არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ქალები, რომელთაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო სტატიების სერიისთვის „დახმარება ქალებს, რომელთაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ“ (8 ნოემბერი, 2001). თავად ვარ ასეთი ძალადობის მსხვერპლი. მაშინაც კი, როცა სამართალდამცავ ორგანოებს მივმართე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერავინ გაიგებდა იმ ტკივილს, სულიერ ტანჯვასა და მწუხარებას, რასაც განვიცდიდი და რაც სიმშვიდეს მართმევდა. ამ სტატიებმა ზუსტად გადმოსცეს ჩემი განცდები.

ნ. ლ. (იტალია).

როგორც კი კონვერტი გავხსენი და ჟურნალის გარეკანი დავინახე, ცრემლები წამსკდა. მაშინვე უკან ჩავდე ჟურნალი — ვიგრძენი, რომ ის ჩემი წარსულის ისეთ პერიოდს ეხებოდა, რომლის გახსენება აღარც კი მსურდა. ღმერთს ვთხოვდი ძალას, რომ კვლავ ამომეღო ჟურნალი და მაინც წამეკითხა. კიდევ კარგი, რომ ასე მოვიქეცი! სტატიები დამეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ მხოლოდ მე არ ვიტანჯებოდი. სიტყვების — „მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფა ღვთის თვალში დიდი ცოდვაა“, მხოლოდ წაკითხვაც კი ჩემთვის ისეთივე დამამშვიდებელი იყო, როგორც ჭრილობაზე მალამოს დადება. გმადლობთ ასეთი მანუგეშებელი სტატიებისთვის, რომლებიც ცხოვრებისეულ სიტუაციებს აშუქებს.

დ. ჯ. მ. (შეერთებული შტატები).

მეც იგივე გადამხდა თავს, რაც სტატიებში მოხსენიებულ ქალებს. ვთვლიდი, რომ ჩემი ქმრის ქცევა ალკოჰოლის მიღებითა და იმ გარემოთი აიხსნებოდა, რომელშიც ის აღიზარდა. თუმცა ამ ფაქტორებითაც შეიძლება ბევრი რამ აიხსნას, მაგრამ მანუგეშებელი იყო იმის გაგება, რომ ძალადობას გამართლება არა აქვს. მთელი გულით მწადია, რომ ჩემმა ქმარმა წაიკითხოს ბიბლია და შეიცნოს იეჰოვას სიყვარული.

ს. ი. (იაპონია).

სტატიების ამ სერიამ ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა, ვინაიდან მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებს. თავს როქსანასნაირად ვგრძნობდი. დიდად დამეხმარა იმის გაგება, რომ არსებობს ხალხი, რომელსაც ესმის შეურაცხყოფილი ცოლის გრძნობები. ამ სტატიებიდან დავინახე, რომ მხოლოდ მე არ ვადანაშაულებდი ქმარს ასეთი დამოკიდებულების გამო. ისიც გავაცნობიერე, რომ ღვთისთვის ძვირფასი ვარ მიუხედავად იმისა, რომ ქმარი არარაობად და უვარგისად მთვლის. უღრმესი მადლობა ასეთი სასარგებლო მასალის გამოქვეყნებისთვის. ის ბევრად აღემატება მატერიალურ სიმდიდრესა და კეთილდღეობას!

ბ. ლ. (ფილიპინები).

თქვენ შეძელით მთელი იმ ტკივილისა და იმედგაცრუების აღწერა, რასაც მე სიტყვებით ვერ გამოვხატავდი. სტატიების ამ სერიამ დამანახვა, რომ იეჰოვას ესმის ის გონებრივი და ემოციური ტკივილი, რომელსაც ეს პრობლემა იწვევს. გთხოვთ, კვლავაც გამოაქვეყნოთ ასეთი სტატიები, ვინაიდან ეს ისეთი პრობლემაა, რომლის შესახებაც საჭიროა ლაპარაკი და რომელიც სხვებმაც გულთან ახლოს უნდა მიიტანონ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსავით ბევრმა ჰპოვა ნუგეში ამ სტატიებით.

კ. ე. (ავსტრალია).

ფიცხი მამის შვილი ვარ და, ალბათ, ამით აიხსნება ის, რომ ჩემს ქმარზე ხშირად ვიყრი ხოლმე ჯავრს. ბევრჯერ დამირტყამს კიდეც მისთვის. ქმარი ჩემზე ძლიერია ფიზიკურად და მეგონა, სინამდვილეში ბევრს არაფერს ვუშავებდი. როდესაც სტატიაში წავიკითხე, რომ მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფა ღვთის თვალში დიდი ცოდვა იყო, ელდა მეცა. ჩემი ქმარი იეჰოვას მშვიდი და უწყინარი მსახურია. მთელი გულით მინდა, რომ მოვუბოდიშო. ვმადლობ იეჰოვას ჭკუის სწავლებისთვის.

ტ. ი. (იაპონია).

ამ ჟურნალის კითხვისას თვალზე ცრემლი მომადგა; თითქოს საკუთარ ისტორიას ვკითხულობდი. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს ჩემი ქმარი დაინტერესდა ბიბლიური საკითხებით, რამდენიმე შეხვედრასაც დაესწრო სამეფო დარბაზში და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ლოურდესი, რომლის სიტყვებიც ჟურნალის მე-11 გვერდზეა მოყვანილი: „ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია!“.

ი. რ. (შეერთებული შტატები).