არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბავშვთა ექსპლუატაციას მალე ბოლო მოეღება!

ბავშვთა ექსპლუატაციას მალე ბოლო მოეღება!

ბავშვთა ექსპლუატაციას მალე ბოლო მოეღება!

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გაერომ განაცხადა, რომ ბავშვები განსაკუთრებულ ზრუნვასა და დახმარებას საჭიროებენ“, — ნათქვამია ბავშვის უფლებათა კონვენციის პრეამბულაში. ოჯახის მნიშვნელოვან როლთან დაკავშირებით იქვე ითქვა: „ბავშვის პიროვნება რომ სრულად და ჰარმონიულად განვითარდეს, ის უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში“. მაგრამ, ეს იდეალი ჯერჯერობით მიუღწეველია.

მხოლოდ ლაპარაკი იმაზე, რომ ბავშვები უკეთეს მსოფლიოში უნდა ცხოვრობდნენ, საკმარისი არ არის. საზოგადოება მორალურად დეგრადირებულია, რაც ბევრს ნორმალურად მიაჩნია. სამართალდამცავ ორგანოებს არ შეუძლიათ საყოველთაოდ გავრცელებული უზნეობისა და სიხარბის გაკონტროლება. მშობლებიც კი, შვილებისადმი სიყვარულის გამოვლენისა და მათი დაცვის ნაცვლად, ხშირად ხელს უწყობენ ყველაფერზე ნების დამრთველი დამოკიდებულების განვითარებას. მაშ, რატომ გვაქვს იმედი, რომ ბავშვთა პროსტიტუციას ბოლო მოეღება?

თუმცა ამ ზნეობრივად დაცემულმა სისტემამ მრავალი ბავშვი მოსიყვარულე ოჯახის გარეშე და გაურკვეველი მომავლის ანაბარა დატოვა, ჩვენი შემოქმედი მალე წერტილს დაუსვამს ყოველგვარ უზნეობასა და სექსუალურ აღვირახსნილობას, ბავშვთა პროსტიტუციის ჩათვლით. მალე, მთელი მსოფლიოს გასაოცრად, იეჰოვა ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით ჩაერევა ადამიანთა საქმეებში. სხვების გამრყვნელები და ექსპლუატატორები ვერ გაექცევიან ღვთის სასჯელს. მხოლოდ მოყვასის მოყვარული ადამიანები გადარჩებიან და იცხოვრებენ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში. „წრფელნი ქვეყნად იცხოვრებენ და უბიწონი დარჩებიან მასში. ბოროტნი კი ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მოღალატენი აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22).

წარმოიდგინეთ, რა შვება იქნება, როდესაც არც ბავშვები და არც მოზარდები არ გახდებიან უზნეობისა და სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლნი! ექსპლუატაციითა და ძალადობით გამოწვეული ემოციური და ფიზიკური ჭრილობებიც კი მოშუშდება და წარსულს ჩაჰბარდება. მათ, ვინც წინათ სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი იყო, აღარ წამოუტივტივდებათ მტანჯველი მოგონებები. „აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“ (ესაია 65:17, სსგ).

იმ დროს, არც ერთ ბავშვს არ მოეპყრობიან ცუდად და არც სექსუალურ შეურაცხყოფას მიაყენებენ. გარემო, სადაც ბედნიერება, სიყვარული და ურთიერთგაგებაა გამეფებული, რეალობად იქცევა. ღვთის ახალი ქვეყნიერების მკვიდრთა შესახებ ესაიას 11:9-ში (სსგ) ნათქვამია: „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე“.

მართლაც, რა სასიხარულო იქნება, როდესაც სიღარიბე აღმოიფხვრება, აღარავინ გაავრცელებს და მიიღებს ნარკოტიკებს, ვერსად შეხვდებით უბედურ ოჯახებს და უზნეობასაც ბოლო მოეღება! ყველგან დაივანებს მშვიდობა, სამართლიანობა და უსაფრთხოება. „დასახლდება ჩემი ხალხი მშვიდობის ბინაში, საიმედო სავანეებში და უზრუნველ სამყოფლებში“ (ესაია 32:18).

[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

მზრუნველ მშობლებს შეუძლიათ ოჯახის დაცვა

● „მშობლები მირჩევდნენ, რომ სწავლის პერიოდი გონივრულად გამომეყენებინა და პროფესია შემეძინა. ისინი არ ცდილობდნენ თავიანთი აზრის მოხვევას, მაგრამ ისეთი სასწავლებლების არჩევაში დამეხმარნენ, სადაც საჭირო პროფესიას დავეუფლებოდი“ (ტაისი).

● „როდესაც მე და ჩემი და საყიდლებზე მივდიოდით, დედაც თან დაგვყვებოდა ხოლმე. ყაირათიანობის სწავლის გარდა ის იმაშიც გვეხმარებოდა, რომ მოვრიდებოდით ექსტრავაგანტურ ან ზედმეტად ღია ტანსაცმელს“ (ბიანკა).

● „როდესაც წვეულებებზე მივდიოდით, მშობლები ყოველთვის გვეკითხებოდნენ, კიდევ ვინ იყო იქ მიწვეული, როგორ მუსიკას მოვისმენდით და როდის დაიწყებოდა და დამთავრდებოდა წვეულება. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ყველანი ერთად დავდიოდით ხოლმე ასეთ შეხვედრებზე“ (პრისილა).

● «ბავშვობისა და მოზარდობის წლებში მე და ჩემი მშობლები ყოველთვის გულახდილად ვსაუბრობდით. ჩემმა თანაკლასელმა ეს შენიშნა და მითხრა: „კეთილი შურით მშურს შენი, რომ ნებისმიერ საკითხზე ასე თავისუფლად ესაუბრები მშობლებს. დედასთან დალაპარაკებაც კი მიჭირს და ხშირად ისე ხდება, რომ, თუ რამე მაინტერესებს, ვცდილობ ეს სხვებისგან გავიგო“» (სამარა).

● „ბედნიერი და სიხარულით სავსე მოზარდი ვიყავი. არავის ვუყურებდი ეჭვის თვალით და ყოველთვის ვიცინოდი. მეგობრებთან თავს თავისუფლად ვგრძნობდი და ერთად რომ შევიყრებოდით, სასაცილო ამბებს ვყვებოდით. ჩემს მშობლებს ესმოდათ, რომ ასეთი ბუნების ვიყავი და არ უცდიათ ჩემი შეცვლა, თუმცა რბილად დამანახვეს იმის აუცილებლობა, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას წინდახედული ვყოფილიყავი და გონივრულად მოვქცეულიყავი“ (ტაისი).

● „ახალგაზრდების უმრავლესობის მსგავსად მეც მინდოდა შეყვარებული მყოლოდა. მამამ განსაზღვრული ასაკი დამიდგინა, როდიდანაც შემეძლო ვინმესთან შეხვედრა. ამაზე გული არ დამწყვეტია. პირიქით, მესმოდა, რომ მშობლები ზრუნავდნენ ჩემზე და ჩემი დაცვა სურდათ“ (ბიანკა).

● „ქორწინებას ყოველთვის ღირსეულ რამედ ვთვლიდი, განსაკუთრებით, ჩემი მშობლების მაგალითის გამო. მათ ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მახსოვს, როდესაც შეყვარებულს ვხვდებოდი, დედამ მირჩია, როგორ მოვქცეულიყავი გარკვეულ სიტუაციებში და ამიხსნა, როგორ იმოქმედებდა ეს ჩემს ქორწინებაზე“ (პრისილა).

[სურათი 10 გვერდზე]

ღვთის ახალ ქვეყნიერებაში არც ერთი ბავშვი არ დაიტანჯება ცუდი მოპყრობის გამო.