არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 19

იაკობის დიდი ოჯახი

იაკობის დიდი ოჯახი

შეხედე ამ დიდ ოჯახს! ეს იაკობის 12 ვაჟია. მას ქალიშვილებიც ჰყავს. იცი იაკობის შვილების სახელები? მოდი დავიმახსოვროთ ზოგიერთი მათგანი.

ლეას ეყოლა რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა. რახელი ძალიან განიცდიდა, რომ შვილები არ ჰყავდა. ამიტომ მან იაკობს თავისი მხევალი, ბილჰა მისცა, რომელმაც ორი ვაჟი, დანი და ნაფთალი გაუჩინა. ლეამაც მისცა იაკობს თავისი მხევალი ზილფა, რომელმაც გადი და აშერი გაუჩინა მას. მოგვიანებით ლეას ორი ვაჟი, ისაქარი და ზებულონი შეეძინა.

ბოლოს რახელსაც ეყოლა შვილი და მას იოსები დაარქვა. მოგვიანებით ჩვენ ბევრ რამეს გავიგებთ იოსების შესახებ, რომელიც ცნობილი ადამიანი გახდა. იაკობს ეს თერთმეტი ვაჟი რახელის მამის, ლაბანის სახლში ცხოვრებისას შეეძინა.

იაკობს ქალიშვილებიც ჰყავდა, მაგრამ ბიბლიაში მხოლოდ ერთის სახელია მოხსენიებული. მას დინა ერქვა.

დადგა დრო, როცა იაკობმა ლაბანისგან წასვლა და ქანაანში დაბრუნება გადაწყვიტა. ის თავისი დიდი ოჯახითა და ცხვარ-ძროხით გრძელ გზას დაადგა.

რახელს მეორე ვაჟი მოგვიანებით ქანაანში შეეძინა. ეს გზაში მოხდა. რახელს მშობიარობა გაურთულდა და გადაჰყვა მას, ბავშვი კი გადარჩა. იაკობმა მას ბენიამინი დაარქვა.

კარგი იქნება, თუ იაკობის 12 ვაჟის სახელებს დავიმახსოვრებთ, რადგან ისრაელი ერი მათგან წარმოიშვა. ისრაელის 12 ტომი იაკობის 10 ვაჟისა და იოსების 2 ვაჟის სახელს ატარებდა. იაკობის ძეების დაბადების შემდეგ ისაკმა დიდხანს იცოცხლა და, ალბათ, ძალიან უხაროდა, რომ შვილიშვილებს მოესწრო. ახლა ვნახოთ, რა დაემართა მის ერთ შვილიშვილს, დინას.