არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დანართი

რატომ არ იყენებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ჯვარს თაყვანისცემის დროს?

რატომ არ იყენებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ჯვარს თაყვანისცემის დროს?

მილიონობით ადამიანი უდიდეს პატივს მიაგებს ჯვარს და სათაყვანებელ სიმბოლოდ მიიჩნევს. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ჯვარს „ქრისტიანობის უმთავრეს სიმბოლოს“ უწოდებს. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტი ქრისტიანები თაყვანისცემის დროს ჯვარს არ იყენებენ. რატომ?

უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ იესო ქრისტე სინამდვილეში ჯვარზე არ მომკვდარა. ბერძნული სიტყვა „სტავროს“, რომელსაც უმთავრესად „ჯვრად“ თარგმნიან, ძირითადად ნიშნავს „ვერტიკალურ ბოძს ან ძელს“. ერთ ნაშრომში აღნიშნულია: «[„სტავროს“] არასოდეს ნიშნავს რაიმე კუთხით ურთიერთგადამკვეთ ორ ძელს . . . [„ახალი აღთქმის“] დედნისეულ, ბერძნულ ტექსტში ისეთი არაფერი გვხვდება, რაშიც თუნდაც ნაგულისხმევი იქნებოდა ორი ძელი» (The Companion Bible).

იმის აღსანიშნავად, რაზეც იესო აწამეს, ბიბლიის დამწერებმა რამდენიმე მუხლში გამოიყენეს სხვა ბერძნული სიტყვა — „ქსილონ“ (საქმეები 5:30; 10:39; 13:29; გალატელები 3:13; 1 პეტრე 2:24). ეს სიტყვა ნიშნავს „ძელს, ბოძს“ ან „მორს“.

წიგნში „ჯვარი და ჯვარცმა“ ჰერმან ფულდა განმარტავს, თუ რატომ იყენებდნენ ხშირად ჩვეულებრივ ბოძს სიკვდილით დასჯისას: „ხეები ყველგან როდი იყო, სადაც სიკვდილით დასჯის აღსრულება საჯაროდ ხდებოდა. ჩვეულებრივ, მიწაში ბოძს არჭობდნენ, რაზეც ბოროტმოქმედებს მაღლა აწეული ხელებით აბამდნენ ან ლურსმნებით აკრავდნენ. ხშირად აბამდნენ ან აკრავდნენ ფეხებითაც“.

ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტს ღვთის სიტყვაში ვნახულობთ. მოციქული პავლე ამბობს: «ქრისტემ გამოსასყიდით გაგვათავისუფლა კანონის წყევლისგან — თვითონ გახდა დაწყევლილი ჩვენ ნაცვლად, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი ძელზე დაკიდებული“» (გალატელები 3:13). აქ პავლეს მოჰყავს ციტატა კანონის 21:22, 23-დან, სადაც აშკარად ძელზეა ლაპარაკი და არა ჯვარზე. ვინაიდან ადამიანი, რომელიც ასეთი სახით ისჯებოდა, „დაწყევლილი“ იყო, არ იქნება მართებული, თუ ქრისტიანს სახლში წამებული ქრისტეს გამოსახულება ექნება.

არავითარი მტკიცება არ არსებობს, რომ ქრისტეს სიკვდილიდან პირველი 300 წლის განმავლობაში თაყვანისცემის დროს ჯვარს იყენებდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიდნენ. მაგრამ მეოთხე საუკუნეში იმპერატორი კონსტანტინე წარმართობიდან განდგომილ ქრისტიანობაზე მოექცა და ხელი შეუწყო იმას, რომ ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლო გამხდარიყო. რა მოტივებიც უნდა ჰქონოდა კონსტანტინეს, ჯვარი არანაირად არ იყო დაკავშირებული იესო ქრისტესთან. სინამდვილეში ჯვარი წარმართული სიმბოლოა. „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ჯვარი გვხვდება ქრისტიანობამდელ და არაქრისტიანულ კულტურებში“. სხვა ავტორიტეტულ წყაროებში ჯვარი ბუნების თაყვანისცემასთან და წარმართულ სექსუალურ რიტუალებთან არის დაკავშირებული.

რატომ იქნა ეს წარმართული სიმბოლო აღიარებული? როგორც ჩანს იმიტომ, რომ წარმართებისთვის გაეადვილებინათ „ქრისტიანობის“ მიღება. როგორც უნდა ყოფილიყო, ბიბლიაში აშკარადაა დაგმობილი ნებისმიერი წარმართული სიმბოლოს თაყვანისცემა (2 კორინთელები 6:14—18). ბიბლია ნებისმიერი სახის კერპთაყვანისმცემლობას კრძალავს (გამოსვლა 20:4, 5; 1 კორინთელები 10:14). როგორც ვხედავთ, ჭეშმარიტ ქრისტიანებს საფუძვლიანი მიზეზები აქვთ, რის გამოც თაყვანისცემის დროს ჯვარს არ იყენებენ. *

^ აბზ. 5 ჯვართან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, გვერდები 427—431. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.