არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„თქვენ ... ამდენი გცოდნიათ ბიბლიის შესახებ“

„თქვენ ... ამდენი გცოდნიათ ბიბლიის შესახებ“

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

„თქვენ . . . ამდენი გცოდნიათ ბიბლიის შესახებ“

როდესაც 12 წლის იესო რელიგიურ წინამძღოლებთან გაბედულად ლაპარაკობდა იერუსალიმში, „ყველა მის მსმენელს აოცებდა მისი გონება და პასუხი“ (ლუკა 2:47). მსგავსადვე, დღესაც იეჰოვას ბევრი ახალგაზრდა მსახური იკრებს გამბედაობას, რათა დაელაპარაკოს თავის მასწავლებლებსა და თანაკლასელებს ღვთისა და ბიბლიის შესახებ, და ხშირად ისინი ძალიან კარგ შედეგებს აღწევენ.

14 წლის ტიფანი გაკვეთილზე იყო, როდესაც განიხილებოდა დანიელის 9:24—27-ზე დაფუძნებული ბიბლიური წინასწარმეტყველება 70 შვიდეულისგან შემდგარი წლის შესახებ. მუხლების თაობაზე მასწავლებელმა მწირი ფაქტები მოიყვანა და სწრაფად გადავიდა სხვა საკითხზე.

თავიდან ტიფანი ვერ ბედავდა ხელის აწევას. „გარკვეული მიზეზების გამო, — ამბობს ის, — ნამდვილად შევწუხდი, რომ მუხლები არ იყო სრულად ახსნილი. მაგრამ სანამ ეს გავათვითცნობიერე, ხელი უნებურად ავწიე“. მასწავლებელი გაოცდა იმის გამო, რომ ვიღაცას ნამდვილად რაღაცის თქმა უნდოდა ამ თემის შესახებ, მაშინ როცა მოსწავლეების უმრავლესობას გაუჭირდა ამის გაგება.

როგორც კი წინასწარმეტყველების ახსნის შესაძლებლობა მიეცა, ტიფანი ადგა და წინასწარი მომზადების გარეშე დაიწყო ლაპარაკი. როდესაც მორჩა, კლასში სამარისებური სიჩუმე იდგა. ტიფანი ცოტა ნერვიულობდა. კლასმა ის ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

„ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო, ტიფანი, ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო“, — არაერთხელ იმეორებდა მასწავლებელი. მან აღიარა, რომ იცოდა, ამ მუხლებში გაცილებით მეტი რამ უნდა ყოფილიყო ჩადებული, და რომ ტიფანი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ისინი ასე ნათლად აუხსნა. გაკვეთილის დასასრულს მან ჰკითხა ტიფანის, საიდან იცოდა ამდენი ბიბლიის შესახებ.

„საქმე ის არის, რომ იეჰოვას მოწმე ვარ, — უპასუხა მან, — ჩემმა მშობლებმა რამდენიმეჯერ ამიხსნეს ეს წინასწარმეტყველება, სანამ არ გავიგე“.

თანაკლასელებიც გაოცებული იყვნენ იმით, თუ რამდენად კარგად იცოდა ბიბლია. ერთმა მოსწავლემ უთხრა: „ახლა გავიგე, თქვენ, იეჰოვას მოწმეები, რატომ დადიხართ კარდაკარ; იმიტომ, რომ ამდენი გცოდნიათ ბიბლიის შესახებ“. სხვები შეპირდნენ, რომ აღარასოდეს დასცინებდნენ რწმენის გამო.

როდესაც ტიფანიმ მშობლებს უამბო ამ შემთხვევის შესახებ, მათ ურჩიეს, თავისი მასწავლებლისთვის შეეთავაზებინა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. როდესაც ის ასე მოიქცა და მასწავლებელს ის ნაწილი უჩვენა, რომელიც დანიელის წინასწარმეტყველებას ხსნიდა, მან მაშინვე აიღო წიგნი და მადლობა გადაუხადა.

ნამდვილად, როდესაც ქრისტიანი ახალგაზრდები გაბედულად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რაც მშობლებმა ასწავლეს ღვთისა და ბიბლიის შესახებ, ისინი ხოტბას ასხამენ იეჰოვას და პატივს მიაგებენ მას, თავად კი კურთხეულები არიან (მათე 21:15, 16).