არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა აღმოაჩინეს იზრეყელში?

რა აღმოაჩინეს იზრეყელში?

რა აღმოაჩინეს იზრეყელში?

საუკუნეების განმავლობაში ძველი ქალაქი, იზრეყელი, გაუკაცრიელებული იყო. ერთ დროს, ბიბლიურ ეპოქაში ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ახლა კი, ის ძველ დიდებას მოკლებულია და მიწის ფენებით არის დაფარული. მისგან ყორღანი ანუ ბორცვიღა დარჩა. გასულ წლებში არქეოლოგებმა იზრეყელის ნანგრევების შესწავლა დაიწყეს. რას ცხადყოფს ეს ნაშთები ბიბლიური მონათხრობის შესახებ?

იზრეყელი ბიბლიაში

იზრეყელის ველის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი იზრეყელი ძველი ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მხარეში იყო განლაგებული. პირდაპირ, ველის ჩრდილოეთით, მდებარეობს მორეს ბორცვი, სადაც მიდიანელები დაბანაკდნენ, როდესაც მსაჯულ გედეონსა და მის ჯარზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. ოდნავ აღმოსავლეთით, გილბოაყის მთის ძირას, არის ქაროდის ხევი. აქ იეჰოვამ გედეონის ჯარი ათასებიდან მხოლოდ 300 კაცამდე შეამცირა, რათა ეჩვენებინა თავისი უნარი, რომ ძლიერი შეიარაღებული ძალის გარეშე შეეძლო თავისი ხალხის ხსნა (მსაჯულნი 7:1—25; ზაქარია 4:6). ახლომდებარე გილბოაყის მთაზე ხელჩართულ ბრძოლაში ფილისტიმელებმა დაამარცხეს ისრაელის პირველი მეფე, საული. ამ ბრძოლის დროს მოკლეს იონათანი და საულის ორი სხვა ვაჟი, ხოლო თავად საულმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე (პირველი მეფეთა 31:1—5).

ბიბლიური ცნობები ქალაქ იზრეყელის შესახებ საოცარი კონტრასტებით გამოირჩევა. ეს ცნობები ისრაელის მმართველთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და მათი განდგომილების, აგრეთვე იეჰოვას მსახურთა ერთგულებისა და თავგამოდების შესახებ მოგვითხრობს. ისრაელის ჩრდილოეთის ათი ტომის სამეფოს მმართველმა, მეფე აქაბმა, ძვ. წ. X საუკუნის მეორე ნახევარში თავისი სამეფო რეზიდენცია იზრეყელში გადმოიტანა, თუმცა ოფიციალური დედაქალაქი სამარია იყო (მესამე მეფეთა 21:1). იზრეყელში იყო, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველ ელიას აქაბის არაებრაელი ცოლი, იზებელი, სიკვდილით ემუქრებოდა. ის გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ ელიამ უშიშრად დასაჯა ბაალის წინასწარმეტყველები მას შემდეგ, რაც ქარმელის მთაზე ჭეშმარიტი ღვთის ამოსაცნობად გამოცდა მოაწყო (მესამე მეფეთა 18:36—19:2).

მოგვიანებით იზრეყელში დანაშაული იქნა ჩადენილი — უსამართლოდ მოკლეს ნაბოთ იზრეყელელი. მეფე აქაბმა ნაბოთის ვენახი მოინდომა. როდესაც მეფემ მიწა მოსთხოვა, ნაბოთმა მტკიცედ უპასუხა: „უფალმა დამიფაროს, ჩემი მამა-პაპის სამკვიდრო მოგცე!“. ამ პრინციპულმა პასუხმა აქაბი დიდად აღაშფოთა. მეფის უგუნებობის შემხედვარე იზებელმა ყალბი სასამართლო პროცესი მოაწყო და ნაბოთს ღვთისგმობა დასწამა. უდანაშაულო ნაბოთს ბრალი დასდეს და ჩაქოლეს, ხოლო მეფე მის ვენახს დაეპატრონა (მესამე მეფეთა 21:1—16).

ამ ბოროტი საქციელით შეძრულმა ელიამ იწინასწარმეტყველა: „ძაღლები შეჭამენ იზებელს იზრეყელის გალავანთან“. წინასწარმეტყველი შემდეგ აცხადებს: „ვინც ქალაქში მოუკვდება აქაბს, იმას ძაღლები შეჭამენ. . . ჯერ არვინ ყოფილა, რომელსაც აქაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იზებელი, მისი ცოლი“. მაგრამ იმის გამო, რომ აქაბი „მოიდრიკა“, როდესაც ელიამ იეჰოვას მსჯავრი გამოუცხადა, იეჰოვამ თქვა, რომ ეს სასჯელი აქაბის სიცოცხლეში არ აღსრულდებოდა (მესამე მეფეთა 21:23—29). შემდგომ, ბიბლიურ ცნობას ელიას მემკვიდრის, ელისეს, დღეებამდე მივყავართ, როდესაც იეჰუ ისრაელის მეფედ იყო ცხებული. იზრეყელში შესვლისთანავე იეჰუმ ბრძანა, იზებელი სასახლის ფანჯრიდან გადმოეგდოთ, და ცხენებმა ის ფეხქვეშ გათელეს. მოგვიანებით ნახეს, რომ მაწანწალა ძაღლებს მხოლოდ მისი თავის ქალა და ხელ-ფეხი გადარჩენოდათ შეუჭმელი (მეოთხე მეფეთა 9:30—37). ბოლო, იზრეყელთან უშუალოდ დაკავშირებული ბიბლიური ცნობა აქაბის 70 ვაჟის სიკვდილით დასჯაზე მოგვითხრობს. იეჰუმ მათი თავები ორ დიდ გროვად დაყარა იზრეყელის კარიბჭესთან, რის შემდეგაც ამოხოცა სხვა დიდებულები და მღვდლები, რომელთაც აქაბის განდგომილ სამეფო მმართველობასთან ჰქონდათ კავშირი (მეოთხე მეფეთა 10:6—11).

რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა?

90-იან წლებში დაიწყო იზრეყელის მიდამოების გათხრების ერთობლივი პროექტის განხორციელება. მონაწილეობას იღებდა თელ-ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი (წარმომადგენელი დეივიდ უსიშკინი) და დიდი ბრიტანეთის არქეოლოგიის სკოლა იერუსალიმში (წარმომადგენელი ჯონ ვუდჰედი). შვიდი სეზონის განმავლობაში (თითოეული სეზონი ექვს კვირას მოიცავდა), 1990—96 წლებში, 80-დან 100-მდე მოხალისე მუშაობდა ამ მიდამოებში.

არქეოლოგიის თანამედროვე მეთოდებში შედის მოპოვებული მასალების შესწავლა თავად ამ ტერიტორიაზე არსებული მონაცემებით და არა უკვე არსებულ იდეებსა და თეორიებზე დაყრდნობით. ამიტომ არქეოლოგებისთვის ბიბლიური ქვეყნების შესწავლისას საღვთო წერილის მონათხრობი ამ საკითხში ბოლო სიტყვას არ ამბობს. ყველა სხვა წყარო და მოპოვებული მასალა უნდა აიწონ-დაიწონოს და გულდასმით შეფასდეს. მაგრამ როგორც ჯონ ვუდჰედი ამბობს, იზრეყელთან დაკავშირებით არ არსებობს არც ერთი ძველი წერილობითი მტკიცება, გარდა ბიბლიის რამდენიმე თავისა. ასე რომ, ბიბლიის ცნობები და ქრონოლოგია ნებისმიერი კვლევა-ძიების ნაწილად უნდა იქცეს. რა გაცხადდა არქეოლოგთა ძალისხმევის შედეგად?

სამხედრო სიმაგრეებისა და კერამიკული ნაკეთობების აღმოჩენისას თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ნანგრევები ეგრეთ წოდებულ რკინის ხანას განეკუთვნებოდა და ზუსტად ბიბლიური იზრეყელის პერიოდს უკავშირდებოდა. შემდგომი გათხრები სიურპრიზებით იყო აღსავსე; პირველი ამ ადგილმდებარეობის ზომა და მისი ძლიერი სიმაგრეები იყო. არქეოლოგები მოელოდნენ, რომ ამ ადგილას აღმოჩენილ სიმაგრეებსა და ისრაელის სამეფოს დედაქალაქის, ძველი სამარიის, სიმაგრეებს შორის მსგავსება იქნებოდა. მაგრამ შემდგომმა გათხრებმა ნათელყო, რომ იზრეყელს გაცილებით დიდი ტერიტორია ეკავა. კედლების სიგრძის გაზომვამ ცხადყო, რომ ქალაქის ფართობი თავისი სიმაგრეებიანად 300×150 მ2 იყო და ის სამჯერ აღემატებოდა იმავე პერიოდში არსებული ისრაელის სხვა ქალაქების ტერიტორიას. ის გარშემოვლებული იყო მშრალი თხრილით; სიმაღლე თხრილის ფსკერიდან სიმაგრის ზედაპირამდე 11 მეტრს შეადგენდა. პროფესორ უსიშკინის სიტყვების თანახმად, ეს თხრილი ბიბლიური დროისთვის უპრეცედენტო იყო. „ჩვენ არ აღმოგვიჩენია ისრაელში რაიმე ამის მსგავსი ჯვაროსნების პერიოდამდე“, — თქვა მან.

სხვა მოულოდნელი თავისებურება ის იყო, რომ თვითონ ქალაქის ცენტრში დიდი შენობები არ იყო. ქალაქის მშენებლობის დროს შემოტანილი დიდი რაოდენობის მოწითალო-მოყავისფრო მიწა საკმაოდ მოზრდილი და შემაღლებული, შემოფარგლული და სწორი ზედაპირის მქონე ადგილის, ანუ პოდიუმის, მოსაწყობად იქნა გამოყენებული. იზრეყელის ყორღანში მიმდინარე გათხრების შესახებ „მეორე წინასწარი ანგარიში“ (Second Preliminary Report) შენიშნავს, რომ ეს ცნობილი პოდიუმი შეიძლება იმის მტკიცებას წარმოადგენდეს, რომ იზრეყელი მხოლოდ სამეფო რეზიდენცია არ ყოფილა. ანგარიშში ნათქვამია: „გვინდა ვივარაუდოთ, რომ იზრეყელი იყო ისრაელის სამეფო ჯარის მთავარი სამხედრო ბაზა [ყომრისა და მისი შთამომავლების] მეფობის დროს. . . სადაც მეფის სამხედრო მეეტლეები და ცხენოსანთა ჯარი იმყოფებოდა და იწვრთნებოდა“. ამ ამაღლებული პოდიუმის ზომის, ისევე როგორც თავად გალავნის, შეფასების საფუძველზე, ვუდჰედი ფიქრობს, რომ შეიძლება ეს ყოფილიყო სამხედრო დათვალიერების ჩასატარებელი სასწავლო მოედანი, რომელიც განკუთვნილი იყო საბრძოლო ეტლთა ყველაზე დიდი არმიის სამხედრო სიძლიერის საჩვენებლად იმდროინდელ შუა აღმოსავლეთში.

გათხრების დროს აღმოჩენილი ქალაქის კარიბჭის ნაშთები არქეოლოგებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ეს კარიბჭე ქალაქში შესასვლელი უნდა ყოფილიყო, რომელსაც სულ მცირე ოთხი ოთახი ჰქონდა დატანებული. მაგრამ იმის გამო, რომ საუკუნეების განმავლობაში ამ ადგილას ბევრი ის ქვა დაიკარგა, რომლითაც ქალაქი იყო აშენებული, ძნელია იმის დამტკიცება, ნამდვილად იყო თუ არა კარიბჭე ოთხოთახიანი. ვუდჰედი იმ აზრის არის, რომ ნაშთები ექვსოთახიან კარებჭეზე მიანიშნებს, რომელიც ზომებით მეგიდოში, ხაცორსა და გეზერში აღმოჩენილი კარიბჭეების მსგავსია *.

არქეოლოგიური მონაპოვრები ქალაქის საოცრად ხანმოკლე არსებობას ადასტურებს, ქალაქისა, რომელსაც ასეთი შესანიშნავი მდებარეობა ჰქონდა სამხედრო თუ გეოგრაფიული თვალსაზრისით. ვუდჰედი ხაზს უსვამს, რომ როგორც უდიდესმა გამაგრებულმა ქალაქმა, იზრეყელმა ცოტა ხანი — მხოლოდ რამდენიმე ათწლეული იარსება. ეს აბსოლუტურ კონტრასტს ქმნის ისრაელის ბევრ სხვა საკვანძო ბიბლიურ ადგილებთან შედარებით, როგორიც არის, მაგალითად, მეგიდო, ხაცორი და დედაქალაქი სამარია, რომლებიც სხვადასხვა დროს ხელახლა ყოფილა აღდგენილი, გაფართოებული და დასახლებული. ეს იდეალური ადგილი ასე მალე რატომ იქნა მიტოვებული? ვუდჰედი ვარაუდობს, რომ ქვეყნის რესურსების გაფლანგვით აქაბმა და მისმა დინასტიამ ლამის ქვეყნის ეკონომიკური კრახი გამოიწვია. ეს იზრეყელის გადაჭარბებული სიდიდიდან და გამაგრებიდანაც ჩანდა. ახალი მმართველობის დროს იეჰუსა და მის ხელქვეითებს, ალბათ, სურდათ, რომ არანაირი კავშირი აღარ ჰქონოდათ ყველაფერთან, რაც აქაბთან იყო დაკავშირებული და ამ მიზნით მათ ქალაქი მიატოვეს.

გათხრების შედეგად დღემდე მოპოვებული ყველა მასალა იმაზე მოწმობს, რომ რკინის ხანაში იზრეყელი ისრაელის მთავარი ქალაქი იყო. ქალაქის ზომები და მისი სამხედრო სიმაგრეები აქაბისა და იზებელის ცნობილი სამეფო რეზიდენციის ბიბლიურ აღწერილობას შეესაბამება. ნიშნები იმის თაობაზე, რომ ამ პერიოდში ის მჭიდროდ არ იყო დასახლებული, ეთანხმება ბიბლიურ ცნობას ამ ქალაქის შესახებ: ის მალე აღზევდა აქაბის მეფობისას და შემდეგ, აშკარად იეჰოვას ნებით, დაეცა, როდესაც „ამოხოცა იეჰუმ ვინც კი იყო დარჩენილი აქაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, მისი მახლობლები, მისი მღვდლები; არავინ დარჩენილა მისიანი ცოცხალი“ (მეოთხე მეფეთა 10:11).

იზრეყელის ქრონოლოგია

„არქეოლოგიაში ძალიან ძნელია თარიღების დასადგენად ზუსტი საყრდენის მოძებნა“, — აღიარებს ჯონ ვუდჰედი. შვიდწლიანი გათხრების შედეგების ანალიზისას არქეოლოგებმა სხვა ადგილებში აღმოჩენილ არქეოლოგიურ მონაპოვრებს შეადარეს ისინი. ამას გადაფასება და დებატები მოჰყვა. რატომ? იმიტომ, რომ იმ დროიდან, რაც ებრაელი არქეოლოგი იგაელ იადინი, 60-იან წლებსა და 70-იანი წლების დასაწყისში, მეგიდოში გათხრებს აწარმოებდა, თავად არქეოლოგიურ წრეებში ბევრი მტკიცედ იყო დარწმუნებულები იმაში, რომ მან აღმოაჩინა სიმაგრეები და ქალაქის კარიბჭეები, რომლებიც სოლომონ მეფის დროით თარიღდებოდა. ახლა იზრეყელში აღმოჩენილი სიმაგრეები, კერამიკული ნაკეთობები და კარიბჭეები ზოგ ამ დასკვნას ეჭვის ქვეშ აყენებს.

მაგალითად, იზრეყელში აღმოჩენილი კერამიკული ნაკეთობები იდენტურია მეგიდოს გათხრებისას ნაპოვნი ნაკეთობებისა, რომლებიც იადინმა სოლომონის მეფობას დაუკავშირა. ამ ორი ქალაქის კარიბჭეების სტრუქტურა და ზომები იდენტური თუ არა, მსგავსი მაინც არის. ვუდჰედი ამბობს: „ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ, ან იზრეყელი უნდა უკავშირდებოდეს სოლომონის პერიოდს, ან კიდევ ის, რაც [მეგიდოსა და ხაცორის] გათხრებისას აღმოაჩინეს, აქაბის პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს“. ვინაიდან ბიბლია ნათლად აკავშირებს იზრეყელს აქაბის პერიოდთან, ვუდჰედი თვლის, რომ უფრო გონივრულია დავასკვნათ, რომ მიწის ეს შრეები, სადაც არქეოლოგიური გათხრები წარმოებდა, აქაბის მმართველობის დროს ირეკლავს. დეივიდ უსიშკინიც ეთანხმება ამ აზრს: „ბიბლია ამბობს, რომ სოლომონმა ააშენა მეგიდო — ის არ ამბობს, რომ მანვე ააშენა ეს კარიბჭეები“.

შეიძლება თუ არა, იზრეყელის ისტორია ცნობილი გახდეს?

წარმოქმნა თუ არა ამ არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა და მათგან გამომდინარე დებატებმა ეჭვი იზრეყელის ან სოლომონის შესახებ ბიბლიური ცნობის მიმართ? სინამდვილეში, არქეოლოგიურ პოლემიკას ბიბლიურ მონათხრობთან არცთუ ისე პირდაპირი კავშირი აქვს. არქეოლოგია, ბიბლიური მონათხრობებისგან განსხვავებით, სულ სხვა წყაროებზე დაყრდნობით იკვლევს ისტორიას. ის განსხვავებულ კითხვებზე ეძებს პასუხს და განსხვავებულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. თვალსაჩინოებისთვის, ბიბლიის შემსწავლელი და არქეოლოგი შეიძლება შევადაროთ მოგზაურებს, რომლებიც თითქმის პარალელური მარშრუტით მოძრაობენ. ერთი მოგზაური ქუჩაში მანქანით მიდის, მეორე კი ტროტუარს ფეხით მიუყვება. მათი ყურადღება და საფიქრალი სხვადასხვა რამეზეა გადატანილი. მაგრამ მათი შესაძლებლობები ხშირად უფრო ერთმანეთის შემავსებელია, ვიდრე ურთიერთგამომრიცხავი. ორი მოგზაურის შთაბეჭდილებების ერთმანეთთან შედარებას შეუძლია ძალიან საინტერესო აღმოჩენებამდე მიგვიყვანოს.

ბიბლია შეიცავს წერილობით ჩანაწერებს ძველი დროის მოვლენებისა და ადამიანების შესახებ; არქეოლოგია ცდილობს, მიიღოს ინფორმაცია ამ მოვლენებსა და ადამიანებზე მათ მიერ დატოვებული ნებისმიერი კვალის შემოწმებით, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილა მიწის შრეებში. მაგრამ ეს ნაშთები, ჩვეულებრივ, ძალიან არასრულია და შეიძლება სხვადასხვა ახსნა-განმარტება მოენახოს. ამ მხრივ, თავის წიგნში „ბიბლიური მიწა-წყლის არქეოლოგია — ძვ. წ. 10 000—586 წწ.“ ამიქაი მაზარი შენიშნავს: „არქეოლოგიური სამუშაო. . . ცოდნისა და პროფესიული ოსტატობის შეთავსების მსგავსად, მნიშვნელოვანწილად, ხელოვნებაა. არანაირ მკაცრ მეთოდოლოგიას არ შეუძლია წარმატების გარანტირება. გათხრების ხელმძღვანელებისთვის აუცილებელია მოქნილობა და შემოქმედებითი აზროვნება. ხასიათი, ნიჭი და საღი აზროვნება არქეოლოგისთვის პროფესიულ განათლებასა და მისთვის ხელმისაწვდომ რესურსებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია“ (Archaeology of the Land of the Bible—10, 000—586 B.C.E.).

არქეოლოგიამ დაადასტურა უდიდესი სამეფო და სამხედრო ცენტრის, იზრეყელის, არსებობა, ცენტრისა, რომელმაც საოცრად მოკლე ხანს იარსება და რომლის არსებობაც აქაბის მმართველობის ისტორიულ პერიოდს ემთხვევა — სწორედ ისე, როგორც ამას ბიბლია მოგვითხრობს. წამოიჭრა სხვა ბევრი დამაფიქრებელი კითხვაც, რომელთა შესწავლას არქეოლოგებმა შეიძლება მრავალი წელი მოანდომონ. ღვთის სიტყვა, ბიბლია, კი კვლავინდებურად ნათლად განაგრძობს საუბარს და გარკვევით გვიხატავს ისტორიის სრულ სურათს ისე, როგორც არქეოლოგები ვერასოდეს გადმოგვცემდნენ.

[სქოლიო]

^ აბზ. 13 იხილეთ სტატია „კარიბჭეების საიდუმლო“ 1990 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ [რუს.].

[სურათები 26 გვერდზე]

არქეოლოგიური გათხრები იზრეყელში.

[სურათი 28 გვერდზე]

იზრეყელში ნაპოვნი ქანაანური კერპი.