არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფული თქვენი ბატონია თუ მსახური?

ფული თქვენი ბატონია თუ მსახური?

ფული თქვენი ბატონია თუ მსახური?

გაქვთ ფულის სინდრომი? მონაცემების თანახმად, ეს სინდრომი მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს. რა არის ეს სინდრომი?

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა დოქტორმა როჯერ ჰენდერსონმა არც ისე დიდი ხნის წინათ გამოიგონა ტერმინი „ფულის სინდრომი“. ამ ტერმინით მან აღწერა იმ ადამიანთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომები, რომლებიც მეტისმეტად წუხან ფულის გამო. ეს სიმპტომებია: სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი, ღებინება, გამონაყარი, უმადობა, უმიზეზოდ განრისხება, ნევროზი და უარყოფითი აზროვნება. „ფულზე წუხილი სტრესის ძირითადი გამომწვევი მიზეზია“, — ამბობს ჰენდერსონი.

გასაკვირი არ არის, რომ გასულ თვეებში ფულთან დაკავშირებული პრობლემების გამო უფრო და უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა სადარდებელი. ახლანდელმა ეკონომიკურმა კრიზისმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მრავალი ადამიანი სამსახურის, სახლისა და დანაზოგის გარეშე დატოვა. მსხვილმა კომპანიებმა დიდი ზარალი ნახეს. უმდიდრესმა ქვეყნებმაც კი დაუყოვნებელი ზომები მიიღეს იმისთვის, რომ ფინანსური კრახი თავიდან აერიდებინათ. განვითარებად ქვეყნებში საკვებსა და ძირითად საქონელზე ფასების ზრდამ ხალხი საგონებელში ჩააგდო.

ფულს ეკონომიკური სტაბილურობის დროსაც მოაქვს სადარდებელი. გასულ წლებში, როდესაც კრიზისი არ იყო, მრავალმა მეტი და მეტი ფულის საშოვნელად ათასნაირი თავსატეხი გაიჩინა. სამხრეთ აფრიკაში გამომავალ გაზეთ „უიტნესში“ ნათქვამია, რომ აფრიკელებში „მომხვეჭელობა, მატერიალიზმი და გამდიდრების დაუცხრომელი სურვილი დაავადებასავით ვრცელდება“. გაზეთში ჩამოთვლილი იყო ამ „დაავადების“ ზოგიერთი სიმპტომი, მათ შორის „სტრესი, ვალების აღება, სახსრების უაზროდ ხარჯვა, გადაღლა, უკმარისობის გრძნობა, შური და დეპრესია“. სწორედ ფულის სიყვარული განაპირობებს იმას, რომ აფრიკაში ადამიანები ცხოვრებით სულ უფრო და უფრო უკმაყოფილოები ხდებიან.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე ინდოეთის ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა. ერთ-ერთი ჟურნალის მონაცემების თანახმად, ინდოეთში 2007 წელს „დანახარჯმა პიკს მიაღწია“. ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ ეკონომიკურ აღმავლობას შეიძლებოდა ქვეყანაში არეულობა და ძალადობა გამოეწვია (India Today International).

იმავე პერიოდში შეერთებულ შტატებში მცხოვრები ახალგაზრდები დიდ ფულს ხარჯავდნენ ფუფუნების საგნებში. მაგრამ ამას მათთვის ბედნიერება არ მოუტანია. მკვლევარების აზრით, სიმდიდრე იქ ალკოჰოლიზმის, დეპრესიისა და თვითმკვლელობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო. ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ სიმდიდრისა და ფუფუნების მიუხედავად, „ყოველი სამი ამერიკელიდან ზოგჯერ ერთსაც კი არ შეეძლო იმის თქმა, რომ ბედნიერი იყო“.

ყველას აქვს ფულის სინდრომი?

არიან ისეთი ადამიანები — როგორც მდიდრები, ისე ღარიბები — რომლებიც ნაკლებად წუხან ფულსა და მატერიალურ ნივთებზე. რა სხვაობაა მათსა და იმ ადამიანებს შორის, რომელთა მთავარი საზრუნავიც ფულია?

ერთ ნაშრომში, რომლის სათაურიცაა „ფულის დანიშნულება“, მკვლევარები იტყობინებიან, რომ ზოგს „ფული ყველაფერს აკეთებინებს. მათ ფული მართავს. ამან შეიძლება ისინი სტრესში ჩააგდოს და ნევროზი დამართოს“. თუმცა მკვლევარები იმასაც დასძენენ, რომ „ისინი, ვინც გონივრულად იყენებენ ფულს, საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი არიან და საკუთარ თავს დადებითად აფასებენ. ასეთი ადამიანები ფულის ბატონები არიან და არა მსახურები . . . დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყაირათიანი მხარჯველები სტრესს ნაკლებად განიცდიან“.

რა ადგილი უკავია ფულს თქვენს ცხოვრებაში? როგორ მოქმედებს თქვენზე მსოფლიო ეკონომიკური ცვლილებები? ფული თქვენი ბატონია თუ მსახური? თქვენ შესაძლოა არ გაწუხებთ „ფულის სინდრომის“ სიმპტომები, თუმცა ერთი რამ ცხადია — დღეს ფული მდიდარსაც უჩენს საწუხარს და ღარიბსაც. ვნახოთ, რა ცვლილებების მოხდენა შეგიძლიათ, რომ გონივრულად გამოიყენოთ ფული, რაც მეტ სიმშვიდესა და კმაყოფილებას მოგანიჭებთ.

[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

ფული თქვენი ბატონია, თუ . . .

ერიდებით ფინანსებზე საუბარს, რადგან ეს გაღიზიანებთ

ოჯახში ხშირად ის კამათის მიზეზი ხდება

უაზროდ ხარჯავთ

ყოველთვის გადასახადებზე წუწუნებთ

ზუსტად არ იცით, რამდენი გაქვთ შემოსავალი

ზუსტად არ იცით, რამდენს ხარჯავთ

ზუსტად არ იცით, რამდენი გაქვთ ვალი

გადასახადები ხშირად იმაზე მეტი მოგდით, ვიდრე ფიქრობთ

გადასახადებს ხშირად დაგვიანებით იხდით

კრედიტის დასაფარავად ყოველთვის მინიმალურ თანხას იხდით

გადასახადებს სხვა რამისთვის გადადებული ფულით იხდით

გადასახადების დასაფარავად დამატებით გიწევთ მუშაობა

ახალ ვალებს იღებთ, რომ ძველი გაისტუმროთ

დანაზოგს გადასახადებისთვის იყენებთ

თვის ბოლოსთვის კაპიკიც აღარ გრჩებათ

დიდი თანხის დაგროვების დაუცხრომელი სურვილი გაქვთ

გივითარდებათ ისეთი ფიზიკური თუ ფსიქიკური სიმპტომები, რომლებსაც ფულთან დაკავშირებული სტრესი იწვევს

[საავტორო უფლება]

აღებულია როჯერ ჰენდერსონის ნაშრომიდან „ფულის სინდრომი“.