არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიბლიის თვალსაზრისი

ქორწინება

ქორწინება

ქორწინება მხოლოდ სოციალური სტატუსია?

„ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6).

რას ამბობს ბიბლია.

ღვთის თვალში ქორწინება უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სოციალური სტატუსი. ეს არის წმინდა კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დასაწყისში ღმერთმა კაცად და ქალად შექმნა ისინი. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და ორნი ერთი ხორცი იქნებიან . . . ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ * (მარკოზი 10:6—9; დაბადება 2:24).

სიტყვები, „ვინც ღმერთმა შეაუღლა“, იმას არ ნიშნავს, რომ ქორწინების საკითხი ზეცაში წყდება. ამ სიტყვებით ბიბლია ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ ქორწინების ფუძემდებელი ღმერთია და ცოლ-ქმრობა მეტად სერიოზული კავშირია. ცოლ-ქმარი, რომლებიც ამ აზრს იზიარებენ, ქორწინებას წმინდა და მუდმივ კავშირად მიიჩნევენ და ამგვარად კიდევ უფრო ამტკიცებენ თავიანთ გადაწყვეტილებას, რომ მათი ქორწინება იყოს ბედნიერი. ისინი ბედნიერებას იმითაც შეუწყობენ ხელს, თუ ბიბლიით იხელმძღვანელებენ და თავიანთ როლებს ღირსეულად შეასრულებენ.

 რა არის ქმრის როლი?

„ქმარი ცოლის თავია“ (ეფესოელები 5:23).

რას ამბობს ბიბლია.

ოჯახი რომ შეხმატკბილებული იყოს, საბოლოო გადაწყვეტილება ვიღაცამ უნდა მიიღოს. ბიბლია ამ პასუხისმგებლობას ქმარს აკისრებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქმარი დიქტატორი იყოს ან ცოლს უხეშად მოეპყროს. ქმარმა თავი არ უნდა აარიდოს თავის პასუხისმგებლობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ცოლს მისადმი პატივისცემას დაუკარგავდა და ზედმეტ ტვირთს აჰკიდებდა. ღმერთი ქმრისგან მოელის, რომ იზრუნებს ცოლზე და პატივს სცემს მას, როგორც უახლოეს და სანდო მეგობარს (1 ტიმოთე 5:8; 1 პეტრე 3:7). „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“, — ნათქვამია ეფესოელების 5:28-ში.

ქმარი, რომელსაც ნამდვილად უყვარს ცოლი, აფასებს მის შესაძლებლობებსა და ნიჭს და პატივისცემით ითვალისწინებს მის შეხედულებებს, განსაკუთრებით იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ოჯახის კეთილდღეობას ეხება. ქმარმა არ უნდა დაიჟინოს თავისი მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახის უფროსია. ერთხელ, როდესაც ღვთისმოსავმა აბრაამმა ცოლის გონივრული რჩევა არ გაითვალისწინა, იეჰოვა ღმერთმა უთხრა: „მოუსმინე მას“ (დაბადება 21:9—12). აბრაამმა თავმდაბლურად მიიღო რჩევა და მის ოჯახშიც მშვიდობამ და ერთიანობამ დაისადგურა. თავის მხრივ, არც ღმერთმა მოაკლო მის ოჯახს კურთხევები.

რა არის ცოლის როლი?

„ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს“ (1 პეტრე 3:1).

რას ამბობს ბიბლია.

სანამ პირველ მამაკაცს ცოლს შეუქმნიდა, ღმერთმა თქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“ (დაბადება 2:18). შემავსებელი მიუთითებს იმაზე, რაც ავსებს ან ასრულყოფილებს. ამგვარად, ღმერთმა ქალი ისე კი არ შექმნა, რომ მამაკაცის იდენტური ან მისი მეტოქე ყოფილიყო, არამედ ის უნდა ყოფილიყო მისი ნახევარი, შემავსებელი. ერთად ისინი შეძლებდნენ ღვთის დავალების შესრულებას, ჰყოლოდათ შვილები და აევსოთ დედამიწა (დაბადება 1:28).

ქალს რომ შეძლებოდა თავისი როლის შესრულება, ღმერთმა ის შესაბამისი ფიზიკური სხეულით და გონებრივი თუ ემოციური უნარით დააჯილდოვა. როდესაც ქალი ამ ყველაფერს გონივრულად და სიყვარულით იყენებს, ამით განუზომელი წვლილი შეაქვს ოჯახის ბედნიერებაში. შესაბამისად მისი ქმარი შინაგან კმაყოფილებას და სიმშვიდეს გრძნობს. ღვთის თვალში ასეთი ქალი ქების ღირსია * (იგავები 31:28, 31).

^ აბზ. 5 ბიბლიის თანახმად, განქორწინება მხოლოდ ცოლ-ქმრული ღალატის შემთხვევაშია დასაშვები (მათე 19:9).

^ აბზ. 14 ქორწინებასა და ოჯახთან დაკავშირებით მრავალი სასარგებლო რჩევა შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“, რუბრიკა „რჩევები ოჯახებს“.