არჩეულ მასალაზე გადასვლა

თარგმანი დაწერილი ტექსტის გარეშე

თარგმანი დაწერილი ტექსტის გარეშე

იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ ლიტერატურას 900-ზე მეტ ენაზე თარგმნიან ინგლისური ენიდან. დაწერილი ტექსტის ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმნა საკმაოდ რთულია. ჟესტურ ენაზე თარგმნა კიდევ უფრო ძნელი და შრომატევადია. ბევრი სმენადაქვეითებული ჟესტურ ენაზე საუბრობს ხელებისა და სახის მიმიკების გამოყენებით. ამიტომაც, ჟესტურ ენაზე თარგმნის დროს მთარგმნელები ტექსტს ვიდეოს სახეს აძლევენ. იეჰოვას მოწმეები 90-ზე მეტ ჟესტურ ენაზე თარგმნიან პუბლიკაციებს.

ვინ არიან მთარგმნელები?

ჟესტურ ენებზე მთარგმნელი იეჰოვას მოწმეები შესანიშნავად ფლობენ ჟესტურ ენებს. ბევრი მთარგმნელი თავად არის სმენადაქვეითებული ან ისეთ ოჯახშია გაზრდილი, სადაც ჟესტურ ენაზე საუბრობდნენ; ზოგი არ არის სმენადაქვეითებული, მაგრამ ოჯახის წევრები ჰყავს სმენადაქვეითებულები. გარდა ამისა, მთარგმნელები ბიბლიის გულმოდგინე მკვლევრებიც არიან.

ახალი მთარგმნელები გადიან ინტენსიურ მთარგმნელობით კურსებს. ენდრიუ ამბობს: „მართალია, ბავშვობაში სმენადაქვეითებულთა სკოლაში დავდიოდი და ჟესტურ ენაზეც თავისუფლად ვსაუბრობდი, მაგრამ როგორც მთარგმნელს, ძალიან დამეხმარა ეს კურსები, რომ ენის გრამატიკული სტრუქტურა უკეთ შემესწავლა. სხვა მთარგმნელებისგან ვისწავლე, როგორ დამეხვეწა ჟესტები, სახის მიმიკები და სხეულის მოძრაობა, უფრო ზუსტად რომ გადმომეცა აზრები“.

საუკეთესო ხარისხი

მთარგმნელები ჯგუფურად მუშაობენ. თითოეულს თავისი როლი აკისრია: ერთი თარგმნის, მეორე თარგმანს ამოწმებს, მესამე კორექტურას აკეთებს. ზოგჯერ სხვადასხვა ადგილებიდან იწვევენ განსხვავებული ასაკისა და განათლების სმენადაქვეითებულ მაუწყებლებს და აცნობენ ნათარგმნ მასალას. შემდეგ მთარმგნელები ითვალისწინებენ მათ შენიშვნებს და უფრო აუმჯობესებენ თარგმანის ხარისხს. ამგვარად, მთარგმნელები რწმუნდებიან, არის თუ არა ტექსტი ბუნებრივი, ზუსტი და ადვილად გასაგები.

ფინური ჟესტურენოვანი ჯგუფი განიხილავს სათარგმნ ტექსტს

ეს მთარგმნელები, როგორც წესი, ჟესტურენოვან კრებებს ესწრებიან. ისინი აგრეთვე ბიბლიას ასწავლიან სმენადაქვეითებულ ადამიანებს, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ მთარგმნელები ყოველთვის თანამედროვე ჟესტურ ენებზე თარგმნიან.

მთარგმნელი ბრაზილიურ ჟესტურ ენაზე წერს საცდელ ვიდეოს

რატომ ხმარდება ამ საქმეს ამხელა ძალისხმევა

ბიბლია ამბობს, რომ ადამიანები „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ გამოეხმაურებოდნენ ბიბლიაში ჩაწერილ მანუგეშებელ და იმედის მომცემ ცნობას (გამოცხადება 7:9). ამ ხალხში, რასაკვირველია, იგულისხმება ჟესტურენოვანი საზოგადოებაც.

მთარგმნელებს ძალიან უხარიათ, რომ თავიანთ დროსა და უნარს ამ მეტად ღირებულ საქმეს ახმარენ. ერთ-ერთი მათგანი, სახელად ტონი, ასეთ რამეს ამბობს: „კარგად მესმის, რა პრობლემებთან უწევთ სმენადაქვეითებულებს ბრძოლა, ვინაიდან მეც სმენადაქვეთებული ვარ. ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი სმენადაქვეითებული ადამიანისთვის გამეზიარებინა იმედის მომცემი ბიბლიური ცნობა“.

ამანდა, რომელიც ერთ-ერთი ჟესტურენოვანი ჯგუფის წევრია, ამბობს: „არასოდეს ვყოფილვარ ასეთი პროდუქტიული საქმეში. დღეს ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს ვთარგმნი სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის და ასეთი სახით ბევრ ადამიანს ვეხმარები“.

როგორ შეგიძლიათ მოძებნოთ ვიდეოები თქვენთვის სასურველ ჟესტურ ენაზე?

ვებ-გვერდზე jw.org განთავსებულ მითითებებში „მოიძიეთ სხვადასხვა მასალა ჟესტურ ენაზე“, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ვიპოვოთ ვიდეოები ჟესტურ ენაზე.