არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დომინიკელთა რესპუბლიკა

დაპატიმრების საფრთხე

დაპატიმრების საფრთხე

„გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ აკრძალვის პერიოდში იეჰოვას ერთგულ მსახურებს მუდმივად მიეღოთ სულიერი საზრდო, მაგრამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის ეს მეტად სახიფათო დრო იყო. ბევრ ძმას იჭერდნენ და სხვადასხვა ვადით უსჯიდნენ პატიმრობას.

ხუანიტა ბორგესი იხსენებს: „1953 წელს, როცა ჭეშმარიტება გავიგე, როგორც იეჰოვას მოწმეს, კარგად მესმოდა, რომ შეიძლებოდა პოლიციას დავეპატიმრებინე და ასეც მოხდა. 1958 წელს, როცა და ენეიდა სუარესს ვესტუმრე, თავზე პოლიცია დაგვადგა და კრების შეხვედრის ჩატარებაში დაგვდო ბრალი. სამთვიანი პატიმრობა მოგვისაჯეს და 100-100 პესოთი დაგვაჯარიმეს (იმ დროს 100 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი)“.

საიდუმლო პოლიციას დეტალური სიები ჰქონდა შედგენილი ჩვენი და-ძმების შესახებ.

მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ მოწმეებს კრების შეხვედრები არ ჩაეტარებინათ, მაგრამ ძმები ამას არ უშინდებოდნენ. ისინი ცდილობდნენ, „გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი ყოფილიყვნენ“ (მათ. 10:16). ანდრეა ალმანსარი იხსენებს: „კრების შეხვედრებზე დასასწრებად სხვადასხვა დროს მივდიოდით. იქიდან კი ეჭვი რომ არავის აეღო, ხშირად გვიან ღამით ვბრუნდებოდით“.

ხერემიას გლასსი 1957 წელს 7 წლის ასაკში გახდა მაუწყებელი. მისი დაბადებისას მამამისი, ლეონი, ციხეში იჯდა. ხერემიას ახსოვს, როგორ იკრიბებოდნენ მალულად მის სახლში ძმები და რა სიფრთხილით მოქმედებდნენ. ხერემია ამბობს: „ყველა დამსწრეს აძლევდნენ მუყაოს პატარა ნაგლეჯს, სადაც მითითებული იყო ციფრები იმის მისანიშნებლად, თუ როდის უნდა დაეტოვებინათ იქაურობა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ მამაჩემი გასასვლელში მაყენებდა, რომ მუყაოზე დაწერილი ნომრები შემემოწმებინა და მეთქვა, რომ ორ-ორი გასულიყვნენ და სხვადასხვა მიმართულებით წასულიყვნენ“.

ძმები ნებისმიერი შეხვედრის ჩატარების დროს დიდი სიფრთხილით მოქმედებდნენ, მაშინაც კი, როცა დროდადრო დაჭერის საფრთხე მცირდებოდა. მაგალითად, მერსედეს გარსიამ ჭეშმარიტება თავისი ბიძისგან, პაბლო გონსალესისგან, გაიგო. მერსედესი შვიდი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. იმ დროს მამამისი დაპატიმრებული იყო. მერსედესი და მისი ცხრა და-ძმა ღვთის ანაბარა დარჩნენ. ის 1959 წელს მოინათლა 9 წლის ასაკში. ეჭვი რომ არავინ გასჩენოდა, ნათლობის მოხსენება ძმებმა დილის 3:30-ზე დანიშნეს. ერთ-ერთი ძმის სახლში მოხსენების წაკითხვის შემდეგ მსურველები მოინათლნენ მდინარე ოსამაში, რომელიც დედაქალაქში ჩამოედინება. მერსედესი იხსენებს: სახლში დილის 5:30-ზე დავბრუნდით, როცა ჩვენი მეზობლები ის-ის იყო იღვიძებდნენ“.