არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბავშვები და ინტერნეტი — როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?

ბავშვები და ინტერნეტი — როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?

ბავშვები და ინტერნეტი — როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?

თქვენ როგორც მშობელს, რა უფრო აგაღელვებდათ — იმის გაგება, რომ თქვენს შვილს თქვენი ავტომანქანის გასაღები აქვს, თუ ის, რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია ინტერნეტში შესვლა? გარკვეულწილად ორივე შემთხვევაში არსებობს საფრთხე. ამასთანავე, ამ ორივე სიტუაციაში მშობლებს გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრიათ. ცხადია, მშობლებს არ შეუძლიათ, თავიანთ შვილებს სამუდამოდ აუკრძალონ ავტომანქანის ტარება, მაგრამ მათ შეუძლიათ, შვილებს მისი უსაფრთხოდ მართვა ასწავლონ. მსგავსადვე, მრავალი მშობელი შვილებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებას ასწავლის. ქვემოთ მოცემული ბიბლიური პრინციპები თქვენთვის დამხმარე იქნება.

„წინდახედული ცოდნით იმოქმედებს“ (იგავები 13:16). იმ მშობლებმა, რომელთა შვილებსაც ინტერნეტის გამოყენება შეუძლიათ, უნდა იცოდნენ ძირითადად რისთვის გამოიყენება ის და რას აკეთებენ მათი შვილები ინტერნეტში, იქნება ეს მყისიერი შეტყობინების მეშვეობით ვინმესთან ურთიერთობა, ვებ-გვერდების კითხვა თუ სხვა ნებისმიერი რამ. „შეეცადეთ გაერკვეთ ტექნიკის სიახლეებში, — ამბობს მარშა, ორი შვილის დედა. — ნუ დაასკვნით, რომ თქვენს ასაკში ვეღარაფერს ისწავლით“.

„ბანს მოაჯირიც გაუკეთე, რომ არავინ გადმოვარდეს“ (კანონი 22:8). ინტერნეტ პროვაიდერებისა თუ სხვადასხვა პროგრამების საშუალებით მშობლებს შეუძლიათ, ასე ვთქვათ, „მოაჯირი გააკეთონ“, ანუ დაბლოკონ საზიანო ვებ-საიტები და არასასურველი სარეკლამო რგოლები, რომლებიც მომხმარებელს სხვა საიტის გახსნას სთავაზობს. ზოგი პროგრამის მეშვეობით პირადი მონაცემების დაბლოკვაც შესაძლებელია, მაგალითად, სხვებმა რომ არ გაიგონ ბავშვის სახელი და მისამართი. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის არ იბლოკება ყველა საზიანო ინფორმაცია. გარდა ამისა, ზოგი მოზარდი ისე კარგად ერკვევა კომპიუტერში, რომ მათ შეუძლიათ ბლოკის მოხსნა.

„განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1). ბრიტანეთში 9—19 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ თითქმის ყოველ მეხუთეს აქვს ინტერნეტის გამოყენების საშუალება თავის საძინებელ ოთახში. თუ სახლში კომპიუტერი ისეთ ადგილზე იდგმება, რომ ყველას შეეძლება მისი დანახვა, ეს დაეხმარება მშობლებს, თვალი ადევნონ იმას, რასაც ბავშვები ინტერნეტში აკეთებენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვები შეიძლება მოერიდონ არასასურველი საიტების გახსნას.

„კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, რადგან დღეები ბოროტია“ (ეფესოელები 5:15, 16). წინასწარ უნდა იცოდეთ, თუ როდის შევა თქვენი შვილი ინტერნეტში, რამდენი ხანი გამოიყენებს მას და რომელი საიტების გახსნას შეძლებს ის. ბავშვთან ერთად იმსჯელეთ იმაზე, თუ რატომ უდგენთ მას ასეთ წესებს, და დარწმუნდით, რომ კარგად გაიგო, რაც აუხსენით.

ცხადია, ვერ შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი შვილი, როცა ის სხვაგან გამოიყენებს ინტერნეტს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, შვილს ზნეობრივი ფასეულობები ჩაუნერგოთ, რომ თქვენი თანდასწრების გარეშე გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს * (ფილიპელები 2:12). სანამ ბავშვს მოსთხოვთ, რომ თქვენ მიერ დადგენილი წესების თანახმად იმოქმედოს, ჯერ კარგად აუხსენით, რა შედეგები შეიძლება გამოიღოს ამ წესების დარღვევამ.

„[კარგი დედა] თვალყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება“ (იგავები 31:27). თვალყური ადევნეთ, როცა თქვენი შვილი ინტერნეტს იყენებს და უთხარით, რომ ყოველთვის ასე მოიქცევით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მათ განმარტოების საშუალებას არ აძლევთ. გახსოვდეთ, რომ ინტერნეტი სახალხო ფორუმია. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები მშობლებს ურჩევენ, რომ ყოველთვის აკონტროლონ, თუ რას აკეთებენ მათი შვილები ინტერნეტში, შეუმოწმონ იმეილი და ნახონ, რომელ საიტებზე შედიან ისინი.

„ჭკუა დაგიცავს და გამჭრიახობა დაგიფარავს; დაგიხსნის ბოროტების გზიდან, უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან“ (იგავები 2:11, 12). მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ მშობლებმა თვალყური ადევნონ შვილებს, თუ რას აკეთებენ ისინი ინტერნეტში. მათ ყველაზე მეტად ის დაიცავთ, თუ რა ფასეულობებს ჩაუნერგავთ და როგორ მაგალითს მისცემთ. ამიტომ, დრო გამოყავით და შვილებთან ერთად იმსჯელეთ იმაზე, თუ რა საფრთხე ახლავს ინტერნეტის გამოყენებას. შვილებთან გულღიად ლაპარაკი საუკეთესო საშუალებაა ინტერნეტით გამოწვეული საფრთხის თავიდან ასარიდებლად. „ჩვენ ორივე ბიჭს ვუთხარით, რომ ინტერნეტს ხშირად ცუდი ადამიანები იყენებენ თავიანთი მიზნებისთვის, — ამბობს ერთი მამა, რომელიც იეჰოვას მოწმეა. — ჩვენ აგრეთვე ავუხსენით მათ, თუ რა არის პორნოგრაფია და რატომ უნდა მოერიდონ მას. გარდა ამისა, ისიც კარგად დავანახვეთ, რომ არასოდეს იქონიონ ურთიერთობა უცხოებთან“.

თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები

თქვენი შვილები ინტერნეტით გამოწვეული საფრთხისგან რომ დაიცვათ, ეს ძალისხმევას მოითხოვს. გამუდმებით იცვლება ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ელექტრონული საშუალებები. ტექნიკის წინსვლა შეიძლება მრავალმხრივ იყოს ბავშვებისთვის სასარგებლო, მაგრამ ამავე დროს ისინი შესაძლოა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგნენ. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაიცვან თავიანთი შვილები ამ საფრთხისგან? „სიბრძნე იცავს კაცს“, — ნათქვამია ბიბლიაში (ეკლესიასტე 7:12).

დაეხმარეთ შვილებს, რომ დაბრძენდნენ. აუხსენით, თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი გონივრულად და როგორ აირიდონ საფრთხე თავიდან. თუ ასე მოიქცევით, ისინი შეძლებენ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებას.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მრავალ მოზარდს ინტერნეტში შესვლა შეუძლია მობილური ტელეფონით, სხვა პორტატიული მოწყობილობებით და ვიდეო-თამაშებისთვის განკუთვნილი კომპიუტერებითაც კი.

[ჩანართი 8 გვერდზე]

ბრიტანეთში 9—19 წლამდე ასაკის მოზარდების 57 პროცენტი ინტერნეტში ყოველკვირა უყურებს პორნოგრაფიულ მასალას. მაგრამ, მშობლების მხოლოდ 16 პროცენტს სჯერა, რომ მათი შვილები ასე იქცევიან

[ჩანართი 9 გვერდზე]

სპეციალისტების აზრით, ყოველდღიურად შეიძლება 750 000-ზე მეტი პედოფილი იყენებდეს ინტერნეტს სხვების გაცნობის მიზნით

[ჩანართი 9 გვერდზე]

შეერთებულ შტატებში 12—17 წლამდე ასაკის მოზარდების 93 პროცენტი იყენებს ინტერნეტს

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

შეგიძლიათ ასწავლოთ შვილს, რომ გონივრულად გამოიყენოს ინტერნეტი?