არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

1862 წლიდან „ინგლისსა და უელსში ქორწინებათა ყველაზე დაბალი რიცხვი 2011 წელს დაფიქსირდა“ (ეროვნული სტატისტიკის ცენტრი, დიდი ბრიტანეთი).

შეერთებულ შტატებში მცირე კერძო კომპანიების ხელმძღვანელები „ფიქრობენ, რომ მათი მუშა-მოსამსახურეები მომდევნო წლის განმავლობაში [კომპანიიდან] რაღაც ძვირადღირებულ რამეს აუცილებლად მოიპარავენ“ („რეიტერის“ საინფორმაციო სააგენტო, აშშ).

ერთი წელიც არ იყო გასული პორნოგრაფიული საიტების აკრძალვის შესახებ კანონის გამოსვლიდან, რომ ჩინელებმა „60 000-ზე მეტი პორნოგრაფიული საიტი გააუქმეს,“ — აცხადებს პორნოგრაფიისა და უკანონო ლიტერატურის წინააღმდეგ მებრძოლი ეროვნული სამსახური (CHINA DAILY, ჩინეთი).

„მსოფლიო მოსახლეობის 3 პროცენტი — დაახლოებით 215 მილიონი ადამიანი — არ ცხოვრობს საკუთარ ქვეყანაში“ (გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, იტალია).

ყოველდღე ინდოეთში 19 სტუდენტი იკლავს თავს. ამათგან 6 ამას გამოცდებზე ჩაჭრის შიშით აკეთებს (INDIA TODAY INTERNATIONAL, ინდოეთი).

აზარტული თამაშების მარკეტინგული სტრატეგია

გერმანიაში ისინი, ვინც უბრალოდ გასართობად თამაშობენ აზარტულ თამაშებს, საშუალოდ 10-ჯერ ნაკლებ თანხას აგებენ, ვიდრე ისინი, ვისაც თამაში მანიად აქვთ ქცეული. ეს უკანასკნელნი „საკმაოდ სარფიან შემოსავალს აძლევენ ამ საქმის მესვეურებს“, — აცხადებს გერმანიაში გამომავალი გაზეთი „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“. აზარტული თამაშების ინდუსტრია იმისკენაა მიმართული, რომ რაც შეიძლება მიმზიდველი გახადოს თამაშები და ყველა ის მოწყობილობა და აქსესუარი, რაც ამ თამაშებთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სხარტად მუშაობს სათამაშო აპარატები, მით უფრო მალე კარგავს მოთამაშე კონტროლს და უჭირს თავის დანებება. ასეთმა მარკეტინგულმა სტრატეგიამ ნამდვილად გაამართლა — შემოსავლების 56 პროცენტი, რომლებიც ფულის ჩასაყრელი აპარატებიდან შესდით მათ პატრონებს, სწორედ ასეთ „ნარკომან“ მოთამაშეებზე მოდის; კაზინოებში ეს მაჩვენებელი 38 პროცენტია, ონლაინ-თამაშებში კი 60 პროცენტამდე ადის.

მოსამართლის ცვალებადი ხასიათი

შესაძლებელია თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს ისეთმა ფაქტორებმა, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება საქმეს? თუ ერთ-ერთ გამოკვლევას დავუჯერებთ, ეს სავსებით რეალურია. მკვლევრები აკვირდებოდნენ ისრაელში გამოცდილი მოსამართლეების მიერ განხილულ 1000-ზე მეტ საქმეს, რომლებიც ეხებოდა დაკავებულთა თავდებით გათავისუფლებას. გაირკვა, რომ წახემსების შემდეგ მოსამართლეები განხილულ საქმეთა 65 პროცენტს დადებითად წყვეტდნენ ანუ ათავისუფლებდნენ დაკავებულებს. ნელ-ნელა ეს მაჩვენებელი ნულამდე ეცემოდა, მანამ სანამ არ დგებოდა მორიგი შესვენების დრო, რომლის შემდეგაც მაჩვენებელი კვლავ 65 პროცენტამდე იზრდებოდა. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ გადაწყვეტილებები ყოველთვის არ არის დაფუძნებული ფაქტებზე და კანონებზე და „შესაძლოა მათზე იმოქმედოს იმ ფაქტორებმა, რომლებიც საერთოდ არ არის საქმესთან დაკავშირებული“.