არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა გავლენას ახდენენ ჩვენზე სულიერი ქმნილებები?

რა გავლენას ახდენენ ჩვენზე სულიერი ქმნილებები?

რას ვსწავლობთ იესოსგან?

რა გავლენას ახდენენ ჩვენზე სულიერი ქმნილებები?

იესო „ქვეყნიერების შექმნამდე“ თავის მამასთან ერთად სულიერ სამყაროში ცხოვრობდა (იოანე 17:5). ამიტომ მას შეუძლია ზუსტად გაგვცეს პასუხები ქვემოთ მოყვანილ კითხვებზე.

დაინტერესებული არიან ანგელოზები ჩვენით?

▪ იესოსგან ვიგებთ, რომ ანგელოზები ძალიან არიან დაინტერესებული ადამიანებით. მან თქვა: „ხარობენ ღვთის ანგელოზები ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო“ (ლუკა 15:10).

იესომ აღნიშნა, რომ ანგელოზების პასუხისმგებლობაში შედის ღვთის მსახურების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამიტომ, როცა იესო აფრთხილებდა თავის მოწაფეებს, არავინ დაებრკოლებინათ, თქვა: „გაფრთხილდით, არ დაამციროთ არც ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“ (მათე 18:10). ამით იესოს იმის თქმა არ სურდა, რომ თითოეულ მის მიმდევარს მფარველი ანგელოზი ჰყავდა. იესო იმას გულისხმობდა, რომ ანგელოზები, რომლებიც ღმერთთან თანამშრომლობენ, დიდად არიან დაინტერესებული ჭეშმარიტი ქრისტიანებით.

როგორ შეუძლია ეშმაკს, ზიანი მოგვაყენოს?

▪ იესო აფრთხილებდა თავის მიმდევრებს, რომ სატანა შეეცდებოდა ღვთის შესახებ ცოდნის მიღებაში ადამიანებისთვის ხელის შეშლას: „ვინც ისმენს სიტყვას სამეფოს შესახებ, მაგრამ აზრს ვერ სწვდება, მასთან ბოროტი მივა და მოსტაცებს გულში ჩათესილს“ (მათე 13:19).

იმის დასანახვებლად, თუ როგორ აცდუნებს სატანა ადამიანებს, იესომ ერთი კაცის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც თავის მინდორში ხორბალი დათესა. კაცი იესოს განასახიერებდა, ხორბალი კი — ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომლებიც იესოსთან ერთად იმეფებენ ზეცაში. იესომ თქვა, რომ მტერი მოვიდა და „ხორბალში სარეველა ჩათესა“. სარეველა ცრუ ქრისტიანებს განასახიერებდა, ხოლო „მტერი, რომელმაც ის დათესა, ეშმაკია“ (მათე 13:25, 39). როგორც სარეველა შეიძლება ჰგავდეს ხორბლის ჯეჯილს, ისე ცრუ ქრისტიანები შეიძლება ჰგავდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს. რელიგიები, რომლებიც ცრუ სწავლებებს ასწავლიან, ხალხს ატყუებენ და ღვთის დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებენ. სატანა ცრუ რელიგიას იყენებს, რათა ადამიანები იეჰოვას დააშოროს.

როგორ დავიცვათ თავი სატანის ზიანისგან?

▪ იესომ სატანას „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა (იოანე 14:30). მან ლოცვაში გაგვიმჟღავნა, თუ როგორ შეიძლება სატანისგან თავის დაცვა. როცა მოწაფეებისთვის ლოცულობდა, იესომ ზეციერ მამას სთხოვა: ‘დაიცავი ბოროტისგან. ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი. განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა’ (იოანე 17:15—17). ღვთის სიტყვის ცოდნა გვიცავს, არ მოვექცეთ ქვეყნიერების გავლენაში, რომელსაც სატანა მართავს.

რა გავლენას ახდენენ დღეს ჩვენზე ანგელოზები?

▪ იესომ თქვა: „ქვეყნიერების აღსასრულის დროსაც: გამოვლენ ანგელოზები, ბოროტებს მართლებისგან გამოაცალკევებენ“ (მათე 13:49). ახლა ჩვენ ვცხოვრობთ „ქვეყნიერების აღსასრულის დროს“ და მილიონობით ადამიანი ეხმაურება ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას (მათე 24:3, 14).

მაგრამ ყველა, ვინც ბიბლიის შესწავლას იწყებს, ვერ დაიმსახურებს ღვთის მოწონებას. იეჰოვას მსახურების საქმეს ანგელოზები ხელმძღვანელობენ, რის შედეგადაც, ისინი, ვისაც ნამდვილად უყვარს ღმერთი, ცალკევდებიან მათგან, ვისაც არ სურს ღვთის პრინციპებით ცხოვრება. ღვთისმოსაწონ ხალხზე, იესომ თქვა: „ისინი არიან, ვინც კარგი და კეთილი გულით მოისმინა სიტყვა, იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“ (ლუკა 8:15).

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-10 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 16 გვერდზე]

ანგელოზებს დიდი წვლილი შეაქვთ გულწრფელი ადამიანების მოძებნაში