არჩეულ მასალაზე გადასვლა

ღვთის განმადიდებელი სიმღერები

ღვთის განმადიდებელი სიმღერები

«მინდა, ნიუ-იორკის ცნობილ ჩამწერ სტუდია „კოლუმბიაში“ წახვიდე და ერთ-ერთი ჩვენი სიმღერა იმღერო. იქ პროფესიულ დონეზე გააკეთებენ ამ სიმღერის ჩანაწერს. ამის შესახებ არავის უთხრა».

უილიამ მაკრიჯი

ეს ერთობ საინტერესო დავალება უილიამ მაკრიჯმა ჩარლზ ტეიზ რასელისგან a 1913 წლის მიწურულს მიიღო. ეს სიმღერა ზოგისთვის ცნობილი იყო, სახელწოდებით „წინ საუცხოო მომავალი გველის!“; ის ჩაწერილი იყო ფირფიტაზე (78 ბრუნი წუთში). როგორც მოგვიანებით უილიამმა შეიტყო, ეს სიმღერა „შემოქმედების ფოტოდრამის“ შესავალი ნაწილისთვის უნდა დაედოთ; „შემოქმედების ფოტოდრამა“ შედგებოდა მოძრავი კადრებისა და ფერადი სლაიდებისგან, რომელსაც თან ერთვოდა ბიბლიური მოხსენებების ფონოგრამები და მუსიკა. ამ ფოტოდრამის პრემიერა ქალაქ ნიუ-იორკში 1914 წლის იანვარში შედგა.

ზემოხსენებული სიმღერაც ერთ-ერთი იყო იმ 50-ზე მეტ სიმღერას შორის, რომლებსაც ფოტოდრამის ინგლისურ ენაზე ჩვენების დროს მაყურებელს ასმენინებდნენ. ამ სიმღერების უმეტესობა ბიბლიის მკვლევრების მიერ არ იყო ჩაწერილი, მაგრამ რამდენიმე სიმღერა, მათ შორის „წინ საუცხოო მომავალი გველის!“, მათი დაკვეთით ჩაწერეს; ამ სიმღერის ტექსტები მათივე სიმღერების წიგნიდან „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟიდან“ იყო აღებული.

სიტყვების დაკვირვებით შერჩევა

წლების მანძილზე იეჰოვას მოწმეები თაყვანისცემის დროს სხვების დაწერილ სიმღერებს მღეროდნენ. მაგრამ როცა ხედავდნენ, რომ ტექსტის ზოგიერთი მონაკვეთი არ შეესაბამებოდა ბიბლიურ სწავლებებს, შესწორებები შეჰქონდათ ტექსტში.

მაგალითად, ერთ სიმღერას, რომელიც ფოტოდრამას გასდევდა ფონად, ეწოდებოდა „ჩვენი მეფის ტრიუმფალური სვლა“; ეს იყო ცნობილი სიმღერის „რესპუბლიკის საბრძოლო ჰიმნის“ გადაკეთებული ვერსია. ამ სიმღერის პირველი კუპლეტი ასე იწყებოდა: „ჩემმა თვალებმა განდიდებული უფლის მოსვლა იხილა“. მაგრამ ბიბლიის მკვლევრებმა შეცვალეს ეს სიტყვები, რომლებიც ასე ჟღერდა: „ჩემი თვალები ხედავს განდიდებულ უფალს, რომელიც მოსულია“. ეს ცვლილება მათ იმიტომ შეიტანეს ტექსტში, რომ, როგორც მათ სწამდათ, იესო ქრისტეს მმართველობა მოიცავდა არა მხოლოდ მის მოსვლას ხალხის განსაკითხავად, არამედ მთელ იმ პერიოდს, როცა ის მოსული იქნებოდა, როგორც მეფე (მათე 24:3).

1966 წელს გამოიცა ახალი სიმღერების წიგნი „გულში უმღერეთ და განადიდეთ“, რომელშიც აღარ იყო შესული ისეთი სიმღერები, რომელთა ავტორებიც თავად მოწმეები არ იყვნენ და ამ სიმღერების ტექსტები აღარც ცრურელიგიურ სწავლებებს ირეკლავდა. ამავე წელს მოწმეებმა პატარა ორკესტრი ჩამოაყალიბეს და ზემოხსენებულ წიგნში შესული 119-ვე სიმღერა ჩაწერეს. ამ სიმღერებს მოწმეები კრების შეხვედრებზე მღეროდნენ; ზოგი მათ სახლშიც სიამოვნებით უსმენდა.

2009 წელს იეჰოვას მოწმეებმა კიდევ ერთხელ გამოსცეს ახალი სიმღერების წიგნი „უმღერეთ იეჰოვას“. ამ წიგნში შესული სიმღერები გუნდის შესრულებით რამდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი. 2013 წელს მოწმეებმა დაიწყეს ბავშვებისთვის მუსიკალური ვიდეორგოლების ჩაწერა. ერთ-ერთია „ყოველთვის ილოცე“. ვებ-გვერდიდან jw.org ასეთი სახის ვიდეორგოლებს ყოველთვიურად დაახლოებით მილიონჯერ ტვირთავენ.

ბევრი ძალიან მადლიერია, რომ იეჰოვას მოწმეები ღვთის განსადიდებლად ამდენ სიმღერას წერენ. ერთმა იეჰოვას მოწმემ, სახელად ჯულიმ, ახალ სიმღერების წიგნთან დაკავშირებით ასეთი სიტყვები დაწერა: „ეს სიმღერები საოცრად ლამაზია! როდესაც მარტო ვრჩები, მათგან ისეთ სიმღერებს ვუსმენ, რომლებიც სწორედ მოცემულ მომენტში მჭირდება. შედეგად, მეტად ვგრძნობ იეჰოვასთან სიახლოვეს და მისთვის ბოლომდე დახარჯვის სურვილი მიასკეცდება“.

ჰეზერი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, წერს, როგორ იმოქმედა ვიდეორგოლმა „ყოველთვის ილოცე“ მის შვილებზე. ერთი შვიდი წლისაა, მეორე კი ცხრის. ის ამბობს: „ეს ვიდეორგოლი ჩემს პატარებს ეხმარება, მხოლოდ ჩვენთან ერთად ან დილაობით კი არ ილოცონ, არამედ ყოველთვის, როცა იეჰოვასთან საუბარი მოუნდებათ“.

a ჩარლზ ტეის რასელი (1852—1916) ხელმძღვანელობას უწევდა ბიბლიის მკვლევართა (ამჟამად ეწოდებათ იეჰოვას მოწმეები) საქმიანობას.