არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ის კაიაფას საგვარეულოს მიეკუთვნებოდა

ის კაიაფას საგვარეულოს მიეკუთვნებოდა

დროდადრო არქეოლოგიური აღმოჩენები პირდაპირ თუ ირიბად ადასტურებს ბიბლიური პერსონაჟების არსებობას. მაგალითად, 2011 წელს ისრაელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია ერთი ასეთი აღმოჩენის შესახებ. ეს არის 2 000 წლის ოსუარიუმი, კირქვით მოჩუქურთმებული ყუთი, სადაც ინახავდნენ გარდაცვლილთა ძვლებს, სხეულის გახრწნის შემდეგ.

ამ ოსუარიუმზე ეწერა: „ბეთ იმრელი მააცია მღვდლის შთამომავლის, კაიაფას ვაჟის, იეშუას ქალიშვილი მირიამი“. იუდეველი მღვდელმთავარი, რომელიც მონაწილეობდა იესოს დაპატიმრებასა და გასამართლებაში, კაიაფა იყო (იოან. 11:48—50). ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამ მღვდელმთავარს „კაიაფად წოდებულ იოსებად“ მოიხსენიებს. აშკარაა, რომ ეს ოსუარიუმი ეკუთვნოდა ერთ-ერთ მის ნათესავს. რადგან მანამდე აღმოჩენილი ოსუარიუმი, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა „იეჰოსეფ ბარ კაიაფა“ ანუ იოსებ კაიაფას ძე, * სავარაუდოდ ეკუთვნოდა მღვდელმთავარს, რომელიც ასე უწოდებდა საკუთარ თავს, მირიამი იყო კაიაფას ნათესავი.

ისრაელის ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მირიამის ოსუარიუმი დაიბრუნეს ქურდებისგან, რომლებმაც ძველი სამარხი გაძარცვეს. ამ არქეოლოგიური ძეგლის შესწავლამ და მასზე გაკეთებულმა წარწერამ დაადასტურა, რომ ის ორიგინალი იყო.

მირიამის ოსუარიუმი სხვა ახალ ინფორმაციასაც გვაწვდის. მასზე მოცემული წარწერა მიუთითებს მააციაზე, რომელიც იერუსალიმის ტაძარში მონაცვლეობით მომსახურე ბოლო, 24-ე მღვდელი იყო (1 მატიანე 24:18). ამ წარწერიდან ვიგებთ, რომ „კაიაფას საგვარეულო მააციას ჯგუფიდან მოდის“, — გვატყობინებს ისრაელის ძეგლთა დაცვის სამსახური.

ამ წარწერაზე ბეთ იმრიც არის ნახსენები. ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი სხვადასხვა მოსაზრება. „პირველი მოსაზრების თანახმად, ბეთ იმრი შესაძლოა იყოს სამღვდელო საგვარეულოს, იმერის ვაჟების სახელი (ეზრა 2:36, 37; ნეემია 7:39—42). მათი შთამომავლები შედიოდნენ მააციას ჯგუფში, — იუწყება ისრაელის ძეგლთა დაცვის სამსახური. — მეორე მოსაზრების თანახმად, [ბეთ იმრი] შესაძლოა იყოს მირიამის ან მისი ოჯახის სამშობლო“. ნებისმიერ შემთხვევაში მირიამის ოსუარიუმი ამტკიცებს, რომ ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანები და მათი საგვარეულოები ნამდვილად არსებობდნენ.

^ აბზ. 3 კაიაფას ოსუარიუმთან დაკავშირებით იხილეთ 2006 წლის 15 იანვრის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია „მღვდელმთავარი, რომელმაც მსჯავრი დასდო იესოს“, გვერდები 10—13.