არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 5

ღმერთი აკურთხებს აბრაამსა და მის ოჯახს

ღმერთი აკურთხებს აბრაამსა და მის ოჯახს

ღმერთი კურთხევას არ აკლებს აბრაამის შთამომავლებს. ის იცავს იოსებს ეგვიპტეში.

იეჰოვამ იცოდა, რომ მის უსაყვარლეს ქმნილებას მომავალში ტანჯვა და სიკვდილი ელოდა. დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებაც ამაზე მიუთითებდა. ბიბლიაში მოთხრობილი ერთი რეალური შემთხვევიდან ვიგებთ, თუ რა მსხვერპლს გაიღებდა ღმერთი. ერთხელ ღმერთმა აბრაამს სთხოვა, მისი საყვარელი ვაჟი მისთვის მსხვერპლად შეეწირა.

აბრაამს ძლიერი რწმენა ჰქონდა. ალბათ გახსოვთ, ღვთის დანაპირები, რომ აღთქმული მხსნელი ანუ შთამომავალი ისაკის მეშვეობით მოვიდოდა. აბრაამი მზად იყო, საკუთარი შვილის მსხვერპლად შესაწირად, რადგან სჯეროდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ღმერთს ისაკის მკვდრეთით აღდგენაც შეეძლო. მაგრამ ანგელოზმა აბრაამი დროულად შეაჩერა. ღმერთმა შეაქო აბრაამი ასეთი თავგანწირვისთვის და ერთგულ მსახურს კიდევ ერთხელ გაუმეორა ძველი დაპირება.

ისაკს ორი ვაჟი ეყოლა — ესავი და იაკობი. ესავისგან განსხვავებით, იაკობი აფასებდა სულიერ მემკვიდრეობას, რისთვისაც ღმერთმა აკურთხა. ღმერთმა იაკობს სახელი შეუცვალა და ისრაელი დაარქვა. მოგვიანებით მისი 12 ვაჟისგან ისრაელის 12 ტომი წარმოიშვა. მაგრამ, როგორ იქცა ეს ოჯახი დიდ ერად?

გავიდა დრო და იაკობის უმცროსი ვაჟი, იოსები შურიანმა ძმებმა ეგვიპტეში მონად გაყიდეს. მაგრამ ღმერთმა აკურთხა ეს ერთგული და გაბედული ახალგაზრდა. იოსებმა დიდი გაჭირვება გადაიტანა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგვიპტის მეფის, ფარაონის მოწონება დაიმსახურა და მისგან დიდი ძალაუფლებაც მიიღო. შიმშილობის გამო იაკობმა თავისი ვაჟები ეგვიპტეში გაგზავნა საკვების საყიდლად. ამ დროს ეგვიპტეში საკვების განაწილებაზე პასუხისმგებელი იოსები იყო. მასთან შეხვედრის შემდეგ ძმებმა ინანეს ჩადენილი დანაშაული. იოსებმაც აპატია მათ და მამამისის მთელი ოჯახი ეგვიპტეში გადაიყვანა საცხოვრებლად. ისინი საუკეთესო მიწაზე დასახლდნენ და ღვთის კურთხევით გამრავლდნენ. იოსები მიხვდა, რომ ამ ყველაფერში ღვთის ხელი ერია, რათა შესრულებულიყო მისი განზრახვა.

მოხუცებულმა იაკობმა სიცოცხლის ბოლო წლები ეგვიპტეში, თავის დიდ ოჯახთან ერთად გაატარა. სიკვდილამდე მან იწინასწარმეტყველა, რომ აღთქმული შთამომავალი ანუ მხსნელი ძლევამოსილი მმართველი იქნებოდა და მისი ვაჟის, იუდას საგვარეულო ხაზში მოვიდოდა. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იოსებმაც იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი ერთ დღესაც იაკობის ოჯახს ეგვიპტიდან გამოიყვანდა.

დაბადება, თავები 20—50; ებრაელები 11:17—22