არჩეულ მასალაზე გადასვლა

19 000 ბილეთი საჩუქრად

19 000 ბილეთი საჩუქრად

2013 წლის ივლისში მისიონერებმა და სხვა სპეციალურმა სრული დროით მსახურებმა იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოსგან სასიხარულო წერილი მიიღეს. ამ წერილში საუბარი იყო იმ სიახლის შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემდა უცხო ქვეყანაში მსახურ ამ და-ძმებს, თავიანთ ქვეყნებში დასწრებოდნენ რეგიონულ და საერთაშორისო კონგრესებს. ეს კონგრესები უნდა დაწყებულიყო 2014 წელს და გაგრძელებულიყო 2015 წლის აპრილამდე.

ამ სიახლის მიზანი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ საზღვარგარეთ მსახურებისთვის გაგზავნილი და-ძმები თავიანთ ქვეყნებში დასწრებოდნენ კონგრესებს, არამედ ოჯახის წევრების და მეგობრების გვერდითაც ყოფილიყვნენ. წერილში ისიც იყო აღნიშნული, რომ მათი მგზავრობის ხარჯებს მთლიანად ორგანიზაცია დაფარავდა.

მსგავსი სახით წინა წლებშიც ეხმარებოდნენ სპეციალურ სრული დროით მსახურებს, მაგრამ ამჯერად სხვაგვარად ეწევა ორგანიზება იმას, რომ ეს და-ძმები თავიანთ ქვეყნებში დაესწრონ კონგრესებს. ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტის ზედამხედველობით, მთავარ სამმართველოში ჩამოყალიბდა სამგზავრო განყოფილება, რომელიც ბილეთების ყიდვაზე იზრუნებს.

მას შემდეგ, რაც სპეციალურ სრული დროით მსახურებს ამ სიახლის თაობაზე წერილები დაეგზავნათ, ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ თავიანთ ქვეყნებში დასწრებოდნენ კონგრესებს. 2014 წლის იანვარში მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ის და-ძმები, რომლებიც სამგზავრო განყოფილებაში მუშაობენ, მარშრუტებს არჩევენ და ბილეთებს ჯავშნიან იმ სრული დროით მსახური ქრისტიანებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასრულებენ თავიანთ დავალებებს.

რიგ შემთხვევებში სამარშრუტო გზების არჩევა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ზოგი რეიკიავიკიდან (ისლანდია) უნდა ჩასულიყო კოჩაბამბაში (ბოლივია), ზოგი ნუმეადან (ახალი კალედონია) — ანტანანარივუში (მადაგასკარი), ზოგი პორტ-მორზბიდან (პაპუა-ახალი გვინეა) — სიეტლში (ვაშინგტონის შტატი, აშშ), ზოგიც უაგადუგუდან (ბურკინა-ფასო) — უინიპეგში (კანადა).

ზემოხსენებულმა სამგზავრო განყოფილებამ, სადაც ხუთი კაცი მსახურობს, 19 000 ბილეთი შეიძინა. ეს ბილეთები 176 ქვეყანაში დაახლოებით 4 300 და-ძმას გაეგზავნა. აღსანიშნავია ის, რომ მათი მგზავრობის ხარჯები დაიფარა მთელი მსოფლიოს კრებების მიერ სპეციალურად ამ მიზნით გაღებული ფულადი შესაწირავებით.

ეს და-ძმები ძალიან მადლიერნი არიან ასეთი ზრუნვისთვის. ერთმა მისიონერმა წყვილმა მოგვწერა: „დღეს ვბრუნდებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩვენი მსახურების გასაგრძელებლად. უსაზღვროდ მადლიერნი ვართ, რომ დაგვეხმარეთ, ჩავსულიყავით ჩვენს სამშობლოში, ინგლისში, და ბოლო ხუთი წლის მანძილზე პირველად მოგვენახულებინა ჩვენი ოჯახი. თქვენი დახმარების გარეშე ამას ვერასდროს შევძლებდით. გულწრფელად ვუხდით მადლობას ყველას, ვინც ამაში თავისი წვლილი შეიტანა“.

ერთმა მისიონერმა, რომელიც პარაგვაიში მსახურობს, მოგვწერა: „მე და ჩემს მეუღლეს გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ იმისთვის, რომ ნიუ-ჯერზიში (აშშ) საერთაშორისო კონგრესზე დასწრების შესაძლებლობა მოგვეცა. 2011 წლის დასაწყისში გადავწყვიტეთ, ფული დაგვეზოგა და მსოფლიო მთავარი სამმართველოს მოსანახულებლად შეერთებულ შტატებში ჩავსულიყავით. მაგრამ ამავე წლის ივნისში პარაგვაის ერთ-ერთ ჟესტურენოვან კრებაში მიგვიწვიეს, იქ ჩასვლა კი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, გადანახული ფულით მანქანა გვეყიდა, რაც ახალი დავალების შესრულებას გაგვიადვილებდა. შემდეგ მოულოდნელად გვაცნობეს, რომ შეგვეძლო საერთაშორისო კონგრესს დავსწრებოდით. ჩვენი დიდი ხნის ოცნება ასრულდა! ძალიან მადლიერნი ვართ იეჰოვასი, რომელმაც ასეთი ხელგაშლილობა და სიყვარული გამოავლინა!“.

„გვსურს ამ პატარა წერილით დიდი მადლობა გითხრათ! — მოგვწერა ერთმა წყვილმა მალავიდან. — წარმოგვიდგენია, რამდენი დრო, ენერგია და თანხა იქნა გაღებული ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის! ძალიან ვაფასებთ თქვენს მძიმე შრომას და იეჰოვას ორგანიზაციის გულუხვობას. ამის წყალობით, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, საკუთარ სამშობლოში ჩავსულიყავით, დავსწრებოდით საერთაშორისო კონგრესს და მოგვენახულებინა ოჯახის წევრები და მეგობრები“.

მათ, ვინც სამგზავრო განყოფილებაში მსახურობს, ძალიან შეუყვარდათ თავიანთი სამუშაო. „გვიხარია, რომ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ მისიონერები თავიანთ სამშობლოში ჩასულიყვნენ და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ყოფილიყვნენ“, — გვიზიარებს მილეივი. „ამან უფრო კარგად დამანახვა, თუ რა ძლიერ აფასებს იეჰოვას ორგანიზაცია იმ და-ძმებს, რომლებიც უცხო ქვეყნებში მსახურობენ“, — აღნიშნავს დორისი. სამგზავრო განყოფილების ზედამხედველი, როდნი კი ამბობს: „ძალიან სასიამოვნოა ამ საქმის შესრულება“.

იეჰოვას მოწმეებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიხარულით გაიღეს შესაწირავები იმისთვის, რომ ასეთი გულუხვი საჩუქარი გაეკეთებინათ მძიმედ მშრომელი და თავდაუზოგავი და-ძმებისთვის.