არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | მართავთ თქვენს ცხოვრებას?

პრობლემა: უარყოფითი გრძნობები

პრობლემა: უარყოფითი გრძნობები

ძალებს ხომ არ გაცლით ისეთი ძლიერი გრძნობები, როგორიცაა სევდა, ბრაზი ან წყენა? თუ დიახ, ალბათ, ასეთ დროს არც ენერგია და არც დრო გყოფნით მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. როგორ შეგიძლიათ მოერიოთ მსგავს გრძნობებს? *

ბიბლიური მაგალითი: დავითი

დავითს არაერთხელ დაუფლებია მტანჯველი გრძნობები, მისთვის უცხო არ იყო დარდი და მწუხარება. რა დაეხმარა მას, რომ უარყოფით ემოციებს არ შთაენთქა? დავითი საწუხარს ღმერთს ანდობდა (1 სამუელი 24:12, 15). მას აგრეთვე თავისი გრძნობები ფურცელზე გადმოჰქონდა და როგორც ძლიერი რწმენის მქონე ადამიანი, ხშირად ლოცულობდა. *

რა ეხმარება გრეგორს

როგორც შესავალ სტატიაში აღვნიშნეთ, გრეგორს შფოთვითი აშლილობა ტანჯავს. ის ამბობს: „ყველაფერზე იმდენად გადაჭარბებულად ვწუხდი, რომ ჩემს ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი“. რა დაეხმარა მას, რომ შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ეკონტროლებინა თავისი ცხოვრება? გრეგორი განაგრძობს: „წონასწორობა რომ აღმედგინა, უარი არ მითქვამს დახმარებაზე, რომელიც ჩემმა მეუღლემ და მეგობრებმა სიყვარულით აღმომიჩინეს. გარდა ამისა, დახმარებისთვის ექიმს მივმართე, რის შედეგადაც უფრო მეტი გავიგე ჩემი მდგომარეობის შესახებ. მას შემდეგ, რაც კვებასთან, ვარჯიშსა თუ დასვენებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები მოვახდინე, ვიგრძენი, რომ მდგომარეობა კი აღარ მმართავდა, არამედ მე ვმართავდი მას. მართალია, ნაღველი გულზე კვლავ შემომაწვება ხოლმე, მაგრამ ახლა ვიცი, რა არის ამის მიზეზი და როგორ გავუმკლავდე მას“.

„მხიარული გული მკურნალივით არის“ (იგავები 17:22)

რის გაკეთება შეგიძლიათ

თუ უარყოფითმა გრძნობებმა მოგიცვათ და ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებას ვეღარ აკონტროლებთ, ეცადეთ ასე მოიქცეთ:

  • თქვენი გრძნობები ფურცელზე გადაიტანეთ.

  • ემოციები მეგობარს ან ახლო ნათესავს გაუზიარეთ.

  • არ დანებდეთ უარყოფით გრძნობებს. მაგალითად ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მართებულია, რომ ამ სიტუაციაში გასაქანი მივცე უარყოფით გრძნობებს?“.

  • ნუ ატარებთ გულით ბრაზს, წყენასა თუ საწუხარს. ნაცვლად ამისა, თქვენი ენერგია ღირებული საქმის კეთებას მოახმარეთ. *

დასკვნა: ხშირად ჩვენში უარყოფით გრძნობებსა თუ ემოციებს შექმნილი მდგომარეობა კი არა, ჩვენი დამოკიდებულება იწვევს.

^ აბზ. 3 ზოგი უარყოფითი ემოცია შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებით იყოს გამოწვეული, რაშიც შეიძლება ექიმის დახმარება დაგჭირდეთ. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე მეთოდს. გადაწყვეტილების მიღებამდე თითოეულმა კარგად უნდა აწონ-დაწონოს ეს საკითხი.

^ აბზ. 5 წიგნ „ფსალმუნებში“ ძირითადად დავითის ლოცვებს ვკითხულობთ.

^ აბზ. 13 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2015 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკის“ მთავარი თემა: „როგორ გავუმკლავდეთ საწუხარს“.