არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბოსფორის მარტოხელა „ქალწული“

ბოსფორის მარტოხელა „ქალწული“

ბოსფორის მარტოხელა „ქალწული“

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის თურქეთიდან

შინაურების მოლოდინში კარის ზღურბლზე შემომდგარ დედასავით, იგი უკვე საუკუნეების განმავლობაში დგას მარტოსული და ეული იმ ადგილას, სადაც ბოსფორის სრუტე მარმარილოს ზღვას ერწყმის (იხილეთ რუკა). სწრაფი დინებით აგორებული ტალღები ქვედაკაბის ბოლოზე შემოვლებული მაქმანივით გარს ევლება მის კლდოვან სანაპიროს. თავისი სათვალთვალო პუნქტიდან ეს მშვენიერი „ქალწული“ მდუმარედ ადევნებს თვალს ჟამთა სვლას.

საუკუნეების განმავლობაში იგი მომსწრე იყო გემების ჩაძირვისა, სისხლიან ბრძოლებში გამარჯვებულ ლაშქართა მიერ მოწყობილი ძარცვა-გლეჯისა და სამეფო კარის ქარაფშუტული გართობებისა. დიახ, სტამბოლის ხსენებაზე ბევრს პირველად სწორედ ეს კოშკი უდგება თვალწინ — კოშკი, რომელიც ძველი ქალაქის სიმბოლოდ იქცა.

ძნელია იმ გრძნობების კალმით გადმოცემა, რა გრძნობებიც ბევრ ადამიანს ამ კოშკთან აკავშირებს. ყოველ საღამოს, როდესაც მზე ჩასასვლელად ემზადება, ყოველთვის ვიღაც დგას ქალაქის აზიური ნაწილის სანაპიროზე და ბინდბუნდში გახვეული სტამბოლის ფონზე აფერადებულ ქალწულის კოშკს გაჰყურებს. ვინ იცის, იქნებ იქ მრავლისმომსწრე მოხუცი დგას და ტკბილი მოგონებებისთვის მიუცია თავი, ან იქნებ სიცოცხლითა და იმედით სავსე ახალგაზრდა მამაკაცი განმარტოებულა და მომავალზე ოცნებობს. ანდა, შეიძლება, გულზე კაეშანმოწოლილი ქალი, რომელმაც საყვარელი ადამიანები დაკარგა, თავს იმით ინუგეშებს, რომ მის სიმარტოვეს ეს კოშკიც იზიარებს. თურქმა პოეტმა, სუნაი აქინმა, რომელიც თავის ნაწარმოებებში ხშირად იხსენიებს ქალწულის კოშკს, ერთხელ თქვა: „სტამბოლის ყველაზე საშინელი ხედი ქალწულის კოშკიდან იშლება; და ეს იმიტომ, რომ იქიდან თვითონ მისი სილამაზე აღარა ჩანს“.

კოშკის ისტორიის მიკვლევა არცთუ ისე ადვილი ჩანს. სინამდვილეში, რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით ბოსფორის „ქალწულის“ განვლილ „ცხოვრებას“, მისი წარსული მით უფრო მეტად ეხვევა გადმოცემებისა და ლეგენდების საბურველში.

პირველი ცნობები კლდოვანი კუნძულის შესახებ

ჩვენთვის ცნობილ უძველეს წყაროებში თვითონ კოშკის შესახებ არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ, მათში მოხსენიებულია ფაქტები იმ კლდოვანი კუნძულის შესახებ, რომელზეც ის არის აშენებული. ძვ. წ. 411 წელს, ათენსა და სპარტას შორის გაჩაღებული ომის დროს, ბიზანტიონი (ახლანდელი სტამბოლი) სპარტელებს მიემხრო. ამრიგად, ბოსფორის ევროპული ნაწილი სპარტის მფლობელობაში გადავიდა, აზიური კი — ათენის. საბოლოოდ სპარტა დამარცხდა ათენთან ბრძოლაში, მაგრამ გამარჯვებულებს იერიში აღარ მიუტანიათ ბიზანტიონზე და უბრალოდ ბოსფორის სრუტეზე კონტროლის დაწესება იკმარეს: მასზე გამავალ გემებს გადასახადებს ახდევინებდნენ. ფიქრობენ, რომ ათენელმა მხედართმთავარმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ, ალკიბიადემ, საბაჟო სადგური ააშენებინა ამ კლდოვან კუნძულზე. მაგრამ მატიანე დუმს იმხანად ამ ადგილას რაიმე კოშკის არსებობის შესახებ.

რამდენიმე წლის შემდეგ ათენი მთლიანად დაეპატრონა ბიზანტიონს. მაკედონიის მეფის, ფილიპე II-ის, მუქარით შეშინებულმა ათენელებმა 40 სამხედრო გალერა გაგზავნეს ბიზანტიონში თავიანთი პოზიციების გასამაგრებლად. სამხედრო ფლოტის ადმირალმა, ჰარესმა, ცოლიც თან იახლა, მაგრამ მოგვიანებით მისი მეუღლე ავად გახდა და ქრისოპოლისში (ახლანდელ უსქუდარში) გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, ადმირალს სამსხვერპლო აუგია თავისი ცოლისთვის იმ პატარა კლდოვან კუნძულზე, სადაც მოგვიანებით ქალწულის კოშკი იქნა აგებული.

როგორ მოაღწია ჩვენამდე

როგორც წიგნში „ამბავი ქალწულის კოშკისა“ ვკითხულობთ, კოშკისმაგვარი ნაგებობა პირველად მანუელ კომნენოსის მმართველობისას (1143—1180) გამოჩნდა კლდოვან კუნძულზე — ამ დროს აქ ზარბაზნებით აღჭურვილი პატარა ციხე-სიმაგრე ააგეს.

1453 წელს სტამბოლის დაპყრობისას ეს ციხე-სიმაგრე უვნებელი გადარჩა და მას კვლავ სტრატეგიული მიზნებისთვის იყენებდნენ. მოგვიანებით ამ ადგილას ააგეს ხის შუქურა, რომელიც მარმარილოს ზღვისკენ იყურებოდა. სტამბოლის აღების შემდეგ კოშკი კვლავ მდუმარედ ადევნებდა თვალს, თუ როგორ ემატებოდა სისხლით დაწერილი ფურცლები კაცობრიობის ისტორიას — ბოსფორის სრუტეში სამხედრო ფლოტები ერთმანეთს ერკინებოდნენ, ხოლო ხმლის ტრიალში გაწაფული ჯარისკაცები ორთაბრძოლაში ებმებოდნენ; ბრძოლაში თოფის წამლითა და სხვა აალებადი მასალებით სავსე სატვირთო გემებსაც კი იყენებდნენ.

წლების განმავლობაში კოშკს ხან მიწისძვრა აპარტახებდა, ხან — ხანძარი, ხოლო 1720 წელს გაჩენილმა დიდმა ხანძარმა იგი თითქმის მიწასთან გაასწორა. გარკვეული ხნის შემდეგ, დანგრეული კოშკი დამათ იბრაჰიმ-ფაშამ აღადგინა, მაგრამ რეკონსტრუქციისთვის მშენებლებმა ამჯერად უკვე ქვა გამოიყენეს და ნაგებობას, დამატებით, ტყვიით მოპირკეთებული მრავალსარკმლიანი კოშკურა დააშენეს. 1829 წელს, როდესაც ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა, კოშკს საკარანტინო საავადმყოფოდ იყენებდნენ. მოგვიანებით, 1832 წელს, მაჰმუდ II-ის მმართველობისას, უკანასკნელი უდიდესი აღდგენითი სამუშაოები იქნა ჩატარებული. 1857 წელს კოშკი გადაეცა შუქურების სამმართველოს, რომელმაც ფრანგულ კომპანიას მისი მოქმედ შუქურად გადაკეთება დაავალა. მისი ავტომატიზაცია მთლიანად 1920 წლისთვის დასრულდა. შუქურის ფუნქციას ნაგებობა თითქმის ასი წლის განმავლობაში ასრულებდა.

ოსმალების ბატონობის პერიოდში კოშკს უმეტესწილად შუქურად იყენებდნენ. ის არა მარტო ღამით ეხმარებოდა ხომალდებს გზის გაკვლევაში, არამედ დღისითაც — თუ ნისლი იყო ჩამოწოლილი. პატარა გემები შტორმის დროს აქ ეძებდნენ მყუდრო სავანეს — ნაოსნები კოშკზე აბამდნენ მათ და ამნაირად უსხლტებოდნენ აბობოქრებულ ტალღებს. საზეიმო ცერემონიების დროს კოშკზე მოთავსებული ზარბაზნებიდან სალუტს იძლეოდნენ.

ოსმალების სამეფო კარი კოშკს ხანდახან სხვა დანიშნულებითაც იყენებდა. სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც გადასახლება ან სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი, ჯერ აქ გადმოჰყავდათ და მერე აქედან აგზავნიდნენ ცხრა მთას იქით ან მიჰყავდათ განაჩენის სისრულეში მოსაყვანად.

მისი დანიშნულება კვლავ იცვლება

1923 წლიდან მთავრობამ შეწყვიტა კოშკის თავისი ინტერესებისთვის გამოყენება და იგი მხოლოდ შუქურის მოვალეობას ასრულებდა. მეორე მსოფლიოს ომის მძიმე დღეებში კოშკი შეაკეთეს და შენობის შიდა ნაწილი ბეტონით გაამაგრეს. 1965 წლიდან კოშკი სამხედრო-საზღვაო ფლოტს გადაეცა და გარკვეული დროის განმავლობაში მასში სამხედრო-საკომუნიკაციო ცენტრი ფუნქციონირებდა. XX საუკუნის მეორე ნახევარში ბოსფორში საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის მიმოსვლა უფრო ინტენსიური გახდა — სრუტეს სულ უფრო მეტი და დიდი გემები კვეთდნენ. დიდი გემების გამოჩენასთან ერთად, ქალწულის კოშკის სიმშვიდისა და განმარტოების ხანაც წარსულს ჩაჰბარდა. 1983 წლიდან მოყოლებული, კოშკს თურქეთის საზღვაო ადმინისტრაცია იყენებდა სამეთვალყურეო პუნქტად, საიდანაც სრუტეში საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობას არეგულირებდნენ.

1989 წლის დასაწყისში ბოსფორის „ქალწულმა“ კვლავ მიიპყრო უჩვეულო ინფორმაციით აფორიაქებული საზოგადოების ყურადღება. „ქალწულის კოშკი მოწამლულია!“ — ასე იყო დასათაურებული ერთი საგაზეთო ცნობა. მასში ნათქვამი იყო, რომ ციანიდი, რომელსაც გემთსაშენში მდგარი ხომალდების პარაზიტებისგან სადეზინფექციოდ ხმარობდნენ, ქალწულის კოშკში ინახებოდა. მანამდე ამ ქიმიურ ნივთიერებას დოკში არსებულ საწყობში ინახავდნენ, მაგრამ საწყობი გააუქმეს და „რადგან არ იცოდნენ, სად წაეღოთ“, ეს მომაკვდინებელი შხამი კოშკში გადაიტანეს. აი, ასე მოწამლეს ბოსფორის მარტოხელა „ქალწული“. ცნობაში კიდევ უფრო ყურადსაღებ მომენტზე მახვილდებოდა ყურადღება: ციანიდის გაზი რომ აფეთქებულიყო, სტამბოლი კატასტროფას ვერ გადაურჩებოდა. რვა თვის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ზემოხსენებული თემა საგაზეთო და სატელევიზიო განხილვის საგნად იყო ქცეული, პრობლება, როგორც იქნა, მოგვარდა; ციანიდით სავსე კონტეინერები სხვა ადგილას გადაიტანეს.

არავის გაჰკვირვებია, როცა 1992 წლის მაისში ახალგაზრდა პოეტების ჯგუფი ქალწულის კოშკისკენ გაემართა და, მერის მხარდაჭერით, საჯაროდ გამოაცხადა, რომ პოეტებს თითქმის მთლიანად მიგდებული კოშკის კულტურულ ცენტრად გადაქცევა სურდათ. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ საუკუნეების განმავლობაში უამრავი პოეტისა და მწერლის შთაგონების წყარო იყო. ამ მოვლენიდან ცოტა ხნის შემდეგ, კოშკში უკვე ეწყობოდა ხელოვნების ნიმუშებისა და ფოტონამუშევრების გამოფენები და რამდენიმე კონცერტიც გაიმართა.

ქალწულის კოშკი დღეს

გადაწყდა, რომ კოშკი მნახველებისთვის გაეხსნათ. ამ მიზნით 1999 წელს მას კაპიტალური რემონტი ჩაუტარეს და განცხადებაც გააკეთეს იმის თაობაზე, რომ ერთი წლის შემდეგ, ტურისტული პროექტით, აქ რესტორნისა და კულტურული ცენტრის გახსნა იყო გათვალისწინებული. დღეს აქ ტურისტებსა და მნახველებს ემსახურებათ რესტორანი, კაფე-ბარი და სუვენირების მაღაზია; აქვეა გადასახედი აივანიც. ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია პატარა გემებით, რომლებში ჩაჯდომაც სტამბოლის რამდენიმე საზღვაო სადგურში შეგიძლიათ.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრს ეს კომერციული ცვლილებები საერთოდ არ მოსწონებია. როგორც უნდა იყოს, „ქალწულს“ სულაც არ დაუკარგავს თავისი პირვანდელი მიმზიდველობა. თუ ოდესმე სტამბოლში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ ქალწულის კოშკი. იმედია, ნასიამოვნები დარჩებით, თუ შეივლით ქალაქის აზიურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ბაღში, სადაც ჩაით გაგიმასპინძლდებიან. შეგიძლიათ თან ჩაის შეექცეთ და თან ბოსფორის სრუტისა და ქალწულის კოშკის ზღაპრული ხედებით დატკბეთ. და სწორედ მაშინ, იქნებ გონებაში წამით აღიდგინოთ ბოსფორის ამ თვალწარმტაცი „ქალწულის“ ვრცელი თავგადასავალი.

[რუკები 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

თურქეთი

სტამბოლი

მარმარილოს ზღვა

ბოსფორის სრუტე

შავი ზღვა

[სურათი 25 გვერდზე]

ლითოგრაფია (XIX საუკუნე).

[სურათი 26 გვერდზე]

რესტორანი

[სურათი 26 გვერდზე]

გადასახედი აივანი