არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სპეციალისტები დღეს ერთს ამბობენ, ხვალ — მეორეს

სპეციალისტები დღეს ერთს ამბობენ, ხვალ — მეორეს

სპეციალისტები დღეს ერთს ამბობენ, ხვალ — მეორეს

ინტერნეტის საძიებელში თუ მოძებნით ინფორმაციას სიტყვებით: „მშობლობა“ და „რჩევა“, ეკრანზე მაშინვე 26 მილიონზე მეტი მითითება გამოჩნდება. თუ თითოეული მითითების გახსნასა და მასალის წაკითხვას მხოლოდ ერთ წუთს დაუთმობთ, იმდენი დრო გავა, რომ ამასობაში თქვენი შვილი გაიზრდება და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს.

სად ეძებდნენ ადრე მშობლები რჩევებს, როცა პედიატრები, ბავშვთა ფსიქოლოგები და ინტერნეტი არ არსებობდა? ამისათვის, ჩვეულებრივ, ახლო ნათესავებს მიმართავდნენ. დედები, მამები, დეიდები, მამიდები და ბიძები მზად იყვნენ რჩევების მისაცემად, ფინანსური მხარდაჭერის აღმოსაჩენად და ბავშვის მოვლაში ხელის შესაშველებლად. მაგრამ ბევრ ქვეყანაში სოფლებიდან ქალაქებში ხალხის მასიურად გადასვლამ განაპირობა ის, რომ ნათესავებს შორის ასეთი ახლო ურთიერთობები დაიკარგა. დღეს ხშირად მშობლებს სხვების დახმარების გარეშე უწევთ შვილების აღზრდისას სირთულეებთან გამკლავება.

უდავოა, ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იზრდება ასე სწრაფად იმ საშუალებათა რიცხვი, რომლებიც ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ რჩევებს იძლევა. სხვა მიზეზი კი ის არის, რომ ხალხს სჯერა მეცნიერების. XIX საუკუნის მიწურულს ამერიკელები თითქმის დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მეცნიერებას შეეძლო ადამიანთა ცხოვრების ნებისმიერი სფეროს გაუმჯობესება. მათი აზრით, ეს ბავშვების აღზრდის საკითხსაც ეხებოდა. ასე რომ, როდესაც ამერიკის დედათა ეროვნულმა კონგრესმა 1899 წელს „მშობელთა არაკომპეტენტურობის“ შესახებ თავისი სატკივარი გამოთქვა, მეცნიერთა მთელი პლეადა მზად იყო მათთვის დახმარების აღმოსაჩენად. ისინი მშობლებს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ გამოსავლის პოვნაში.

რჩევებისთვის წიგნებს მიმართავენ

რას მიაღწიეს სპეციალისტებმა? ნაკლებად აღელვებთ დღეს ეს საკითხი მშობლებს? უკეთ არიან ისინი აღჭურვილნი შვილების აღსაზრდელად? ბრიტანეთში ჩატარებული ერთი გამოკითხვის თანახმად, ეს ნამდვილად არ არის ასე. ამ გამოკითხვამ ცხადყო, რომ მშობელთა 35 პროცენტი შვილების აღსაზრდელად დღემდე ეძებს საიმედო რჩევებს. სხვები ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი საკუთარი ინსტინქტით მოქმედებაა.

თავის წიგნში („Raising America: Experts, Parents, and a Century of Advice About Children“) ენ ჰულბერტი აქვეყნებს ბავშვების აღზრდის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურის კვლევის შედეგებს. ჰულბერტი, რომელიც თავად ორი შვილის დედაა, აღნიშნავს, რომ მეცნიერთა დასკვნებიდან ცოტა თუ არის მეცნიერულად დასაბუთებელი. ფაქტობრივად, მათი რჩევები ობიექტურ მონაცემებზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ პირად გამოცდილებაზე. როგორც ჩანს, ის, რაც დაიწერა, დღევანდელი გადასახედიდან უსარგებლო, ურთიერთსაპირისპირო და ზოგჯერ ძალიან უცნაურია.

შედეგად, რა მდგომარეობაში არიან დღეს მშობლები? გულწრფელად რომ ვთქვათ, ამდენი რჩევის, შეხედულებისა თუ ურთიერთგამომრიცხავი აზრის გამო ბევრი დაბნეულია. მაგრამ ყველა მშობელი არ ფიქრობს, რომ ხელმძღვანელობის გარეშეა დარჩენილი. როგორც მომდევნო სტატია გვიჩვენებს, მთელ მსოფლიოში ყველა მშობელს შეუძლია მიმართოს სიბრძნის უძველეს წყაროს, რომელიც დღემდე საიმედო რჩევებს იძლევა.