არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საშველად მოხმობა

საშველად მოხმობა

საშველად მოხმობა

„ღმერთმა დამივიწყა!“ — ამოიოხრა ერთმა ბრაზილიელმა ქალმა. ქმრის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ოდესმე გიცდიათ დამწუხრებული ადამიანის ნუგეშისცემა ან საშველად მოხმობაზე გამოხმაურება?

ზოგი იმდენად გულდამძიმებული ხდება, რომ სიცოცხლეს ისწრაფებს; მათგან მრავალი ახალგაზრდაა. გაზეთ „ფოლია დი სან-პაულუს“ თანახმად, ბრაზილიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ „ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობათა რიცხვი 26 პროცენტით გაიზარდა“. მაგალითად, განვიხილოთ ვალტერის *, ახალგაზრდა სან-პაულუელის, შემთხვევა. ის უდედმამოდ გაიზარდა; უსახლკარო იყო; მოსვენება არ ჰქონდა და არ ჰყავდა მეგობრები, რომლებზე დანდობაც შეიძლებოდა. ტანჯვა-წამებისთვის ბოლოს მოსაღებად ვალტერმა გადაწყვიტა, ხიდიდან გადამხტარიყო და თავი მოეკლა.

მარტოხელა დედას, ედნას, უკვე ორი შვილი ჰყავდა, როდესაც სხვა მამაკაცს შეხვდა. ამ შეხვედრიდან მხოლოდ ერთი თვე იყო გასული, როცა მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს ამ მამაკაცის დედის სახლში. ეს ქალი სპირიტიზმის მიმდევარი და ლოთი იყო. ედნას კიდევ ერთი შვილი შეეძინა, რის შემდეგაც სმა დაიწყო და ისეთ დეპრესიაში ჩავარდა, რომ თავის მოკვლას ცდილობდა. ბოლოს ედნას დედობის უფლება ჩამოერთვა.

რა შეიძლება ითქვას უფროსი ასაკის ხალხზე? მარია მხიარული და ენაწყლიანი ქალი იყო, მაგრამ ასაკში შესვლის შემდეგ სამუშაოს დაკარგვის შიში გაუჩნდა. ის მედდად მუშაობდა და ეშინოდა, სამსახურში რამე შეცდომა არ დაეშვა. ამან მარია დეპრესიაში ჩააგდო; თვითმკურნალობის მცდელობის შემდეგ მან დახმარებისთვის ექიმებს მიმართა. შედეგი თითქოს კარგი იყო, მაგრამ, როდესაც 57 წლის ასაკში სამსახურიდან გაათავისუფლეს, მარიას დეპრესია ისეთი სიძლიერით განუმეორდა, რომ გამოსავალს ვერსად ხედავდა; მან თვითმკვლელობაზე ფიქრი დაიწყო.

„დეპრესიაში მყოფთა დაახლოებით 10 პროცენტი თავის მოკვლას ცდილობს“, — აღნიშნავს სან-პაულუს უნივერსიტეტის პროფესორი ხოსე ალბერტო დელ პორტო. „ძნელი დასაჯერებელია, რომ თვითმკვლელობის შედეგად უფრო მეტი იღუპება, ვიდრე მკვლელობის შედეგად, მაგრამ ეს სამწუხარო ფაქტია“, — იუწყება შეერთებული შტატების სამედიცინო სამმართველოს უფროსი დ-რ დეივიდ სეთჩერი.

ზოგჯერ თვითმკვლელობის მცდელობა, ფაქტობრივად, საშველად მოხმობაა. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სურთ, რომ სათანადოდ მოექცნენ იმედდაკარგულ ადამიანს. მაგრამ, ცხადია, ვერანაირ დახმარებას ვერ აღმოუჩენს დეპრესიაში მყოფს ისეთი სიტყვების მოსმენა, როგორიცაა: „ნუ ნერვიულობ“, „ბევრი შენზე უარეს მდგომარეობაშია“ ან „დროდადრო ყველას გვიდგება ხოლმე შავი დღეები“. ნაცვლად ამისა, რატომ არ უნდა გამოგვევლინა ნამდვილი მეგობრობა და არ ვყოფილიყავით კარგი მსმენელი? დიახ, ეცადეთ, გულდამძიმებულ ადამიანს დაეხმაროთ იმის დანახვაში, რომ სიცოცხლე მართლაც ღირს.

ფრანგი მწერალი ვოლტერი წერდა: „ადამიანი, რომელიც მელანქოლიის უეცარი მოძალების დროს დღეს თავს იკლავს, ერთი კვირა რომ მოეცადა, კვლავ სიცოცხლის სურვილით აივსებოდა“. მაშ, როგორ შეიძლება სასოწარკვეთილებმა დაინახონ, რომ სიცოცხლე მართლაც ღირს?

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათი 3 გვერდზე]

სულ უფრო მეტი ახალგაზრდა და სრულასაკოვანი ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.

[სურათი 4 გვერდზე]

როგორ შეგიძლიათ დახმარება აღმოუჩინოთ ადამიანს, რომელსაც იმედი დაკარგული აქვს?