არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ იყენებენ იეჰოვას მოწმეები თაყვანისმცემლობაში ჯვარს?

რატომ არ იყენებენ იეჰოვას მოწმეები თაყვანისმცემლობაში ჯვარს?

მკითხველები გვეკითხებიან

რატომ არ იყენებენ იეჰოვას მოწმეები თაყვანისმცემლობაში ჯვარს?

იეჰოვას მოწმეებს ღრმად სწამთ, რომ იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით გამოსასყიდი გაიღო, რითაც მარადიული სიცოცხლისკენ გზა გაუხსნა მათ, ვინც მას ირწმუნებდა (მათე 20:28; იოანე 3:16). თუმცა მათ არ სწამთ, რომ იესო ჯვარზე გააკრეს, როგორც ეს ბევრ ნახატზეა ნაჩვენები. მათ სჯერათ, რომ იესო აწამეს ვერტიკალურ ბოძზე, რომელსაც არავითარი განივი ძელი არ ჰქონია მიმაგრებული.

ჯვარი ჯერ კიდევ შუამდინარეთიდან იღებს დასაბამს, ქრისტეს დაბადებამდე ორი ათასი წლით ადრე. სკანდინავიაში ბრინჯაოს ხანის დროინდელ ქვებზეც კი იყო ამოკვეთილი ჯვრის გამოსახულებები. დანიელი ისტორიკოსი, რელიგიური სიმბოლოების მკვლევარი, სვენ ტიტო აკენი ერთ-ერთ თავის წიგნში აღნიშნავს, რომ წარმართები ჯვარს იყენებდნენ როგორც „მაგიურ სიმბოლოს . . , რომელიც იცავდა მათ და კარგ ბედ-იღბალს უქადდა“ (Symbols Around Us). ამიტომ გასაკვირი არ არის ის, რაც „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ წერია: „ქრისტიანობამდე და არაქრისტიან ხალხებს შორის ჯვარი, ძირითადად, სამყაროსა და ციური სხეულების სიმბოლოდ მიიჩნეოდა“. მაშ, რატომ შერაცხეს ეკლესიებმა ჯვარი თავიანთ უწმინდეს სიმბოლოდ?

ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, უ. ვაინი უტყუარ ფაქტებს გვაწვდის: „ახ. წ. III საუკუნის შუახანებში . . . წარმართებს ეკლესიებში იღებდნენ და, ძირითადად, ნებას რთავდნენ, რომ შეენარჩუნებინათ თავიანთი წარმართული ნიშნები და სიმბოლოები. ამრიგად, T (ტაუ), რომელსაც ჰორიზონტალური ნაწილი ქვემოთ ჰქონდა ჩამოწეული, ჯვრის სიმბოლოდ იქნა გადმოღებული“ („ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონი“).

ვაინი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ის სიტყვები, რომლებიც ძველი ბერძნულიდან ჯვრად და ჯვარცმად ითარგმნა, ნიშნავს „ბოძს ან ძელს, რაც განსხვავდება ეკლესიაში მიღებული ურთიერთგადამკვეთი ორი ძელისგან“. მსგავსი აზრია გამოთქმული ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ერთ-ერთ ნაშრომში: „ფაქტია, რომ . . . უფალი მოკლეს ვერტიკალურ ბოძზე და არა რაიმე კუთხით ურთიერთგადამკვეთ ორ ძელზე“. როგორც ვხედავთ, ეკლესიებმა გადმოიღეს წარმართული სიმბოლო, რასაც ბიბლიასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ზემოთ ხსენებული ისტორიკოსი აკენი წერს: „საეჭვოა, რომ იესოს სიკვდილიდან პირველი ორი საუკუნის განმავლობაში ქრისტიანებს საერთოდ გამოეყენებინათ ჯვრის სიმბოლო“. აკენი დასძენს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის „ჯვარი ისევე ასოცირდებოდა დანაშაულთან და სიკვდილთან, როგორც შემდგომი თაობებისთვის გილიოტინა ან ელექტროსკამი“.

რაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული იესოს საწამებლად და მოსაკლავად, ქრისტიანმა თაყვანისმცემლობაში არ უნდა გამოიყენოს არც მისი გამოსახულება და არც მისი სიმბოლო. ბიბლია მოგვიწოდებს: „გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“ (1 კორინთელები 10:14). იესომ თავად მოიხსენია, რა ნიშნით ამოიცნობოდნენ მისი ნამდვილი მიმდევრები. მან თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35).

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად ღმერთს ისე სცენ თაყვანი, როგორც ამას ბიბლია ითხოვს და არა ტრადიციული შეხედულებებისამებრ (რომაელები 3:4; კოლოსელები 2:8). ამიტომ, ისინი არ იყენებენ ჯვარს თაყვანისმცემლობაში.

[სურათი 22 გვერდზე]

რელიეფზე გამოსახულია ასურეთის წარმართი მეფე, რომელსაც გულზე ჯვარი ჰკიდია (ძვ. წ. დაახლოებით 800 წელი).

[საავტორო უფლება]

Photograph taken by courtesy of the British Museum