არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ხდება მიწისძვრა

როგორ ხდება მიწისძვრა

როგორ ხდება მიწისძვრა

„იმდენად მივეჩვიეთ მყარ მიწაზე დგომას, რომ, როდესაც ის რყევას იწყებს, თავზარი გვეცემა“ (წიგნიდან „ბობოქარი პლანეტა“).

მიწისძვრა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი და საშინელი ძალის მქონე მოვლენაა“, — აღნიშნულია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. და ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, ვინაიდან ერთი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგია 10 000-ჯერ აღემატება პირველი ატომური ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ენერგიას! ამ სტიქიას კიდევ უფრო საშიშს ხდის ის ფაქტი, რომ მიწისძვრა ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, წელიწადისა თუ დღის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. თუმცა კი მეცნიერებს შეიძლება გარკვეული ინფორმაცია ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ სად დაიწყება მიწისქვეშა ბიძგები, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, თუ როდის.

მიწისძვრები ხდება დედამიწის წიაღში ქანთა მასების გადაადგილების შედეგად. ეს მუდმივი პროცესია. ხშირად, ამის შედეგად წარმოქმნილი სეისმური ტალღები არ არის ისეთი სიძლიერის, რომ ჩვენ ვიგრძნოთ, მაგრამ ისინი ფიქსირდება და იწერება სეისმოგრაფის მეშვეობით *. ზოგჯერ დედამიწის ქერქის საკმაოდ დიდი მონაკვეთების გახლეჩა და გადაადგილება ხდება ხოლმე, რის გამოც დედამიწის ზედაპირი ძლიერ ირყევა.

მაგრამ რა იწვევს დედამიწის ქერქის განუწყვეტელ მოძრაობას? «ამის ახსნა შეგვიძლია ვიპოვოთ „ახალ გლობალურ ტექტონიკაში“, ჰიპოთეზაში, რომელმაც მთლიანად შეცვალა გეოლოგიაში მანამდე არსებული წარმოდგენები, — ამბობენ შეერთებული შტატების სეისმურ სამსახურთან არსებული ეროვნული საინფორმაციო ცენტრის (NEIC) წარმომადგენლები. — დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია, რომ დედამიწის ქერქი შვიდი უშველებელი ფილაქნისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, უფრო მომცრო ზომის რამდენიმე ფილისგან არიან წარმოქმნილი. ისინი განუწყვეტლივ მოძრაობენ ერთიმეორის მიმართ და წელიწადში 10-დან 130 მილიმეტრამდე მანძილით გადაადგილდებიან». ამ ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, მიწისქვეშა ბიძგების კერა უმეტესწილად ამ დიდი ფილაქნების ვიწრო სასაზღვრო ზონებში ანუ სეისმურ სარტყლებში წარმოიქმნება. როგორც ჩანს, ძლიერ მიწისძვრათა 90 პროცენტი სწორედ ამ ზონებზე მოდის.

მაგნიტუდა და ინტენსიურობა

მიწისძვრის სიძლიერე განისაზღვრება მისი მაგნიტუდით ან ინტენსიურობით, რომელიც ბალებში იზომება. XX საუკუნის 30-იან წლებში ჩარლზ რიხტერმა მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდის დასადგენი სკალა შექმნა. სეისმური სადგურების ქსელი ფართოვდებოდა და ამასთანავე, რიხტერის სკალაზე დაყრდნობით ახალი სკალებიც იქმნებოდა. მაგალითად, სეისმური მომენტის სიდიდის განმსაზღვრელი სკალით იზომება მიწისძვრის კერაში გამოთავისუფლებული ენერგია.

მაგრამ ფაქტია, რომ ამ სკალების მეშვეობით ყოველთვის სრულად არ ხერხდება მიწისძვრით მიყენებული ზარალის განსაზღვრა. შესადარებლად ავიღოთ ორი მიწისძვრა. აქედან ერთი მოხდა 1994 წლის ივნისში ბოლივიაში, მისი მაგნიტუდა იყო 8, 2; მიწისძვრამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხოლო 1976 წელს ტანშანში (ჩინეთი) მომხდარი მიწისძვრის დროს, რომლის მაგნიტუდა შედარებით ნაკლები იყო — 8, 0 — ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა!

მაგნიტუდისგან განსხვავებით, ინტენსიურობა, რომელიც გამოიხატება ბალებით, უჩვენებს, თუ რა ზარალი მიაყენა მიწისქვეშა ბიძგებმა ადამიანებს, შენობებსა და გარემოს მთლიანობაში. მიწისძვრის სიძლიერის შეფასების ეს სისტემა უფრო თვალსაჩინოა. ჩვეულებრივ, არა თავად მიწისძვრა აზიანებს ადამიანებს, არამედ მისი შედეგები: ჩამოქცეული კედლები, გაზსადენებისა თუ ელექტროგადაცემის ხაზების დაზიანება, ჩამოვარდნილი საგნები და ასე შემდეგ. ძირითადად, ზუსტად ამის გამო ზიანდება ხალხი და სიკვდილსაც სწორედ ეს იწვევს.

სეისმოლოგების ერთ-ერთი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხი წინასწარ გააფრთხილონ მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ. ამ მიზნით მუშავდება სპეციალური ციფრული პროგრამა — Advanced Seismic Research and Monitoring System. სი-ენ-ენის შეტყობინების თანახმად, ეს სისტემა, აგრეთვე უფრო ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფა და ისიც, რომ უფრო სწრაფად ხდება ციფრული ხელსაწყოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მიღება, სეისმოლოგებს დაეხმარება იმაში, რომ „პრაქტიკულად მაშინვე დაადგინონ, თუ რა არეებში გამოიწვია სეისმურმა ტალღებმა მიწის ზედაპირის უფრო ძლიერი რყევა“. ეს კი, თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებს მიწისძვრით დაზარალებული რაიონებისთვის დროული დახმარების აღმოჩენას გაუადვილებს.

მიწისძვრის შესახებ დროულ შეტყობინებას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი და ზარალი, და რაც ყველაზე მთავარია, იხსნას ადამიანთა სიცოცხლე. რადგან მიწისძვრები მუდმივად ხდება, იბადება კითხვა: როგორ ეხმარებიან დაზარალებულებს?

[სქოლიო]

^ აბზ. 4 სეისმოგრაფი არის ხელსაწყო, რომელიც იწერს დედამიწის ქერქის რხევებს მიწისძვრის დროს. პირველი სეისმოგრაფი შეიქმნა 1890 წელს. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში 4 000-ზე მეტი სეისმური სადგური ფუნქციონირებს.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მიწისძვრების სიხშირე

დახასიათება მაგნიტუდა საშუალო რიცხვი წელიწადში

კატასტროფული 8 და მეტი 1

მეტად ძლიერი 7—7,9 18

ძლიერი 6—6,9 120

ზომიერი 5—5,9 800

უმნიშვნელო 4—4,9 6 200*

სუსტი 3—3,9 49 000*

ძალიან სუსტი 3,0-ზე ნაკლები მაგნიტუდა 2—3:

დღეში 1000-მდე

მაგნიტუდა 1—2:

დღეში 8000-მდე

* მიახლოებით.

[საავტორო უფლება]

წყარო: National Earthquake Information Center

USGS/National Earthquake Information Center, USA-ს ნებართვით

[სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]

Seismogram on pages 4 and 5: Figure courtesy of the Berkeley Seismological Laboratory