობს, ვინაიდან ის გმობს უკანონო სქესობრივ კავშირს (1 თესალონიკელთა 4:3). მაშინ როდესაც შეიძლება მაქსიმალურად გაართვათ თავი ისეთ უსიამოვნო სიტუაციას, როგორიც მოზარდის ფეხმძიმობაა, ცხადია, რომ ყველაფერს სჯობია, თავიდანვე მოერიდოთ უზნეო საქციელს. ერთი ახალგაზრდა მამა აღიარებს: „თუკი ერთხელ ქორწინების გარეშე გახდი ბავშვის მამა, შენი ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო“. მართლაც, თავისი შეცდომის შედეგები ახალგაზრდა მამას შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვეს (გალატელთა 6:8). კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ბრძნულია ბიბლიის რჩევა: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელთა 6:18).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 5 იხილეთ სტატია „აქცევს ბიჭებს მამობა მამაკაცებად?“, რომელიც მოცემული იყო „გამოიღვიძეთ! “-ის რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 მაისი, 2000). იმ საკითხზე, თუ რა გავლენას ახდენს გოგოებზე ქორწინების გარეშე დედობა, იხილეთ სტატია „დედობა ქორწინების გარეშე; შეიძლება ეს მე დამემართოს?“, „გამოიღვიძეთ! “-ის რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (22 ივლისი, 1985, [ინგლ.] ).

^ აბზ. 16 იხილეთ სტატია „გადაწყვეტს აბორტი ჩემს პრობლემას?“, რომელიც მოცემული იყო „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 მარტი, 1995, [რუს.]).

^ აბზ. 17 მამაკაცისგან, რომელმაც ქალიშვილი შეაცდინა, მოსეს რჯული მის ცოლად შერთვას მოითხოვდა (მეორე რჯული 22:28, 29). მაგრამ ქორწინება ავტომატურად არ ხდებოდა, რადგანაც გოგოს მამას შეეძლო თანხმობა არ მიეცა (გამოსვლა 22:16, 17). თუმცა ქრისტიანები დღეს ამ რჯულს არ ექვემდებარებიან, ის ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სერიოზული ცოდვაა ქორწინებამდელი სექსი (იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ 1989 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ [ინგლ.]).

[სურათი 15 გვერდზე]

ყველაფერს სჯობია, თავიდანვე მოერიდოთ უზნეო საქციელს.