არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენ ვქადაგებთ შორეულ ქვეყნებში

ჩვენ ვქადაგებთ შორეულ ქვეყნებში

ჩვენ ვქადაგებთ შორეულ ქვეყნებში

მოგვითხრო ჰელენ ჯოუნზმა

1970-იანი წლების დასაწყისში ბანგალორში (ინდოეთი), ხალხით გადაჭედილ ბაზარში ვიყავი. უეცრად, ერთი კამეჩი რქებით დამეტაკა, ჰაერში ამაგდო და მიწაზე დამანარცხა. ის სადაც იყო გამთელავდა, ერთი ინდოელი ქალი რომ არ მოსულიყო და გადავერჩინე. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, რატომ ვიყავი ჩასული ინდოეთში.

დავიბადე 1931 წელს და გავიზარდე კანადის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ვანკუვერში. ჩემი მშობლები წესიერი, პატიოსანი ადამიანები იყვნენ, თუმცა ეკლესიაში არ დადიოდნენ. მე კი ბავშვობიდანვე სულიერი საკითხებისადმი დიდ ინტერესს ვავლენდი, ამიტომ დავდიოდი საკვირაო სკოლაში და ზაფხულობით ვესწრებოდი ბიბლიის შესასწავლად გამიზნულ სპეციალურ გაკვეთილებს.

1950 წელს, 19 წლის ასაკში ცოლად გავყევი ფრენკ შილერს, რომელსაც წინა ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავდა. ორი წლის შემდეგ ჩვენ ვაჟი შეგვეძინა. გვინდოდა, რომ ეკლესიის მრევლი გავმხდარიყავით, მაგრამ იმის გამო, რომ ფრენკი განქორწინებული იყო, არც ერთმა ეკლესიამ არ მიგვიღო. ფრენკი ძალიან გაბრაზდა, ამიტომ რელიგიის ხსენებაც კი აღარ უნდოდა.

ვიგებთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას

1954 წელს ჩემმა ძმამ გახარებულმა მომითხრო იმის შესახებ, რაც მისმა თანამშრომელმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ბიბლიიდან უჩვენა. მართალია, მე უამრავი კითხვა მქონდა და ისიც ვიცოდი, თუ სად ატარებდნენ შეხვედრებს იეჰოვას მოწმეები, მაგრამ მათ შეხვედრებს არ დავსწრებივარ, რადგან ჩემი ქმარი უარყოფითად იყო განწყობილი რელიგიების მიმართ. გარკვეული დროის შემდეგ ორმა მოწმემ კარზე დაგვიკაკუნა. მინდოდა გამეგო, რას ასწავლიდა მათი რელიგია განქორწინების შესახებ. მათ გადამიშალეს ბიბლია და მიჩვენეს, თუ რა მიზეზის გამოა დაშვებული განქორწინება (მათე 19:3—9). მათ დამარწმუნეს, რომ ნებისმიერ კითხვაზე მივიღებდი პასუხს, თუ ბიბლიის რეგულარულ შესწავლას დავიწყებდი.

ფრენკი გაცეცხლდა, მას მოწმეების სახელის გაგონებაც კი არ უნდოდა. 1955 წელს დავესწარი ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს და როცა სახლში დავბრუნდი, აღტაცებით დავუწყე ფრენკს იმის მოყოლა, რაც ბიბლიიდან გავიგე. „შეუძლებელია, ასე იყოს! — ყვიროდა ის, — ჯერ ბიბლიით დამიმტკიცე, რომ სწორია ის, რასაც ამბობ, და მერე თუ გინდა, თქვენს სულელურ შეხვედრაზეც კი წამოვალ!“

ფრენკს ბიბლია მივაწოდე და მან ისეთი მოწიწებით გამომართვა ის, რომ აშკარად ჩანდა, თუ რა დიდ პატივს სცემდა ღვთის სიტყვას. ჩვენ ერთად ვეძებდით ბიბლიაში იმ მუხლებს, რომლებიც ჩამოწერილი მქონდა. მე ბევრს არ ვლაპარაკობდი ბიბლიურ მუხლებზე, არამედ საშუალებას ვაძლევდი ჩემს მეუღლეს, რომ თავად გამოეტანა დასკვნები წაკითხული მუხლებიდან. ფრენკი არ შემკამათებია, ეტყობოდა, რომ წაკითხულმა ძალიან იმოქმედა მასზე. ის მთელი საღამო ჩაფიქრებული იყო.

როცა კრების შეხვედრის დრო მოახლოვდა, ფრენკს შევახსენე თავისი დანაპირების შესახებ. მან უხალისოდ მიპასუხა: „კარგი, ერთხელ წამოვალ, რომ ვნახო, რა ხდება თქვენს შეხვედრებზე“. ბიბლიურ მოხსენებაში საუბარი იყო იმაზე, რომ ცოლები უნდა ემორჩილებოდნენ ქმრებს (ეფესოელები 5:22, 23, 33). ეს ინფორმაცია ფრენკს ძალიან მოეწონა. შემდეგ ის დაესწრო „საგუშაგო კოშკის“ განხილვას, სადაც ირჩეოდა სტატია სათაურით „კმაყოფილება პოვე შრომაში“. ფრენკი მშრომელი კაცი იყო, ამიტომ ამ სტატიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. მას შემდეგ ფრენკს არც ერთი შეხვედრა არ გაუცდენია. ფრენკი მალევე აქტიურად ჩაება მსახურებაში. მე ბიბლიის შესწავლები მქონდა. მათ, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდი, სულიერად წინ წაიწიეს და იეჰოვას მსახურები გახდნენ. იმავე წელს მე, ფრენკი, დედაჩემი და ჩემი ძმა ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლეთ.

გვსურს, უფრო მეტი ვაკეთოთ მსახურებაში

1957 წელს სიეტლში (ვაშინგტონი, აშშ) ჩატარებულ საოლქო კონგრესზე წარმოთქმული იყო მოხსენება, რომელიც გვიბიძგებდა იმისკენ, რომ გვემსახურა იქ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე უფრო დიდი მოთხოვნილება იყო. ღმერთს ლოცვით მივმართე: „იეჰოვა, მინდა, რომ ასეთ ადგილებში ვიმსახურო. გთხოვ, დაგვეხმარე გადავიდეთ იქ, სადაც საჭირონი ვართ“. მაგრამ ფრენკს ის აწუხებდა, რომ მას ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა ეკისრა (1 ტიმოთე 5:8).

მომდევნო წელს მთელი ოჯახი დავესწარით საოლქო კონგრესს ნიუ-იორკში, რომელიც ერთდროულად „იანკისა“ და „პოლო გრაუნდზის“ სტადიონებზე ტარდებოდა. საჯარო მოხსენება 253 000-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა. ფრენკზე ნანახმა და მოსმენილმა ძალიან იმოქმედა. ასე რომ, როცა სახლში დავბრუნდით, გადავწყვიტეთ საცხოვრებლად გადავსულიყავით კენიაში (აფრიკა), რადგან იქ ინგლისურად ლაპარაკობდნენ და შეგვეძლო ბავშვები ინგლისურენოვან სკოლაში მიგვეყვანა.

1959 წელს გავყიდეთ სახლი და მთელი ჩვენი ავლა-დიდებით მონრეალში (კანადა) გავემგზავრეთ. იქიდან გემით ლონდონში ჩავედით, სადაც სხვა გემზე გადავედით და ხმელთაშუა ზღვისა და წითელი ზღვის გავლით ინდოეთის ოკეანეში გავედით. ბოლოს ჩავედით ქალაქ მომბასაში (კენია), რომელიც აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მომდევნო დღეს ჩვენ მატარებლით წავედით ქვეყნის დედაქალაქ ნაირობიში.

კურთხევები აფრიკაში

იმ პერიოდში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა კენიაში აკრძალული იყო, რის გამოც ჩვენ ფრთხილად ვქადაგებდით. კენიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული წყვილები ცხოვრობდნენ, ამიტომ იქ დარჩენის ნება ჩვენც დაგვრთეს. აკრძალვის გამო იძულებულნი ვიყავით, რომ კრების შეხვედრებს ათზე მეტი არ დავსწრებოდით. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მთელ ჩვენს ოჯახს სრული მონაწილეობა უნდა მიეღო შეხვედრებზე.

როცა კენიაში ჩავედით, მალევე მოვძებნეთ საცხოვრებელი და ფრენკმაც იშოვა სამსახური. პირველივე ქალბატონი, რომელსაც კარდაკარ მსახურების დროს შევხვდი, ბიბლიის შესწავლაზე დამთანხმდა. მოგვიანებით მან დაიწყო მსახურება პიონერად (ასე ეწოდებათ სრული დროით მსახურ იეჰოვას მოწმეებს). მეორე შესწავლა დავიწყე ერთ გოგონასთან, რომელსაც გუდის ვეძახდით. ის სიქიზმის მიმდევარი იყო. გუდი მტკიცედ შეხვდა ოჯახის წევრებისა თუ ყოფილი თანამორწმუნეების წინააღმდეგობას. როცა სახლიდან გააგდეს, ის ერთი მოწმის ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად. გუდიმ თავი მიუძღვნა იეჰოვას, პიონერად დაიწყო მსახურება და მოგვიანებით მისიონერული სკოლა „გალაადი“ დაამთავრა.

ჩვენმა ოჯახმა მძიმე განსაცდელები გადაიტანა. ჩვენი უფროსი ვაჟი რევმატიზმით დაავადდა, ფრენკმა კი მანქანის შეკეთების დროს სერიოზული დამწვრობა მიიღო და სამსახური დაკარგა. მოგვიანებით, მან დაახლოებით ათასი კილომეტრის მოშორებით ტანგანიიკას (ამჟამად ტანზანია) დედაქალაქ დარ-ეს-სალამში იშოვა სამსახური, ამიტომ ჩვენ იქ გადავედით საცხოვრებლად. დარ-ეს-სალამში იყო პატარა კრება, რომელმაც გულთბილად მიგვიღო.

მართალია იმ დროს ტანზანიაში ქადაგება აკრძალული იყო, მაგრამ ხელისუფლება მკაცრ წინააღმდეგობას არ გვიწევდა. 1963 წელს შეერთებული შტატებიდან ჩვენთან ჩამოვიდა მილტონ ჰენშელი, იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი. მან მოხსენება წარმოთქვა „კურიმჯი-ჰოლში“, ქვეყნის ყველაზე საუკეთესო დარბაზში. მისი მოხსენების დროს ერთი ღარიბულად ჩაცმული ხანდაზმული მამაკაცი ჩემ გვერდით დაჯდა. მე მას მივესალმე. როდესაც სიმღერას ვმღეროდით და მოხსენებას ვუსმენდით, მას ჩემს სიმღერების წიგნში და ბიბლიაში ვახედებდი. პროგრამის ბოლოს მე ის დავპატიჟე, რომ კვლავ მოსულიყო ჩვენს შეხვედრებზე. როგორც კი ეს კაცი წავიდა, იქაური მოწმეები მაშინვე მოვიდნენ ჩემთან.

„იცი, ვინ იყო ეს კაცი? — მკითხეს მათ, — ეს დარ-ეს-სალამის მერი იყო“. ადრე ის იმუქრებოდა, რომ ჩვენს კონგრესს ჩაშლიდა და, როგორც ჩანს, ამის გამო მან თავი ღარიბად მოგვაჩვენა, რადგან ფიქრობდა, რომ ცუდად მოვექცეოდით და ამას კონგრესის ჩაშლის საბაბად გამოიყენებდა. მაგრამ, მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მის მიმართ გამოვლენილმა სითბომ და ყურადღებამ, რომ ხელი არ შეუშლია კონგრესის მსვლელობისთვის. კონგრესს 274 ადამიანი ესწრებოდა, მათგან 16 მოინათლა.

იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ტანზანიაში ვიყავით, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მიიღო. ამის შედეგად, უცხოელების ნაცვლად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება დაიწყეს. უცხოელების უმრავლესობას ქვეყნის დატოვება მოუწია, მაგრამ ფრენკი იმდენად დაჟინებით ეძებდა სამუშაოს, რომ მისი ძალისხმევა ბოლოს დაჯილდოვდა — მას უთხრეს, რომ ერთგან სჭირდებოდათ გამოცდილი მექანიკოსი, რომელიც დიზელის საწვავზე მომუშავე თბომავლებს შეაკეთებდა. ფრენკმა მათთან კონტრაქტი გააფორმა და ამის წყალობით ჩვენ ოთხ წელზე მეტი ხანი დავრჩით ქვეყანაში. ბოლოს, როდესაც კონტრაქტის ვადა ამოიწურა, ჩვენ კანადაში დავბრუნდით და იქ მანამდე დავრჩით, სანამ ჩვენი შვილები არ გაიზარდნენ და დაოჯახდნენ. ჩვენ ისევ ახალგაზრდული შემართება გვქონდა და აღძრულნი ვიყავით, უფრო მეტი გვეკეთებინა.

ინდოეთში

1970 წელს ბომბეიში (ახლანდელი მუმბაი) არსებული იეჰოვას მოწმეთა ფილიალის რეკომენდაციით ჩვენ გავემგზავრეთ ქალაქ ბანგალორში, სადაც იმ დროს 1,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. სწორედ იქ იყო, რომ კამეჩი დამეტაკა და ძლივს გადავურჩი სიკვდილს. მაშინ ბანგალორში იყო ორმოცი მაუწყებლისგან შემდგარი ერთი ინგლისურენოვანი კრება და ერთი დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც შეხვედრებს ტამილურ ენაზე ატარებდა. ფრენკმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო რამდენიმე მამაკაცთან, რომლებმაც სულიერად წინ წაიწიეს და მოგვიანებით ქრისტიანი უხუცესები გახდნენ. მეც ვასწავლიდი ბიბლიას რამდენიმე ოჯახს, რომლებიც იეჰოვას მსახურები გახდნენ.

ერთი ქალი, სახელად გლორია, ქალაქის ღარიბ უბანში ცხოვრობდა. როდესაც პირველად მივაკითხე, მან სახლში შემიპატიჟა. მას სახლში არანაირი ავეჯი არ ჰქონდა, ამიტომ პირდაპირ იატაკზე დავსხედით. გლორიას „საგუშაგო კოშკი“ დავუტოვე, საიდანაც მან ამოჭრა გამოცხადების 4:11-დან აღებული ბიბლიური ციტატა და კედელზე გააკრა, რათა ყოველდღე დაენახა. ამ ციტატიდან მას განსაკუთრებით მოსწონდა სიტყვები „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა“. ერთი წლის შემდეგ ის მოინათლა.

ფრენკი ერთი წლით მიიწვიეს ბომბეის ფილიალში, რათა იქ ემსახურა და ზედამხედველობა გაეწია ინდოეთში პირველი საკონგრესო დარბაზის მშენებლობისთვის. საკონგრესო დარბაზი არსებული ფილიალის შენობის თავზე ააშენეს. მაშინ მთელ ინდოეთში მოწმეების რიცხვი 3 000-ს ოდნავ აღემატებოდა, ფილიალში კი 10-ზე ნაკლები და-ძმა მსახურობდა. სამწუხაროდ 1975 წელს ჩვენი ძვირფასი მეგობრების დატოვება და უკან დაბრუნება მოგვიწია იმის გამო, რომ ფულადი სახსრები შემოგველია.

კვლავ აფრიკაში

ამასობაში ათმა წელმა განვლო. ფრენკი უკვე იმ ასაკში იყო, რომ მას პენსია დაენიშნა. ასე რომ, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, მონაწილეობა მიგვეღო ფილიალების მშენებლობის საერთაშორისო პროგრამაში. ჩვენ მივიღეთ წერილი, რომელშიც გვთხოვდნენ, რომ წავსულიყავით იგედუმაში (ნიგერია), რათა იქ ძმებს სამშენებლო საქმეში დავხმარებოდით. იგედუმაში ყოფნისას ფრენკი ბიბლიას ასწავლიდა მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც იეჰოვას მოწმე გახდა და მოგვიანებით ნიგერიის ფილიალში დაიწყო მსახურება.

ამის შემდეგ ჩვენ გავემგზავრეთ ზაირში, რათა ფილიალის მშენებლობაში მიგვეღო მონაწილეობა. მალევე ზაირში სამქადაგებლო მსახურება აიკრძალა და ჩვენ პასპორტები ჩამოგვართვეს. ფრენკს სამსახურში გულის შეტევა დაემართა, მაგრამ სანამ აკრძალვა მოიხსნებოდა, ის გამოკეთდა. მოგვიანებით ყველა მშენებელს ქვეყნის დატოვება მოუწია და ჩვენც ლიბერიაში გაგვგზავნეს. იქ მონროვიის ფილიალში ფრენკს გენერატორის შეკეთება სთხოვეს. როდესაც 1986 წელს ჩვენს ვიზებს ვადა ამოეწურა, კვლავ კანადაში დაბრუნება მოგვიწია.

ეკვადორში

ამის შემდეგ, მალევე გავიგეთ, რომ ჩვენი მეგობარი ენდი კიდი ეკვადორში გადასულა და იქ ქადაგებდა. ენდი ერთადერთი უხუცესი იყო კრებაში და ხშირად მას უწევდა უმეტესი დავალებებით გამოსვლა. მისი მოწვევით ჩვენ 1988 წელს ჩავედით ეკვადორის ფილიალში, სადაც ძალიან თბილად მიგვიღეს. იქ რამდენიმე დღე დავრჩით.

მე და ფრენკმა ვიშოვეთ კეთილმოწყობილი სახლი, სადაც დავბინავდით. ჩვენ ესპანური ენა უნდა გვესწავლა. ფრენკი იმ დროს 71 წლის იყო. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კარგად არ ვიცოდით, 12 ადამიანს დავეხმარეთ, რომ მონათლულიყვნენ. ფრენკს სთხოვეს, რომ ეკვადორის ფილიალის მშენებლობაში მიეღო მონაწილეობა. ფრენკი აგრეთვე ასწავლიდა ბიბლიას ერთ კაცს, რომლის ცოლიც ქალაქ გუაიაკილში ერთ-ერთი პირველი იეჰოვას მოწმე იყო. ეს კაცი, რომელიც 46 წელი ეწინააღმდეგებოდა თავის ცოლს, ჩვენი მეგობარი და სულიერი ძმა გახდა.

უდიდესი დანაკლისი

ჩვენ დავსახლდით წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ ანკონში, სადაც ძმებს სამეფო დარბაზის მშენებლობაში ვეხმარებოდით. სამწუხაროდ, 1998 წლის 4 ნოემბერს სამსახურებრივ შეხვედრაზე ბოლო მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ფრენკს გულის შეტევა მოუვიდა და იმავე ღამეს გარდაიცვალა. მე ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ჩვენი სულიერი და-ძმებისგან! მომდევნო დღეს ფრენკი დავკრძალეთ სამეფო დარბაზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასაფლაოზე. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რასაც განიცდი, როდესაც საყვარელი ადამიანი გიკვდება.

მე კიდევ ერთხელ მომიწია კანადაში დაბრუნება, ოღონდ ამჯერად მარტოს. ახლა მთელი ყურადღება ოჯახის წევრებზე გადავიტანე; გარდა ამისა სხვადასხვა იურიდიული საკითხი მქონდა მოსაგვარებელი. ჩემი მწუხარების მიუხედავად, იეჰოვამ არ დამივიწყა. ეკვადორის ფილიალიდან მივიღე წერილი, რომლითაც გულთბილად მიწვევდნენ, რომ ეკვადორში დავბრუნებულიყავი. მეც კვლავ ჩავედი ეკვადორში და ფილიალთან ახლოს, ძმების მიერ შემოთავაზებულ, პატარა ბინაში დავსახლდი. ფილიალში მსახურება და ქადაგება დამეხმარა ფრენკის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავებაში, თუმცა თავს მაინც მარტოდ ვგრძნობდი.

კვლავაც აქტიურად ვმსახურობ

გარკვეული დროის შემდეგ გავიცანი ჯუნიორ ჯოუნზი. ის ეკვადორში შეერთებული შტატებიდან 1997 წელს ჩავიდა, რათა პიონერად ემსახურა. ჩვენ ერთი და იგივე მიზნები გვქონდა და ბევრი რამ აღმოგვაჩნდა საერთო. მე და ჯუნიორი 2000 წლის ოქტომბერში დავქორწინდით. ჯუნიორს სამშენებლო საქმეში გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ ჩვენ მიგვიწვიეს ანდებში მდებარე ქალაქ კუენკაში, სადაც უნდა დასრულებულიყო საკონგრესო დარბაზის მშენებლობა. 2006 წლის 30 აპრილს ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ჯეფრი ჯექსონი და მიძღვნის პროგრამის დროს წარმოთქვა მოხსენება, რომელიც 6 554 ადამიანმა მოისმინა.

ვინ წარმოიდგენდა, რომ ისეთ შორეულ ადგილებში, როგორიცაა აფრიკა, ინდოეთი და სამხრეთი ამერიკა, სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა ასეთ საოცარ მასშტაბებს მიაღწევდა?! მე და ჯუნიორი დღეს გულშიც კი არ ვივლებთ იმ აზრს, რომ შევწყვიტოთ მსახურება. იეჰოვას მსახურებაში 50 წელზე მეტი გავატარე. ამ დრომ ისე სწრაფად განვლო, რომ გუშინდელივით მახსოვს, როგორ დავიწყე მსახურება. და ვიცი, რომ როდესაც ახალი ქვეყნიერება დადგება, ეს პერიოდი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, ჩვენთვის გუშინდელი დღესავით იქნება (გამოცხადება 21:3—5; 22:20).

[რუკა⁄სურათი 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ჩვენ ამ ქვეყნებში ვმსახურობდით

კანადა → ინგლისი → კენია → ტანზანია

კანადა → ინდოეთი

კანადა → ნიგერია → კონგოს დემ. რესპ. (ზაირი) → ლიბერია

კანადა → ეკვადორი

[სხვა დასახლებები]

შეერთებული შტატები

[სურათი]

მე და ფრენკი კონგრესზე მივდივართ (ინდოეთი)

[სურათი 15 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე ჯუნიორ ჯოუნზი