არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორც იქნა, მოვიპოვე ნამდვილი თავისუფლება!

როგორც იქნა, მოვიპოვე ნამდვილი თავისუფლება!

„არავინ მოგიკითხავს, — ირონიულად მითხრა ციხის ერთმა თანამშრომელმა. — შეგიძლია აქ დარჩე“. როგორ მოხვდა ჩვენი შრომისმოყვარე და მშვიდობის მოყვარული რუსული ოჯახი ჩრდილოეთ კორეის ციხეში 1950 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ?

როგორც ჩემს დაბადების მოწმობაში წერია, 1924 წელს დავიბადე. როგორც ჩანს, ჩემი დაბადების ადგილი სოფელი სმაკოვკა იყო, რომელიც რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილში მდებარეობდა, ჩინეთის საზღვართან ახლოს.

სოფელი შმაკოვკა, სადაც მე დავიბადე (პრიმორსკის მხარე, რუსეთის შორეული აღმოსავლეთი)

ერთხელ მამაჩემი და ჩემი უფროსი ძმა ბანდიტებმა წაიყვანეს და მას მერე დედაჩემს ისინი აღარასდროს უნახავს. დედას უწევდა როგორც ჩვენზე, ისე გერებზე ზრუნვა და თვიდან თვემდე ძლივს გაგვქონდა თავი. ერთმა მეზობელმა დედაჩემს შესთავაზა, რომ ჩვენ, პატარებს, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში წაგვიყვანდა და იტყოდა, რომ დედამ მიგვატოვა.

დედაჩემი დასთანხმდა, რადგან ეშინოდა, რომ პატარები, მათ შორის მეც, შიმშილით დაეხოცებოდა. ახლა 80 წელს ვარ გადაცილებული, მაგრამ დღემდე მადლიერი ვარ, რომ დედამ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გაგვაგზავნა. როგორც ჩანს, სწორედ ამან გადაგვარჩინა. მეორე მხრივ, დღემდე გულს მტკენს ის ფაქტი, რომ დედამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

მე და ივანი ქორწინების დღეს, 1941 წელი

1941 წელს კორეაში გადავედი, სადაც ცოლად გავყევი ერთ რუს კაცს, ივანს, რომელიც კარგი ადამიანი იყო. ჩვენი ქალიშვილი, ოლია, 1942 წელს სეულში (კორეა) დაიბადა. ჩვენი ვაჟი, კოლია, 1945 წელს შეგვეძინა, ჟორა კი — 1948 წელს. ჩემს ქმარს მაღაზია ჰქონდა გახსნილი, მე კი ვკერავდი. რადგან სეული იაპონელების მიერ იყო ოკუპირებული, ბავშვები თავისუფლად ლაპარაკობდნენ იაპონურად, თუმცა სახლში რუსულად ვლაპარაკობდით. 1950 წლამდე ისე ჩანდა, რომ სეულში რუსებს, ამერიკელებსა და კორეელებს შორის მშვიდობა იყო. სამივე ეროვნების წარმომადგენლები ჩვენი მაღაზიის კლიენტები იყვნენ.

ჩრდილოეთ კორეის ტყვეობაში

1950 წელს ყველაფერი შეიცვალა — ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. სეული ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებმა დაიკავეს. შეუძლებელი იყო სადმე გაქცევა. სხვა უცხოელ მოქალაქეებთან ერთად ჩვენც დაგვაპატიმრეს. სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ბრიტანელ, რუს, ამერიკელ და ფრანგ ტყვეებთან ერთად მთელ ჩრდილოეთ კორეაში კოლონებად დაგვატარებდნენ. იქ გვათენებინებდნენ, სადაც თავშესაფარს პოულობდნენ, რათა არ დავებომბეთ.

მხოლოდ ერთხელ გავათენეთ ისეთ სახლში, რომელიც თბებოდა და საჭმელიც საკმარისი გვქონდა. მაგრამ ხშირად მხოლოდ ფეტვი გვქონდა საჭმელად და უპატრონოდ მიტოვებულ გაყინულ შენობებში გვეძინა. ჩვენი ჯგუფიდან ბევრი შიმშილისა და უყურადღებობის გამო დაიღუპა. გული მტკიოდა, როცა ვხედავდი, რა მდგომარეობაში იყვნენ ჩემი შვილები. ჩრდილოეთ კორეაში ზამთარი ადრე დგება. მახსოვს, როგორ ვიჯექი მთელი ღამე ცეცხლთან, ვათბობდი ქვებს და ბავშვებს ქვეშაგების ქვეშ ვუწყობდი.

როცა დათბა, სოფლის ზოგიერთმა მცხოვრებმა მასწავლა, რომელი მცენარე იყო საჭმელად ვარგისი. ჩვენ ვაგროვებდით მცენარეებს, ჟოლოს, ყურძენსა და სოკოს. იქაურებს ნამდვილად არ ვძულდით, პირიქით, ვეცოდებით, რადგან ასეთ მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ბაყაყების დაჭერაც ვისწავლე, რათა ჩვენი დღიური რაციონი ცოტათი გაგვემდიდრებინა.  გულს მიკლავდა, როცა ბავშვები გამუდმებით ბაყაყის ხორცს მთხოვდნენ.

ოქტომბერში გვიბრძანეს, რომ ჩვენი კოლონა მამპაში წასულიყო. ავადმყოფებსა და პატარა ბავშვებს შეეძლოთ ურმებით ემგზავრათ. ოლია და მამამისი იმ კოლონასთან ერთად გაუყვნენ გზას, რომელიც ფეხით მიდიოდა, მე კი ორ პატარა ბიჭუნასთან ერთად რამდენიმე დღე მოუთმენლად ველოდი ურმების დაბრუნებას. როგორც იქნა, ისინი დაბრუნდნენ.

ავადმყოფი ტყვეები ურმებზე გროვებად ეყარნენ. საშინელი სანახავი იყო! ჟორა ზურგზე მყავდა მოკიდებული და ვცდილობდი, კოლია რამენაირად ურმის ერთ კუთხეში ჩამესვა. ის გულამოსკვნით ტიროდა და მეხვეწებოდა: „დედა, დედა, შენთან მინდა, არ მიმატოვო!“

კოლია ებღაუჭებოდა ჩემს ქვედატანს და ასე მომყვებოდა უკან. ამ მსვლელობის დროს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, ბევრი პატიმარი დახვრიტეს. ყვავების გუნდი დაგვყვებოდა თან და დაყრილ გვამებს კორტნიდა. საბოლოოდ, როგორც იქნა, შევხვდი ჩემს ქმარსა და ოლიას. ჩვენ სიხარულისგან ვტიროდით და გულში ვიკრავდით ერთმანეთს. ის ღამე თვალი არ მომიხუჭავს — კოცონზე ქვებს ვათბობდი. მშვიდად ვგრძნობდი თავს, რადგან ყველა ჩემი შვილი ჩემ გვერდით იყო და შემეძლო გამეთბო ისინი.

1953 წელს 38-ე პარალელის სამხრეთით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვართან ახლოს, შედარებით გაგვიადვილდა ცხოვრება. სუფთა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პური და შაქარყინულიც კი მოგვცეს. მალე ბრიტანელები გაათავისუფლეს, შემდეგ კი — ფრანგები. მაგრამ ჩვენ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყავით. ბოლოს ჩვენღა დავრჩით. სასოწარკვეთილნი ვტიროდით და საჭმელს არ ვჭამდით. სწორედ მაშინ მითხრა კორეელმა ციხის თანამშრომელმა ის გულსატკენი სიტყვები, რომლებიც დასაწყისში მოვიხსენიე.

ცხოვრების თავიდან დაწყება შეერთებულ შტატებში

ჩვენდა გასაკვირად, მალე სამხრეთი კორეის დემილიტარიზებულ ზონაში გადაგვიყვანეს. ამერიკელ სამხედრო პირებთან გასაუბრების შემდეგ შეერთებულ შტატებში გადასვლის ნება დაგვრთეს. ჩვენ სან-ფრანცისკოში (კალიფორნია) გემით  გავემგზავრეთ, რომელზეც ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის წყალობით მოვხვდით. მოგვიანებით ვირჯინიაში გადავედით და ნაცნობების დახმარებით ნელ-ნელა ფეხზე დავდექით. საბოლოოდ მერილენდში დავსახლდით და ცხოვრება თავიდან დავიწყეთ.

მე და ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად, 1954 წელი

ისეთი უბრალო ნივთების დანახვაც კი, როგორიც იყო მტვერსასრუტი, გვაკვირვებდა. რადგან იმიგრანტები ვიყავით, მძიმედ და დიდხანს გვიწევდა შრომა. მაგრამ გული მტკიოდა იმის დანახვაზე, რომ უფრო ადრე ჩასული იმიგრანტები ახალჩასულებს ექსპლუატაციას უწევდნენ. ჩვენი ჩასვლიდან მალე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელს შევხვდით, რომელმაც გვითხრა: „ახლა კურთხეულ მიწაზე ხართ! თუ გინდათ რამეს მიაღწიოთ, რუსებისგან თავი შორს დაიჭირეთ“. ამან გამაოგნა და საგონებელში ჩამაგდო. ნუთუ ერთმანეთს არ უნდა დავხმარებოდით?!

1970 წელს ერთმა კაცმა, ბერნი ბეთელმენმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, კარზე დაგვიკაკუნა და ბიბლიურ თემაზე დაგველაპარაკა. ის მტკიცე ბუნების, ჩვენნაირი გულღია ადამიანი იყო. მასთან საუბარი რამდენიმე საათი გაგრძელდა. რადგან მართლმადიდებლურ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გავიზარდე, საეკლესიო ლიტურგია ზეპირად ვიცოდი. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი ბიბლია შეიძლებოდა მქონოდა. ბერნიმ მოგვიტანა ბიბლია და გვითხრა: „ეს ბიბლია თქვენ, ჩემი სიყვარულის ნიშნად“. მან აგრეთვე გაგვაცნო რუსულ ენაზე მოლაპარაკე ბელორუსი მოწმე, ბენი.

ბენმა და მისმა ცოლმა ბიბლიის დახმარებით თავაზიანად გვიპასუხეს ჩვენს კითხვებზე. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვას მოწმეები ამახინჯებდნენ წმინდა წერილებს. ძალიან გავბრაზდი, როცა მათ პუბლიკაციებში წავიკითხე, რომ მარიამს იესოს გარდა სხვა შვილებიც ჰყავდა; ეკლესიაში ხომ საპირისპირო რამ მქონდა ნასწავლი.

დავურეკე ჩემს ერთ პოლონელ მეგობარს და ვთხოვე, თავის პოლონურ ბიბლიაში ენახა, რა იყო ნათქვამი მათეს 13:55, 56-ში. როცა მან ეს მუხლები ამომიკითხა, გავოგნდი — იესოს სინამდვილეში მართლა ჰყავდა უმცროსი და-ძმები. ჩემმა მეგობარმა აგრეთვე დაურეკა ერთ ნაცნობს, რომელიც მუშაობდა ვაშინგტონის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რათა მათ ხელთ არსებულ ბიბლიის ყველა თარგმანში ეს მუხლი შეემოწმებინა. როგორც მან თქვა, ყველა თარგმანში ეწერა, რომ იესოს და-ძმები ჰყავდა.

 სხვა ბევრი კითხვაც მქონდა. მაინტერესებდა, რატომ კვდებოდნენ ბავშვები? რატომ ეომებოდნენ ერები ერთმანეთს? რატომ ვერ უგებდნენ ერთმანეთს ადამიანები მაშინაც კი, როცა ერთ ენაზე მეტყველებდნენ? ბიბლიიდან მიღებულმა პასუხებმა გამაოცა. გავიგე, რომ ღმერთს არ სურს, ადამიანები დაიტანჯონ. ძალიან გამეხარდა, როცა შევიტყვე, რომ კვლავ შემეძლო მენახა საყვარელი ადამიანები, რომლებიც კონფლიქტების დროს დამეღუპნენ. თანდათანობით იეჰოვა რეალური პიროვნება გახდა ჩემთვის.

ერთხელ ხატების წინ ვიდექი და ღმერთს ვევედრებოდი, დახმარებოდა ვიეტნამის ომიდან დაბრუნებულ ჩემს ვაჟს, რომელიც ემოციურად განადგურებული იყო. მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ ლოცვით ხატებისთვის კი არა, ცოცხალი ღმერთისთვის, იეჰოვასთვის, უნდა მიმემართა. დავამსხვრიე ხატები და ხელში ფერად-ფერადი ფოლგის ქაღალდი შემრჩა. ისინი ეკლესიაში ვიყიდე, მაგრამ იმ ღამეს თავიდან მოვიცილე.

ადვილი არ იყო, მიმეტოვებინა ეკლესია, სადაც გავიზარდე. მაგრამ ყველაფერზე წინ მაინც ის დავაყენე, რასაც ბიბლია ასწავლიდა. ერთი წლის შემდეგ ჩემს ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელთან მივედი. თან წავიღე ბლოკნოტი, სადაც ჩაწერილი მქონდა კითხვები ბიბლიურ მუხლებთან ერთად. როგორც კი ხმამაღლა ამოვიკითხე ეს ბიბლიური მუხლები, მღვდელმა ხელი აიქნია და თქვა: „უკვე გზააბნეული ხარ“. მან გვითხრა, რომ მასთან აღარასდროს მივსულიყავით.

ამან ძალიან იმოქმედა ჩემს ჭკვიან და ცნობისმოყვარე გოგონაზე, ოლიაზე. მანაც დაიწყო ბიბლიის ღრმად გამოკვლევა და მალე ჩემთან ერთად ესწრებოდა იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებს. მე 1972 წელს მოვინათლე, ოლია კი — 1973 წელს.

ჩვენი ოჯახის დევიზი

ჩემს ბაღში (მერილენდი, აშშ), დაახლოებით 1990 წელი

ჩვენი დევიზი იყო, დაგვევიწყებინა წარსული და აწმყოთი გვეცხოვრა. ამიტომ, არასდროს ვაკეთებდით ისეთ რამეს, რის სისწორეშიც არ ვიყავით დარწმუნებული. როდესაც მე და ჩემს გოგონას ღვთისადმი სიყვარული გაგვიღრმავდა, დიდი სურვილი გაგვიჩნდა, სახლებში მიგვეკითხებინა ხალხისთვის და ნასწავლი გაგვეზიარებინა. უნდა ვაღიარო, რომ თავიდან ძალიან პირდაპირი ვიყავი, რის გამოც ზოგჯერ ქადაგების დროს ხალხი არ მისმენდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ვისწავლე ტაქტიანად ქადაგება სხვადასხვა ეროვნებისა თუ წარმომავლობის ადამიანთან, რომლებიც, ჩემ მსგავსად, უკეთესი ცხოვრების საძებნელად იყვნენ ამერიკაში ჩამოსული.

მომდევნო წლებში მე და ჩემი გოგო ხშირად ვამბობდით, რომ თუ „რკინის ფარდა“ ოდესმე გაიხსნებოდა, რუსეთში დავბრუნდებოდით და ჩვენნაირ ხალხს ღმერთს გავაცნობდით. XX საუკუნის 90-იანი წლების გარიჟრაჟზე „რკინის ფარდა“ მართლაც გაიხსნა და ოლიამ შეძლო რუსეთში წასვლა. ის 14 წელი მსახურობდა სრული დროით რუსეთში. ოლია ბევრს ასწავლიდა იქ ბიბლიას და იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მთარგმნელობით განყოფილებას ბიბლიური ლიტერატურის ინგლისურიდან რუსულ ენაზე თარგმნაში ეხმარებოდა.

დღეს საწოლს ვარ მიჯაჭვული. ჩემი შვილები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცხოვრება გამიადვილონ. მადლობელი ვარ, რომ ამდენი ტანჯვის შემდეგ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა. ჩემი სულის გამოძახილი კარგად ჩანს მწყემსი დავითის ფსალმუნში: „წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ მიმიძღვის [ღმერთი]. სულს მიცოცხლებს. სიმართლის ბილიკებით მივყავარ თავისი სახელის გულისთვის“ (ფსალმუნი 23:2, 3). *

^ აბზ. 29 მარია კილინი 2010 წლის 1 მარტს გარდაიცვალა, როდესაც ეს სტატია დასაბეჭდად მზადდებოდა.