არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ესწრაფეთ ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას!

ესწრაფეთ ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას!

„[მიაღწიეთ] ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას“ (ეფეს. 4:13).

სიმღერები: 69, 70

1, 2. რა მხრივ უნდა გაიზარდოს ყველა ქრისტიანი? მოიყვანეთ მაგალითი.

კარგი დიასახლისი ბაზარში ხილს ზომისა და ფასის მიხედვით არ არჩევს. მისთვის გადამწყვეტი ხილის სიმწიფეა; მას სურს, რომ ხილი იყოს გემრიელი, არომატული და სასარგებლო. დიახ, იგი არჩევანს მწიფე ნაყოფზე აჩერებს.

2 მიძღვნისა და მონათვლის შემდეგ ქრისტიანი კვლავაც განაგრძობს სულიერ ზრდას. ახალმონათლული ქრისტიანის მიზანია, გახდეს ღვთის მოწიფული მსახური. მოწიფულობაში სულიერ მოწიფულობას ვგულისხმობთ და არა — ფიზიკურს. მოციქულმა პავლემ ეფესოელ ქრისტიანებს მისწერა, რომ კვლავაც განეგრძოთ სულიერი ზრდა. მან ეფესოელებს მოუწოდა, მიეღწიათ ერთიანობისთვის რწმენასა და ღვთის ძის შესახებ საფუძვლიან ცოდნაში და გამხდარიყვნენ ზრდადასრულებულნი, სანამ არ მიაღწევდნენ ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას (ეფეს. 4:13).

3. რა მდგომარეობა იყო ეფესოს კრებაში და რით ჰგავს ის დღეს კრებებში არსებულ ვითარებას?

3 როდესაც პავლემ ეფესოელებს თავისი წერილი მისწერა, ქალაქში კრება უკვე რამდენიმე წლის ჩამოყალიბებული იყო. იმ დროისთვის ბევრ ეფესოელ მოწაფეს სულიერი მოწიფულობისთვის უკვე მიეღწია. თუმცა კრებაში იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ჯერ კიდევ მართებდათ მოწიფულობისკენ სწრაფვა. დღეს იეჰოვას მოწმეთა კრებებში მსგავს სურათს ვხედავთ. ბევრი და-ძმა უკვე დიდი ხანია, რაც ღმერთს ემსახურება; ისინი სულიერად მოწიფული ქრისტიანები არიან. თუმცა ამას ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, ვინაიდან ყოველწლიურად ათასობით ახალი მაუწყებელი უძღვნის ღმერთს თავს და ინათლება; აქედან გამომდინარე, ორგანიზაციაში ყოველთვის არიან მაუწყებლები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროებენ სულიერობისკენ სწრაფვას. რის თქმა შეიძლება შენზე? (კოლ. 2:6, 7).

სულიერი ზრდა

4, 5. რა მხრივ შეიძლება განსხვავდებოდნენ მოწიფული ქრისტიანები ერთმანეთისგან, მაგრამ რა აქვთ მათ საერთო? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

4 როდესაც ბაზარში ხილის რომელიმე სახეობის ყიდვა გსურთ, თქვენ ამჩნევთ, რომ ერთი ნაყოფი მეორისგან განსხვავებულია. თუმცა საერთო ნიშან-თვისებების საფუძველზე ასკვნით, რომ ხილი მწიფეა. მსგავსად ამისა, მოწიფულ ქრისტიანებსაც შეიძლება განსხვავებული ეროვნება, კულტურა, წარმომავლობა და ასაკი ჰქონდეთ. გარდა ამისა, ისინი შესაძლოა განსხვავდებოდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობით, ცხოვრებისეული გამოცდილებითა თუ პიროვნული თვისებებით. მაგრამ უკლებლივ ყველა, ვინც სულიერად იზრდება, იძენს თვისებებს, რაც მათ მოწიფულობაზე მეტყველებს.

5 იეჰოვას მოწიფული მსახურები ცხოვრებაში იესოს მაგალითით ხელმძღვანელობენ და ერთგულად მიჰყვებიან მის ნაკვალევს (1 პეტ. 2:21). იესოს სიტყვების თანახმად, რა უნდა ყოფილიყო ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი? ის, რომ გვყვარებოდა იეჰოვა მთელი გულით, სულითა და გონებით და იმავდროულად, გვყვარებოდა მოყვასი საკუთარი თავივით (მათ. 22:37—39). მოწიფული ქრისტიანები ცდილობენ, რომ ამ რჩევის თანახმად იცხოვრონ. ისინი თავიანთი ცხოვრებით აჩვენებენ, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა მათთვის ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას და სხვების მიმართ თავგანწირულ სიყვარულს ავლენენ.

ხანში შესული ქრისტიანები ქრისტეს მსგავსად თავმდაბალნი არიან და ახალგაზრდა ძმებს, რომელთაც პასუხისმგებლობები გადააბარეს, მხარში უდგანან (იხილეთ მე-6 აბზაცი)

6, 7. ა) რომელია ზოგიერთი თვისება, რომლითაც მოწიფული ქრისტიანი უნდა გამოირჩეოდეს? ბ) რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

6 ჩვენ კარგად გვესმის, რომ სიყვარული იმ სულის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მოწიფული ქრისტიანი ავლენს (გალ. 5:22, 23). არ უნდა ჩავთვალოთ, რომ სულის ნაყოფის სხვა ნაწილები — რბილი ხასიათი, თავშეკავება და მოთმინება — ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს თვისებები ქრისტიანს ეხმარება, გაღიზიანების გარეშე გადალახოს რთული სიტუაცია და გაუმკლავდეს გულგატეხილობას ისე, რომ არ დაკარგოს იმედი. პირადი შესწავლის დროს მოწიფული ქრისტიანი იკვლევს ბიბლიურ პრინციპებს, რაც მას სწორის არასწორისგან გარჩევაში ეხმარება. შემდეგ ის უსმენს ბიბლიით განსწავლული სინდისის ხმას და იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, რაც მის მოწიფულობაზე მოწმობს. ამასთანავე, იგი თავმდაბლობას ავლენს და ესმის, რომ იეჰოვას ნორმები მის შეხედულებებზე მაღლა დგას. * იგი გულმოდგინედ ქადაგებს სასიხარულო ცნობას და კრებაში ერთობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

7 იმის მიუხედავად, თუ რამდენი ხანია, იეჰოვას ვემსახურებით, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „რომელ სფეროში მჭირდება გაუმჯობესება, რათა უკეთ მივყვე იესოს მაგალითს, რაც ჩემსავე სულიერ ზრდას შეუწყობს ხელს?“.

„მაგარი საჭმელი . . . მოწიფულთათვისაა“

8. რის საფუძველზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესომ კარგად იცოდა საღვთო წერილი?

8 იესომ ბრწყინვალედ იცოდა საღვთო წერილი. ის ჯერ კიდევ 12 წლისა იყო, როდესაც სულიერ საკითხებზე ტაძარში კანონის მასწავლებლებთან მსჯელობდა. ბიბლიაში მის შესახებ ვკითხულობთ: „მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა“ (ლუკ. 2:46, 47). ბიბლიიდან სხვა მონაკვეთიც გვახსოვს, როდესაც იესომ დედამიწაზე მსახურების დროს მოწინააღმდეგეთა დასადუმებლად წმინდა წერილებიდან შესაფერისი მონაკვეთი მოიშველია (მათ. 22:41—46).

9. ა) შესწავლაში დამხმარე რომელი ჩვევები წაგადგებათ, თუ სულიერად გაზრდა გწადიათ? ბ) რა არის ბიბლიის შესწავლის მიზანი?

9 იესოს მაგალითზე ვსწავლობთ, რომ ქრისტიანი, რომელსაც სულიერად გაზრდა სწადია, არ კმაყოფილდება ბიბლიის ზერელე ცოდნით. ის რეგულარულად იკვლევს ღვთის სიტყვას და გააზრებული აქვს, რომ „მაგარი საჭმელი . . . მოწიფულთათვის არის“ (ებრ. 5:14). ცხადია, მოწიფულ ქრისტიანს სურს, რომ საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს ღვთის ძის შესახებ (ეფეს. 4:13). თქვენზე რის თქმა შეიძლება, კითხულობთ ბიბლიას ყოველდღიურად? მიჰყვებით პირადი შესწავლის განრიგს და ყოველ ღონეს ხმარობთ, რომ დრო გამოყოთ ყოველკვირეულად ოჯახური თაყვანისცემის ჩასატარებლად? როდესაც ბიბლიას წაიკითხავთ, დაუკვირდით ბიბლიურ პრინციპებს, რომელიც უკეთ დაგანახვებთ, თუ რას ფიქრობს ან რას გრძნობს იეჰოვა. შემდეგ კი შეეცადეთ, რომ ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოთ და გადაწყვეტილებების მიღებისას ამ პრინციპებით იხელმძღვანელოთ. შედეგად, იეჰოვასთან ისეთ სიახლოვეს იგრძნობთ, როგორიც მანამდე არასდროს გიგრძვნიათ.

10. რა გავლენას ახდენს ბიბლიური ცოდნა მოწიფული ქრისტიანის ცხოვრებაზე?

10 მოწიფულ ქრისტიანს ესმის, რომ მხოლოდ ცოდნის შეძენა არ კმარა. მართალია, მას ცოდნა აქვს, მაგრამ უყვარს კი ღვთიური რჩევები და პრინციპები? ერთ-ერთი საშუალება, რითაც იგი ღვთის პრინციპებისადმი სიყვარულს გამოხატავს, მისი ცხოვრებისეული პრიორიტეტებია. სწორედ ეს პრიორიტეტები აჩვენებს, რომ მისი სურვილი იეჰოვას ნების შესრულებაა და არა საკუთარი მისწრაფებების დაკმაყოფილება. უფრო მეტიც, მოწიფული ქრისტიანი ძალ-ღონეს არ იშურებს, ძველი ჩვევებისა და ქცევების მოსაშორებლად. როდესაც იგი ასეთ გარდაქმნას ახდენს, ქრისტეს მსგავსი პიროვნებით იმოსება, „რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:22—24). ბიბლია ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობით დაიწერა; ამიტომ, როდესაც ქრისტიანი იღრმავებს ბიბლიურ ცოდნას და იყვარებს ღვთის პრინციპებს, წმინდა სულს გულსა და გონებაზე მოქმედების საშუალებას აძლევს. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მის სულიერ ზრდას ემსახურება.

ერთობა

11. როგორ გარემოში უწევდა ცხოვრება იესოს?

11 დედამიწაზე სრულყოფილ იესოს არასრულყოფილი ადამიანების გვერდით უხდებოდა ცხოვრება. იესო არასრულყოფილმა მშობლებმა აღზარდეს; იგი წლების განმავლობაში არასრულყოფილ ოჯახის წევრებთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა. იესოს მოციქულებიც არასრულყოფილები იყვნენ; ისინი ექცეოდნენ იმდროინდელი ქვეყნიერების გავლენის ქვეშ, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ამბიციურობა და პირველობის სული. მაგალითად, იესოს სიკვდილის წინა ღამეს „[მოციქულებს] შორის გაცხარებული დავა ატყდა იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი“ (ლუკ. 22:24). თუმცა იესო დარწმუნებული იყო, რომ მისი არასრულყოფილი მიმდევრები სულიერად გაიზრდებოდნენ და ჩამოაყალიბებდნენ კრებას, სადაც ერთობა დაისადგურებდა. იმავე საღამოს იესომ ილოცა, რომ მის მოციქულებს ჰყვარებოდათ ერთმანეთი და ჰქონოდათ ერთობა; მან მამას ასეთი რამ შესთხოვა: „ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან . . . რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი“ (იოან. 17:21, 22).

12, 13. ა) როგორ უსვამს ეფესოელების 4:15, 16 ხაზს იმის საჭიროებას, რომ კრებაში ყველამ შეუწყოს ხელი ერთობას? ბ) როგორ დაძლია ერთმა ძმამ სისუსტე და რა დაეხმარა მას იმის სწავლაში, თუ როგორ შეეწყო კრებაში ერთობისთვის ხელი?

12 ღვთის მოწიფული მსახური ხელს უწყობს კრების ერთობას (წაიკითხეთ ეფესოელების 4:1—6, 15, 16). ჩვენი მიზანია, ღვთის ხალხი „თანაზომიერად შეერთებული“ იყოს და კრების წევრები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. ერთობის მიღწევაში, როგორც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, თავმდაბლობა დაგვეხმარება. მოწიფულ ქრისტიანს თავმდაბლობა ეხმარება, რომ კრებაში ერთობას მაშინაც კი შეუწყოს ხელი, როცა და-ძმების ნაკლოვანებებს ხედავს. პირადად თქვენ, რა რეაქცია გაქვთ ასეთ დროს? ან იმ შემთხვევაში როგორ რეაგირებთ, თუ კრების რომელიმე წევრი უშუალოდ თქვენ გტკენთ გულს? როგორ იქცევით, ჩვეულებრივ, ასეთ დროს, „კედელს აღმართავთ“ თქვენსა და მწყენინებელს შორის, თუ „ჩატეხილი ხიდის გამთელებას“ ცდილობთ? მოწიფულმა ქრისტიანმა „კედელი კი არ უნდა აღმართოს“, „ხიდი უნდა აღადგინოს“.

13 მოდი, ერთი ჩვენი ძმის, უვეს, მაგალითი მიმოვიხილოთ. ადრე მას ძალიან სტკიოდა გული, როცა მასთან და-ძმები არასრულყოფილების გამო შეცდომებს უშვებდნენ. შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ბიბლიიდან და „საკვლევი ცნობარიდან“ დავითის ცხოვრება შეესწავლა. რატომ, მაინცდამაინც, დავითის? უვე გვპასუხობს: „დავითს გარშემომყოფნი უღვთოდ და გულცივად მოექცნენ. მაგალითად, მეფე საული მის მოკვლას შეეცადა; ზოგს მისი ჩაქოლვა სურდა, ის საკუთარმა ცოლმაც კი მასხრად აიგდო (1 სამ. 19:9—11; 30:1—6; 2 სამ. 6:14—22). თუმცა დავითმა არაფერს დართო ნება, რომ მისთვის იეჰოვას სიყვარული გაენელებინა. მას მოწყალე გულიც ჰქონდა, მეც სწორედ ასეთი გული მჭირდებოდა. ნასწავლი დამეხმარა, რომ სხვა თვალით შემეხედა თანამორწმუნეთა არასრულყოფილებისთვის. დღეს აღარ ვიმახსოვრებ და-ძმების შეცდომებს. ყოველმხრივ ვცდილობ, რომ კრებაში ერთობას შევუწყო ხელი“. უვეს მსგავსად, თქვენც გაქვთ მიზნად დასახული, რომ კრებაში ერთობას დაუჭიროთ მხარი?

მეგობრები ღვთის ხალხს შორის

14. როგორ ადამიანებს ირჩევდა იესო მეგობრებად?

14 იესო ქრისტე ყველასთან მეგობრული იყო. მის გვერდით კაცი, ქალი, ახალგაზრდა, ხანდაზმული თუ ბავშვი თავს თავისუფლად გრძნობდა. თუმცა იგი მეგობრების არჩევისას სიფრთხილეს იჩენდა. მან ერთხელ თავის ერთგულ მოციქულებს უთხრა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოან. 15:14). იესო მეგობრებს იმ ადამიანებს შორის ირჩევდა, რომლებიც მას ერთგულად მიჰყვებოდნენ და იეჰოვას მთელი გულით ემსახურებოდნენ. თქვენც იმ ადამიანებს შორის ირჩევთ მეგობრებს, რომლებიც ღმერთს მთელი შემართებით ემსახურებიან? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

15. რა მხრივ წაადგებათ ახალგაზრდებს მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობა?

15 ხილის ბევრ სახეობას დასამწიფებლად მზის შუქი და სითბო სჭირდება. მსგავსად ამისა, სითბო, რომელსაც მსოფლიო საძმო გაგრძნობინებთ, მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ახალგაზრდა ხარ და ფიქრობ, რა გზა აირჩიო ცხოვრებაში. შენი მხრიდან ნამდვილად ბრძნული საქციელი იქნება, თუ ურთიერთობა გექნება და-ძმებთან, რომლებსაც იეჰოვას მსახურებაში წლები აქვთ გატარებული და ქრისტიანულ კრებაში ერთობის ხელშესაწყობად ბევრი რამ უკეთებიათ. მათ ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, ალბათ, არაერთი ქარტეხილი დაატყდათ თავს, ჰქონიათ შედარებით დალხენილი პერიოდებიც; მათ შესაძლოა სირთულეები იეჰოვას მსახურებაშიც შეხვედრიათ. ასეთ ქრისტიანებს ნამდვილად შეუძლიათ, დაგეხმარონ, რომ საუკეთესო გზა აირჩიო ცხოვრებაში. ჩვენს და-ძმებთან თბილი და გამამხნევებელი ურთიერთობის წყალობით, შენ შეძლებ, მიიღო ბრძნული გადაწყვეტილებები და ისწრაფო მოწიფულობისკენ (წაიკითხეთ ებრაელების 5:14).

16. როგორ დაეხმარნენ ერთ ჩვენს ახალგაზრდა დას უფროსი ასაკის თანაქრისტიანები კრებაში?

16 მოდი, მოვიყვანოთ ერთი ჩვენი დის, ჰელგას, მაგალითი. ჰელგა იხსენებს, რომ სკოლაში სწავლის ბოლო წელს მისი თანაკლასელები ხშირად საუბრობდნენ თავიანთ მიზნებზე. ბევრი მათგანი უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას გეგმავდა, რადგან მიაჩნდათ, რომ სწორედ ეს იყო წარმატებული კარიერის საწინდარი. ჰელგამ ამის შესახებ თანაკრებელ მეგობრებს ესაუბრა. ის გვიამბობს: „მათგან ბევრი ჩემზე ასაკით უფროსი იყო. ისინი ძალიან დამეხმარნენ. მათ პიონერად მსახურების დაწყება მირჩიეს. სწორედ ამ რჩევის წყალობით პიონერულ მსახურებაში ხუთი წელი დავყავი. ახლა, როცა იმ წლებს ვიხსენებ, მახარებს, რომ ჩემი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სრული დროით მსახურებას დავუთმე. მიღებული გადაწყვეტილება არასდროს მინანია“.

17, 18. როგორ დაგვეხმარება სულიერი მოწიფულობა, რომ იეჰოვას მსახურებაში საუკეთესო გავიღოთ?

17 თუ ქრისტეს მიერ განვლილი გზა ჩვენთვის ეტალონი იქნება, ეს ჩვენს სულიერ ზრდას მოემსახურება. ამ ყოველივეს შედეგად, უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას და უფრო მეტი სურვილი გაგვიჩნდება, ბოლომდე დავიხარჯოთ მის მსახურებაში. როცა ღვთის მსახური სულიერად გაიზრდება და მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბდება, ის შეძლებს, რომ საუკეთესო გაიღოს იეჰოვასთვის. იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს: „თქვენი სინათლე ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათ. 5:16).

18 როგორც აღვნიშნეთ, მოწიფულ ქრისტიანს კრებაში ბევრი სასიკეთო საქმის კეთება შეუძლია. ქრისტიანის სულიერ მოწიფულობაზე მეტყველებს ისიც, თუ როგორ ხელმძღვანელობს ღვთისგან ბოძებული სინდისით. როგორ შეუძლია სინდისს, დაგვეხმაროს ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში? როგორ შეგვიძლია პატივი ვცეთ და-ძმების გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ისინი საკუთარი სინდისის საფუძველზე იღებენ? ამ საკითხებზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

^ აბზ. 6 მაგალითად, შესაძლოა ხანში შესულ, გამოცდილ ძმებს სთხოვონ, რომ პასუხისმგებლობები ახალგაზრდა ძმებს გადააბარონ და შემდეგ მხარში დაუდგნენ, რათა მათ ღირსეულად გაართვან თავი დავალებულს.