არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკვდარი ზღვის გრაგნილები — რატომ უნდა ვიყოთ მათით დაინტერესებული?

მკვდარი ზღვის გრაგნილები — რატომ უნდა ვიყოთ მათით დაინტერესებული?

მკვდარი ზღვის გრაგნილები — რატომ უნდა ვიყოთ მათით დაინტერესებული?

მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამდე ებრაული წერილების უძველესი მანუსკრიპტები დაახლოებით ახ. წ. IX და X საუკუნეებით თარიღდებოდა. შეიძლებოდა ამ მანუსკრიპტებზე, როგორც ღვთის სიტყვის ზუსტ წყაროზე, სრული დანდობა, რადგან ებრაული წერილების დაწერა ათას წელზე მეტი ხნის წინათ დასრულდა? პროფესორი ხულიო ტრებოიე ბარერა, რომელიც მკვდარი ზღვის გრაგნილების რედაქტორთა საერთაშორისო ჯგუფის წევრია, ამბობს: «„ესაიას გრაგნილი“ [კუმრანიდან] იმის უტყუარ მტკიცებას გვაწვდის, რომ ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე ებრაელი გადამწერების მიერ ბიბლიური ტექსტები საოცრად ზუსტად და გულმოდგინედ იყო გადაწერილი».

გრაგნილი, რომელზეც ბარერა საუბრობს, მთლიან „ესაიას“ წიგნს მოიცავს. დღემდე კუმრანში ნაპოვნი 200-ზე მეტი ბიბლიური მანუსკრიპტიდან „ესთერის“ წიგნის გარდა ებრაული წერილების ყველა წიგნის გარკვეული ეპიზოდები ამოიცნეს. „ესაიას“ წიგნისგან განსხვავებით, ბიბლიური წიგნების უმეტესობის მხოლოდ ფრაგმენტებია შემონახული, რომლებიც წიგნის ერთ მეათედზე ნაკლებს მოიცავს. ყველაზე პოპულარული ბიბლიური წიგნები კუმრანში იყო: „ფსალმუნი“ (36 ასლი), „მეორე რჯული“ (29 ასლი) და „ესაია“ (21 ასლი). ყველაზე ხშირად ამ წიგნებიდან ციტირებენ ქრისტიანული ბერძნული წერილები.

თუმცა გრაგნილები ცხადყოფს, რომ ბიბლია თითქმის არ შეცვლილა, იმასაც ცხადყოფს, რომ იუდეველები აღდგენილ ტაძარში ებრაული ბიბლიის რამდენიმე ვარიანტს იყენებდნენ, რომლებიც მეტ-ნაკლებად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ყველა ხელნაწერის მართლწერა და აზრის გადმოცემის ხერხი არ შეესაბამება მასორეტულ ტექსტებს. ზოგიერთი ბერძნულ სეპტუაგინტასთან უფრო ახლოსაა. ადრე სწავლულები ფიქრობდნენ, რომ სხვაობები „სეპტუაგინტაში“ შეიძლებოდა მთარგმნელების შეცდომების ან წინასწარგანზრახვის შედეგი ყოფილიყო. ახლა კი გრაგნილებმა დაგვანახვეს, რომ ამ სხვაობებიდან უმრავლესობა თვითონ ებრაულ ტექსტში არსებული ვარიაციებით იხსნება. ამით შეიძლება აიხსნას ზოგიერთი შემთხვევა, როდესაც პირველი ქრისტიანები ებრაული წერილების ციტირებისას მასორეტული ტექსტებისგან განსხვავებულ სიტყვებს იყენებდნენ (გამოსვლა 1:5; საქმეები 7:14).

ამგვარად, ბიბლიური გრაგნილებისა და მათი ფრაგმენტების ეს ძვირფასი მონაპოვრები საუკეთესო საფუძველს წარმოადგენენ იმის შესასწავლად, თუ როგორ მოაღწია დღემდე ბიბლიის ებრაულმა ტექსტმა. მკვდარი ზღვის გრაგნილებმა დაამტკიცა, რომ სეპტუაგინტასა და „სამარიულ ხუთწიგნეულთან“ შესადარებლად მისი გამოყენება მეტად ფასეულია. ისინი დამატებითი წყარო აღმოჩნდა ბიბლიის მთარგმნელებისთვის მასორეტულ ტექსტში შესაძლო შესწორებების შესატანად. ბევრ შემთხვევაში, მათ დაადასტურეს „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტის“ გადაწყვეტილება, რომ აღედგინათ იეჰოვას სახელი იქ, სადაც ეს მასორეტული ტექსტებიდან ამოღებული იყო.

გრაგნილებში აღწერილია კუმრანში მყოფი თემების ადათ-წესები და მრწამსი, რითაც ნათელი ეფინება იმას, რომ იესოს დროს იუდაიზმის მხოლოდ ერთი ფორმა არ იყო გავრცელებული ამ მხარეში. კუმრანის თემის წევრებს ფარისევლებისა და სადუკეველებისგან განსხვავებული ტრადიციები ჰქონდათ. შესაძლებელია ამ სხვაობებმა აღძრა თემის წევრები, უდაბნოში გადახვეწილიყვნენ. ისინი არასწორად მიიჩნევდნენ თავიანთ თავს ესაიას 40:3-ის შემსრულებლებად. სადაც ნაწინასწარმეტყველებია უდაბნოდან ხმის შესახებ, რომელიც ამზადებდა იეჰოვას გზას. ხელნაწერების რამდენიმე ფრაგმენტი ეხება მესიას, რომლის მოსვლასაც ავტორები გარდაუვლად მიიჩნევდნენ. ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ლუკა ამბობს, რომ ‘ხალხი მესიის მოსვლის მოლოდინში იყო’ (ლუკა 3:15).

მკვდარი ზღვის გრაგნილები წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ იუდეველები იმ პერიოდში, როდესაც იესო ქადაგებდა. ის გვაწვდის ინფორმაციას, რომლის შესადარებლად გამოყენება შეიძლება ძველი ებრაული ტექსტებისა და ბიბლიის ტექსტის შესასწავლად. მაგრამ მკვდარი ზღვის ბევრი გრაგნილი ჯერ კიდევ საჭიროებს უფრო ღრმა ანალიზს. ამიტომ შეიძლება ახალი რამ კვლავაც გავიგოთ. დიახ, XX საუკუნის ყველაზე დიდებული არქეოლოგიური მონაპოვარი კვლავ აღაფრთოვანებს სწავლულებსა და ბიბლიის მკვლევარებს დღესაც კი, როდესაც XXI საუკუნეში შევაბიჯეთ.

[სურათის საავტორო უფლებები 7 გვერდზე]

Qumran excavations: Pictorial Archive (Near Eastern History) Est.; manuscript: Courtesy of Shrine of the Book, Israel Museum, Jerusalem