არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შედევრები, რომლებიც ქვებით „იხატება“

შედევრები, რომლებიც ქვებით „იხატება“

შედევრები, რომლებიც ქვებით „იხატება“

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან

იმ მეთოდებს შორის, რომლებსაც მხატვრები პეიზაჟების შესაქმნელად იყენებენ, ერთ-ერთი ყველაზე რთული მეთოდი ფლორენციული მოზაიკაა. ეს მოზაიკა, რომელიც ძირითადად ფლორენციაში გვხვდება, იქმნება არა ერთნაირი ფორმისა და ზომის ქვებისა და მინებისგან, არამედ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქვების თხელი ფენებისგან. ქვების კიდეებს იმდენად ფაქიზად ამუშავებენ, რომ გადაბმის ადგილები თვალისთვის თითქმის უხილავია.

ფლორენციული მოზაიკის ფერთა პალიტრა საოცრად მრავალფეროვანია. მათ შორისაა ლაზურიტი — ლურჯი ქვა თეთრი ზოლებით, რომელსაც წერტილებად აქვს ოქროსფერი პირიტი; მალაქიტი ხასხასა მწვანე ფერის ზოლებით; მარმარილო, რომელსაც საოცარი ფორმის ხაზები გასდევს და მოყვითალო, მოყავისფრო, მომწვანო და მოწითალო ფერი დაჰკრავს; აგრეთვე აქატი, იასპი, ონიქსი, პორფირი და სხვა ქვები. ამ ქვებით მოზაიკის სპეციალისტები არაჩვეულებრივ შედევრებს ქმნიან, რომლებიც საუცხოო ჩრდილებითა და შეფერილობებით გამოირჩევა. მრავალი ფერისა და ზოლის მქონე ქვები მოზაიკის შემქმნელებს იმის საშუალებას აძლევს, რომ გამოსახონ ლანდშაფტები, მცენარეები, აბობოქრებული ტალღები თუ ცაში მოლივლივე ღრუბლები.

ეს მოზაიკური მხატვრობა ხელოვნების ახალი დარგი არ არის. სავარაუდოდ, მას ჯერ კიდევ ახლო აღმოსავლეთში ჩაეყარა საფუძველი, ხოლო ძვ. წ. პირველ საუკუნეში რომშიც დამკვიდრდა. ამ მოზაიკით უმთავრესად კედლებისა და იატაკების მოპირკეთება ხდებოდა. მართალია, ფლორენციული მოზაიკა ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებსა და ბიზანტიის აყვავების ხანაში, მაგრამ, ძირითადად, მას მე-16 საუკუნიდან გაუთქვა სახელი ტოსკანას მთავარმა ქალაქმა ფლორენციამ. მოზაიკური მხატვრობის შეუდარებელ შედევრებს დღესაც შეხვდებით ევროპის სასახლეებსა თუ მუზეუმებში.

ქვებით „ხატვა“ საკმაოდ შრომატევადი პროცესია. როგორც ერთ ჟურნალში იყო აღნიშნული, დახარჯული საათების ის რაოდენობა, რომელიც ფლორენციული მოზაიკით ყველაზე უბრალო ნამუშევრის შექმნას სჭირდება, საგონებელში ჩააგდებდა დროის ანალიზის სპეციალისტსაც კი. ამის გამო როგორც წარსულში, ისე დღეს, მოზაიკის შემქმნელები თავიანთი ნამუშევრებისთვის იმხელა ფასს ითხოვენ, რომ ხალხის უმეტესობას მათზე ხელი არ მიუწვდება.

როგორ იქმნება?

თავდაპირველად იხატება ესკიზი. შემდეგ ესკიზი პატარ-პატარა ნაწილებად იჭრება. მოზაიკის სპეციალისტი თითოეული ნაწილისთვის საგულდაგულოდ არჩევს შესაფერის ქვებს, თან თავის ფანტაზიას იშველიებს. შემდეგ ესკიზის თითოეულ ნაწილს შერჩეულ ქვაზე აწებებს.

შემდეგ ეს ქვა, რომელიც ორი-სამი მილიმეტრი სისქისაა, გირაგში მაგრდება და საგულდაგულოდ მუშავდება სპეციალური ხერხით, რომელიც შედგება მორკალული წაბლის ჯოხისა და მასზე მჭიდროდ დამაგრებული ლითონის მავთულისგან (იხილეთ ზედა სურათი). მუშაობის დროს მოზაიკის შემქმნელი ლითონის მავთულს აბრაზიული პასტით პოხავს. შემდეგ ქვებს ქლიბავს, რათა ისე ებმებოდეს ერთიმეორეს, რომ მათ შორის შუქი არ გადიოდეს. წარმოიდგინეთ, რამხელა შრომა დასჭირდება ვაზის ულვაშის მოზაიკურად გამოსახვას.

მას შემდეგ, რაც ქვებს ერთმანეთთან შეაერთებენ და გრიფელის დაფაზე მიაწებებენ, ქვების ზედაპირს საბოლოოდ აპრიალებენ. ეს მოზაიკური მხატვრობის ნიმუში იმდენად ლამაზ იერს იძენს, რომ ფოტოგრაფებიც კი ვერ ასახავენ სრულად ამ სილამაზეს. გასაოცარია ის, თუ როგორ ანაწილებენ მოზაიკურ დეტალებს ფერების მიხედვით, და როგორ ქმნიან ჩრდილ-სინათლის მონაცვლეობას ისე, რომ მაგალითად, ყვავილის ფურცლები ნამდვილისგან არ განსხვავდებოდეს. გასაოცარი ფანტაზიით დაჯილდოებულმა მოზაისტებმა ფლორენციული მოზაიკით გამოსახეს სხვადასხვა ხილი, ლარნაკები, პეპლები, ჩიტები, ლანდშაფტები, მაგრამ ეს სრული ჩამონათვალი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ფლორენციული მოზაიკის სპეციალისტები ბევრს ვერაფერს გახდებოდნენ, ღმერთს რომ არ შეექმნა მრავალფეროვანი ქვები. ერთ წიგნში მოზაიკის შესახებ ნათქვამია: „თუ კარგად დააკვირდებით ამ ძვირფას ქვებს, დაინახავთ ღვთის სიდიადესა და ძლევამოსილებას, რომელმაც ამ პაწაწინა ქვებში მთელი სამყაროს სილამაზე ჩააქსოვა . . . და თვალწინ წარმოგიდგებათ მისი ღვთაებრიობის ბრწყინვალება“.

[სურათის საავტორო უფლება 16 გვერდზე]

All photos pages 16 & 17: Su concessione del Ministero per i Beni e le Attività Culturali-Opificio delle Pietre Dure di Firenze, Archivio Fotografico