არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღირს აზრის შეცვლა?

ღირს აზრის შეცვლა?

ახალგაზრდა ქრისტიანებმა კინოში წასვლა გადაწყვიტეს. მათ იცოდნენ, რომ თავიანთმა თანასკოლელებმა ამ ფილმს უკვე უყურეს და ძალიან მოეწონათ. როდესაც კინოთეატრში შევიდნენ, აფიშაზე ცეცხლსასროლი იარაღები და შილიფად ჩაცმული ქალები შენიშნეს. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი? ყველაფრის მიუხედავად, მაინც უნდა დასწრებოდნენ კინოსეანსს?

ამ პირობითი სიტუაციიდან კარგად ჩანს, რომ ხშირად გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ჩვენს სულიერობასა და იეჰოვასთან ურთიერთობაზე ან უარყოფითად ან დადებითად აისახება. შესაძლოა რაიმეს გაკეთება უკვე გადაწყვიტეთ, მაგრამ საკითხის აწონ-დაწონის შემდეგ აზრს იცვლით. ნიშნავს ეს იმას, რომ მერყევი ადამიანი ხართ თუ ხანდახან აზრის შეცვლა აუცილებელიც კია?

როდესაც აზრის შეცვლა ყოვლად დაუშვებელია

იეჰოვას სიყვარულმა აღგვძრა, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება მისთვის მიგვეძღვნა და მოვნათლულიყავით. ამიტომ მთელი გულით გვსურს, ღვთის ერთგულები დავრჩეთ. თუმცა, ჩვენს მტერს, სატანა ეშმაკს, გადაწყვეტილი აქვს, ერთგულება დაგვაკარგვინოს (გამოცხ. 12:17). ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ვემსახუროთ იეჰოვას და მივყვეთ მის მითითებებს. ჩვენ თავი იეჰოვას მივუძღვენით და რა სამწუხარო იქნება, თუ აზრს შევიცვლით და ზურგს შევაქცევთ მას! ეს შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაგვიჯდეს.

26 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა უზარმაზარი ოქროს კერპი აღმართა და ბრძანა, რომ ყველა მის წინაშე დამხობილიყო და თაყვანი ეცა. ვინც ამ ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, გავარვარებულ ღუმელში ჩააგდებდნენ. სამი ღვთისმოშიში ახალგაზრდა, შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო, მეფის ბრძანებას არ დაემორჩილა. ვინაიდან მათ კერპის წინაშე არ დაიჩოქეს, ისინი გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს. ახალგაზრდები იეჰოვამ სასწაულებრივად დაიცვა. თუმცა ყმაწვილები მზად იყვნენ, რომ სიცოცხლესაც კი შელეოდნენ, ოღონდ კომპრომისზე არ წასულიყვნენ (დან. 3:1—27).

ბიბლიაში კიდევ ერთი გამამხნევებელი შემთხვევის შესახებ ვკითხულობთ. წინასწარმეტყველ დანიელს იმ დროსაც კი არ შეუწყვეტია ლოცვა, როცა ლომების ხაროში ჩაგდება ემუქრებოდა. აკრძალვის მიუხედავად, იგი ჩვეულებისამებრ, დღეში სამჯერ ლოცულობდა. დანიელს არ შეუცვლია გადაწყვეტილება — თაყვანი ეცა ჭეშმარიტი ღვთისთვის. შედეგად ღმერთმა „იხსნა დანიელი ლომის ტორებიდან“ (დან. 6:1—27).

დღეს მცხოვრები ღვთის მსახურებიც თავიანთი მიძღვნის თანახმად ცხოვრობენ. აფრიკის ერთ სკოლაში იეჰოვას მოწმე ბავშვებმა უარი თქვეს, მონაწილეობა მიეღოთ ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოს თაყვანისცემაში. ბავშვებს სკოლიდან გარიცხვით ემუქრებოდნენ, თუ ისინი სხვა მოსწავლეების მსგავსად არ მოიქცეოდნენ. მალე ამ ქალაქს განათლების მინისტრი ეწვია და რამდენიმე იეჰოვას მოწმეს გაესაუბრა. ბავშვებმა თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ აუხსნეს თავიანთი პოზიცია. მას შემდეგ ეს საკითხი აღარ წამოჭრილა. ახალგაზრდა მოწმეებს ახლა უკვე თავისუფლად შეუძლიათ სკოლაში სიარული და აღარავინ აიძულებთ კომპრომისზე წასვლას.

განვიხილოთ ჯოზეფის შემთხვევა, რომლის ცოლიც კიბოთი გარდაიცვალა. ჯოზეფის ნათესავებმა გაითვალისწინეს და დააფასეს მისი სურვილი დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით. მაგრამ მისი ცოლის ნათესავებმა, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, მოინდომეს ღვთისთვის მიუღებელი რიტუალების შესრულება. ჯოზეფი იხსენებს: „მე რომ ვერ შემაცვლევინეს აზრი, ჩემს ბავშვებზე გადავიდნენ, მაგრამ არც ისინი შეეპუენ. ნათესავებს სურდათ, რომ ტრადიციის მიხედვით მიცვალებულისთვის ღამე გაეთიათ. მაგრამ მე ვუთხარი, რომ თუ ამის გაკეთებას მაინც დაიჟინებდნენ, ეს ჩემს სახლში არ მოხდებოდა. მათ იცოდნენ, რომ ეს ჩემსა და ჩემი მეუღლის მრწამსს ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მათ მაინც გაუთიეს ღამე, მაგრამ სხვაგან.

გლოვის მძიმე დღეებში იეჰოვას ვევედრებოდი ძალა მოეცა ჩვენთვის, რომ არც ერთ ჩვენგანს მისი კანონი არ დაგვერღვია. იეჰოვამ შეისმინა ჩემი ლოცვები და დაგვეხმარა, რომ ნათესავების შემოტევების მიუხედავად, სიმტკიცე შეგვენარჩუნებინა“. ჯოზეფსა და მის შვილებს აზრის შეცვლაზე არც კი უფიქრიათ. მათ ესმოდათ, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობაში ყოველგვარი კომპრომისი ყოვლად დაუშვებელია!

როდესაც აზრის შეცვლა დასაშვებია

ახ. წ. 32 წელს პასექის დღესასწაულის გასვლიდან მალევე სიდონის მხარეში ყოფნისას იესო ქრისტეს სიროფინიკიელი ქალი მიუახლოვდა და რამდენჯერმე შეევედრა მისი გოგონასგან დემონი განედევნა. თავიდან იესომ მას არაფერი უპასუხა და მოწაფეებს უთხრა: „მე მხოლოდ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან ვარ გამოგზავნილი“. ქალი დაჟინებით სთხოვდა დახმარებას, რაზეც იესომ მიუგო: „არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ფინიებს გადაუგდო“. პასუხად ქალმა უთხრა: „ჰო, უფალო, მაგრამ ფინიებიც ხომ ჭამენ თავიანთი პატრონების სუფრიდან ჩამოცვენილ ნამცეცებს“. ქალმა ამ სიტყვებით ძლიერი რწმენა გამოავლინა. იესომ ქალს თხოვნა შეუსრულა და შვილი განუკურნა (მათ. 15:21—28).

იესო ჰბაძავდა იეჰოვას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ცვლის თავის გადაწყვეტილებას. მაგალითად, როდესაც ისრაელებმა ოქროს ხბო ჩამოასხეს, ღმერთმა მათი განადგურება გადაწყვიტა, მაგრამ მან გაითვალისწინა მოსეს თხოვნა და გადაწყვეტილება შეცვალა (გამ. 32:7—14).

მოციქული პავლეც ჰბაძავდა იეჰოვასა და იესოს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პავლეს არ უნდოდა მარკოზად წოდებული იოანეს მისიონერულ მსახურებაში წაყვანა. მას მიაჩნდა, რომ ის ასეთი მსახურებისთვის შეუფერებელი იყო, ვინაიდან პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს მიატოვა პავლე და ბარნაბა. თუმცა, როგორც ჩანს, პავლემ მარკოზთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა და მიხვდა, რომ ის კარგი დამხმარე იქნებოდა მსახურებაში. სწორედ ამიტომ პავლემ ტიმოთეს უთხრა: „მარკოზიც წამოიყვანე, რადგან მსახურებაში დამჭირდება“ (2 ტიმ. 4:11).

როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა გულმოწყალე, მომთმენი და მოსიყვარულეა, ეს აღგვძრავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენც შევიცვალოთ აზრი. მაგალითად, შეიძლება სხვებზე შეხედულება შეგვეცვალოს. იეჰოვასა და იესოსგან განსხვავებით ჩვენ არასრულყოფილები ვართ და თუკი ისინი იცვლიან აზრს, ჩვენ ხომ უფრო მეტად გვმართებს, ვუთანაგრძნოთ სხვებს და საჭიროების შემთხვევაში აზრი შევიცვალოთ?!

აზრის შეცვლა შესაძლოა მაშინაც საჭირო გახდეს, როცა საქმე თეოკრატიულ მიზნებს ეხება. ზოგი, ვინც ბიბლიას სწავლობს და ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრება, შეიძლება არ ჩქარობს მონათვლას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ძმას მსახურების გაფართოება შეუძლია, შესაძლოა თავს იკავებს და არ იწყებს პიონერულ მსახურებას. ზოგი ძმა კი შესაძლოა კრებაში თეოკრატიული პასუხისმგებლობების მიღებისკენ არ ისწრაფოდეს (1 ტიმ. 3:1). თქვენი თავი ხომ არ გეცნოთ რომელიმე სიტუაციაში? ერთი რამ იცოდეთ: იეჰოვა გულთბილად გიწვევთ, რომ საკუთარ თავზეც გამოსცადოთ სიხარული, რაც მის მსახურებას მოაქვს. ამიტომ კარგი იქნება, თუ აზრს შეიცვლით და თავად დარწმუნდებით, რამხელა ბედნიერებაა, ემსახურებოდე ღმერთსა და მოყვასს.

თუ შეხედულებას შეიცვლი, იეჰოვა გაკურთხებს

ელა, რომელიც იეჰოვას მოწმეების აფრიკის ფილიალში მსახურობს, გვიყვება: „როდესაც ბეთელში მიმიწვიეს, არ ვიცოდი, რამდენ ხანს მომიწევდა იქ მსახურება. მთელი გულით მინდოდა, მემსახურა იეჰოვასთვის, მაგრამ ოჯახის გარეშე ყოფნა მიჭირდა. თავიდან ძალიან მენატრებოდნენ ოჯახის წევრები, მაგრამ ჩემი თანაოთახელი ყოველთვის მამხნევებდა. მეც გადავწყვიტე, არ შემეწყვიტა ბეთელში მსახურება. ახლა უკვე ათი წელია ბეთელში ვმსახურობ. მსურს, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე აქ და ასეთი სახით ვემსახურო და-ძმებს“.

როდესაც შეხედულების შეცვლა აუცილებელია

გახსოვთ, რა დაემართა კაენს, როდესაც თავისი ძმის შეშურდა და რისხვით აენთო? ღმერთმა სახემოღუშულ კაენს უთხრა, რომ თუ კარგს გააკეთებდა, მიიღებდა მას. იეჰოვამ კაენი გააფრთხილა: „ცოდვაა ჩასაფრებული კართან . . . იბატონებ მასზე?!“. კაენს შეეძლო შეეცვალა აზრიცა და დამოკიდებულებაც, მაგრამ მან ღვთის რჩევას წაუყრუა. კაენმა მოკლა თავისი ძმა და კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვლელი გახდა! (დაბ. 4:2—8).

როგორ განვითარდებოდა მოვლენები, კაენს აზრი რომ შეეცვალა?

განვიხილოთ მეფე უზიას მაგალითიც. თავიდან ის ღვთისმოსაწონად იქცეოდა და გამუდმებით ეძებდა ღვთის ხელმძღვანელობას. მაგრამ, სამწუხაროდ, უზია გაამაყდა და ღმერთთან მის ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ უზია მღვდელი არ იყო, იგი ტაძარში შევიდა და საკმეველი აკმია. შეიცვალა უზიამ შეხედულება, როდესაც მღვდლებმა გააფრთხილეს, რომ არ გაკადნიერებულიყო? მან არად ჩააგდო გაფრთხილება და განრისხდა კიდეც მათზე. შედეგად იეჰოვამ მას კეთრი შეჰყარა (2 მატ. 26:3—5, 16—20).

ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც აუცილებლად უნდა შევიცვალოთ შეხედულება. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. ხოაკიმი 1955 წელს მოინათლა, მაგრამ 1978 წელს გაირიცხა. 20 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ მან მოინანია და კვლავ იეჰოვას მოწმე გახდა. ერთხელ უხუცესმა ჰკითხა, თუ რატომ დასჭირდა მოსანანიებლად ამდენი დრო, რაზეც ხოაკიმმა უპასუხა: „ძალიან გაბრაზებული ვიყავი. სიამაყეც ხელს მიშლიდა. ახლა ვნანობ, რომ ამდენი დრო ტყუილუბრალოდ დავკარგე. მე ხომ ეჭვი არასდროს შემპარვია იმაში, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ“. ხოაკიმს აუცილებლად უნდა შეეცვალა შეხედულება და მოენანიებინა.

შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, რომ საჭირო გახდეს აზროვნებისა და ცხოვრების წესის შეცვლა. თუ გვსურს იეჰოვას მოწონება დავიმსახუროთ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ (ფსალმ. 34:8).