არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარტოობა მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაში

მარტოობა მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაში

მარტოობა მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაში

სატელეფონო ზარები, ტექსტური შეტყობინებები, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ სოციალური ქსელები თუ ჩეთ-რუმები — ამდენი და ასე ადვილად ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალება კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. მაგრამ ამ მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაში ბევრი ახალგაზრდა თუ მოხუცი თავს მაინც მარტოდ გრძნობს. საინტერესოა, რატომ?

ჯონ კაჩოპო და უილიამ პატრიკი თავიანთ წიგნში, „მარტოობა — ადამიანის ბუნება და ურთიერთობის მოთხოვნილება“, დაწვრილებით განიხილავენ მარტოობის თემას. ისინი მოიხსენიებენ ერთ ნაშრომს, სადაც ნათქვამია: „ინტერნეტის ხშირი მოხმარების შედეგად, როცა ადამიანებთან უშუალო კონტაქტს ინტერნეტით ურთიერთობა ცვლის, იზრდება მარტოობითა და დეპრესიით გატანჯულთა რიცხვი“.

ცხოვრების აჩქარებული ტემპი, რაც თანამედროვე საზოგადოებამ მოიტანა, ხელს უშლის ადამიანებს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობის დამყარებაში. ტელეფონის ან კომპიუტერის მეშვეობით შეუძლებელია თბილი ღიმილისა და იმ სიყვარულის დანახვა, რაც ადამიანის თვალებიდან გამოსჭვივის.

ეს პრობლემა სამუშაო ადგილებზე, უფრო ხშირად კი ოჯახებში შეინიშნება. ოჯახის წევრები ისე გადიან სახლიდან და ისე ბრუნდებიან, რომ ვერც ერთმანეთთან სალაპარაკოდ იცლიან და ვერც ერთად საჭმელად. მოზარდები, რომლებსაც საკუთარი კომპიუტერები აქვთ, შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენი ოჯახის წევრებისგან იზოლირებით ცხოვრობენ. უცნაურია, რომ უამრავი საკომუნიკაციო საშუალების მიუხედავად, ბევრი ახალგაზრდა თავს მარტოდ გრძნობს.

მარტოობით დღეს დაქორწინებულებიც იტანჯებიან. ურთიერთობის ნაკლებობამ ცოლ-ქმარი შეიძლება იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ მათი გზები გაიყოს და ორივემ თავ-თავისი ცხოვრებით დაიწყოს ცხოვრება. მარტოობა განსაკუთრებით დაქორწინებული ადამიანისთვის არის საშინელი ასატანი.

ამ გრძნობას მარტოხელა მშობლებიც ებრძვიან. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ხშირად მშობელსა და შვილს შორის დგება. გარდა ამისა, ბევრ დაუქორწინებელს სურს გვერდში მეუღლის სახით მეგობრის ყოლა და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ ამას ვერ ახერხებს.

მარტოობა სოციალურ პრობლემად იქცა, რაც შეიძლება ალკოჰოლიზმის, გადამეტებული ჭამის, ნარკომანიის, სექსუალური აღვირახსნილობისა და თვითმკვლელობის მიზეზი გახდეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მარტოობის გამომწვევი მიზეზები, რაც ამ პრობლემის დასაძლევად გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.