არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა ვენდოთ სახარებებს?

რატომ უნდა ვენდოთ სახარებებს?

რატომ უნდა ვენდოთ სახარებებს?

„სახარებებს არნახული წარმატება ხვდა წილად. ეს წიგნები საფუძვლად დაედო მრავალ მაღალბიუჯეტიან ფილმს . . . და არაერთ ბესტსელერს . . . სახარებები სხვადასხვა ქრისტიანულმა სექტებმაც აღიარეს. სახარებისეული სწავლებების შედეგად არაერთი რელიგია თუ დოგმატი ჩამოყალიბდა“ (SUPER INTERESSANTE, ბრაზილიაში გამომავალი საინფორმაციო ჟურნალი).

რამ გამოიწვია ასეთი ინტერესი? ამ ჟურნალში ყურადღება მახვილდება არაკანონიკურ სახარებებზე, მოციქულთა წერილებსა და აპოკალიფსზე, რომლებიც XX საუკუნის შუა პერიოდში სოფელ ნაგ-ჰამადსა და სხვა ტერიტორიებზე აღმოაჩინეს ეგვიპტეში. ეს და სხვა წიგნები, ძირითადად, გნოსტიკურ და აპოკრიფულ ხელნაწერებს მიეკუთვნება. *

მიზანმიმართულად გაასაიდუმლოეს?

დღეს ბევრ ქვეყანაში ხალხი სკეპტიკურად უყურებს ბიბლიას და, შესაბამისად, ორთოდოქსულ რელიგიებს, რადგან როგორც ჩანს, მათ ინტერესი „გნოსტიკურმა“ და „აპოკრიფულმა“, ანუ არაკანონიკურმა წიგნებმა გაუღვივა. ამ წიგნებმა ხალხს სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი ჩამოუყალიბა იესო ქრისტეს სწავლებასა და, ზოგადად, ქრისტიანობაზე. ერთ ჟურნალში აღნიშნული იყო: „თომას სახარება და სხვა აპოკრიფული წერილები დღესაც არ ტოვებს გულგრილს ბევრ ადამიანს, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება. მართალია, ეს ადამიანები სულიერს არიან მოწყურებული, მაგრამ, ამავე დროს, სკეპტიკურად უყურებენ რელიგიას“. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ბრაზილიაში, „სულ მცირე, 30 მიმდინარეობაა, რომელთა რწმენაც აპოკრიფულ წერილებს ეფუძნება“.

ამ წიგნების აღმოჩენის შედეგად გავრცელდა შეხედულება, რომ ახ. წ. IV საუკუნეში კათოლიკურმა ეკლესიამ წინასწარგანზრახვით გაასაიდუმლოა სიმართლე იესოს შესახებ, აპოკრიფული წერილებიდან იესოს ცხოვრების ზოგიერთი მონაკვეთი ამოიღო და თანამედროვე ბიბლიებში ოთხი სახარება შეცვალა. რელიგიათმცოდნე, პროფესორი ელეინ პეიგელზი ასეთ კომენტარს აკეთებს: „ერთ რამეს მივხვდით — რასაც ქრისტიანულ მრწამსს ვუწოდებთ და ქრისტიანულ ტრადიციად ვრაცხავთ, სინამდვილეში, ამა თუ იმ წყაროს მწირ ინფორმაციას ეფუძნება, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ ათეულობით სხვა წყაროდანაა აღებული“.

სხვა სწავლულებიც იზიარებენ პეიგელზის აზრს, რომ ქრისტიანულ მრწამსს მხოლოდ ბიბლია კი არ უდევს საფუძვლად, არამედ სხვა წყაროებიც, მაგალითად, აპოკრიფული წერილები. ბი-ბი-სი-ს ერთ-ერთი გადაცემის, „ბიბლიის საიდუმლოებანი“, მთავარი თემა იყო „ვინ არის მარიამ მაგდალელი სინამდვილეში?“. გადაცემაში აღნიშნეს, რომ აპოკრიფულ წერილებში მარიამი „იესოს მოწაფეების მასწავლებლად და სულიერ წინამძღოლად მოიხსენიება. იგი არა მხოლოდ მოწაფე იყო, არამედ მოციქულთა შორის აღმატებული“. ბრაზილიაში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში ხუან არიასმა აღნიშნა, სავარაუდოდ რა მისია ეკისრათ პირველ საუკუნეში ქალებს, მათ შორის მარიამ მაგდალელს: „დღეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტიანობა, რომელსაც იესომ ჩაუყარა საფუძველი, ძირითადად, ფემინისტურ ხასიათს ატარებდა. მიზეზი ის არის, რომ პირველი ეკლესიების მაგივრობას ქალთა სახლები სწევდა, სადაც ისინი მღვდლებად და ეპისკოპოსებად მსახურობდნენ“ (O Estado de S. Paulo).

ბევრისთვის აპოკრიფული წერილები უფრო სანდოა, ვიდრე ბიბლია. ასეთმა შეხედულებამ შეიძლება წამოჭრას რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა: ნამდვილად ქრისტიანული რწმენის საფუძველია აპოკრიფული წერილები? როცა აპოკრიფული წიგნები ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებებს, ბიბლიას უფრო უნდა ვენდოთ თუ აპოკრიფულ წიგნებს? ნამდვილად მიზანმიმართულად ამოიღეს IV საუკუნეში ბიბლიიდან არაკანონიკური წერილები და იმ მიზნით შეცვალეს სახარებები, რომ იესოს, მარიამ მაგდალელისა და სხვების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაემალათ? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად განვიხილოთ ოთხი სახარებიდან ერთ-ერთი, იოანეს სახარება.

მტკიცებულება იოანეს სახარებიდან

ეგვიპტეში XX საუკუნის ბოლოს იოანეს სახარების ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც რაილანდსის პაპირუსის (№457 [P52]) სახელითაა ცნობილი. ეს ფრაგმენტი მოიცავს თანამედროვე ბიბლიის იმ მონაკვეთს, რომელიც იოანეს 18:31—33, 37, 38-ში არის ჩაწერილი. ის ჯონ რაილანდსის ბიბლიოთეკაშია დაცული მანჩესტერში (ინგლისი). ეს არის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უძველესი ხელნაწერი, რომელმაც დღემდე მოაღწია. ბევრი სწავლულის აზრით, ეს ფრაგმენტი დაიწერა ახ. წ. 125 წელს, იოანეს სიკვდილიდან სულ რაღაც 25 წლის შემდეგ. გასაოცარია ის ფაქტი, რომ ამ ხელნაწერის ტექსტი თითქმის არ განსხვავდება იმ ხელნაწერებისგან, რომლებიც უფრო გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის. იოანეს სახარების ფრაგმენტის ეგვიპტეში აღმოჩენა იმას ადასტურებს, რომ ამ სახარების უძველესი ეგზემპლარი ვიღაცამ ჩაიტანა ეგვიპტეში. ამ აღმოჩენას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ იოანეს სახარებაში ჩაწერილი სასიხარულო ცნობა ნამდვილად ახ. წ. პირველ საუკუნეში იოანეს მიერ დაიწერა, რაც ბიბლიიდანაც ჩანს. აქედან გამომდინარე, იოანეს სახარება დაწერა ადამიანმა, რომელმაც თავად იხილა მასში აღწერილი მოვლენები.

მეორე მხრივ, ყველა აპოკრიფული წიგნი მეორე საუკუნის შემდგომი პერიოდით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წიგნებში, სულ მცირე, ასი წლის წინანდელი მოვლენებია აღწერილი. ზოგი ექსპერტი ამტკიცებს, რომ აპოკრიფული წიგნები უფრო ადრეულ ნაშრომებსა თუ გადმოცემებზეა დაფუძნებული, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. მაშ, ვის უნდა ვენდოთ — თვითმხილველებს თუ იმ ადამიანებს, რომლებიც მომხდარი მოვლენებიდან ასი წლის შემდეგ ცხოვრობდნენ? პასუხი ნათელია. *

რა შეიძლება ითქვას იმ მოსაზრებაზე, რომ ბიბლიის სახარებები იესოს ცხოვრებიდან ზოგი ეპიზოდის გასასაიდუმლოებლად შეცვალეს? არსებობს რაიმე მტკიცება, რომ იოანეს სახარება ფაქტების დამახინჯების მიზნით IV საუკუნეში გადაკეთდა? ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, მოვიშველიოთ თანამედროვე ბიბლიის ერთ-ერთი დედანი, IV საუკუნის ვატიკანის ხელნაწერი (№1209). თუ თანამედროვე ბიბლიაში IV საუკუნეში შეიტანეს ცვლილებები, ეს ამ ხელნაწერზეც აისახებოდა. საბედნიეროდ, ჩვენამდე მოღწეულია ხელნაწერი, რომელშიც შენარჩუნებულია ლუკასა და იოანეს სახარებების დიდი ნაწილი. ის ცნობილია ბოდმერის ხელნაწერის (№14, 15 [P75]) სახელით და თარიღდება ახ. წ. 175—225 წლებით. ექსპერტების მტკიცებით, ამ ხელნაწერის ტექსტი ძალიან ჰგავს ვატიკანის ხელნაწერის (№1209) ტექსტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლიის სახარებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა, რასაც ადასტურებს ვატიკანის ხელნაწერი (№1209).

არ არსებობს არანაირი წერილობითი ან სხვა სახის მტკიცებულება, რომ იოანეს ან დანარჩენი სახარებების ტექსტები IV საუკუნეში შეცვლილიყო. ეგვიპტეში, ოქსირინხში აღმოჩენილი ხელნაწერების შესწავლის შემდეგ, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა პიტერ მ. ჰედმა დაწერა: «ძირითადად ეს ხელნაწერები ემთხვევა უნციალურ ტექსტებს [მთავრული ასოებით დაწერილი ხელნაწერები, რომლებიც IV საუკუნიდან თარიღდება] და თანამედროვე კრიტიკოსთა ნაშრომების საფუძველს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის საჭირო „ახალი აღთქმის“ დედნისეულ ტექსტებს რადიკალურად განსხვავებული, ახალი ახსნა მოვუძებნოთ».

რა დასკვნამდე მივდივართ?

ქრისტიანებმა ჯერ კიდევ II საუკუნის შუა ხანებში აღიარეს ოთხი კანონიკური სახარება — მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ტატიანეს საყოველთაოდ ცნობილი „დიატესარონი“ (ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად „ოთხთავს“ ნიშნავს) შეიქმნა ახ. წ. 160—175 წლებში. ის დაფუძნებული იყო ოთხ კანონიკურ სახარებაზე და არა გნოსტიკურ „სახარებებზე“ (იხილეთ ჩარჩო  „სახარებების კანონიკურობის უტყუარი მტკიცებულება“). გარდა ამისა, საყურადღებოა ირინეოსის ნაშრომი, რომელიც ახ. წ. II საუკუნის გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის. მისი მტკიცებით, მხოლოდ ოთხი სახარება უნდა არსებობდეს, რადგან სამყაროს აქვს ოთხი კუთხე და არსებობს ოთხი მიმართულების ქარი. შეიძლება მისი არგუმენტი არცთუ დამაჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტი ერთია, მისი მოსაზრებიდან გამომდინარე, იმ დროს მხოლოდ ოთხი კანონიკური სახარება არსებობდა.

რაზე მეტყველებს ეს ფაქტები? ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, მათ შორის ოთხი სახარება, II საუკუნის შემდეგ თითქმის არ შეცვლილა. არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს, რომ IV საუკუნეში ვინმემ მიზანმიმართულად დამალა ან შეცვალა ღვთისგან შთაგონებული წმინდა წერილების რომელიმე მონაკვეთი. ამის საპირისპიროდ, ბიბლეისტმა ბრუს მეცგერმა დაწერა: „მეორე საუკუნის ბოლოს . . . ახალი აღთქმის წიგნების მთავარი ნაწილის ჰარმონიულობა, ძირითადად, განაპირობა მორწმუნეთა შორის სერიოზულმა განხეთქილებამ და ქრისტიანული კრებების გაფანტვამ არა მარტო ხმელთაშუა ზღვისპირეთში, არამედ ბრიტანეთიდან მოყოლებული მესოპოტამიამდე“.

პავლე და პეტრე მოციქულები უშიშრად აცხადებდნენ, რომ ღვთის სიტყვა სარწმუნო იყო. ორივე მათგანი მკაცრად აფრთხილებდა თანაქრისტიანებს, რომ არ ერწმუნათ ისეთი რამ, რაც ბიბლიას ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, პავლემ ტიმოთეს მისწერა: „ტიმოთე, დაიცავი მონდობილი და ზურგი შეაქციე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკსა და წინააღმდეგობებს ეგრეთ წოდებულ ცოდნაში. ზოგიერთები, რომლებსაც ასეთი ცოდნით მოჰქონდათ თავი, რწმენას განუდგნენ“. პეტრემ კი ასეთი რამ თქვა: „როდესაც გაუწყეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალისა და იმ დროის შესახებ, როცა ის მოსული იქნება, ოსტატურად შეთხზულ ზღაპრებს კი არ ვიყავით აყოლილნი, არამედ ჩვენ თვითონ გავხდით მისი დიდებულების თვითმხილველნი“ (1 ტიმოთე 6:20, 21; 2 პეტრე 1:16).

საუკუნეების წინათ წინასწარმეტყველმა ესაიამ ღვთის შთაგონებით დაწერა: „მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება, ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“ (ესაია 40:8). ჩვენც შეგვიძლია ერთ რამეში ვიყოთ დარწმუნებული: ღმერთი, ვისი შთაგონებითაც დაიწერა წმინდა წერილები, იმაზეც იზრუნებდა, რომ ბიბლია საუკუნეების მანძილზე შემონახულიყო ‘ყველანაირი ადამიანის გადასარჩენად და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მისაღებად’ (1 ტიმოთე 2:4).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ბერძნული სიტყვები „გნოსტიკური“ და „აპოკრიფული“ ნიშნავს „დაფარულ ცოდნას“ და „საგულდაგულოდ დამალულს“. ეს ტერმინები მიუთითებს არაკანონიკურ ხელნაწერებზე, რომლებიც მიმსგავსებული იყო კანონიკურ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში შესულ სახარებებს, „საქმეებს“, მოციქულთა წერილებსა და „გამოცხადებას“.

^ აბზ. 11 ეჭვის საფუძველს ისიც ქმნის, რომ აპოკრიფული წერილების ძალიან ცოტა ეგზემპლარია დღემდე მოღწეული. მაგალითად, მარიამ მაგდალელის სახარებიდან შემორჩენილია სამი ფრაგმენტი: ორი მცირე ზომის, ხოლო ერთი — შედარებით დიდი, რომელშიც ორიგინალის ტექსტის თითქმის ნახევარია დაკარგული. უფრო მეტიც, დღეს არსებულ ხელნაწერთა შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა.

[ჩანართი 9 გვერდზე]

რაილანდსის პაპირუსი (№457 [P52]), ახ. წ. II საუკუნით დათარიღებული იოანეს სახარების ფრაგმენტი, დედნისეული ტექსტის შექმნიდან სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაიწერა

[ჩარჩო⁄სურათები 11 გვერდზე]

 სახარებების კანონიკურობის უტყუარი მტკიცებულება

ქრისტიანობის ადრეულ პერიოდში კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ სახარებები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა და, შესაბამისად, მათში გადმოცემული ცნობები არ იყო სანდო. სწორედ მაშინ დაიწყო სირიელმა მწერალმა ტატიანემ (ახ. წ. დაახლოებით 110—180 წლები) იმის მტკიცება, რომ სახარებები უტყუარ ინფორმაციას შეიცავდა. ის ამბობდა, რომ სახარების ტექსტები აღარავის მოეჩვენებოდა შეუთავსებელი, თუ ვინმე ამ ოთხ წიგნს გააერთიანებდა და ერთ მთლიანობად აქცევდა.

ტატიანემ ამ წიგნების გაერთიანება საკუთარ თავზე აიღო. ზუსტად არ ვიცით, მის მიერ გამოყენებული დედნის ტექსტი ბერძნულ ენაზე იყო შესრულებული თუ სირიულზე. თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, დაახლოებით ახ. წ. 170 წელს, ტატიანემ დაასრულა თავისი ნაშრომი, რომელიც „დიატესარონის“ სახელითაა ცნობილი. „დიატესარონი“ არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს „ოთხთავს“. რატომ უნდა დაინტერესდეთ წიგნით, რომელიც ღვთისგან არ არის შთაგონებული?

XIX საუკუნეში კრიტიკოსები მხარს უჭერდნენ მოსაზრებას, რომ ახ. წ. II საუკუნის მეორე ნახევრამდე არც ერთი სახარება არ დაწერილა და, შესაბამისად, ამ წიგნებს არანაირი ისტორიული ფასეულობა არ გააჩნია. მაგრამ აღმოჩენილი „დიატესარონის“ უძველესი ხელნაწერები კიდევ ერთი სარწმუნო მტკიცებულებაა იმისა, რომ ახ. წ. II საუკუნის შუა პერიოდისთვის ოთხი სახარება უკვე ყველასთვის კარგად იყო ცნობილი და ამ ოთხს ერთ კრებულად მიიჩნევდნენ.

ბიბლეისტმა სერ ფრედერიკ კენიონმა შეისწავლა „დიატესარონი“ და ის კომენტარები, რომლებიც წიგნს არაბულ, სომხურ, ბერძნულ და ლათინურ ენებზე ჰქონდა დართული. გამოკვლევის შემდეგ მან დაწერა: „ამ აღმოჩენებმა საბოლოოდ გაფანტა იმის ყოველგვარი ეჭვი, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენდა დიატესარონი, და დაამტკიცა, რომ ახ. წ. 170 წლისთვის ოთხი კანონიკური სახარება უცილობლად აღემატებოდა მხსნელის შესახებ სხვა ნებისმიერ მონათხრობს“.

[სურათები]

ტატიანე

„დიატესარონი“ არაბულ ენაზე

[ცხრილი 8, 9 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ახ. წ. 33 წ.

იესო მოკვდა

(დაახლ. 41 წ.)

„მათე“

(დაახლ. 58 წ.)

„ლუკა“

(დაახლ. 65 წ.)

„მარკოზი“

(დაახლ. 98 წ.)

„იოანე“

(125 წ.)

რაილანდსის პაპირუსი (№457 [P52])

(წერა დაიწყო დაახლ. 140 წ.)

აპოკრიფული წიგნები

(დაახლ. 175 წ.)

ბოდმერის ხელნაწერი (№14, 15 [P75])

(IV ს.)

ვატიკანის ხელნაწერი (№1209)

[სურათი 10 გვერდზე]

ვატიკანის ხელნაწერი (№1209)

IV საუკუნით დათარიღებული ზემოხსენებული ვატიკანის ხელნაწერი (№1209) იმაზე მეტყველებს, რომ სახარების ტექსტებში უმნიშვნელო ცვლილებებია შესული

[საავტორო უფლება]

From the book Bibliorum Sacrorum Graecus Codex Vaticanus, 1868

[სურათის საავტორო უფლება 9 გვერდზე]

© The Trustees of the Chester Beatty Library, Dublin