არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა მივაკითხოთ სტომატოლოგს?

რატომ უნდა მივაკითხოთ სტომატოლოგს?

რატომ უნდა მივაკითხოთ სტომატოლოგს?

თანამედროვე სტომატოლოგიის დანერგვამდე კბილის ტკივილი და ადრეულ ასაკში კბილების დაკარგვა ჩვეულებრივი რამ იყო. ბევრი უშნოდ გამოიყურებოდა შავი, მრუდი ან დაკარგული კბილების გამო. ხანდაზმულებს უკბილობის გამო საჭმლის ღეჭვა უჭირდათ; ისინი საკვები ნივთიერებების უკმარისობას განიცდიდნენ და ნაადრევად კვდებოდნენ. დღეს ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც სტომატოლოგის მომსახურებას იღებენ, აღარ იტანჯებიან კბილის ტკივილით; ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებენ თავიანთ კბილებს და მომხიბვლელ ღიმილს. როგორ მიაღწია ამას თანამედროვე სტომატოლოგიამ?

პროფილაქტიკური ზომების მიღება, რომელშიც შედის ადამიანების გათვითცნობიერება და რეგულარული შემოწმება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილის ტკივილისა და მათი დაკარგვის თავიდან არიდებაში. ‘ექიმი ჯანმრთელებს არ სჭირდებათ’, — თქვა იესომ (ლუკა 5:31). ბევრმა იმდენად კარგად ისწავლა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რომ იშვიათად სჭირდებათ სტომატოლოგიური მომსახურება *. თუმცა ბევრი საერთოდ არ მიდის სტომატოლოგთან. ზოგს არ აღელვებს თავისი კბილების მდგომარეობა; ზოგი მაღალი ფასების გამო იკავებს თავს; ზოგს კი ეშინია. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია იმაზე დაფიქრება, თუ რა დახმარების აღმოჩენა შეუძლია თქვენთვის სტომატოლოგს და რატომ ღირს მასთან მისვლა. უკეთესად რომ გავიგოთ პროფილაქტიკის მნიშვნელობა, ვნახოთ, რის არიდებას ცდილობენ სტომატოლოგები.

როგორ იწყებს კბილი გაფუჭებას

სტომატოლოგი აგარიდებთ კბილის ტკივილსა და მის დაკარგვას. თქვენი დახმარებით ის შეეცდება აღმოფხვრას კბილის ბაქტერიული ნადებით გამოწვეული დაზიანება. ბაქტერიები საჭმლის ნარჩენებით იკვებებიან. ისინი შაქრებს გარდაქმნიან მჟავებად, რაც კბილის მინანქარს აზიანებს. ბოლოს ამ დაზიანებულ ადგილას ჩნდება ღრმული. თავიდან ადამიანი ვერაფერს გრძნობს, მაგრამ როცა კარიესი კბილის პულპას აღწევს, ამას შეიძლება მწვავე ტკივილი მოჰყვეს.

ბაქტერიები, რომლებიც ნადებს წარმოქმნიან, სხვა მხრივაც საზიანოა. თუ კბილების გაწმენდის შემდეგ ნადები რჩება, ის მაგრდება და კბილის ქვად იქცევა, რის გამოც ღიზიანდება ღრძილები და იწყება კბილის ყელის გაშიშვლება; შედეგად კბილსა და ღრძილს შორის გაჩენილ ადგილში გროვდება საჭმლის ნარჩენები, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას და ღრძილების ანთების განვითარებას. სტომატოლოგი ეხმარება პაციენტს ნადების მოშორებაში, მაგრამ თუ პაციენტმა არ მიიღო ზომები, კბილის გარშემო ქსოვილები შეიძლება ისე დაზიანდეს, რომ მას კბილები მოერყეს. ხშირად, ეს უფრო ხდება კბილის დაკარგვის მიზეზი, ვიდრე კარიესი.

ბაქტერიის ამ ორმაგი თავდასხმისგან გარკვეულწილად ნერწყვი გიცავთ. მნიშვნელობა არა აქვს, ისადილეთ თუ მხოლოდ ნამცხვარი მიირთვით, ნერწყვს 15—45 წუთი სჭირდება ნარჩენების მოსაშორებლად და ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი მჟავების გასანეიტრალებლად. ამ დროს ძირითადად განსაზღვრავს ის, თუ რა რაოდენობით შაქარი ან საკვების ნარჩენი მიეკრა კბილებს. სწორედ ამ პერიოდში ზიანდება კბილები. ასე რომ, კბილების გაფუჭების მიზეზი შეიძლება დიდი რაოდენობით შაქრის მიღება კი არ იყოს, არამედ საკვებისა და ტკბილეულობის ხშირად მიღება. ძილის დროს ნაკლები ნერწყვი გამოიყოფა, ამიტომ ყველაზე ცუდია, როცა ძილის წინ ტკბილ საჭმელსა და სასმელს მიირთმევთ და კბილებს არ იწმენდთ. ამბობენ, რომ უშაქრო საღეჭი რეზინის ღეჭვა ჭამის შემდეგ ნერწყვის დიდი რაოდენობით გამოყოფას უწყობს ხელს და გარკვეულწილად იცავს თქვენს კბილებს.

პროფილაქტიკა

სტომატოლოგები გვირჩევენ, კბილების მდგომარეობიდან გამომდინარე, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც მივაკითხოთ მათ. შემოწმებისას სტომატოლოგი, ალბათ, რენტგენს გადაუღებს კბილებს და ყურადღებით დააკვირდება, გაჩნდა თუ არა კარიესი. ადგილობრივი ანესთეზიისა და ტურბინული მანქანის მეშვეობით ექიმი უმტკივნეულოდ ამოავსებს წარმოქმნილ ღრმულს. ძალიან მშიშარა პაციენტებისთვის ზოგი სტომატოლოგი იყენებს ლაზერს ან კარიესის დამშლელ გელს. ასეთი მეთოდები ტურბინული მანქანისა და ანესთეზიის გამოყენების საჭიროებას ამცირებს ან საერთოდ გამორიცხავს. ბავშვების შემთხვევაში სტომატოლოგები დიდ ყურადღებას აქცევენ ახლადამოჭრილ საღეჭ კბილებს (მოლარებს), რათა შეამოწმონ, არის თუ არა კბილზე ღარები ან ფოსოები, რომლებიც ჯაგრისით რთულად იწმინდება. ექიმმა შეიძლება მშობლებს ურჩიოს ფოსოებისა და ღარების ამოვსება, რათა საღეჭი ზედაპირი გლუვი და ადვილად გასაწმენდი გახდეს, რაც დაიცავს კბილს გაფუჭებისგან.

ზრდასრული პაციენტების შემთხვევაში, სტომატოლოგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პარადონტის დაავადების თავიდან არიდებას. თუ ექიმმა კბილებზე ქვა შენიშნა, ის მოაშორებს მას. ადამიანთა უმეტესობა ყველა კბილს კარგად ვერ იწმენდს, ამიტომ შესაძლოა ექიმმა გასწავლოთ კბილების უკეთესად გაწმენდა. ამ მიზნით ზოგი სტომატოლოგი თავის პაციენტს ჰიგიენისტთან გზავნის.

დაზიანებული კბილების გაჯანსაღება

თუ კბილები დაზიანებული ან გამრუდებული გაქვთ, ან ზოგი კბილი გაკლიათ, გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ სტომატოლოგები თანამედროვე მეთოდებს ფლობენ მათ გასაჯანსაღებლად. მაგრამ ასეთი მკურნალობა ძვირი ჯდება. შეიძლება იმაზე მეტი თანხა დაგჭირდეთ, რის საშუალებაც გაქვთ. მიუხედავად ამისა, ბევრს მიაჩნია, რომ კბილის გასაჯანსაღებლად ფულის დახარჯვა ღირს. შეიძლება სტომატოლოგმა ღეჭვის უნარი აღგიდგინოთ ან მომხიბვლელი ღიმილი დაგიბრუნოთ, რაც მნიშვნელოვანია.

თუ წინა კბილები გატეხილი ან ლაქებიანია, სტომატოლოგმა შეიძლება გირჩიოთ გამჭვირვალე ფაიფურისგან დამზადებული ვინირი, რომელიც ძალიან ჰგავს კბილის ბუნებრივ მინანქარს. ვინირს ამაგრებენ დაზიანებული კბილის ზედაპირზე, რაც მას ახალ ფორმასა და იერს აძლევს. თუ კბილი ძალიან დაზიანებულია, ექიმმა შეიძლება გვირგვინის გაკეთება შემოგთავაზოთ. ის მთლიანად ფარავს კბილს და მზადდება ოქროსგან ან ისეთი მასალისგან, რომელიც ბუნებრივ იერს აძლევს კბილს.

მაგრამ რის გაკეთება შეუძლია ექიმს, თუ კბილი გაკლიათ? მას შეუძლია გაგიკეთოთ მოსახსნელი ნაწილობრივი პროთეზი ან ხიდი, რომელიც მაგრდება მეზობელ კბილებზე და სულ მცირე ერთ ხელოვნურ კბილს შეიცავს. უფრო და უფრო პოპულარული ხდება იმპლატანტის ჩასმა. სტომატოლოგი ტიტანის ხრახნს სვამს ყბის ძვალში დაკარგული კბილის ადგილას და შეხორცების შემდეგ ხრახნზე ხელოვნურ კბილს ამაგრებს. ის თითქმის არაფრით განსხვავდება ნამდვილი კბილისგან.

გამრუდებული კბილები დისკომფორტს ქმნის, რთულია გასაწმენდად და მიდრეკილია გაფუჭებისკენ. არასწორი თანკბილვა შეიძლება მტკივნეული იყოს და ადამიანს ღეჭვაში უშლიდეს ხელს. საბედნიეროდ, სტომატოლოგებს შეუძლიათ კბილების გასწორება ორთოდონტული აპარატის საშუალებით. მათი დიზაინი უფრო დაიხვეწა, რის გამოც თანამედროვე ორთოდონტული აპარატები ნაკლებად შესამჩნევია და მათ ნაკლებად სჭირდება რეგულირება.

ზოგი ექიმი დიდ ყურადღებას აქცევს პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მოშორებას. ადამიანების უმეტესობას დროდადრო პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის, ზოგს კი ეს პრობლემა მუდმივად აქვს. ამის მიზეზი ბევრია. ზოგი სტომატოლოგიური კლინიკა აღჭურვილია ისეთი დანადგარებით, რომელთა საშუალებით შეიძლება მიზეზების დადგენა. ხშირ შემთხვევაში მიზეზი არის ბაქტერია, რომელიც ენის ზედაპირის უკანა ნაწილში ცხოვრობს. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ენის გაწმენდა და უშაქრო საღეჭი რეზინის ღეჭვა, რომელიც ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს. პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით საჭიროა რძის პროდუქტების, ხორცისა და თევზის ჭამის შემდეგ.

შიშის დაძლევა

თუ სტომატოლოგთან ვიზიტის გეშინიათ, თქვენი ექიმი დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში. უპირველესად, უთხარით, რომ გეშინიათ. მოელაპარაკეთ, რომ ტკივილის ან შიშის შემთხვევაში ხელით ანიშნებთ. ასეთ დროს მრავალი პაციენტი თავს უფრო მშვიდად გრძნობს.

შესაძლოა ექიმის საყვედურის გეშინიათ, რომ კბილებს კარგად არ უვლიდით. მაგრამ ასეთი შიში უსაფუძვლოა, რადგან ექიმის ინტერესებში არ შედის საყვედურების თქმა. სტომატოლოგების უმეტესობა თავიანთ კლიენტებს თბილად ეპყრობა.

ბევრს საფასურის გადახდა აშინებს. მაგრამ თუ საშუალება გაქვთ, რომ ახლავე მიაკითხოთ ექიმს კბილების შესამოწმებლად, ალბათ, მომავალში ძვირადღირებული მკურნალობა აღარ დაგჭირდებათ. ბევრგან სხვადასხვა დონისა და საფასურის მომსახურების მიღება შეიძლება. ყველაზე უბრალო სტომატოლოგიურ კაბინეტშიც კი დგას რენტგენის აპარატი და ტურბინული მანქანა. ძირითადად ექიმები პროცედურების უმეტესობას უმტკივნეულოდ ატარებენ. ადგილობრივი ანესთეზიის საფასური იმდენად დაბალია, რომ თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია მისი გადახდა.

სტომატოლოგები ყველანაირად ცდილობენ პაციენტისთვის ტკივილის შემსუბუქებას. კბილების მკურნალობა ისეთი საშინელი აღარ არის, როგორიც ჩვენი პაპა-ბებიების დროს იყო. კარგი კბილები კარგ ჯანმრთელობას უწყობს ხელს და ცხოვრებას მეტ ხალისს სძენს. ამიტომ, ხომ არ დადგა დრო, რომ სტომატოლოგს მიაკითხოთ? გარწმუნებთ, არ ინანებთ!

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ეს სტატია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რის გაკეთება შეუძლია სტომატოლოგს პაციენტის დასახმარებლად. მეტი ინფორმაციისთვის, თუ თქვენ როგორ შეგიძლიათ კბილების გაფრთხილება, იხილეთ სტატია „როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მომხიბვლელი ღიმილი?“ 2005 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში.

[დიაგრამა 29 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ჯანმრთელი კბილის ანატომია

გვირგვინი

მინანქარი

დენტინი

გვირგვინოვანი პულპა, არხები და სისხლძარღვები

ფესვი

ღრძილი

ძვალი

[დიაგრამა 29 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

კარიესი

ღრმული

ბჟენი აჩერებს კარიესის განვითარებას.

[დიაგრამა 29 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ღრძილების ანთება

კბილის ნადების მოშორება ხდება ჯაგრისით ან ძაფით.

კბილის ქვის მოშორება რთულია; ის იწვევს კბილის ყელის გაშიშვლებას.

გაშიშვლებული კბილის ყელი

[დიაგრამა 30 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

კბილების გაჯანსაღება

ვინირი ეკვრის კბილს

გვირგვინი

იმპლატანტი

ხიდში ხელოვნური კბილის მეზობელ კბილებზე გვირგვინები კეთდება.