არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შესაძლებელია გენეტიკური მანიპულაციით სიცოცხლის გახანგრძლივება?

„სიცოცხლის ელექსირის“ ძიებაში

„სიცოცხლის ელექსირის“ ძიებაში

„ვნახე საქმე, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანთა მოდგმას გასაკეთებლად. მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე. მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში“ (ეკლესიასტე 3:10, 11).

ამ სიტყვებით ბრძენმა მეფე სოლომონმა ზუსტად აღწერა, რისკენ ისწრაფოდა ოდითგანვე ადამიანთა მოდგმა. ვინაიდან სიცოცხლე ხანმოკლეა და სიკვდილი გარდაუვალი, საუკუნეების მანძილზე ადამიანები სიცოცხლის გასახანგრძლივებელ საშუალებებს ეძებდნენ. არაერთი ისტორია თუ ლეგენდა ცხადყოფს, როგორ ცდილობდნენ, მიეკვლიათ უკვდავების საიდუმლოსთვის.

მაგალითად, შუმერის მეფე გილგამეშის შესახებ ბევრი მითი არსებობს. გილგამეშის ეპოსის სახელით ცნობილი ერთ-ერთი მითის თანახმად, მან უკვდავების საძიებლად საშიში მოგზაურობა წამოიწყო. მაგრამ მისი მცდელობა მარცხით დასრულდა.

შუა საუკუნეებში მოღვაწე ალქიმიკოსი თავის ლაბორატორიაში

ძვ. წ. მე-4 საუკუნეში ჩინეთში ალქიმიკოსები ცდილობდნენ ისეთი ელექსირის შექმნას, რომელიც, მათი აზრით, სიცოცხლეს გაახანგრძლივებდა. მათ მიერ შექმნილი ელექსირი შეიცავდა ვერცხლისწყლისა და დარიშხანის ნაზავს. როგორც ვარაუდობენ, ჩინეთის არაერთ იმპერატორს სწორედ ამ ელექსირმა მოუსწრაფა სიცოცხლე. შუა საუკუნეებში ევროპაში ზოგი ალქიმიკოსი ცდილობდა, ოქროსთვის წამლის სახე მიეცა, რადგან ეგონათ, რომ ამ ძვირფასი ლითონის ანტიკოროზიული თვისებები ხელს შეუწყობდა სიცოცხლის გახანგრძლივებას.

დღეს ბიოლოგები და გენეტიკოსები ცდილობენ, გაიგონ, რა იწვევს დაბერებას. როგორც ძველად სიცოცხლის ელექსირის შექმნის მცდელობა, ისე თანამედროვე დროში სიცოცხლის გასახანგრძლივებელი საშუალებების ძიება იმაზე მოწმობს, რომ ეს საკითხი კვლავაც აქტუალურია. რა გამოააშკარავა ამ თანამედროვე კვლევებმა?

ღმერთმა „მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში“ (ეკლესიასტე 3:10, 11)

დაბერების მიზეზის დასადგენად ჩატარებული კვლევები

მეცნიერებმა, რომლებიც შეისწავლიან ადამიანთა უჯრედებს, 300-ზე მეტი თეორია ჩამოაყალიბეს სიბერისა და სიკვდილის მიზეზის ასახსნელად. ბოლო წლებში მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტებმა მოახდინეს გენებისა და ცილების მანიპულაცია, რის შედეგადაც ლაბორატორიული ცხოველებისა თუ ადამიანის უჯრედების დაბერების პროცესი შეანელეს. ასეთმა მიღწევებმა ზოგ შეძლებულ ადამიანს უბიძგა, დაეფინანსებინა მეცნიერული კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს სიბერისა და სიკვდილის მიზეზის დადგენას. რა მიმართულებით ატარებენ მეცნიერები ასეთ კვლევებს?

ბიოლოგიური საათის უკან გადაწევა. ზოგი ბიოლოგის აზრით, დაბერების პროცესში დიდ როლს თამაშობს ტელომერები, ქრომოსომების დამაბოლოებელი უბნები. უჯრედების გაყოფისას ტელომერები იცავს გენეტიკურ ინფორმაციას. თუმცა უჯრედის თითოეული გაყოფის დროს ტელომერები მოკლდება. საბოლოოდ უჯრედები წყვეტენ გაყოფას, რის შედეგადაც იწყება დაბერების პროცესი.

2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ელიზაბეთ ბლეკბერნმა თავის კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა ფერმენტი, რომელიც ხელს უშლის ტელომერული უბნების დამოკლებას და, შესაბამისად, ანელებს დაბერების პროცესს. თუმცა მათ აღიარეს, რომ ტელომერებს არ გააჩნია სიცოცხლის გახანგრძლივების სასწაულებრივი უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელომერები რომც არ დამოკლდნენ, იმაზე მეტ ხანს მაინც ვერ ვიცოცხლებთ, ვიდრე დღეს ვცოცხლობთ.

უჯრედული მანიპულაცია კიდევ ერთი საშუალებაა, რითაც დაბერების პროცესის შეჩერებას ცდილობენ. როდესაც უჯრედები ბერდებიან და ვეღარ მრავლდებიან, ზოგჯერ ცრუ სიგნალს უგზავნიან იმუნური სისტემის უჯრედებს, რაც დაავადებებს, ანთებით პროცესსა თუ ქრონიკულ ტკივილს იწვევს. ახლახან საფრანგეთში მეცნიერთა ჯგუფმა დაკვირვება მოახდინა ისეთი ასაკოვანი ადამიანების უჯრედებზე, რომელთაგან ზოგი 100 წელს იყო გადაცილებული. ამ ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ჟან-მარკ ლემეტრეს განცხადებით, მათი უჯრედების მანიპულირების შედეგად გამოვლინდა, რომ დაბერების პროცესი შექცევადია.

შეძლებენ მეცნიერები ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივებას?

ყველა მეცნიერი როდი ეთანხმება იმ აზრს, რომ გამაახალგაზრდავებელი პროცედურების წყალობით იმაზე დიდხანს ვიცოცხლებთ, ვიდრე დღეს ვცოცხლობთ. მართალია, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა თანდათან გაიზარდა, მაგრამ, ძირითადად, ეს განაპირობა ჰიგიენის წესების დაცვამ, გადამდები დაავადებების თავიდან ასარიდებლად პრევენციული ზომების მიღებამ და ანტიბიოტიკებისა თუ ვაქცინების გამოყენებამ. ზოგიერთი გენეტიკოსის აზრით, ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა ამაზე მეტად შეუძლებელია.

დაახლოებით 3 500 წლის წინ ბიბლიის ერთმა დამწერმა, მოსემ თქვა: „ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი, მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე; სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ“ (ფსალმუნი 90:10). სიცოცხლის გახანგრძლივების არაერთი მცდელობის მიუხედავად, როგორც მოსემ თქვა, ადამიანი ფაქტობრივად 80 წელზე დიდხანს ვერ ცოცხლობს.

მეორე მხრივ, ზოგიერთი ცხოველი 200 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს, ზოგი ხე კი — ათასობით წელი. როცა ამაზე ვფიქრობთ, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: სულ რაღაც 70- 80 წელი უნდა ვიცოცხლოთ და მერე დავიხოცოთ?