არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ნაწარმის წონა და ზომა იკლებს

«ჩვენს დროში, როდესაც ვცდილობთ, რაც შეიძლება იაფად შევიძინოთ ყველაფერი, ზოგ ნაწარმს წონა და ზომა ნელ-ნელა აკლდება, — იტყობინება ჟურნალი „ტაიმი“. — მეწარმეები შეუმჩნევლად ამცირებენ დაფასოებული პროდუქციის მასას — იოგურტებიდან და ნაყინიდან დაწყებული, სარეცხი საშუალებებითა და პამპერსებით დამთავრებული. თანაც, ხშირად ფასები შესაბამისად არ იწევს დაბლა». ასეთი ტაქტიკა ახალი არ არის. ვინაიდან ეკონომიკა მკვეთრად გაუარესდა და მომხმარებელიც უფრო ფრთხილი და მომჭირნე გახდა, ბევრი მეწარმე უფრო შეუპოვრად ცდილობს ნაწარმის წონისა და მოცულობის შემცირებას, რათა შემოსავალი არ შეუმცირდეს. მომხმარებელთა უმეტესობას კი წარმოდგენაც არა აქვს, რომ ნაწარმის წონა რამდენიმე გრამით ნაკლებია ან ზომა რამდენიმე სანტიმეტრით პატარაა და ზედმეტ თანხას იხდიან. „მომხმარებელს აზრადაც არ მოუვა, რომ შეამოწმოს დაფასოებული ნაწარმის წონა ან დათვალოს შეფუთული საგნების რაოდენობა ყოველთვის, როცა რამეს ყიდულობს, — ამბობს ედგარ დვორსკი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ვებ-გვერდის დამფუძნებელი. — ეს მართლაც რომ თაღლითობაა, როცა მომხმარებელი ვერც კი ხვდება, როგორ გააცურეს“.

ყველაზე ძვირი ქალაქები

ყველაზე ძვირი ქალაქები მსოფლიოში არის ტოკიო, მოსკოვი და ოსაკა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჰუმანიტარულ რესურსთა ფონდ „მერსერის“ თანამშრომლები. მათი გამოკვლევა მოიცავდა 144 ქალაქს. გამოკვლევის დროს გათვალისწინებული იყო 200-მდე დასახელების ნაწარმისა და მომსახურების დაახლოებითი ფასები, მათ შორის ბინის ქირა, ტანსაცმელი, ტრანსპორტი, გართობა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. 20 უძვირეს ქალაქთაგან ნახევარი აზიაშია. ევროპის ძვირ ქალაქებს შორის მოსკოვის შემდეგ დგას ჟენევა, ლონდონი და ციურიხი. ნიუ-იორკი სიაში მეათეა, ხოლო კანადის ქალაქებიდან ვერც ერთი ვერ შევიდა ყველაზე ძვირ ქალაქთა ასეულში. რაც შეეხება ყველაზე იაფ ქალაქებს, სიის თავში პარაგვაის დედაქალაქი ასუნსიონი აღმოჩნდა.

აფრიკა მალარიის მარწუხებში

ფრანგული გაზეთი „ფიგარო“ იტყობინება, რომ „ყოველდღე აფრიკის კონტინენტზე 3 000 ბავშვი“ კვდება მალარიით. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯდმო) თანახმად, ყოველ წელს აფრიკაში მალარიის მწვავე ფორმით დაავადების 300 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება და მათგან, სულ მცირე, მილიონამდე სიკვდილით მთავრდება. 2 000 წელს მალარიამ ბურუნდის საშინელი ძალით შეუტია. შვიდი თვის განმავლობაში 3, 5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც ბურუნდის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს. მიზეზი ის იყო, რომ წამლებისადმი რეზისტენტული მიკრობების წინააღმდეგ ქინაქინით მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა. უფრო დიდი დანაკარგის შიშით აფრიკის ქვეყნებმა უარი თქვეს, რომ ქინაქინი შეეცვალათ ჩინური მცენარისგან (Artemisia annua) მიღებული მალარიის საწინააღმდეგო ახალი საშუალებით. შედეგად, როგორც ჯდმო-ს წარმომადგენელმა თქვა, „აფრიკა კვლავ მალარიის მარწუხებშია“.

გაცივების მიზეზი

„გაიცივეთ თავი და გაცივდებით“, — ამბობს ერთი ძველი ანდაზა. «უკვე საუკუნეა, რაც მეცნიერები დროსა და ენერგიას არ ზოგავენ იმის დასამტკიცებლად, რომ ეს შეხედულება მოძველდა, — იტყობინება „ნიუ-იორკ ტაიმზი“. — თუმცა, მიუხედავად მათი ძალისხმევისა, გაცივება ამინდს მაინც უკავშირდება; ასე რომ, გამოკვლევები გრძელდება». ლუი პასტერის მიერ 1878 წელს ჩატარებული ცდებიდან მოყოლებული, ათასობით ექსპერიმენტი ჩატარდა, რათა გარკვეულიყო, რა როლს თამაშობს შემცივნება (თუ საერთოდ არსებობს კავშირი) გაცივებით დაავადების დროს. გასაკვირი არაა, რომ მკვლევარებმა ჯერ კიდევ არ იციან ზუსტი პასუხი. პროფესორი ჯეკ გვოლტნი, ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, თვლის, რომ ასეთი დაავადებების მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის დაცემა კი არ არის, არამედ — სინოტივე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „გაცივება მხოლოდ ერთი დაავადება არ არის. ის რამდენიმე მსგავსი დაავადების რთული ნაერთია, რაც ასე თუ ისე ამინდსაც უკავშირდება, ოღონდ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როგორ“, — ნათქვამია „ტაიმზში“.