არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მისალმებას დიდი ძალა აქვს!

მისალმებას დიდი ძალა აქვს!

„გამარჯობა! როგორა ხარ?“

ალბათ, ასე არაერთხელ მისალმებიხართ სხვებს. შესაძლოა მისალმების დროს მათ ხელს ართმევთ ან გადაეხვევით ხოლმე. მართალია, სხვადასხვა ქვეყანაში მისასალმებელი სიტყვები და წესები განსხვავდება, მაგრამ ძირითადი პრინციპები მაინც ერთნაირია. ადამიანის სალმის გარეშე დატოვება უპატივცემულობად და უკულტურობად ითვლება.

მაგრამ ყველა სალმიანი როდია. ზოგს ამაში სიმორცხვე ან დაბალი თვითშეფასება უშლის ხელს. ზოგს სხვა რასის, კულტურისა თუ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებთან მისვლა და მისალმება უჭირს. თუმცა მოკლე მისალმებამაც კი შეიძლება დადებითად იმოქმედოს ადამიანზე.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა მიზანს ემსახურება მისალმება? რის სწავლა შემიძლია ამ საკითხზე ბიბლიიდან?“

ყველას მიესალმეთ

როცა პეტრემ ქრისტიანულ კრებაში გულთბილად მიიღო პირველი უცხოტომელი, კორნელიუსი, მოციქულმა თქვა: „ღმერთი მიკერძოებული არ არის“ (საქ. 10:34). მოგვიანებით კი დაწერა: „[ღმერთს] სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). ცხადია, ეს სიტყვები ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ადამიანებს უკავშირდება, მაგრამ პეტრე ქრისტიანებსაც მოუწოდებდა, რომ პატივი ეცათ ყველასთვის და ჰყვარებოდათ „მთელი საძმო“ (1 პეტ. 2:17). ამიტომ კარგი იქნება, თუ გულთბილად მივესალმებით სხვადასხვა რასის, კულტურისა თუ წარსულის მქონე ადამიანებს! ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რითაც სხვების მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას გამოვხატავთ.

პავლე მოციქული რომაელ ქრისტიანებს მოუწოდებდა: „გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად“ (რომ. 15:7). პავლემ განსაკუთრებით ის ძმები მოიხსენია, რომლებიც მისთვის „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ იყვნენ. განა უფრო მეტად არ სჭირდებათ დახმარება და გაძლიერება იმ და-ძმებს, რომლებიც გამუდმებით სატანის სამიზნეები არიან?! (კოლ. 4:11; გამოცხ. 12:12, 17).

ბიბლიური მაგალითებიდან ვიგებთ, რომ მისალმება გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ სხვების გულთბილად მიღებას.

ნუგეში, გამხნევება და სიყვარული

როცა ღმერთს თავისი ძის სიცოცხლე მარიამის საშვილოსნოში უნდა გადაეტანა, მან მარიამთან ანგელოზი გაგზავნა, რომელმაც უთხრა: „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“. მარიამი შეშფოთდა, რადგან არ იცოდა, რატომ ელაპარაკებოდა ანგელოზი. ეს რომ შენიშნა, ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინია, მარიამ, ღვთის კეთილგანწყობა პოვე“. მან აუხსნა, რომ ღვთის განზრახვის თანახმად მას მესია უნდა ეშვა. მარიამი დამშვიდდა და ანგელოზს მიუგო: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“ (ლუკ. 1:26—38).

ანგელოზისთვის იეჰოვას მაცნედ მსახურება დიდი პატივი იყო. მან არ იუკადრისა არასრულყოფილ ადამიანთან მისვლა. ანგელოზმა მარიამთან საუბარი მისალმებით დაიწყო. შეგვიძლია რამე ვისწავლოთ ამ შემთხვევიდან? ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ მივესალმოთ სხვებს და გავამხნეოთ ისინი. რამდენიმე სიტყვის თქმაც კი საკმარისია, რომ დავეხმაროთ მათ და დავარწმუნოთ, რომ მათი ადგილი იეჰოვას ხალხს შორისაა.

პავლემ მცირე აზიასა და ევროპაში მოგზაურობის დროს ბევრი თანაქრისტიანი გაიცნო. ამიტომ მის წერილებში ხშირად ვხვდებით და-ძმებისთვის გაგზავნილ მოკითხვებს. ამის შესახებ რომაელების მე-16 თავში ვკითხულობთ. პავლემ ბევრი და-ძმა მოიკითხა. მაგალითად, მან ფებე სულიერ დად მოიხსენია და ძმებს მოუწოდა: „გულთბილად მიიღეთ იგი უფალში, როგორც წმინდებს შეჰფერით, და დაეხმარეთ ყველაფერში, რაშიც დასჭირდებით“. პავლემ მოკითხვა შეუთვალა „პრისკასა და აკვილას“, რომლებზეც თქვა: „მათ მარტო მე კი არ ვემადლიერები, არამედ უცხოტომელთა ყველა კრებაც“. მან აგრეთვე მოიკითხა „საყვარელი ეპენეტე“, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. აგრეთვე მოიკითხა „ტრიფენა და ტრიფოსა, გამრჯე ქალები უფალში“. დიახ, პავლე მოციქულს სიამოვნებდა და-ძმების მოკითხვა (რომ. 16:1—16).

წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა მათ იმის გაგება, რომ პავლემ ისინი სიყვარულით მოიხსენია. როგორ გაუძლიერდებოდათ როგორც ერთმანეთის, ისე პავლეს მიმართ სიყვარული! ასეთი თბილი მოკითხვა უეჭველად გაამხნევებდა და რწმენაში განამტკიცებდა სხვა ქრისტიანებსაც. დიახ, მისალმება, რომელშიც გულწრფელი ინტერესი და მადლიერება იგრძნობა, აძლიერებს ღვთის მსახურებს შორის მეგობრულ კვანძებს და აერთიანებს მათ.

როცა პავლე პუტეოლის პორტში ჩავიდა და რომისკენ გაემართა, ადგილობრივი ქრისტიანები მასთან შესახვედრად სამხრეთით წავიდნენ. „მათ დანახვაზე პავლემ ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა“ (საქ. 28:13—15). ზოგჯერ მისალმების ნიშნად შეიძლება ვინმეს უბრალოდ გავუღიმოთ ან ხელი დავუქნიოთ. გულდამძიმებულ ადამიანს ამანაც კი შეიძლება გამოუკეთოს ხასიათი.

კარგი დასაწყისი

მოწაფე იაკობს მკაცრი რჩევა უნდა მიეცა ზოგი ქრისტიანისთვის, რომელიც ქვეყნიერებასთან მეგობრობით სულიერად მრუშობდა (იაკ. 4:4). მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, როგორ დაიწყო მან თავისი წერილი:

„იაკობი, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა, მიმოფანტულ თორმეტ ტომს. მოგესალმებით!“ (იაკ. 1:1). ამ წერილის მკითხველებს უეჭველად გაუადვილდებოდათ მისგან რჩევის მიღება, რადგან მისი მისალმებიდან დაინახავდნენ, რომ ის თავს არ ამეტებდა მათ. დიახ, თავმდაბლად მისალმებამ მას სერიოზულ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობაც მისცა.

მისალმებამ და თუნდაც მოკლე მოკითხვამ რომ მიზანს მიაღწიოს, ის გულწრფელი უნდა იყოს და ნამდვილ სიყვარულს ირეკლავდეს. ეს მაშინაც ასე უნდა იყოს, როცა გვგონია, რომ ამას დიდ მნიშვნელობას არავინ მიანიჭებს (მათ. 22:39). ერთი ირლანდიელი და სამეფო დარბაზში მაშინ შევიდა, როცა კრების შეხვედრა იწყებოდა. ის ჩქარობდა. ერთი ძმა მიუბრუნდა და ღიმილით მიესალმა: „გამარჯობა! ძალიან მიხარია შენი ნახვა“. დამ არაფერი უპასუხა და თავის ადგილას დაჯდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ ის მივიდა ამ ძმასთან და უთხრა, რომ რაღაც დროის მანძილზე ოჯახში პრობლემები ჰქონდა. „იმ საღამოს ძალიან განერვიულებული ვიყავი, — აუხსნა მან. — ლამის სამეფო დარბაზში მოსვლაც გადავიფიქრე. იმ შეხვედრიდან ბევრი არაფერი დამამახსოვრდა, მაგრამ შენი მისალმება არ დამვიწყებია. მაშინ ვიგრძენი, რომ კრებაში მართლა უხარიათ ჩემი ნახვა. დიდი მადლობა ამისთვის“.

ძმა ვერც კი წარმოიდგენდა, ამხელა ძალა თუ ექნებოდა მის უბრალო მისალმებას. „როცა მან მითხრა, თუ რას ნიშნავდა მისთვის ის რამდენიმე სიტყვა, — თქვა ამ ძმამ, — მივხვდი, რომ კარგად მოვიქეცი. ამან მეც ძალიან გამახარა“.

სოლომონი წერდა: „წყალს გაატანე შენი პური და მრავალი დღის შემდეგ კვლავ იპოვი მას“ (ეკლ. 11:1). როცა კარგად გვესმის, რამხელა ძალა აქვს მისალმებას და ეს განსაკუთრებით თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას გვახსოვს, ჩვენს თავსაც ვამდიდრებთ და სხვებსაც. ასე რომ, ნურასდროს დაგავიწყდებათ, რომ მისალმებას დიდი ძალა აქვს!