არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თიხის ქვითარი, რომელიც ეთანხმება ბიბლიურ ჩანაწერს

თიხის ქვითარი, რომელიც ეთანხმება ბიბლიურ ჩანაწერს

თიხის ქვითარი, რომელიც ეთანხმება ბიბლიურ ჩანაწერს

▪ 1870 წელს დღევანდელი ბაღდადის ტერიტორიაზე (ერაყი) აღმოაჩინეს 5,5 სანტიმეტრი სიგრძის თიხის ქვითარი. 2007 წელს ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორმა მიკაელ იურსამ ეს ქვითარი შემთხვევით იპოვა ბრიტანეთის მუზეუმში, სადაც კვლევებს ატარებდა. იურსამ ნახა, რომ ქვითარზე ეწერა ბაბილონის მთავრის სახელი ნებუ-სარსექიმი (ბაბილონურად ნაბუ-შარუსუ-უკინი), რომელიც ბიბლიაში იერემიას 39:3-შია მოხსენიებული. *

ნებუ-სარსექიმი იყო მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ დანიშნული ერთ-ერთი მთავარი, რომელმაც ძვ. წ. 607 წელს მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის განადგურებაში. მას ქვითარზე მოცემული ლურსმული დამწერლობის თანახმად „საჭურისთა მთავარი“ ეწოდება. ერთ კონკრეტულ პერიოდში მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო საჭურისთა მთავარი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქვითარზე და ბიბლიაში მოხსენიებული სარსექიმი ერთი და იგივე პიროვნება იყო.

ქვითარზე აგრეთვე წერია, რომ ნებუ-სარსექიმმა ბაბილონის მთავარი ღვთაების, მარდუქის ანუ მეროდაქის ტაძარს ოქრო გადასცა. ბიბლიაში მეროდაქიც არის მოხსენიებული (იერემია 50:2). თიხის ქვითარი თარიღდება ნაბუქოდონოსორის მეფობის მე-10 წლის მე-11 თვის მე-18 დღით. თუმცა ნებუ-სარსექიმის მიერ გადაცემული განძი არ იყო რამდენიმე წლის შემდეგ ბაბილონელების მიერ იერუსალიმიდან წაღებული ოქრო (2 მეფეები 25:8—10, 13—15). „ეს ქვითარი მართლაც მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან მასზე წერია ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანის სახელი, რომელიც ბაბილონის ტაძრისთვის შესაწირავს იღებდა, და დასმულია შეწირვის თარიღი“, — ამბობს პროფესორი იურსა. დიდ ბრიტანეთში გამომავალი გაზეთი „ტელეგრაფი“ ამ ქვითარს ბიბლიის არქეოლოგიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას უწოდებს და დასძენს: «ქვითარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ძველი აღთქმის“ ისტორიული წიგნები ფაქტებზეა დაფუძნებული».

აღსანიშნავია, რომ ბიბლიის უტყუარობა არქეოლოგიური აღმოჩენებით არ განისაზღვრება. ყველაზე სარწმუნო მტკიცებულებებს მასში ჩაწერილი სიტყვები, განსაკუთრებით კი წინასწარმეტყველებები წარმოადგენს (2 პეტრე 1:21). მაგალითად, ესაია წინასწარმეტყველის პირით იეჰოვა ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმის მთელ საგანძურს ‘ბაბილონში წაიღებდნენ’. ეს სიტყვები წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ შესრულდა (ესაია 39:6, 7). მსგავსადვე იერემიამ ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა: „ამ ქალაქში [იერუსალიმში] დაგროვილ მთელ ქონებას . . . მათ მტრებს ჩავუგდებ ხელში. დაიტაცებენ ამ ყველაფერს . . . და ბაბილონში წაიღებენ“ (იერემია 20:4, 5).

ნებუ-სარსექიმი იერუსალიმის ერთ-ერთი მტერი იყო და, ასე ვთქვათ, თავად გახდა ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულების მოწმე. არ ვიცით, იცოდა თუ არა მან ეს, მაგრამ ფაქტია, რომ მასზეც შესრულდა ეს წინასწარმეტყველება.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ იერემიას 39:3-ში, სადაც წერია „სამგარ-ნებუ, სარსექიმი, რაბსარისი“, სასვენი ნიშნები ებრაული მასორეტული ტექსტის მიხედვითაა დასმული. მაგრამ ებრაულ კონსონანტურ ტექსტში ეს ჩამონათვალი ასე იქნებოდა: „სამგარი, ნებუ-სარსექიმი რაბსარისი“ (რაბსარისი ნიშნავს სამეფო კარის მთავარ მოხელეს). ასეთი ჩამონათვალი ეთანხმება თიხის ქვითარზე მოცემულ ჩამონათვალს.

[სურათის საავტორო უფლება 11 გვერდზე]

Copyright The Trustees of the British Museum