არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ იყო „სამი ბრძენკაცი“? „ბეთლემის ვარსკვლავს“ მიჰყვებოდნენ ისინი?

ვინ იყო „სამი ბრძენკაცი“? „ბეთლემის ვარსკვლავს“ მიჰყვებოდნენ ისინი?

ბიბლიის თვალსაზრისი

 პოპულარული საშობაო ტრადიციების საპირისპიროდ, როცა ბიბლია საუბრობს იმ მოგზაურთა შესახებ, რომლებიც იესოს დაბადების შემდეგ მის სანახავად მივიდნენ, არსად არის გამოყენებული ფრაზები „სამი ბრძენკაცი“ ან „სამი მეფე“ (მათე 2:1). მათ აღსაწერად სახარების დამწერმა მათემ გამოიყენა ბერძნული სიტყვა „მაგე“. ეს სიტყვა აგრეთვე გამოიყენება ისეთ ადამიანებთან მიმართებით, რომელთაც კავშირი აქვთ ასტროლოგიასთან და სხვა ოკულტურ ქმედებებთან. a ბიბლიის ზოგი თარგმანი იესოს მნახველებს „ასტროლოგებს“ ან „მოგვებს“ უწოდებს. b

 რამდენი „ბრძენკაცი“ მივიდა იესოს სანახავად?

 მათ რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა; თუმცა ბიბლია არ აკონკრეტებს მათ რიცხვს. „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ აღნიშნულია, რომ „აღმოსავლური ტრადიციების თანახმად, იესოს მოსანახულებლად 12 მოგვი მივიდა, ხოლო დასავლური ტრადიციების თანახმად — სამი. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი მოსაზრება იმიტომ გავრცელდა, რომ მოგვებმა ახალშობილს სამნაირი ძღვენი მიართვეს — ოქრო, გუნდრუკი და სმირნა“ (მათე 2:11).

 იყვნენ „ბრძენკაცები“ მეფეები?

 მართალია, საშობაო ტრადიციებში ხშირად ამ მნახველებს მეფეებად მოიხსენიებენ, მაგრამ ბიბლია მათ მეფეებს არ უწოდებს. „ენციკლოპედია ბრიტანიკის“ თანახმად, იესოს დაბადებიდან საუკუნეების შემდეგ ხალხმა ეს ტიტული თავად დაამატა, ასე „შეალამაზა მთხრობელის ნაამბობი“ და აქცია ტრადიციების ნაწილად.

 რა ერქვათ „ბრძენკაცებს“?

 ბიბლიაში ასტროლოგების სახელები არ არის მოხსენიებული. როგორც „საერთაშორისო სტანდარტულ ბიბლიურ ენციკლოპედიაშია“ ნათქვამი, ლეგენდების თანახმად, მათ შეარქვეს გასპარი, მელქიორი და ბალთაზარი.

 როდის მოინახულეს „ბრძენკაცებმა“ იესო?

 როგორც ჩანს, ასტროლოგებმა იესო დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოინახულეს. ამას ის ფაქტი მოწმობს, რომ მეფე ჰეროდემ, რომელსაც იესოს მოკვლა სურდა, ორ წლამდე ასაკის ბიჭების დახოცვის ბრძანება გასცა. მეფემ ეს ასაკი ასტროლოგებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოთვალა (მათე 2:16).

 ასტროლოგებს იესო იმ ღამესვე არ მოუნახულებიათ, როცა დაიბადა. ბიბლია ამბობს: „როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან“ (მათე 2:11). ეს იმაზე მიუთითებს, რომ ოჯახი უკვე სახლში ცხოვრობდა და იესო აღარ იყო ბაგაში მწოლიარე ჩვილი (ლუკა 2:16).

 „ბეთლემის ვარსკვლავი“ ღმერთმა მოუვლინა „ბრძენკაცებს“?

 ზოგს სჯერა, რომ ეგრეთ წოდებული „ბეთლემის ვარსკვლავი“ ღმერთმა მოუვლინა ასტროლოგებს, რათა იესომდე მიეყვანა ისინი. თუმცა მოდი ვნახოთ, რატომ არ შეიძლება იყოს ეს სიმართლე.

  •   იმან, რაც ვარსკვლავს ჰგავდა, ასტროლოგები პირველად იერუსალიმისკენ წაიყვანა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «აღმოსავლეთიდან იერუსალიმში ასტროლოგები მივიდნენ და თქვეს: „სად არის იუდეველთა მეფე რომ დაიბადა? აღმოსავლეთში მისი ვარსკვლავი ვიხილეთ და მოვედით, რათა მდაბლად თაყვანი ვცეთ“» (მათე 2:1, 2).

  •   ასტროლოგები ბეთლემში პირველად „ვარსკვლავმა“ კი არა, მეფე ჰეროდემ გაგზავნა. როცა მეფემ შეიტყო თავისი მეტოქის, „იუდეველთა მეფის“ შესახებ, გამოიძია, სად უნდა დაბადებულიყო აღთქმული ქრისტე (მათე 2:3—6). როცა გაიგო, რომ მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო, ასტროლოგებს უთხრა, წასულიყვნენ იქ, ბავშვი მოეძებნათ, უკან დაბრუნებულიყვნენ და შეეტყობინებინათ ბავშვის ადგილსამყოფელი.

 მხოლოდ ამის შემდეგ გაემართნენ ასტროლოგები ბეთლემისკენ. ბიბლიაში ნათქვამია: „მათ მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აი, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ მიუძღოდა მათ იმ ადგილამდე, სადაც ბავშვი იყო“ (მათე 2:9).

  •   „ვარსკვლავის“ გამოჩენამ იესოს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და უამრავი უდანაშაულო ბავშვის სიკვდილი გამოიწვია. ბეთლემიდან წამოსვლის შემდეგ ღმერთმა ასტროლოგები გააფრთხილა, ჰეროდესთან აღარ დაბრუნებულიყვნენ (მათე 2:12).

 როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე ჰეროდეს? ბიბლიაში ნათქვამია: „როცა ჰეროდემ დაინახა, რომ ასტროლოგებმა მოატყუეს, გაცეცხლდა, დაგზავნა ხალხი და ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში დაახოცვინა ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი იმ დროის მიხედვით, რომელიც ასტროლოგებისგან გამოიძია“ (მათე 2:16). ღმერთი ნამდვილად არ გამოიწვევდა ასეთ ბოროტებას (იობი 34:10).

a ძვ. წ. V საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს თქმით, „მაგე“ ძვ. წ. V საუკუნეში მიდიელთა (სპარსეთი) ერთ-ერთი ტომის სახელწოდება იყო. ისტორიკოსი აცხადებს, რომ ისინი კარგად ერკვეოდნენ ასტროლოგიაში და ხსნიდნენ სიზმრებს.

b იხილეთ „ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლია“, „ახალი ამერიკული ბიბლია“, „ახალი ინგლისური ბიბლია“ და „ახალი საერთაშორისო სასწავლო ბიბლია“. „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ ეს კაცები „ბრძენკაცებად“ არიან მოხსენიებულნი, მაგრამ მასში არ არის ნათქვამი, რომ ისინი სამნი იყვნენ.